დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა რამდენიმე საინტერესო მასალა შევთავაზოთ უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებიდან, როგორი იყო, მათი თვალით დანახული საქართველო, ქართველთა ცხოვრება და ადათ-წესები.
პირველი ცნობები საქართველოს შესახებ, გვხევდება ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, საქართველოზე წერდნენ ძველი ბერძენი და რომაელი ავტორები: ჰეროდიტე, ქსენოფონტე, ჰიპოკრატე, არისტოტელე, სტრაბონი, პლუტარქე და სხვები.
მათი ცნობები აღწერითი ხასიათისაა და გადმოცემულია ქართველთა ცხოვრება და წეს-ჩვეულებები, აგრეთვე ცნობები საქართველოს ბუნების შესახებ, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.
საქართველოს ისტორიაზე წერდნენ დასავლეთ ეთროპელი მოგზაურებიც. საინტერსო ცნობებს ვხვდებით მე-13 საუკუნის იტალიელი მოგზაურის მარკო პოლოს ჩანაწერებში, მე-14 საუკუნის გერმანელი მოგზაურების შილდბერგერის და ვან ბრაიდენბახის ჩანაწერებში. ასევე მე-15 საუკუნის უცხოელი მკვლევარების კატერინო ბენოს, იოსაფატ ბარბაროსა და ამბროზიო კონტარინის ნაშრომებში.
მე-17 საუკუნიდან ძლიერდება სავაჭრო კავშირები დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აღმოსავლეთს შორის, რამაც გააძლიერა ინტერესი აღმოსავლეთის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მიმართ.
ევროპულ ენებზე გამოჩნდა საქართველოსადმი მიძღვნილი შრომები. მათ შორის მე-16 საუკუნის ცნობილი იტალიელი მეცნიერის პიეტრო დელა ვალეს ნარკვევი "ინფორმაცია საქართველოს შესახებ", რომელიც გამოიცა 1627 წელს რომში. არქანჯელო ლამბერტის ორი ნაშრომი: "ცნობები კოლხიდაზე"- გამოცემული ნეაპოლში 1654 წელს და "კოლხების შიდა ისტორია" გამოცემული ნეაპოლში 1657 წელს.
საინტერესო და ვრცელ ცნობებს შეიცავს მე-17-მე-18 საუკუნეში საქართველოზე გამოცემული აღწერილობანი. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა ტავერნის ნაშრომი "ექვსი მოგზაურობანი", რომელიც გამოიცა პარიზში 1676 წელს; უცხოურ ისტორიულ და გეოგრაფიულ შრომებში შეტანილი იყო საგანგებო თავები საქართველოზე, რომელიც ეყრდნობოდა მოგზაურთა მონაცემებს, მათ შორის იყო დელა კრუას ნაშრომი "საყოველთაო გეოგრაფია", გამოცემული პარიზში 1663 წელს.
აი რას წერდა სტრაბონი: "არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე";
"ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოსაუბრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე (მაკედონელი) უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო, ამის მიზეზია, არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ბარს შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე.
ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი აღება და ააგო სიმაგრე, რომელსაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი). საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ", - წერდა ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ევროპელთაგან პირველნი იტალილები არიან, ვინც ქართული ენითა და დამწერლობით, ლიტერატურითა და ხელოვნებით დაინტერესდნენ.
ამ საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვით ანტონიო ჯარდინის, სტეფანე პაოლინის, ფრანცისკო მარიო მაჯოს, რომელმაც 8 წელი იცხოვრა საქართველოში და ლათინურ ენაზე გამოსცა ქართული გრამატიკა. ეს წიგნი ორჯერ გამოიცა რომში 1643 და 1670 წლებში. ასევე ბერნარდო ნეაპოლელს, პიეტრო დელა ვალეს, რომელიც წერდა, რომ "ქართველები არიან მამაცნი, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი. მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლებაო".
პირველი ქართული წიგნი კი იტალიაში დაიბეჭდა 1629 წელს. სტეფანე პაოლინიმ და ქართველმა ფორე ჩოლოყაშვილმა - ირბახმა შეადგინეს და რომში გამოსცეს "ქართულ-იტალიური ლექსიკონი".
იტალიელი მისიონერები საქართველოში აარსებდნენ სკოლებს, საქართველოში ყოფნისას კრისტოფორო დე კასტელოს შეუდგენია სურათების ალბომი, რომლის ნახატებიც წარმოადგენენ მე-17 საუკუნის საქართველოს. პიეტრო დელა ვალემ რომში ჩამოიტანა უძველესი ქართული ხელნაწერი (ოთხთავი) და საფუძველი ჩაუყარა ევროპაში ქართული ხელნაწერების შეგროვებას.
საფრანგეთში საქართველოს შესახებ პირველი ცნობები ჩნდება ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის თხზულებაში. შემდეგ ეს ინტერესი უფრო გაღრმავდა მე-19 საუკუნეში.
აკადემიკოსმა მარი ბროსემ შეისწავლა ქართული ენა, რაშიც დიდი დახმარება გაუწია თეიმურაზ ბატონიშვილმა. 1834 წელს მარი ბროსემ გამოსცა ქართული ენის თვითმასწავლებელი "ქართული ენის გრამატიკა".
ინგლისელმა ცნობილმა მეცნიერმა, პოლიგლოტმა და საეკლესიო ისტორიის მკვლევარმა სოლომონ სოზარ მალანმა, რომელიც ითვლება პირველ ინგლისელ ქართველოლოგად თარგმნა პლატონ იოსელიანის და გაბრიელ ეპისკოპოსის ნაშრომები.
1888 წელს საქართველოში ჩამოდის ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ მორფილი, რომელიც ახლოს ეცნობა ქართულ კულტურას და ქართველ მოღვაწეებს ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, იაკობ გოგებაშვილს, ივანე მაჩაბელს. იმავე წელს აქვეყნებს თავის ნაშრომს "ქართული ენად და მწერლობა".
გერმანიაში კი საქართველოთი დაინტერესდნენ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, როცა გერმანელი და შვეიცარიელი მოგზაურები, დიპლომატები, წმიდა მამები საქართველოში ხშირად ჩამოდიოდნენ. სამშობლოში დაბრუნებულნი კი ცნობებს აწვდიდნენ თავიანთ თანამემამულეებს, საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ.
გერმანულ წიგნებში ცნობები ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ, პირველად მე-17 საუკუნეში გამოჩნდა. მე-19 საუკუნის ცნობილმა ავსტრიელმა მეცნიერმა ჰუგო შუხარდმა კი გადაარჩინა და ქართულ კულტურას შემოუნახა რამდენიმე ძველი ქართული ხელნაწერი, მათ შორის მეშვიდე საუკუნის ხანმეტი - ლექციონერი.
საქართველოს შესახებ წერდნენ ბელგიელი მეცნიერი ჟერარ გრიტი, ნორვეგიელი ჰანს ფოგტი, შვეიცარიელი დებუა დე მონპერიე, ამერიკელი რობერტ ბლეიკი და სხვები.