მე-19 - მე- 20 საუკუნეების ქართველმა ფოტოხელოვანებმა ძველი თბილისის ხიდების ამსახველი უნიკალური ფოტომასალა შემოგვინახეს; მართალია, დღეს მათი უმეტესობა აღარ არსებობს, ზოგი დაინგრა, ზოგი გაუქმდა და ზოგიც გადაკეთდა, თუმცა მათი აგების ისტორია დარჩა.
როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, იმ დროს თბილისში სულ 22 ხიდი ყოფილა, მათი უმრავლესობა ვერაზე, აბანოთუბანში, ავლაბარში, ისანში და ორთაჭალაში. ბოტანიკური ბაღის ხიდები, რომლითაც კოჯრის გზიდან ქვემო ქართლში გადასვლა ხდებოდა, მე-15-16 საუკუნეებშია აგებული. ერთ სტატიაში ყველა ამ ხიდის ისტორიას ვერ გავიხსენებთ, თუმცა რამდენიმე საინტერესო მასალას მივაწვდით ჩვენს მკითხველს თბილისის ისტორიული ხიდების შესახებ.
აბანოს ხიდი
პლატონ იოსელიანის ცნობით, თბილისს სამხრეთ- აღმოსავლეთიდან ორი კარი ჰქონდა დატანებული - განჯისა და აბანოსი, სწორედ აბანოს და ამავე სახელწოდების მქონე ხიდის საშუალებით, რომელიც გადებული იყო წავკისის ხევზე, სეიდაბადი უკავშირდებოდა ქალაქს.
აბანოს ხიდის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის მე-18 საუკუნეში თბილისში ჩამოსული მოგზაური გიულდეშტელდი: "სონღალუღიდან თბილისს მივაღწიეთ განჯის კარით, რადგან აბანოს ხიდი გატეხილი იყო. ეს არის ამჟამად გზა, რომლითაც ქარავანი მიდის, რადგან ხიდი აბანოსი მდინარეზე მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის არის".
მეტეხის ხიდი
მეტეხის ხიდს არაერთგზის მოიხსენიებენ ქართული საისტორიო წყაროები, არაბი ისტორიკოსები და სხვადასხვა ქვეყნის მოგზაურები. ეს იყო უძველესი ხიდი, მეტეხის მიდამოებში მტკვარზე გადებული, რომელიც კალას ისნის ციხესთან აკავშირებდა. არაბების ბატონობის პერიოდში მერვე საუკუნის ამბების აღწერისას, იოანე საბანისძე "აბოს წამებაში" ახსენებს "ხიდთა, მათ ქალაქისათა". ამ ცნობის საფუძველზე ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ მეტეხის ციხის ძირში ორი ხიდი ერთმანეთის გვერდით იყო განლაგებული, ერთი ფეხოსანთა და ნაწილობრივ საპალნე მოძრაობისთვის, მეორე უფრო მყარი და ძირითადად ურმების მოძრაობისთვის.
მეათე საუკუნის არაბი გეოგრაფი, ალ-მუქდასი თავის ნაწერებში იხსენებს მეტეხის ხიდს: "(თბილისს) გადაკვეთს მდინარე მტკვარი, იგი გაშლილია ორივე ნაპირზე და დაკავებულია ხიდით". მეტეხის ხიდი დატანილია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილ თბილისის გეგმაში.
საქართველოს ისტორიის მანძილზე ეს ხიდი მრავალი ჭირ-ვარამის მომსწრეა. იგი არაერთხელ დანგრეულა და აღდგენილა. ხიდს ზოგჯერ ქალაქის მკვიდრნი თავად შლიდნენ, რათა მტერი არ გადმოსულიყო. ასე მოხდა ჯალალედინის ურდოების შემოსევისას, რომლებმაც ვერ შეძლეს ისნის დაპყრობა, რადგან ისნელებმა ხიდი წინასწარ დაშალეს.
1226 წელს ხვარაზმის შაჰის მიერ თბილისის აღების დროს და 1522 წელს ირანის შაჰ ისმაილის შემოსევისას ტაძრიდან გამოიტანეს ხატი. ვინც ამ ხატს არ შეურაცხყოფდა, ხიდიდან მტკვარში აგდებდნენ. 1795 წელს ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა თბილისის აღების დროს პირველი, რაც გააკეთა, მეტეხის ხიდი გადაწვა. იმავე წელს ქალაქის მოსახლეობას ხიდის განაპირას ქვის საყრდენები აღუდგენია და ზედ თეძამის ხეობიდან მოტანილი ხის მორები დაულაგებია.
1805 წელს წყალდიდობის შედეგად დაინგრა ძველი ხიდი. საქართველოს მაშინდელმა მთავარმმართებელმა პავლე ციციანოვმა სპეციალური მოხსენება გაუგზავნა რუსეთის იმპერატორს მეტეხის ხიდის შესახებ. მთავარმმართებელი უფრო მყარი ხიდის მშენებლობისთვის დახმარებას ითხოვდა. რადგან სწორედ მეტეხის ხიდი იყო ქალაქის სურსათ-სანოვაგით მომარაგების ძირითადი კვანძი, ხიდი 25 დღეში აუშენებიათ. დიდ ხიდს ავლაბრის ხიდი დაარქვეს, პატარას - მეტეხის ხიდი.
ამის შემდეგ მეტეხის ხიდი ორჯერ შეაკეთეს. 1822 წელს კი დაიწყეს ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც უფრო მყარად, ქვის საყრდენებზე უნდა აშენებულიყო. ამ ხიდის მშენებლობა 1826 წელს დასრულდა, თუმცა 1829 წლის წყალდიდობას მაინც ვერ გაუძლო. 1870 წელს ახალი ხიდის მშენებლობა ინჟინერ ზეზემანის პროექტით დაიწყო.
მუხრანის ხიდი
პლატონ იოსელიანის ცნობით, არაგვის ხიდი აშენებულა მე-17 საუკუნის დამლევს, არაგვის ერისთავის, ნუგზარის მიერ. მართალია, ხიდი არაგვის ერისთავმა ააგო, მაგრამ ის მუხრან-ბატონების სასახლის ახლოს მდებარეობდა და ხალხი მუხრანის ხიდს ეძახდა. ხიდმა დიდხანს ვერ იარსება, თბილისის მოსახლეობა, განსაკუთრებით ავლაბრელები ამ ადგილას ხიდის აგებას ითხოვდნენ, ამიტომ ქალაქის მმართველობა იძულებული გახდა ხიდის მშენებლობაზე ეზრუნა.
1881 წელს მიიღეს დადგენილება ხიდის აგების შესახებ. 1882 წელს ინჟინერმა უმანსკიმ ქალაქის თავს ხიდის პროექტი წარუდგინა, მაგრამ სიძვირის გამო დაიწუნეს, თუმცა ახალი პროექტის შექმნა ინჟინერ ლომარს დაავალეს, რომლის პროექტიც უმანსკის პროექტზე ნაკლებ ხარჯებს მოითხოვდა. თითქოსდა ხიდის აშენებას ხელს აღარაფერი უშლიდა, მაგრამ ახლა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მცხოვრები ვინმე ახნაზაროვი არ თმობდა მის კუთვნილებაში არსებულ მიწას. ეს პროცესი 1892 წლამდე გაგრძელდა, სანამ სანკტ- პეტერბურგიდან ახნაზაროვის მამულის იძულებითი შესყიდვის შესახებ ნებართვა არ მოვიდა.
ახნაზაროვმა, რომელიც პირველად 10 ათას მანეთს ითხოვდა, თამასა აწია და 30 ათასამდე აიყვანა. სანკტ-პეტერბურგიდან თანხმობით ზურგგამაგრებულმა ქალაქის მმართველობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელმაც ახნაზაროვის ქონება მტკიცე ფასებში შეაფასა და მიწის მფლობელი ასე გაისტუმრა. მაგრამ ამით საქმე არ დამთავრებულა. ხიდის ასაშენებლად კიდევ რამდენიმე პროექტი შემოვიდა, თუმცა საბოლოოდ გაიმარჯვა ხიდების მშენებლობაში ცნობილი ინჟინრის, პატონის პროექტმა. ხუთ თვეში აიგო ლითონის ერთმალიანი ხიდი, სახელწოდება მუხრანის ხიდი კი ახალაშენებულ ხიდზე მემკვიდრეობით გადავიდა.
ვორონცოვის ხიდი
დღევანელი ზაარბრიუკენის მოედანზე მესანგრეები აშენებდნენ დროებით ხის ხიდებს, რომლებიც მტკვარს სისტემატურად მიჰქონდა. იმდროინდელი ქალაქის მთავრობა უსახსრობის გამო უარს ამბობდა კაპიტალური ხიდის მშენებლობაზე. ამიერკავკასიაში მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის დავალებით მე-19 საუკუნის 40-იან წლებში გადაწყდა, რომ აქ ხიდი აშენდებოდა. პროექტი შეადგინა იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერმა და ხიდის მშენებლობა 1848 წელს დაიწყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენჯერმე შეჩერდა. 1851 წელს დაიღუპა ხიდის პროექტის ავტორი ჯოვანი სკუდიერი, მისი საქმე განაგრძო ინჟინერმა ბლისკმა; ხიდი საზეიმოდ გაიხსნა 1853 წელს, რომელსაც თბილისელებმა ვორონცოვის ხიდი უწოდეს. ეს არის ერთადერთი ხიდი მტკვარზე, რომელმაც პირვანდელი სახით მოაღწია ჩვენამდე.