საექსპორტოდ კოლხეთიდან გაჰქონდათ წამლის მოსამზადებელი ნედლეული - სელის ზეთი
ია აბულაშვილი
07.12.2016

 როგორც მეცნიერები ამბობენ, ქართველებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა წამყვან სფეროში უძველესი ათასწლეულებიდანვე გააჩნდათ თავიანთი ერთგვარი ნიშა, მაგრამ მიწათმოქმედების, მეტალურგიის, მეღვინეობის, კერამიკული წარმოების, ხალხური რეწვის და მედიცინის დარგში მიღწეულმა წარმატებებმა გადატრიალება მოახდინა იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში.

არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძვ. წ. მეორე ათასწლეულის ფარგლებში საქართველოს არეალში უკვე ცხოვრობდა ორგანიზებული საზოგადოება, რომელმაც უკვე იცოდა სპილენძისა და ოქროს დამუშავების ტექნოლოგია, საინჟინრო საქმე. მოსახლეობა ოთხკუთხა სახლებში ცხოვრობდა, სადაც პური ღუმელებში ცხვებოდა.

კოლხური მარცვლის ჯიშები

მეცნიერთა აზრით, მიწათმოქმედება, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იყო მხოლოდ დაფიქსირებული, როგორც ცალკეული დარგი, საქართველოს ტერიტორიაზე მეშვიდე-მეექვსე ათასწლეულში აღინიშნება. ამ დროს უკვე შექმნილი იყო მიწის დასამუშავებელი სხვადასხვა დანიშნულების იარაღი, მათ შორის კავი და ქვის ქანებისაგან დამზადებული ხელსაწყოები.

მაგალითად, გალის რაიონის სოფელ ფიჩორაში ნაპოვნი იყო ძვ. წ. მეოთხე-მეორე ათასწლეულებით დათარიღებული ხისგან დამზადებული კავი, მიწაში კვალის გასაკეთებლად. ჩოლოქის ნამოსახლარში კი აღმოჩენილი იქნა ლითონის სახნავი იარაღი, რომელიც თარიღდება მეთორმეტე-მეთერთმეტე საუკუნეებით.

სახელმწიფო მუზეუმში კი დაცულია ხისგან დამზადებული ბორბლებიანი ურემი, რომელიც თარიღდება მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრით.

უძველესი პურეულის სახეობიდან აღმოჩენილია 5 ენდემური ხორბლის სახეობა; ძველკოლხური ასლი, პურის ერთ-ერთი უძველესი სახეობა, რომელიც მოჰყავდათ ძველ შუმერებსა და ეგვიპტეში. ასევე მახა, დიკა, ზანდური და სპლეტა. ხორბლის მოსავალს ინახავდნენ სპეციალურ ორმოებში ან დიდ კერამიკულ ჭურჭელში. შემდეგ გამომწვარ ხორბალს ფქვავდნენ.

შემორჩენილია ამ პერიოდის ქვის ხელის საფქვავები, რომლებიც ორი ერთმანეთზე შედგმული, შუაში ნასვრეტებიანი ქვის ბორბლებისაგან შედგებოდა და მათი ბრუნვის შედეგად ხდებოდა მარცვლის დაფქვა, ხოლო პურს აცხობდნენ მოგრძო ფორმის კერამიკულ საცხობებში. პურის საცხობები მოთავსებული იყო საცხოვრებელი სახლის შიგნით.

ამ სახის საცხობები მოძიებული იქნა ამირანის გორაზე და სოფელ ბადანაში. 1975 წელს არქეოლოგებმა მდინარე ნარეკვავის მარჯვენა სანაპიროზე აღმოაჩინეს ოთხკუთხა სახლი, რომლის მარცხენა კუთხეში განთავსებული იყო პურის საცხობი ღუმელი.

"კოლხური სახლი"

"კოლხური სახლი" პირველად მოხსენიებული იყო ძვ. წ. პირველ საუკუნეში დაწერილ ერთადერთ ანტიკური არქიტექტურის ტრაქტატში "ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ" "კოლხური სახლის" სახელწოდებით, რომლის ავტორიც იყო რომაელი ვიტრევიუსი. როგორც ამ ტრაქტატშია აღწერილი, "კოლხურ სახლს" ჰქონდა ხვრელისებური კარი და სარკმელი. მეფე აიეტის ოქროს სასახლეზე კი წერდა პოეტი მემნერნი.

ძვ.წ. მეორე ათასწლეულში კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საცხოვრებელ სახლებს შორის არსებობდა განსხვავება.

კოლხეთის დაბლობზე ძირითადად სახლები განლაგებული იყო ბორცვებზე, რომლებსაც ირგვლივ არხი ჰქონდა შემოვლებული და მომოსვლისათვის იყენებდნენ პატარ-პატარა ნავებს.

ბარში ძირითადად სახლებს ხისგან აშენებდნენ; მთაში ხის სახლებთან ერთად გავრცელებული იყო ქვის ნაგებობები, ორფერდა გადახურვით. აღმოსავლეთ საქართველოში მოძიებული ნამარხების შედეგად დგინდება, რომ ძირითადად საცხოვრებელი სახელები იყო მრგვალი და ოთხკუთხა.

რაც შეეხება დარბაზული სახლების პირველად ნიმუშებს, ასეთ სახლებში დედაბოძთან ერთად ჩნდება შუაკერა - რომელიც თიხისგან იყო დამზადებული.

"ბორბლებიანი ეტლი"

აღმოსავლეთ საქართველოში, გოხების მთის წვერზე აღმოჩენილი იქნა 19 სანტიმეტრის სიგრძის ბორბლებიანი ეტლი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. მეორე ათასწლეულით. აღმოჩენილი ეტლი პირდაპირ ანალოგიურია საბერძნეთში, ოლიპიაში ნაპოვნ ბრინჯაოს საბრძოლო ეტლთან, რომელიც დათარიღებულია ძვ. წ. მეორე საუკუნით.

აპოლონიოს როდოსელი წერდა მეფე აიეტის ხომალდების მშენებლობაზე. მისთვის საჭირო ხე-ტყის, ცვილის, ფიჭვისგან დამზადებული წებოს და სხვა მასალის ექსპორტის შესახებ;

"კოლხური ოქროქსოვილის სამოსელი"

კოლხების სამოსელზე და მათ უზადო გემოვნებაზე წერდნენ ძველი ბერძენი ავტორები. აპოლონიოს როდოსელი "არგონავტიკაში" წერს აიეტის ოქროს მოსასხამის, მუზარადისა და მედეას თხელი გამჭვირვალე თავსაბურავის შესახებ. ევრიპიდე კი კოლხების "ოქროქსოვილის" სამოსელის შესახებ.

ბერძენი მხატვრის მიერ მოხატულ ლარნაკზე კი გამოსახულია კოლხი მედეა და მისი მამა, მეფე აიეტი. მედეას აცვია კაბა, რომელსაც ჩაყოლებული აქვს განხვავებული ფერის ნაჭრისგან შესრულებული ორი ბრტყელი ზოლი, ასევე წელზე ორმაგად შემოვლებული სარტყელი.

რაც შეეხება სამოსელის ფაქტურას, ძვ. წ. მეორე ათასწლეულში სამოსელს ამზადებდნენ კოლხური სელისგან, მირინოსის ძაფებისგან. ბრილის სამაროვანში კი ტილოს გარდა ნაპოვნია შალის სხვადასხვანაირი ქსოვილების ნაფლეთები და თექის ნიმუშები.

კოლხური მედიცინა

კოლხური მედიცინის მაღალი დონის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბერძნულ-რომაული წერილობითი წყაროები. ბერძენი ავტორი დიოდორე სიცილიელი წერს კოლხეთის, როგორც სამედიცინო კულტურის ქვეყნის შესახებ.

ძველი ბერძნული წყაროები ასევე აღნიშნავენ კოლხი მეფის ასულის, მედეასა და მისი შვილის მერმეროსის, დედის- ჰეკატესა და მამიდის- კერკეს მიერ მცენარეებისაგან წამლის მომზადების ხელოვნების შესახებ.

პინდარეს ცნობით, მედეა წამლებს ზეითუნის ზეთზე ამზადებდა. პლუტარქე აღნიშნავდა მედეას მიერ უშვილობის და ჭრილობათა სწრაფ და ეფექტურ მკურნალობაზე. გარდა ამისა, თრიალეთისა და ბეშთაშენის სამარხებში აღმოჩენილია ძვ.წ. მეორე ათასწლეულით დათარიღებული სამკურნალო მცენარეების შესანახი ჭურჭლი.

ცნობილია ისიც, რომ საექსპორტოდ კოლხეთიდან გაჰქონდათ წამლის მოსამზადებელი ნედლეული - სელის ზეთი, რომელსაც იყენებდნენ აგრეთვე ნელსაცხებლების დასამზადებლად.

რომაელი პლინიუს უმცროსი სეკუნდუსის მიერ შემორჩენილია 37 წიგნად დაწერილი ნაშრომი. ამ უძველეს ენციკლოპედიურ წიგნში შეტანილია მედიცინასთან დაკავშირებული ცნობები, სადაც ფაქტების უმეტესი ნაწილი ეხება კოლხეთსა და იბერიას. მათ შორის საუბარია კოლხეთის ნაპირებზე არსებული ზამბახის თვალების სამკურნალოდ გამოყენების შესახებ.

ასევე ხევსურეთში აღმოჩენილია ძვ.წ. მეათე- მერვე საუკუნეებით დათარიღებული ადამიანის ტრეპანაციის შემთხვევასთან დაკავშირებული ნივთი, ძვ. წ. მეორე ათასწლეულით თარიღდება ასევე ნაპოვნი სკალპელის ნიმუში.

გარდა ამისა, სამთავროს სამარხში ნაპოვნია 6 სხვადასხვა ზომის ბრინჯაოს ნემსი და 13 პინცეტის ნიმუში; ირმის რქისაგან დამზადებული სისხლის ამოსაქაჩი საშუალება, სტერილიზაციის მიზნით, გამოსახარშად განკუთვნილი თიხის ჭურჭელი, გველის გამოსახულებით, რომელიც თარიღდებოდა ძვ. წ. მეორე- მეექვსე საუკუნეებით. საქართველოში წამალთმცოდნეობას უკავშირდება უძველეს ათასწლეულებში ვეტერინარიის პროფესიის არსებობაც. მათ შორის სახელდება სვანეთში "ბარბალობის" დღესასწაული, რომელიც ეძღვნებოდა ცოცხალი არსების განკურნებას და საქონლის მოვლა- პატრონობას.

ძველი კოლხური საღებავები

საქართველოში სამღებრო საქმის შესახებ ცნობებს ვხვდებით ბერძნულ წყაროებში, რომელიც უკავშირდება მედეას მიერ თმის ღებვის გამოგონებას.

კლიმენტი ალექსანდრიელი წერს: "კოლხმა მედეამ, აიეტის ასულმა, პირველმა გამოიგონა თმის ღებვა"; სამღებრო საქმიანობის ნიმუშს წარმოადგენს ბაგინეთის სამარხში კოლხური გაუხუნებელი ქსოვილის აღმოჩენაც, რომელიც 1800 წლის მანძილზე იდო მინაში. მასზე შენარჩუნებული აღმოჩნდა ფერთა მრავალფეროვნება.

ასევე, თრიალეთის ქედის ხოვლის სამარხში აღმოჩენილი იქნა ნაცრისფრად, ვარდისფრად და შავად შეღებილი სელისა და შალის ქსოვილი. როგორც მეცნიერები ამბობენ, საღებავის წარმოება უშუალო კავშირში იყო ქსოვასთან და ქარგვასთან. ძვ. წ. პირველ ათასწლეულს მიეკუთვნება ქობულეთის სამარხში აღმოჩენილი წმინდად დართული შალის ნართები და სელისაგან დამზადებული ფულის შესანახი ქისა.

საფეიქრო საქმიანობასთან დაკავშირებით ასევე ცნობილია, რომ საუკეთესო ხარისხის სელი მოჰყადათ აჭარაში, ლივანაში. ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე თავის თხზულებაში - "ანაბაზისში" კოლხურ ტომებს სელისაგან ჯავშნის დამამზადებელ ოსტატებად მოიხსენიებს. იგი ასევე წერს კოლხ დიდებულთა მდიდრული ჩაცმულობის შესახებ.

"კავკასიური სიკილა" და "კვირიბები"

ძვ. წ. მეორე ათასწლეულისათვის უკვე ცნობილი იყო ე.წ. "კავკასიური სიკილას", ანუ წონის საზომი ხელსაწყოს არსებობა და გზის მაჩვენებელი რუკები "კვირიბები".

კარტოგრაფია

კოლხეთი ცნობილი იყო თავისი საზღვაო, სამდინარო და სახმელეთო გზებით, რომლითაც კოლხეთის სამეფო უკავშირდებოდა როგორც შიდა გზებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, ისე შორეულ ქვეყნებს.

ძვ. წ. მესამე ათასწლეულის დასაწყისისთვის საქართველოში უკვე განვითარებული იყო ნაოსნობა, რაც მოითხოვდა ზღვის უკიდეგანო სივრცის გადალახვისას ციური სხეულების გათვალისწინებით გზის გაკვლევას, ანუ ასტროლოგიურ და ასტრონომიულ ცოდნას. როგორც მეცნიერები ამბობენ, სწორედ ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა კარტოგრაფია, რომლის გამოგონებას ბერძნული წყარო კოლხებს მიაწერს.

"ანტიკურ ლექსიკონში" ბერძენ კარტოგრაფთა ჩამონათვალში დასახელებულია მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხება ძვ. წ. მეექვსე საუკუნის ბერძენ ჰეკატეს. ჰეკატეს მიერ შედგენილი აღმოჩნდა რუკა, რომელიც დაყოფილია ორ ნაწილად გიბრალტარის სრუტიდან მდინარე ფაზისამდე.

ასევე არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, აჭარაში, სოფელ ხუცუბანში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ძვ. წ. პირველი ათასწლეულით დათარიღებული ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ცის თაღის გამოსახულება, რომელზეც გამოსახულია ასტრონომიული ნიშნები. მეცნიერები თვლიან, რომ ეს უნდა ყოფილიყო კომპასის მსგავსი რამ, ან სულაც გლობუსი, რომელსაც კოლხები ზღვაზე მოგზაურობის დროს საორიენტაციოდ იყენებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×