"კვირა დილას 25 აპრილს, დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი ტფილისის რკინიგზის ვაგზალზე. საცა მოელოდნენ ბარათაშვილის ნეშტს განჯიდამ. ვაგზლის არემარე და თვით მისასვლელ მოედანზე ჭედვა იყო. იმოდენა საზოგადოებას მოეკრიბა თავი, რკინის გზის ბაქანზე იდგა შემოსილი ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსი გორისა ალექსანდრე არქიმანდრიტებითა და სამღვდელოებით.
აქვე იყვნენ წარმომადგენელნი ქართველი ინტელიგენციისა და მაღალი საზოგადოებისა, თავად-აზნაურთა წინამძღოლნი, დეპუტატები. სხვა და სხვა ქალაქებისა და დაწესებულებათა გვირგვინებითა პოეტის კუბოს შესამკობელად.
9 საათზე მოვიდა მატარებელი და ვაგონიდამ გადმოასვენეს კუბო ძვირფასის ნეშტით. კუბოს მოჰყვნენ პოეტის ნათესავი, ღვიძლი ბიძაშვილი თავადი გიორგი ორბელიანი და სხვა პატივცემულნი ქართველნი, რომელნიც გაგზავნილი იყვნენ განჯას. მცირე პანაშვიდის გადახდის შემდეგ ნეშტი გადმოასვენეს ვაგზლიდამ სამგლოვიარო "წმინდაო ღმერთოს" გალობითა.
აქ ვაგზლიდან ამოდენა ხალხმა მუხლი მოიდრიკა და პატივი სცა დიდებულის მგოსნის ცხედარს. შემდეგ ეს აუარებელი და ზღვა ხალხი დაიძრა და გაემართა ლიტანიით დიდუბისაკენ. ამფიონი შემკული იყო ძვირფასის სხვა და სხვა გვარის გვირგვინებით. კუბო ხელში ეჭირათ ხან ქალებს, ხან ახალგაზრდობას, ხან ნათესავებსა და ისე მოასვენებდნენ გზა - გზა. რამდენიმე ხორო გალობდა. ხორო ქალებისაც, სასულიერო სემინარიის შეგირდებისაც.
სათავადაზნაურო სკოლის მოწაფეთა და მაქსიმე შარაძის, ფილიპე ქორიძის ხელმძღვანელობით. როცა ლიტონია მიუახლოვდა ეკლესიას ხალხმა კვლავ მოიდრიკა მუხლი, მისმა ყოვლად უსამღვდლოესობამ წარმოთქვა შესაფერისი და გრძნობით სავსე სიტყვა.
ფოტოგრაფმა რამდენჯერმე გადაიღო სურათი პროცესიისა; წირვის გათავების შემდეგ საფლავზე გადახდილი იქმნა კვლავ მცირე პანაშვიდი და წარმოითქვა რამდენიმე სიტყვა. სიტყვები და ლექსები წარმოსთქვეს თავადმა აკაკი წერეთელმა, თავადმა ილია ჭავჭავაძემ, კნეინა ორბელიანისამ.
ქუთაისის დეპუტატმა, ქუთაისის ქალაქის მოურავმა, სომეხთა ახალგაზრდა პოეტმა თუმანიანცმა, თავადმა ბიძინა ჩოლოყაშვილმა და სხვა" - ასე აღწერა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის ჩამოსვენება განჯიდან თბილისში გაზეთმა "ივერიამ" 1893 წლის 27 აპრილის ნომერში.
დაკრძალვაზე სიტყვა წარმოსთქვა ილია ჭავჭავაძემ: "ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის, ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხრისა!"
გარადცვალების ერთი წლის წინად ეს სიტყვები ამოაკვნესა, რომლებიც წინასწარ მეტყველებად გადაიქცა ბოლოს. ეს მწვავე წინასწარმეტყველება გაუმართლდა. იგი არ დაიმარხა თავის მამულში, მას არ დაედინა ცრემლი თავის ქვეყნის შვილისა.
ეს ჯვარი თან ჩაიყოლა, ამ ჩვენმა განმადიდებელმა კაცმა. და დღეს ჩვენ, ჩვენდა სასახელოდ, მოვასვენეთ აქ მისი მტვერი, მისი ნეშტი, რომ დღეის ამას იქით მისმა სამშობლო ცამ თავისი ნამი ცრემლად ზედ ადინოს. მისმა სამშობლო დედამიწამ გული გადაიხსნას და მისი მტვერი მიიბაროს. მისდა განსასვენებლად და ჩვენდა სალოცავად.
მართალია ეს მოგვიხდა ორმოც და შვიდს წელიწადს შემდეგ, და იქნებ სთქვან, გვიან არისო, მაგრამ რა არის ორმოც და შვიდი წელიწადი უკვდავებისათვის? მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ნიკოლოზ ბარათაშვილი უკვდავია და უკვდავისათვის არც რაიმე ქვეყნიერობაზე გვიანია, არც რაიმე ადრე.
ეს დიდებული წამი, რომელმაც დღეს აქ შეჰკრიბა წარმომადგენლობა მთელის საქართველოსი, მაგალითია იმისა, რომ ჩვენი ერი აღმაღლებულა სულითა და გულითა, რადგან მარტო ჭკუაგახსნილმა და გულგაწმენდილმა კაცმა იცის ესე ღირსეულად დაფასება და ესეთის პატივით ხსენება დიდბუნოვან კაცისა. დიდბუნოვანი იყო იგი, ვის სამარესაც გარს ვარტყივართ დღეს".
ნიკოლოზ ბარათაშვილი დიდუბის ეკლესიის ეზოს შუა ადგილას დაკრძალეს. ძეგლს, რომელიც პოეტს დაუდგეს, ეწერა პოეტის დაბადების და გარდაცვალების წლები და პატარა ნაწყვეტები მისი ლექსებიდან.
ჟანდარმერიის უფროსის საიდუმლო პატაკი პეტერბურგს
ამ დროს კი თბილისის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი საიდუმლო პატაკით ატყობინებდა დაკრძალვის პროცესს პეტერბურგის პოლიციის დეპარტამენტს.
"ქართველებმა ხელახლად წამოაყენეს მივიწყებული საკითხი განჯიდან თბილისში ქართველი პოეტის ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებისა. ბარათაშვილი გარდაიცვალა ამ საუკუნის დამდეგს და დასაფლავებული იყო განჯაში.
განასაკუთრებული მიზნით მოთხარეს მიწიდან რაღაც ძვლები და გადმოასვენეს თბილისში, სადაც მიეგება მრავალათასიანი საზოგადოება. კუბო ხელიდან ხელში გადადის, არა თუ ყველა წოდების პირი ეცილებოდნენ ერთმანეთს მის წაღებაში, არამედ ქალებიც კი ცდილობენ კუბოს გასვენებაში მონაწილეობა მიიღონ. დედებს მოჰყავთ თავის პატარა შვილები, აჩოქებენ კუბოს წინ და თაყვანს სცემენ, როგორც წმინდანის ნეშტს".
პოეტის გადმოსვენების ამბავი კი ასე იყო: 1876 წელს ბარათაშვილის კრებულის ცალკე წიგნად გამოსვლამდე გაზეთმა "დროებამ" დააყენა საკითხი პოეტის ნეშტის თბილისში გადმოსვენების შესახებ. აღიძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, მაგრამ თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
1891 წელს გაზეთ "ნოვოე ობოზრენიაში" განჯელმა კორესპონდენტმა დაბეჭდა წერილი, სადაც იუწყებოდა, რომ ქალაქის ადმინისტრაციას მიზნად აქვს ეკლესიის გალავანში, სადაც პოეტი იყო დასაფლავებული, გზა გაიყვანოსო.
ამ წერილს მაშინვე გამოეხმაურა გაზეთი "ივერია" ვრცელი წერილით. რადგან ხელისუფლებამ პრესაში დაწერილი წერილი ყურად არ იღო "ივერიის" რედაქციაში დაარსდა ბარათაშვილის ნეშტის თბილისში გადმოსვენების ფონდი. შემოწირულობა საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიოდა.
1892 წლის 9 ოქტომბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმში კი ასეთი ჩანაწერი გაკეთდა - "ეთხოვოს თავად ორბელიანს, როგორც მახლობელ ნათესავს, ნებართვა მიიღოს გადმოსვენებისა. დაინიშნოს თანაშემწედ თავადი ორბელიანისა ჭყონია და კარიჭაშვილი".
ილიას დავალებით განჯაში გაემგზავრა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები და მათთან ერთად ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძაშვილი პოდპოლკოვნიკი გიორგი ორბელიანი. განჯაში ჩასულ დელეგაციის წევრებს ეკლესია, სადაც დაკრძალული იყო ბარათაშვილი გაუქმებული დახვდათ, სასაფლაო კი გალავანმოშლილი.
იმ დროს განჯაში მსახურობდა ქართველი დიაკვანი მძინარაშვილი, რომელსაც უთქვამს, რომ მისი ამ ქალაქში ცხოვრების 25 წლის მანძილზე რამდენჯერმე ჩამოსულა პოეტის და და პანაშვიდი გადაუხდია ძმის საფლავზე.
რამდენიმე საათიანი თხრის შემდეგ მიაგნეს ნეშტს. დელეგაციის წევრებს განჯის ქართველობა ერთი წუთითაც არ მოსცილებიან გვერდიდან, იქვე გადაუხდიათ პანაშვილი ქართული გალობით და განჯის ქართველობას დელეგაციის წევრებთან ერთად ეტლით წაუსვენებიათ კუბო, ხუთი ვერსის მანძილზე ხელითაც უტარებიათ, წინ სამღვდელოება მიუძღვებოდა ჯვრებით და დროშებით.
საქართველოში კი დეპეშა აფრინეს "განჯა. 24 აპრილი. ეს არის ახლა ავხადეთ სამარე პოეტისა, პოლიცმეისტერისა და მრავალი ხალხის თანდასწრებით".
ბარათაშვილის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
ბარათაშვილი განჯაში სავარაუდოდ მალარიით დაავადდა. ორი კვირა ჰქონია ხურვა. 1845 წლის 9 ოქტომბერს კი გარდაიცვალა. მარტოდმარტო შეხვდა სიკვდილს, ახლობლებისაგან ნათესავებისაგან, მეგობრებისა და სატრფოსგან მოშორებული, უცხო მიწაზე.
ის დაკრძალეს განჯაშივე, ქალაქის ციხესთან აგებული მართლმადიდებელი ეკლესიის ეზოში, მშობლებისაგან დაუტირელი. მის დასაფლავებას საქართველოდან არავინ დასწრებია. ავადმყოფი დედა და ბიძა მხოლოდ მეორე წელს ჩასულან განჯაში მის საფლავზე.
ილია ორბელიანმა პოეტის სიყრმის მეგობარმა და უახლოესმა ნათესავმა მის სამარეს საფლავის ქვა დაადო, რომელიც დროთა განმავლობაში დაიკარგა. დაკრძალვის ადგილს კი ცნობდნენ სასაფლაოზე ამოსული დიდი კვიპაროსის ხით.
ბარათაშვილის ბინა განჯაში. ოთახი უბრალოდ არის მოწყობილი. კედელზე ჰკიდია თოფი, ნაჩუქარი ზაქარია ორბელიანისა. მის გვერდით - ჭრელი ქისა, მაიკო ორბელიანის ხელით მოქსოვილი. დგას ტახტი შუა ოთახში-ვიწრო სავარძელი, რომელშიაც ტატო ზის. სავარძელთან დახრილა ექიმი ლუნკევიჩი, ბარათაშვილის მაჯა უჭირავს ხელთ.
ლუნკევიჩი - ხომ გითხარი უნდა დაწვეთ მეთქი, ყმაწვილო, რა საჭიროა ეს სიჯიუტე?
ბარათაშვილი - ძალიან ცუდათ არის ჩემი საქმე?
ლუნკევიჩი - სულაც არა, მხოლოდ დაწოლაა საჭირო.
ბარათაშვილი- გახსოვს, განჯის ქვემოთ, მინდორში რომ ვიყავით, მწვანეზე წამოვწექით და ის იყო, ყურთან გაიზუზუნა რაღაცამ, ხელი ავუქნიე და ვთქვი, თქვენღა მაკლიხართ მეთქი. მითხარი ფრთხილად ტატო ფლებოტიმუსი არ იყოს. ის ტიალი, ყაჩაღის ტყვიაზე უფრო საშიშიაო, თურმე მართლა ფლებოტომუსი ყოფილა!
ლუნკევიჩი - ნუ გეშინია მაგასაც მოვერევით.
ბარათაშვილი - გგონია მეშინია? არა, ექიმო, კოღოსი კი არა, რაც ქვეყანაზე მორიელები არიან, გველები, ფალანგები, არავისი არ მეშინია.
ლუნკევიჩი - დაწექი, ტატო შენი ჭირიმე, დაწექი;
ბარათაშვილი- ერთი თვის მერე ოცდარვა წლისა ვიქნები, ვინ მომკვდარა ოცდარვა წლისა, მითხარი.
ლუნკევიჩი - იწვება, კაცი, ზეზეურად იწვის, ხელს ვერ მიაკარებ, ცეცხლი უკიდია, რა ვქნა ვერაფრით ვერ დავაწყნარე. თავს არ დავზოგავ, მაგრამ მე ღმერთი არა ვარ ...
ბარათაშვილი - მოვიხედე და მარტო ვიყავი, სულ მარტო უზარმაზარ ცისფერ ქვეყანაში, და ძალიან შორს რაღაც თეთრი ჩანდა... მოფრინავდა და ფრინველი არ იყო, ქალი იყო, ნიავი უფრიალებდა თეთრ კაბას... მოფრინავდა და ხელს მიქნევდა...
ლუნკევიჩი - ეგ სიყვარულს ნიშნავს, ტატო
ბარათაშვილი- სადღაა ქვეყანაზე სიყვარული, ის ზღაპრებშიღა დარჩა, ჩვენ კი მაინც დავდივართ მის საძებნელად, ვერსად ვერ გვიპოვია, და ამიტომ არასად არ გვიჩერდება გული, არც ცაზე, არც მიწაზე. უცებ მომეჩვენა რომ განჯაში კი არა, საქართველოში ვიყავ საარაგვოზე.
ის თეთრი მოჩვენება შორიდან მიქნევდა ხელს და მეძახოდა, გამოჰყევი და მტკვარზე გამოხვალო, მაგრამ გზა არ იყო, არც ერთი გზა, არც ერთი ბილიკი, ჩაკეტილი იყო საქართველო, მეძახოდა და კარი კი ჩაკეტილი იყო! თბილისიდან არაფერი ამბავია?
ლუნკევიჩი - არაფერი ტატო, დაწექი!
ბარათაშვილი - წერილი მინდა დავწერო!
ლუნკევიჩი - ტატო დაწექი, კარგად გახდები და წერილებსაც დასწერ...
ბარათაშვილი - თქვენ ხომ ბრძანეთ, განჯის ციებას ჯერ არავინ მორევიაო, მე კი, აი, ნახავთ, თუ ვერ მოვერევი! მწუხრისა დარეკეს, გრძელი და ქარიშხლიანი იქნება ეს ღამე, ვინ იცის, როგორ მიასწორ- მოასწოროს ეს ქვეყანა, ახლა წადი და დაისვენე, დილით მე უკვე კარგად ვიქნები...
ჯდება სავარძელში და ჩუმად ამბობს - გასწი მერანო, გადათელე ეს ტიალი გზა, ნუ შეუდრკები ნურც ავდარს და ნურც თვით სიკვდილს, და თუ ჩემსავით უდროოდ წაგაქცევს ის ტიალი, შენგან თელილი გზა ხომ მაინც დარჩება!