როგორ აღმოჩნდა თავდასხმა საქართველოს სამეფოს თავდაცვის მთავარი სტრატეგია
მამუკა ნაცვალაძე
31.12.2016

 ისტორიულმა პროცესებმა არაერთგზის დაამტკიცა - ერთიანი კავკასიის იდეა აქ მოსახლე ხალხებისათვის საკუთარი ქვეყნის განვითარებისა და მტერთაგან თავდაცვის უნიკალურ შესაძლებლობებს რომ იძლევა. დავითისა და თამარის ფორმაციის სამეფო სწორედ ერთიან კავკასიას მოიცავდა. ეს იყო მტკიცე ზღუდე სხვადასხვა პოლიტიკური ძალისთვის, რამდენადაც მათ აქ პლაცდარმი არ გააჩნდათ და თავის დამკვიდრება არ შეეძლოთ.

მტერთათვის რთულად დასამორჩილებელ მხარეში ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივად ვითარდებოდა, მისი კულტურა იკვებებოდა მსოფლიო მნიშვნელობის იმ სავაჭრო გზით, აქ რომ გადიოდა. სწორედ ეს იმპულსები ასაზრდოებდა კავკასიის მთლიანობის იდეას.

თუმცა, ამ მთლიანობას შენარჩუნება უნდოდა, ეს კი არ იყო იოლი საქმე. ყ||| ს-ის დასაწყისისთვის აშკარად გამოიკვეთა ერთი საკმაოდ საინტერესო ტენდენცია - მას შემდეგ, რაც მაჰმადიანებმა ვერაფერი დააკლეს საქართველოს, პოლიტიკური აქცენტები შეცვალეს და იერიში საქართველოს ვასალურ ქვეყნებზე მიიტანეს.

რატომ ერჩოდნენ მაჰმადიანები საქართველოს სომხურ პროვინციებს

ეს პოლიტიკური აქცენტები ბასიანის ბრძოლის შემდეგ შეიცვალა - მაჰმადიანები ქართველებს პირდაპირ კი არ ეომებოდნენ, არამედ მოსაზღვრე სომხური ტერიტორების დარბევასა და მათ შეერთებას ცდილობდნენ.

ეს ქართველთა სამეფო კარისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლდათ. ვასალი ქვეყნების დაცვის ხარისხზე იყო დამოკიდებული ის ნება, რაც შემდგომში არაქართველთა ქართულ სამყაროში ინტეგრაციის სურვილს განაპირობებდა. აშკარა იყო ისიც, რომ მაჰმადიანურ სამყაროს სწორედ კავკასიის ეს ერთიანობა უნდა მოეშალა, რაც საშუალებას მისცემდა გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მისთვის სასურველი პოლიტიკა გაეტარებინა. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლება იძულებული იყო ჩარეულიყო აქტურად ამ ლაშქრობების ასალაგმად.

და აქ ჩაირთო ის უბინძურესი პროვოკაციების კასკადი ქართველთა სამეფო კარს მეტად საშიშ ინტრიგებში რომ ითრევდა.

თავდასხმა თავდაცვისათვის - ქართული პოლიტიკური სტრატეგიული ფერისცვალება

რით უნდა აღეკვეთა ეს ინტრიგები საქართველოს სამეფო კარს? რა უნდა გაეკეთებინა თავის დასაცავად?

ბუნებრივია, ამ კითხვებზე ბევრს ფიქრობდნენ, და ამ ფიქრში მიაგნეს კიდეც მთავარ პოლიტიკურ სტრატეგიას. ეს გახლდათ სტრატეგია - "თავდასხმა თავდაცვისათვის".

ეს უჩვეულო სტრატეგია იყო ქართული ხასიათისთვის, რამდენადაც ქართველი უმთავრესად საკუთარი მამულის დასაცავად იბრძვის და არა სხვისი მამულის დასაპყრობად. სხვისი დაპყრობა არ იყო ტრადიციულად ქართულ ხასიათში. მაგრამ ახლა სულ სხვა მასშტაბებზე ფიქრობს საქართველო და სწორედ ამ მასშტაბებს სჭირდება ასეთი ფერისცვალება.

ამან ბუნებრივია გარკვეული ფსიქოლოგიური დისკომფორტი შექმნა. სწორედ ეს დისკომფორტი უნდა იყოს იმის ერთ-ერთი წინაპირობა, საქართველოს სამეფო რომ ვერ შედგა მსოფლიო დონის სახელმწიფოდ, თუმცა, ეს მხოლოდ მოგვიანებით გაცხადდა.

ჯერ კიდევ ყ||| ს-ის ათიანი წლებისას საქართველოს სავსებით ლოგიკურად გააჩნია მსოფლიო პოლიტიკური ამბიციები და სწორედ ამ ამბიციების აღკვეთას ისახავს მიზნად ის ინტრიგები და პოლიტიკური პროცესები მაჰმადიანთა მხრიდან საქართველოს სამეფოს გარშემო რომ ვითარდება.

როგორ იქცა ანისის ტრაგედია საქართველოს სამეფოსათვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად

ინტრიგები და მეტად საშიში გამოწვევა ამაზრზენი და ვანდალური ფაქტით დაიწყო. 1208 წელს არდებილის სულთანმა ილაშქრა სომხურ ქალაქ ანისში, ეს მეზობელი ქვეყნების მორიგ დაპირისპირებად ჩაითვლებოდა და აქ არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ერთი საგულისხმო დეტალი - ეს ამბავი აღდგომის დღეს მოხდა, იმ დღეს, როცა ყველა ლოცულობს, მშვიდობიანად ცხოვრობს. კიდევ უფრო შემზარავი იყო ის, რომ ადებილის სულთანმა ერთიანად ააოხრა სომხური ეკლესიები და 12 ათასამდე ქრისტიანი ამოჟლიტა.

ქართველთა ჯარმა სათანადო პასუხი გასცა არდებილის სულთანს, ილაშქრა ირანში, აიღო ეს ქალაქი, დაატყვევა სულთანი და მისი ოჯახის წევრები.

როგორც ჩანს, იყო მთელი რიგი ნიუანსები, რომელმაც ქართველთა სამეფო კარს მიანიშნა, რომ მხოლოდ არდებილისათვის ჭკუის სწავლება არ იყო საკმარისი, ამიტომაც ორი წლის შემდეგ - 1210 წელს ახალი ლაშქრობა განხორციელდა ირანის ტერიტორიაზე.

ქვეყანა - ნიკოფსიიდან დარუბანდამდე...

ეს იმ პოლიტიკის გაგრძელება იყო ყ||| ს-ის საქართველოს საგარეო პოლიტიკამ რომ მოიტანა შედეგად. შამქორისა და ბასიანის ომების, შავ ზღვაზე განხორციელებული სამხედრო ოპერაციების, ტრაპიზონის იმპერიის შექმნის, კასპიის ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროზე ლაშქრობის შედეგად საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს გავლენის სფეროში მოექცა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ტერიტორია კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე. აქ არსებული პოლიტიკური ერთეულების ნაწილი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა, ნაწილი კი ვასალური პირობით დაემორჩილა.

საქართველოს გავლენა ვრცელდებოდა ჩრდილო კავკასიელებზეც, რომელნიც ქართველთა ყმადნაფიცები იყვნენ. ასეთი ურთიერთობები აყალიბებდა უნიკალურ შესაძლებლობებს კულტურათა დიალოგისათვის, რისი შედეგიც იყო ჩრდილოეთკავკასიელთა შორის ქართული კულტურული ტენდენციების გავლენა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ჩრდილოკავკასიური ელემენტი , რომელიც ადრეულ საუკუნეებში მსოფლიოს აზანზარებდა (გავიხსენოთ ფარსმან ქველის, ვახტანგ გორგასლის ეპოქა) ჯერ კიდევ ცოცხლობს და მას ისევ ქართული პოლიტიკური ძალა მართავს, აშკარა გახდება, რომ საქართველოს ამ დროს არცთუ უსაფუძვლოდ გააჩნია ამბიციები მართოს მსოფლიო პოლიტიკური პროცესები.

ასე იქცა მეცამეტე საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოს სახელმწიფო მსოფლიოში გავლენიან პოლიტიკურ ძალად, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იმდროინდელ პოლიტიკურ რეალობაში და გავლენის სფეროების გაფართოებაზეც აქტიურად ფიქრობდა.

როგორ ცდილობდა საქართველო, დაეკავებინა ბიზანტიის ადგილი

თამარის მეფობის ბოლოს საქართველოს სხვადასხვა ფორმით უკავშირდებოდნენ აღმოსავლეთ ამიერკავკასია, ირანის აზერბაიჯანი, მთელი სომხეთი, შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთი სანაპირო.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ცხადყოფდა, რომ მისი უმთავრესი სამიზნე გახლდათ მართლმადიდებლურ სამყაროში ყოფილიყო დომინანტი, დაეკავებინა ის ადგილი, რაც ბიზანტას ეკავა.

საქართველოს პრეტენზიაა აცხადებდა ყოფილიყო აღმოსავლეთის ქვეყნების განმათავისუფლებლი, ასევე დასავლეთის კულტურის დამცველი. ამით აიხსნება ის რეალობა, რომ საქართველოს დროშაზე "გორგასლიანისა და დავითიანის" გვერდით ჩნდება "ალექსანდრიანი" და "ავღუსტიანი".

ამან სათანადოდ აისახვა ჰპოვა თამარის ტიტულატურაზეც - "აბხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე და დედოფალი, შარვანშა და შაჰანშა, და ბრძოლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმპყრობელი".

საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებული გეოსტრატეგიული ფუნქცია შესძინა ყარსის (იგივე კარის) ხელში ჩაგდებამ. ის ანის-არზრუმის სავაჭრო მაგისტრალზე მდებარეობდა და მისი დაუფლებით ფაქტობრივად საქართველოს სამეფოს კონტროლ ქვეშ გადადიოდა ამ გზის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

გარდა წმინდა ეკონომიკური სარგებლისა, აშკარა იყო პოლიტიკური სურათის ცვლილებაც, რამდენადაც ყარსი სწორედ ის გამორჩეული ადგილია, რომელსაც მაჰმადიანები იყენებდნენ საქართველოზე შეტევისათვის.

კარის საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლით მაჰმადიანთა თავდაცვითი ხაზიც შედარებით სამხრეთით ინაცვლებს, რაც იმას მიანიშნებს, რომ საქართველოს სამეფოს სამხრეთის პოზიციები საკმაოდ გამყარებულია.

რა იყო ირანში ლაშქრობის მთავარი მიზანი

როდესაც ირანში სადამსჯელო ლაშქრობის ამბავი წყდებოდა, შურისძიება და ჭკუის სწავლება მხოლოდ ერთი მიზეზი იყო - მთავარი აქცენტი გადატანილი იყო იმაზე, რომ ამ ლაშქრობის შემდეგ საქართველოს შეეძლო დაიკავებინა ტერიტორები, საიდანაც გააკონტროლებდა ბაღდადი-ალეპოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზის ლევანტეს მაგისტრალის სამხრეთ მონაკვეთს.

უნდა ითქვას, რომ ამ ლაშქრობის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოს სამეფომ დასახულ მიზანს მიაღწია, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი მოვლენა აღმოჩნდა, მონოლთა შემოსევების გამო ჩვენმა სახელმწიფომ ვერ შესძლო ამ მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზის შენარჩუნება.

როგორ შემოუტრიალდა საქართველოს ირანში შორეული ლაშქრობა

მანამდე კი ამ გზას დაკავება უნდა, საჭიროა ქართველებმა ერთხელ და სამუდამოდ ჭკუა ასწავლონ, იმათ, ვისაც კავკასიაზე თავდასხმა სურს. ამისთვის კი საჭიროა პედანტურად აღასრულოს თავისი პოლიტიკური კონცეფცია - შეუტიოს, რათა თავი დაიცვას. ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ირანში შორეული ლაშქრობისა.

ქართული ჯარი ჯერ მარანდს მიადგა, და ბრძოლით აიღო, მერე თავრიზისაკენ აიღო გეზი. თავრიზიელებმა რაც კი ებადათ / ოქრო-ვერცხლი და ძვირფასეულობა, ერთიანად შეაგროვეს და სულ ქართველებს მისცეს და ამით დაიხსნეს თავი. ამასთან, მიართვეს ლაშქარს უამრავი სანოვაგეც. უბრძოლველად დამორჩილდა ქართველებს მიანაც.

ამის მერე ზენჯარის ასაღებად დასჭირდა თამარის ლაშქარს მცირე ბრძოლა, ამას მცირე შესვენება მოჰყვა, რის შემდეგაც ქართველთა ლაშქარი ხორასნამდე და გურგანამდე ჩავიდა.

ამ ლაშქრობაში იმდენი ალაფი დაუგროვდათ ქართველებს, რომ წინსვლა შეუძლებელი იყო. უკან დაბრუნებისას მიანაში ნახეს რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ალაფის სადარაჯოდ დატოვებული ქართველთა რაზმი ამოეწყვიტათ და ისინი სასტიკად დასაჯეს.

ზაქარია მხარგრძელის სარდლობით ქართველები ერაყამდე ჩავიდნენ. ლაშქრობა მხოლოდ იმიტომ ვეღარ გააგრძელეს, რომ უდიდესმა ალაფმა შეუშალა ხელი. ამის გამო უკან გამობრუნება გადაწყვიტეს.

ამ ლაშქრობის შესახებ მიანიშნებენ არა მარტო თამარის ისტორიკოსები, არმედ შემდეგდროინდელი მატიანეები - თუნდაც ლაშა გიორგის დროინელი მემატიანე, რომელიც წერს, რომ ქართველებმა "დალეწეს სპარსეთისა ქალაქნი და მარანდი ამოსწყუიდეს, და ერანის ქუეყანა. ესოდეანსა სიშორესა შინა მივიდნენ რომელ არცა თუ სახელი ქართველობისა ისმოდა."

ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე შორეული ლაშქრობა. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ეს ლაშქრობა ართცუ კარგად შემოუტრიალდა.

1226 წელს, როცა ჯალალ ედ-დინმა თბილისი აიღო და უმოწყალოდ ააოხრა, მის ლაშქარში უმეტესად იმ ქალაქების მცხოვრებნი იყვნენ, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ქართველთა ხმლის ძალა. ასე რომ, სულ ძმრად ადინეს საქართველოს ის უშორესი ლაშქრობაცა და ურიცხვი ალაფაც...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×