მამუკა ნაცვალაძე
24.12.2016

 1642 წელს თბილისი შემზარავი ამბის მომსწრე გახდა - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ევდემოზ | განჯის ციხის კოშკიდან გადმოაგდეს. ეს ხდება როსტომ ხანის ქართლის სამეფო კარზე აღზევებიდან მეათე წელს.

დღეს ბევრი კამათობს როსტომის მმართველობის ავკარგიანობაზე, არის მოსაზრება, რომ მისი მმართველობისას არსებული სიმშვიდე ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. თუმცა, კათალიკოს პატრიარქის ევდემოზის მკვლელობამ ფაქტობრივად გააშიშვლა ის მზაკვრული პოლიტიკა ირანის სამეფო კარს რომ ჰქონდა ჩაფიქრებული. ამ პოლიტიკის უშუალო აღმსრულებელი სწორედ როსტომ ხანი გახლდათ.

როგორ აღმოჩნდა წყალგამყოფი 1632 წელი საქართველოსთვის

1632 წელი ახალი ათვლის წერტილი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში. საქართველოს სამეფო ტახტზე მაჰმადიანი მმართველი ადის. ეს არ არის დინასტიური გადატრიალება, ამ პერიოდის ევროპისთვის რომ გახლავთ ჩვეული - ბაგრატიონთა ქარისტიანი მეფეს ისევ ბაგრატიონი, ოღონთ მაჰმადის რჯულით მონათლული როსტომი, იგივე ხოსრო მირზა ცვლის.

ეს წყალგამყოფია ირან-საქართველოს ურთიერთობაშიც, შაჰ-აბასის აგრესიული პოლიტიკა ფრთხილი, მოზომილი პოლიტიკით უნდა შეიცვალოს - მიზნის მიღწევისთვის სულ სხვა გზა აირჩია ირანის სამეფო კარმა. ეს გზა საკმაოდ კარგად გათვლილი და კარგად გააზრებულია. გზა, რომელიც ქართველის მენტალურ ცვლილებას ისახავს მიზნად.

მაინც რაში უნდა გამოიხატოს ეს მენტალური ცვლილება? რა უშლის ხელს ირანის სამეფო კარს?

რას ითვალისწინებდა ქართველის მენტალური ფერისცვალება

1605 წელს ზეგამში ენით აუწერელი ტრაგედია დატრიალდა - ირანის სამეფო კარზე გაზრდილმა კონსტანტინე მირზამ სიცოცხლეს გამოასალმა ჯერ თავისი მამა ალექსანდრე, მერე კი ძმა დავითი. თითქოს ეს არ ეყოფოდათო, ბაგრატიონთა სამეფო კარზე ამის შემდეგ მოხდა კიდევ ერთი გაუგონარი ამბავი - სისხლში გასვრილმა კონსტანტინე მირზამ თავის ძმის ცოლს, ქეთევანს შეუთვალა ცოლად გამომყევიო.

ეს მოთმინების ბოლო წვეთი აღმოჩნდა. შეურაცხყოფილი ქეთევანი თავად ჩაუდგა სათავეში აჯანყებას. კახეთი ერთიანად დაირაზმა და რამდენიმე ხნის შემდეგ წირვა გამოუყვანა მამისა და ძმის მკვლელს.

ამ ფაქტს ჩვენ სხვა კუთხით გვინდა შევხედოთ - კონსტანტინე მირზა ირანის შაჰის კარზე იზრდება სამი წლიდან, ის რწმენითაც და მენტალურადაც მაჰმადიანია, არაფრით გამოირჩევა მათგან, ჰოდა, ასეთ ფონზე განა რა გასაკვირია, რომ ის მაჰმადიანური წესით მოქმედებს - მუსულმანებში ხომ გარდაცვლილი ძმის ცოლს სწორედ მისი ცოცხალი ძმა ირთავს ცოლად. ეს სრულიად მიღებული და სავსებით ჩვეულებრივი ამბავია მაჰმადიანთათვის, თუმცა, ქართული ქრისტიანული საზომით ცალსახად უზნეობაა.

ძმის ცოლი ქრისტიანი ქართველისთვის საკუთარი დის ტოლფასად მოიაზრება და მისთვის ასეთი შეურაცხყოფა ენით აუწერელ დანაშაულად აღიქმება. ჰოდა, სწორედ ამ განსხვავების აღმოფხვრას ისახავს ირანი მიზნად. ამ მხრივ მართლაც დიდია უფსკრული და მენტალური სხვაობა - ის რაც მაჰმადიანისთვის ჩვეულებრივი და ბუნებრივია, ეს ქართული კულტურული სამყაროსთვის სრულიად მიუღებელია.

ქრისტიანული პრიზმიდან თუ შევხედავთ ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცალსახად უზნეობად აღიქმება. ამ ფორმატში ვერასდროს შედგება მაჰმადიანური და ქართული კულტურული დიალოგი, ეს ის თემაა, რომელსაც ეს ორი კულტურა ყოველთვის ცალსახად, განსხვავებულად განიხილავდა და ამ თვალსაზრისით მომავალშიც არაფერი შეიცვლება.

აი, სწორედ ესაა ყქ|| ს-ის 40-იანი წლების ირანის სამეფო კარის მიზანი. ეს განსხვავება უნდა წაიშალოს, საქართველოსთვის სრულიად ჩვეულებრივი, მისაღები უნდა გახდეს ის, რაც ადრე ცალსახად უზნებად მოიაზრება.

როგორ აღმოჩნდა როსტომის გამეფება ქართლსა და ირანს შორის ორმხრივი კომპრომისი

იმ სიმშვიდემ, რაც ქართლში როსტომ ხანის მმართველობის ხანიდან მკვიდრდება, სწოორედ ის ფონი უნდა შექმნას, სადაც ეს ყველაფერი რეალობად იქცევა. თითქოს გრძნობს კიდეც ამას როსტომი, ამიტომაც თბილისში ჩამოსვლის პირველ ხანებში არ ენდობა ქართველებს და ირანელი მცველების თანხლებით დადის.

როსტომის გამეფება ორმხრივი კომპრომისია ირანსა და ქართლს შორის. უცვლელად რჩება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიური მოდელი, ტახტზეც ბაგრატიონები რჩებიან, თუმცა, ერთი პირობით - მათ მაჰმადიანობა უნდა მიიღონ. ქართლის მეფე ირანის "ვალის" ტიტულითაა აღჭურვილი. მისი მოვალეობაა ხარკი აძლიოს ირანს.

პირველი რასაც აკეთებს როსტომი გამეფებისთანავე, ქართლის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ცენტრებში - თბილისში, გორსა და სურამში ყიზილბაში მეციხოვნეების მობილიზებაა, საგულისხმოა ისიც, რომ მას ირანიდან ჩამოჰყვა ქართველ თავად-აზნაურთა ნაწილი, რიომელნიც მამულებით დაასაჩუქრა, სწორედ ისინი დანიშნა როსტომმა თავის მოხელეებად.

რატომ არ ერჩოდნენ მაჰმადიანები ქრისტიანებს როსტომის ზეობისას

როსტომი ზრუნავს ქალაქებისა და ვაჭრობის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. მან მდინარე ქციაზე, განჯის გზაზე ხიდი და ქარვასლა ააგო, მდინარე თეძმის პირას კი ქალაქი, თბილისში, მდინარე მტკვრის პირას - სამეფო სახლი. როსტომ ხანის ინიციატივით აიგო ცნობილი "წითელი ხიდი", რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.

როსტომის ზეობისას ქვეყანა ეკონომიკურად მოძლიერდა. ეს სწორედ იმ ფაქტორითაა განპირობებული, რომ როსტომი თავად ირანის მოხელეა, ამიტომაც მისი მმართველობისას ირანელების შემოსევები ქართლში აღარ ხდება. ეს გახლდათ იმის მიზეზი, რომ სოციალური მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდა,

საგულისხმოა, რომ ამ დროს როგორც სამეფო კარზე, ასევე მაღალ ფეოდალურ არისტოკრატიაში ვრცელდება მაჰმადიანობა და ყიზილბაშური წეს-ჩვეულებები. თუმცა, ეს არ ხდება ძველებური ფორმატით - ქრისტიანობის შევიწროებით. ამ პერიოდის მაჰმადიანები ქრისტიანობას არას ერჩიან, ასეთი პოლიტიკით ისინი მოსალოდნელ ზეწოლასა და რელიგიური აგრესიისაგან თავს იცავენ, ამ მშვიდ გარემოში კი პედანტურად ასრულებენ მათთვის სასურველ პოლიტიკურ დაკვეთებს.

რა მიზანს ისახავდა როსტომ ხანის ქორწინება მარიამ დადიანზე

ჩამოსვლისთანავე როსტომი ცოლად ირთავს მარიამს, რომელიც შირმად სჭირდება იმისათვის რომ თავისი მზაკვრული პოლიტიკა ოსტატურად შენიღბოს. როსტომი ამ დროს საკმაოდ ხნოვანია - 68 წელი არ არის პატარა ასაკი იმდროინდელი რეალობისთვის. მარიამი მასთან შედარებით ბევრად ახალგაზრდაა.

ქართლის დედოფალი სამეგრელოს ცნობილი მთავრის ლევან || დადიანის დაა. ის სვიმონ გურიელის ყოფილი ცოლია, რომელიც სწორედ ლევანმა წაართვა გურიის მთავარს და ის როსტომს მიჰგვარა. ესეც ბუნებრივია პოლიტიკური გათვლების მიზნით ხდება.

მარიამ დედოფალი საკმაოდ საინტერესო კულტურულ საქმიანობას უძღვება, მისი ბრძანებით, გადაიწერა "ქართლის ცხოვრება" - ეს სწორედ ის ნუსხაა, ჩვენამდე მოღწეულ ძველი "ქართლის ცხოვრების" ხელნაწერებიდან ყველაზე უადრესად რომაა მიჩნეული.

ამავე პერიოდში სავალალო მდგომარეობაშია ქართული ხუროთმოძღვრების მშვენება სვეტიცხოველი, რომელიც სწორედ მარიამის ინიციატივით შეაკეთეს და განადგურებას გადაარჩინეს. მისი ღვაწლი სათანადოდ ასახა ფრესკულმა მხატვრობამ. მარიამ დედოფლის პატივსაცემად დაიხატა სვეტიცხოველში ფრესკა, სადაც დედოფალი საკუთარ შვილ ოტია გურიელთან ერთადაა გამოსახული.

საცნაური კი ის არის, რომ როსტომი არ უშლის ხელს საკუთარ ცოლს ქართული საქმეების კეთებაში. თითქოს როსტომიც მეუღლის თანამოაზრეა, ეს ერთი შეხედვით, თუმცა, ყველაფერი თავის სახელი ერქმევა მაშინ, როცა ის ქართლის კათალიკოსს ევდემოზ |-ს უპირისპირდება.

როგორ მზადდებოდა შეთქმულება როსტომ ხანის წინააღმდეგ

ამ დროს იწყება პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანი ქრისტიანი თეიმურაზ |-ის სამეფო ტახტზე დაბრუნებაა. საკმაოდ სერიოზული ძალები არიან ამ საქმეში ჩართული - შეთქმულებს თანაუგრძნობს ქართლის კათალიკოსი ევდემოზ |.

უნდა ითქვას რომ გარდა სარწმუნოებრივი მომენტისა ევდემოზს ნათესაური კავშირიც ავალდებულებს თეიმურაზის თანადგომას. საქმე ისაა, რომ კათალიკოსის ძმის, ლევანის ქალიშვილი ელენე თეიმურაზის |-ის ძის დათუნა ბატონიშვილის ცოლია.

საქართველოს ეკლესიისთვის რთულად შესაგუებელი აღმოჩნდა როსტომის პოლიტიკა. ევდემოზმა რამდენჯერმე შეკრიბა ქართლის ის ფეოდალები, რომელნიც არ ემორჩილებოდნენ როსტომ-ხანს. განსაკუთრებით მტკივნეული იყო ქართველი წარჩინებულების მცირეწლოვან შვილთა გაგზავნა ირანის შაჰის კარზე. ესეც ცალსახად იმ გეგმის ნაწილია, ქართველთა მენტალურ ცვლილებას რომ ისახავდა მიზნად.

რატომ ვერ ბედავდა როსტომი ევდემოზის წინააღმდეგ გამოსვლას

ევდემოზ კათალიკოსი არ ერიდებოდა როსტომის მხილებას, ის ქართლის ვალს ყველგან მაჰმადიანების მამას და ქრისტიანთა მამინაცვალს ეძახდა. საცნაური კი სწორედ ისაა, რომ ევდემოზ კათალიკოსის სულიერი შვილი როსტომ-ხანის მეუღლე მარიამ დედოფალია.

ევდემოზი არ ერიდება თავისი პოზიციის ქადადებას, არ მალავს რომ ქართლის სამეფო ტახტზე ქრისტიანი მეფის დაბრუნების მომხრეა და ამ რეალობისას როსტომ-ხანი საკმაოდ ფრთხილად მოქმედებს, ის არ ჩქარობს დაპირისპირებას, ვერ ბედავდავს კათალიკოსის წინააღმდეგ აშკარა გამოსვლას. ამიტომაც შესაფერის დროსა და ჟამს უცდის.

1642 წელს დიდი შეთქმულება მზადდება როსტომის პოლიტიკის წინააღმდეგ. მიზანი თეიმურაზ |-ის, ქრისტიანი მეფის, ტახტზე დაბრუნებაა. ამ ამბოხის მთავარი იდეოლოგი ევდემოზ კათალიკოსია.

სამწუხაროდ ღალატმა ჩაშალა ეს გეგმა - შეთქმულება სომეხმა მელიქმა გასცა. როსტომს ყველაფერი შეატყობინეს, მან იცის საით მიემართებიან მისი მტრები და საგანგებოდ ემზადება, გორის ციხეში ხვდება შეთქმულთ, თან დედოფალი მარიამი ახლავს პატრიარქ ევდემოზთან ერთად. ესეც იმ სცენარის ნაწილია, სულ მცირე ხანში რომ გათამაშდება.

როგორ მოაკვლევინა როსტომ ხანმა ევდემოზ კათალიკოსი

ირანელების დახმარებით როსტომმა იოლად სძლია მოწინააღმდეგეებს, სწორედ ამ დროს ხდება ის, რასაც დიდი ხანია ელის როსტომი - მას ხელში ჩაუვარდა კათალიკოზ ევდემოზის წერილი თეიმურაზ |-ს რომ სწერდა - არ დაგრთგუნოს ღალატმა, ბრძოლა გააგრძელეო.

გაბოროტებულმა როსტომმა კათოლიკოსი ციხეში დაამწყვდია, შემდეგ კი მოაკვლევინა. აი, რას წერს ვახუშტი ბატონიშვილი ამ ფაქტის შესახებ: "შეიპყრა როსტომ მეფემან კათოლიკოზ ევდემოს და პატიმარ-ჰყო ტფილისს ციხესა შინა. შემდგომად გარდამოაგდო განჯის-ციხის კოშკიდამ".

მშვილდის ლარით და საბლით დაუხრჩვიათ კათოლიკოსი, შემდეგ კი კოშკიდან გადმოუგდიათ, ეს დასჯის მაშინდელი მეთოდი გახლდათ.

ეს ამბავი 1642 წელს ხდება, ევდემოზის ცხედარი ანჩისხატის ეკლესიაში დაკრძალეს.

წამებული კათალიკოსის სიცოცხლესთან ერთად დაიმარხა ის მითი, როსტომ ხანის პოლიტიკის სიკეთეს რომ ქადაგებს... საქართველოში სულ სხვა ჟამი იდგა, ჟამი უზნეობისა, ჟამი სოდომ-გომორისა...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×