ლარის დევალვაცია სტუდენტების სწავლის გადასახადზეც უარყოფითად აისახა. თუკი დოლარის კურსი 3,0-ს მიაღწევს, საქართველოში მოქმედი კერძო უნივერსიტეტების ნაწილი გადასახადის გაზრდას აპირებს. ასეთი პუნქტი სტუდენტებთან დადებულ ხელშეკრულებაში უკვე ჩადებულია. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტზე ხელი მოაწერეს, სტუდენტები გაძვირებას ეწინააღმდეგებიან.
უცნობია კერძო უნივერსიტეტების პოზიცია, იმის თაობაზე, თუ რა განაპირობებს ისედაც ძვირი განათლების კიდევ უფრო გაძვირებას მაშინ, როდესაც სტუდენტები ისედაც კოლოსალურ თანხას იხდიან. ისინი მედიას დახმარებისთვის მიმართავენ.
გადასახადის გაძვირებას ეწინააღმდეგება გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მაგისტრანტ, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. "რეზონანსთან" საუბრისას მან აღნიშნა, რომ სწავლის დასრულებამდე და მაგისტრის დიპლომის აღებამდე ნახევარი წელი დარჩა და ამ პერიოდში გადასახადის მომატება არ უნდა ხდებოდეს.
"არის შემთხვევა, როდესაც ხელშეკრულებაში არსებულ პუნქტებს, უბრალოდ, გადავიკითხავთ, ხელს ვაწერთ და რატომღაც ვერ წარმოგვიდგენია, რომ რეალურად შესაძლებელია იქ სხვა პირობები იყოს მოცემული და ჩვენ სხვა გვეგონოს. თურმე ჩემი უნივერსიტეტის ხელშეკრულებაშიც წერია, რომ კურსი განსაზღვრულ ნიშნულს თუ გასცდება - სწავლის საფასური ავტომატურად მოიმატებს. ხელს რომ ვაწერდი, დასახელებული ზღვარი, ალბათ, ძალიან არარეალური მეგონა და ვერ წარმომედგინა ასეთი ფაქტის წინაშე თუ დავდგებოდი.
ორი დღის წინ მივიღე შეტყობინება, რომ იცვლება სწავლის საფასური. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტს არაფერში ვადანაშაულებ, უბრალოდ, ვაცნობიერებ ვითარების სირთულეს. მაგისტრატურაზე ვსწავლობ და სულ რაღაც 6 თვე დამრჩა სწავლის დასრულებამდე. რატომ უნდა მეზრდებოდეს სწავლის გადასახადი? ნახევარ წელიწადში მექნება მაგისტრის ხარისხი და ცოდნა იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებაში მოცემული პირობები, რომელიც ხანდახან არარეალური გვგონია, თურმე სწავლის დასრულებამდე შეიძლება შეიცვალეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სტუდენტმა.
"რეზონანსი" შეეცადა იმ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს დაკავშირებოდა, სადაც სწავლის ფასი, ლარის გაუფასურების გამო, იზრდება, თუმცა მთელი დღის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ვებ-გვერდზე განთავსებული სამი ნომრიდან უნივერსიტეტის წარმომადგენლები არც ერთზე არ პასუხობენ, მიუხედავად აქტიური სამუშაო დღისა. ანალოგიური ვითარებაა "საქართველოს უნივერსიტეტში", რომლის სტუდენტები ხელშეკრულების იმ პუნქტს არ ეთანხმებიან, სადაც სწავლის საფასურის მომატება უნივერსიტეტს 1300 დოლარის ფარგლებში თვითნებურად შეუძლია. ჩვენ დავუკავშირდით "საქართველოს უნივერსიტეტის" წარმომადგენელს, თუმცა მათგან ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
"ხელშეკრულებაში, რომელსაც პირველ კურსზე მოვაწერე ხელი, მოცემულია პუნქტი, სადაც უნივერსიტეტს ნებისმიერ დროს შეუძლია სწავლის საფასური 1300 დოლარამდე გაზარდოს. ამ ზღვარს არ გადასცდება, თუმცა ეს რა შეღავათია. 1300 დოლარი საკმაოდ სერიოზული თანხაა, მით უფრო დღევანდელი გაუფასურების ფონზე. ალბათ უნივერსიტეტს შევიცვლი და იქ გადავალ, სადაც მსგავსი კონტრაქტი არ იქნება. არ მინდა ის წლები, რაც სწავლის დასრულებამდე დარჩა, იმის შიშში გავატარო, როდის გამიძვირებენ გადასახადს. ქვეყანაში ისედაც საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ფონია", - განუცხადა "რეზონანსს" "საქართველოს უნივერსიტეტის" სტუდენტმა.
სასწავლო დაწესებულებების მხრიდან გაძვირების გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან განათლების ექსპერტებიც. მანანა ნიკოლეიშვილი მოქმედ და მომავალ სტუდენტებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს მსგავს კონტრაქტს ხელი არ მოაწერონ. მისი აზრით, როდესაც სტუდენტებმა ამ პუნქტის შესახებ გაიგეს, რექტორატის წინაშე ულტიმატუმით უნდა წარმდგარიყვნენ - თუკი ხელშეკრულებიდან ამ დეტალს არ ამოიღებდნენ, მაშინ მობილობით გადავიდოდნენ სხვა სასწავლო დაწესებულებაში.
"თავად ბავშვებს არ უნდა მოეწერათ ხელი ისეთ ხელშეკრულებაზე, სადაც უნივერსიტეტს თვითნებურად შეუძლია სწავლის გადასახადის შეცვლა. რექტორატისთვის ულტიმატუმი უნდა წაეყენებინათ. ამას ერთი და ორი სტუდენტი ვერ შეცვლიდა, მაგრამ თუკი ექნებოდა მასშტაბური ხასიათი, მაშინ სასურველ შედეგს მიაღწევდნენ. იმ აბიტურიენტებს, რომლებიც მომავალ წელს აპირებენ ჩაბარებას, ვურჩევდი, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოაწერონ ხელი მსგავს ხელშეკრულებას, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ნაბიჯს გადადგამენ.
ქვეყანაში ეკონომიკურად ისეთი მძიმე მდგომარეობაა, ვერავის ენდობი. უნივერსიტეტებმა უნდა მოახერხონ, იმდენი, რომ შეძლონ ტარიფის შენარჩუნება სტუდენტებისთვის სასურველ ნიშნულზე. მაგალითად, თბილისის რამდენიმე კერძო სკოლამ ნიშნული 2.45-ზე, შეინარჩუნა და ასე ახდევინებენ მოსწავლეებს გადასახადს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ნიკოლეიშვილმა.
ხელშეკრულებაში მსგავსი პუნქტის არსებობა არარეალურად მიაჩნია, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორ მამუკა თავხელიძეს. მისი აზრით, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონიდან გამომდინარე, უნივერსიტეტები არ უნდა დგამდნენ ამ ნაბიჯს. რექტორის მტკიცებით, რობაქიძის უნივერსიტეტი, მიუხედავად კურსის ცვლილებისა, სწავლის გადასახადს უცვლელს დატოვებს.
"პირადად ჩვენთან მსგავსი რამ არ მომხდარა და არც მომავალში ვაპირებთ, ლარის კურსის მკვეთრი ცვლილების მიუხედავად. ვიცით დღეს რა სიტუაციაშია ქვეყნის მოსახლეობა, სტუდენტები და მათი ოჯახის წევრები. ეს არ გვაძლევს გადასახადის გაზრდის შესაძლებლობას. ამ გადაწყვეტილებით დავკარგავთ სტუდენტებს, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ყველას აძლევს საშუალებას (თუ მთელი წლის გადასახადი გადახდილი აქვს და შუა სასწავლო პროცესში სასწავლო დაწესებულების შეცვლა გადაწყვიტა, დარჩენილი თვეების თანხა უკან დაიბრუნოს. არ ვიცი, რომელი უნივერსიტეტი აპირებს სწავლის საფასურის მომატებას, თუმცა მე ნამდვილად შევდივარ მოსახლეობის მდგომარეობაში და გაძვირების გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მძიმეა", - განუცხადა "რეზონანსს" თავხელიძემ.