საქართველოს მთელ ისტორიას წითელ ზოლად გასდევს კეთილისა და ბოროტის, ზნეობისა და უზნეობის დაპირისპირება. ზნეობრივი პოსტულატები, ამაღლებული განწყობები, რითაც ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა საზრდოობდა და რაც სამაგალითო და მისაბაძი გახლდათ ქართული საზოგადოებისთვის, პედანტურად აღწერა შოთა რუსთაველმა უკვდავ "ვეფხისტყაოსანში".
ამგვარი განწყობები ქმნიდა სწორედ იმ მუხტს, რაზეც ტრადიციულად ქართული საზოგადოების განვითარება იყო დაფუძვნებული. საზოგადოებისთვის არასდროს ქცეულა ბოროტება და უზნეობა ქცევის მისაღებ ნორმად, მიუხედავად იმისა, რომ არცთუ იშვიათად ცხოვრებისეული, თუ პოლიტიკური მოვლენების განვითარებისას ჩვენში ბოროტი სძლევდა კეთილს, უზნეობა ზნეობაზე იმარჯვებდა.
ამ ფონზე გამორჩეულად საინტერესოა ყ||| საუკუნე, ხანა, როცა საქართველო თავისი განვითარების პიკზეც იყო და ფსკერზეც. და ამ უკიდურესობებში სწორედ ის არის საინტერესო და საცნაური, ამაღლებიდან დაცემამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რომ გახდა იმდროინდელი ჩვენი ქვეყნისთვის სამყოფი.
როგორ გახდა ქართველთა ერთადერთი საზრუნავი ფიზიკური არსებობის შენარჩუნება
მას შემდეგ რაც საქართველო ჯერ ჯალალ ედ დინმა ააოხრა, შემდეგ კი მონღოლებს გაეხსნათ გზა, უმძიმესი ვითარება შეიქმნა ქვეყანაში. რუსუდანი გადახვეწილია დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლებმა სრული კარტ-ბლანში მიიღეს.
რუსუდანმა დასავლეთიდან "მეფური ბრძანება" გამოუგზავნა ფეოდალებს - მონღოლებთან ბრძოლას აზრი აღარ აქვს და დანებდითო. სამეფო კარის ასეთი პოზიციის გამო საზოგადოება დემორალიზებულია. ახლა ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს - ერთ დროს სახელგანთქმული გმირების შთამომავალთ მხოლოდ ფიზიკური არსებობის შენარჩუნებაზე უნდა ეზრუნათ.
მონღოლები არ გადადიან დასავლეთ საქართველოში, ისინი არ რისკავენ ლიხის ქედს იქით ლაშქრობას, ესეც სრულიად ბუნებრივია - მათ აღმოსავლეთ საქართველოში აქვთ პოზიციები გასამაგრებელი, აქ კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს - გეოსტრატეგიული. დასავლეთ საქართველოში გადასვლა მონღოლთა მრავალრიცხოვანი ურდოებისთვის განსაკუთრებულად სახიფათოა, რამდენადაც უღელტეხილები ფაქტობრივად ანეიტრალებს მათ მთავარ კოზირს - ჯარის რიცხობრივ სიდიდეს. ამიტომაც მათ არა დარჩენიათ რა გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად შეეცადონ საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ მხარეების ათვისებას და ამ კუთხეების საკუთარ ყაიდაზე გადაწყობას.
გარნისის სამარცხვინო გაკვეთილები
ყ||| ს-ის საქართველოს ისტორიაში პირველი სამარცხვინო ფურცელი გარნისის ომი იყო, 1225 წელს საქართველოს მონღოლებისგან დევნილი ხვარაზმ შაჰის ძე გამოექცა და გულის გასაქარვებლად ჩვენ ქვეყანას მოადგა.
ჯალალ ედ დინთან დაპირისპირება თავის სასარგებლოდ გამოიყენეს მხარგრძელებმა - ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს სამეფო კარზე ორი დაჯგუფება გამოიკვეთა - ახალციხელები და მხარგრძელები. მხარგრძელებისთვის ფეოდალური ანგარიშსწორება სამწუხაროდ ყველაზე პრიორიტეტული იყო. რა მოჰყვებოდა ასეთ საქციელს, ეს არც კი გაუაზრებიათ, ანდა, ისიც შეიძლება ვიფიქროთ, კარგად რომ გაიაზრეს, სწორედ ამიტომაც შესწირეს საქართველო თავიანთ პატივმოყვარეობას.
ქართველი მემატიანე ჟამთააღმწერლი მიანიშნებს, თუ როგორ გაწირა სასიკვდილოდ ივანე მხარგრძელმა ძმები ახალციხელები შურის გამო და როგორ არ მიეშველა დამხმარე რაზმით ურიცხვი მტრის წინააღმდეგ მებრძოლ ახალციხელებს.
ივანე ახალციხელი ბრძოლის ველზე დაეცა - მისი რაზმი მტერმა კლდესთან მიიმწყვდია, სწორედ კლდიდან წამოსულმა ზვავმა იმსხვერპლა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გმირი. მისი უმცროსი ძმა შალვა კი ტყვედ ჩაუვარდა ჯალალ ედ დინს, რომელსაც თავდაპირველად დიდი პატივში ჰყავდა ახალციხელი, მაჰმადიანობის მიღებაც შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო. ჯალალ ედ დინმა შალვა მაშინ მოკლა, როცა ის ცდილობდა წერილის გაგზავნას საქართველოში, რომლითაც თანამემამულეებს ატყობინებდა მტრის თბილისზე გამოლაშქრების გეგმას.
რატომ არ აგებინეს პასუხი მხარგრძელებს სახელმწიფოს ღალატისათვის
აქ კიდევ ერთი დეტალია საგულისხმო - მიუხედავად სახელმწიფოებრივი პოზიციების მიმართ აშკარა ღალატისა, მხარგრძელებისთვის ხელი არავის შეუშლია და მომავალში მათთვის დანაშაული არავის მოუკითხავს. ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა - ახალციხელები ლაშა გიორგისთან დაახლოვებულები არიან, სწორედ ამიტომაც რუსუდანი მხარგრძელების მხარეს იჭერს, ესეც ბუნებრივია - რუსუდანს გავლენიანი მხარგრძელების თანადგომა სჭირდება და ესაა ამ მხრივ მისთვის პრიორიტეტული. რაც შეეხება გარნისში მხარგრძელთა ღალატს, ამაზე მეფე სიტყვასაც არ ამბობს არავისთან.
რუსუდანის მთავარი მიზანი საკუთარი შვილის, დავითის გამეფება და ძმიშვილის, ასევე დავითის ჩამოცილებაა. მას შემდეგ რაც ლაშა გიორგი გარდაიცვალა, ამ საქმეს წინ აღარაფერი დაუდგება - მითუმეტეს იმ უბინძურესი ინტრიგების შემდეგ, როცა რუსუდანმა არც საკუთარი შვილი, კონიის დედოფალი გურჯი ხათუნი დაინდო და საკუთარი ბიძაშვილის საყვარლობა დააბრალა. დავით ულუ ახლა კონიის გამგებელს, გურჯი ხათუნის მეუღლეს ყიას ედ დინს ჰყავს დილეგში გამომწყვდეული.
ერთი სიტყვით, ყველაფერი თითქოს რუსუდანის გეგმით მოდის, ამ ფონზე კი საცნაური ისაა, რომ ეს განუკითხაობა და დაუსჯელობის სინდრომი პედანტურად ასახავს ერთი მხრივ იმ რეალობას, თუ რა დონეზეა სახელმწიფოს მართვის მექანიზმი მოშლილი და მეორე მხრივ, რამდენად მეორეხარისხოვანია ქვეყნის ინტერესები თავად სამეფო კარისთვის, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მეფე რუსუდანი განაგებს.
ბედის ირონია, ანუ როგორ აღმოჩნდა დავით ახალციხელი ავაგ ათაბაგის ეჯიბი
ყ||| ს-ის 40-იანი წლებისთვის ახალციხელები აღარ არიან პოლიტიკურ ასპარეზზე. შალვას ძე სეფედავლე საქართველოდან გადახვეწილია, როგორც ჩანს, რუსუდანის მხარდაჭერით გაგულისებული მხარგრძელები ბოლომდე ცდილობენ თავიანთი პოზიციების გამყარებას და არაა გამორიცხული სეფედავლეც სწორედ მათ აგრესიას გაექცა. რაც შეეხება - ივანეს შვილს დავითს, სულ ახალგაზრდაა და ცხოვრების ასპარეზზე ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს.
საგულისხმოა, რომ ძველად დიდი ფეოდალების მემკვიდრეებს, რომელთა საქმიანობაც სამხედრო სამსახური იყო, სათანადოდ ამზადებდნენ კარიერისთვის. მათ სამხედრო კარიერის ყველა საფეხური უნდა გაევლოთ, საქმიანობას კი უმდაბლესი პოზიციიდან, აბჯრის მტვირთველობიდან იწყებდნენ.
აბჯრის მტვირთველია დავით ახალციხელიც, თუმცა, ყველაზე საცნაური სწორედ ისაა, რომ ის აბჯრისმტვირთველია იმ ავაგ ათაბაგისა, რომლის მამამაც სასიკვდილოდ გაწირა გარნისის ბრძოლაში დავითის მამა - ივანე.
დანასისხლად გადაკიდებული ორი ფეოდალის შთამომავალი ახლა ერთად იღწვის. კაცმა რომ თქვას, შესანიშნავი ფონია შურისძიებისთვის, თუმცა, მოვლენები ისე ვითარდება, მხოლოდ ზღაპრულ სიუჟეტებში რომ გვხვდება.
სწორედ აქ მახსენდება ცნობილი ფრაზა საქართველოს ისტორიას ერთი ამოსუნთქვით რომ გვისურათებს - "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო". და ასე იწყება ის ამბავი, ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას რომ დაამშვენებდა და გამორჩეულად გაალამაზებდა.
ულამაზესი ამბავი დავით ახალციხელის თავგანწირვისა
ურდოს გზაზე დამდგარან ღირსეული ქართველები. მათ შორის არიან ავაგ ათაბაგი და დავით ახალციხელი. ყ||| ს-ის 40-იანი წლების დასაწყისში აშკარა გახდა მონღოლებთან მოლაპარაკების აუცილებლობა. დიდი სჯა-ბასის შემდეგ ქართველებს მცირერიცხოვანი დელეგაციის გაგზავნა გადაუწყვეტიათ. დიპლომატიურ მისიას ავაგ ათაბაგი ხელმძღვანელობს. ის ყველაზე გავლენიან მონღოლს, ბათუ ყაენს უნდა ეახლოს და საზავო პირობებზე მოელაპარაკოს.
მისი ეჯიბი ივანე ახალციხელის ვაჟი დავითია. ჯერ არცერთ ქართველს არ გაუკვლევია ოქროს ურდოსკენ მიმავალი გზა, არც არავინ უწყის რა დახვდებათ ჩვენებურებს უცხო მხარეში. როგორ მიიღებენ, რას ეტყვიან, ანდა საერთოდ ისურვებენ კი მოსმენას?
ეს ფიქრები მით უფრო ძლიერდება, რაც უფრო შორდებიან ქართველნი სამშობლოს. და აქ გათამაშდა ის სცენარი, რაც დიდი რუსთველის ზნეობრივ პოსტულატებს პედანტურად ეფუძვნება - დავითმა, ღირსეული ქართველის ივანე ახალციხელის ღირსეულმა მემკვიდრემ, ავაგ ათაბაგის ეჯიბმა, შესთავაზა სარდალს - უცხო მხარეში მივდივართ, ვინ იცის, რა რჯულის ხალხია, არ ვიცით მათი არც წესები და არც ცხოვრების ნორმებიო. არ უნდა გამოვრიცხოთ მათი აგრესიულობა, ამიტომაც რომ ჩავალთ და ყაენთან მივალთ, მე წარვსდგები მის წინაშე, როგორც ელჩი, თქვენ კი ჩემი ეჯიბის როლი იტვირთეთო. თუ მტრულად დაგვხვდნენ, ჩემზე გადატყდება მონღოლთა რისხვა, მე დამსჯიან და თქვენ გადარჩებით, ამით საერთო საქმეც გადარჩება და ელჩობის ყველა წევრი ცოცხლები მაინც დარჩებითო.
ისტორიული წყარო არ მიანიშნებს რამდენად იოლად მიიღო ავაგ ათაბაგ-ამირსპასალარმა დავითის ეს წინადადება, თუმცა, ფაქტია ის, რომ ბათუ ყაენთან პირველ შეხვედრაზე დავით ახალციხელი წარდგა ქართველთა ელჩის რანგში, ავაგ მხარგრძელი კი, როგორც მისი ეჯიბი.
როგორ მოხიბლა დავით ახალციხელმა ბათუ ყაენი
მოლაპარაკებებმა დიდხანს გასტანა, ბუნებრივია, ბათუ ყაენთან დიპლომატიურ საუბრებს დავით ახალციხელი წარმართავდა, ასე განმეორდა რამდენჯერმე. ახლა ცხადი იყო ის, რომ მონღოლები ქართველ ელჩთა დასჯაზე არ ფიქრობდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ამიტომაც გადაწყდა, რომ შემდეგი აუდენციისას ავაგ ათაბაგი ბათუს წინაშე წარმდგარიყო როგორც ქართველთა დელეგაციის ხელმძღვანელი.
გადაწყვიტეს და აღასრულეს კიდეც. ჰოდა, ბათუს კარზე ახლა წინ ავაგ ათაბაგ-ამირსპასალარი მიდის, უკან კი დავითი მიჰყვება. ბათუ ორივეს კარგად იცნობს სახეზე - იცის რომ დავითი ქართველთა ელჩობას ხელმძღვანელობს, ავაგი კი მისი ქვეშევრდომია, სწორედ ამიტომაც გაბრაზებულა - ვერ მიმხვდარა ვერაფერს, თავიდან ჩაუთვლია, რომ მსახური თავხედობდა და ამიტომაც მკაცრი ტონით რიტორიკული კითხვით მიუმართავს - განა არ იცი, რომ შენი პატრონის წინ არ უნდა იაროო?!
სწორედ მაშინ გაუმხელია დავითს სიმართლე მონღოლისთვის - ავაგი ჩემი პატრონია და მე მისი ეჯიბიო. ისიც უთქვამს გულწრფელად რატომ გადაწყვიტა თავი ქართველთა დელეგაციის ხელმძღვანელად წარმოედგინა.
გაოცებულ ბათუს ემოციები მოსძალებია, დიდხანს ვერაფერი უთქვამს, მერე დავითის თავდადებით აღფრთოვანებულს უბრძანებია - ასეთ ღირსეულ ხალხს სამფლობელოებს არ წავართმევ, დაე, მათ დარჩეთ ყველაფერი და მხოლოდ ზავის პირობების შესაბამისი ვალდებულებები მოეთხოვოთო. ისიც დაუმატებია - ასეთ ღირსეულ ხალხს ღირსებითა და პატივით მოეკიდეთო.
როგორ სძლია მტრობას სამშობლოს სიყვარულმა
ეს საარაკო ამბავი ყ||| ს-ის 40-იანი წლების დასაწყისში ხდება. და რაოდენ საცნაურია, რომ სულ რაღაც თხუთმეტიოდე წლის წინ ორი ღირსეული ქართველის წინაპარი დანასისხლად გადამტერებულნი იყვნენ ერთმანეთს. მაშინ ამ მტრობას ივანე მხარგრძელმა ზვარაკად შესწირა საქართველო, ყველაზე წმინდა, რაც მათი შვილებისთვის ახლა უკვე საფიცარი გამხდარიყო.
ახლა სხვა ჟამი იდგა, ჟამი სამშობლოს სიყვარულისა... გავა სულ რაღაც რამდენიმე წელი და მონღოლთა ღირსება ისევ დაუხვდება ქართულ ღირსებას - მონღოლი ნოინი ჭორმაღანი, ღირსებაშემკული კაცი, საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთ ულამაზეს ლეგენდას ჩაწერს, ლეგენდას, რომელსაც ცოტნე დადიანი ჰქვია...