ის დრო ახლოვდება, როცა რუსეთი კომპრომისებზე და დათმობებზე წავა - ასე აფასებს ქართველი ექსპერტების ნაწილი რუსეთ-აშშ-ს შორის მოლაპარაკების შესაძლო შედეგებს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირწმუნება, ამ კვირაში მოსკოვი და ვაშინგტონი სირიის ქალაქ ალეპოდან მეამბოხეების გაყვანის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ. აღნიშნული მოლაპარაკების შედეგებს ექსპერტები მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს საღამოს, ან ოთხშაბათს დილით, ჟენევაში ალეპოდან მეამბოხეების გაყვანის თაობაზე რუსეთი და აშშ მოლაპარაკებას დაიწყებენ.
სერგეი ლავროვის თქმით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ის მეამბოხეები, რომლებიც ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში დარჩებიან, მიჩნეულნი იქნებიან ტერორისტებად და რუსეთი მხარს დაუჭერს სირიის არმიას მათ წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებაში.
როგორც "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რუსეთი აცნობიერებს, რომ არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთლიანად სამეზობლოში, დათმობაზე უნდა წავიდეს.
"ნებისმიერი ურთიერთობა, რამდენად დაძაბულიც უნდა იყოს, საბოლოოდ მაინც მოლაპარაკებით სრულდება. აქ საკითხი ასე დგას, რა შედეგებს მოიტანს მოლაპარაკებები?! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რუსეთი რამდენად არის მზად, რომ სირიის საკითხში და ზოგადად თავის სამეზობლოში, სადაც აშკარად გამოხატულ აგრესიას აწარმოებს, დათმობაზე წავიდეს."ვფიქრობ, ის დრო ახლოვდება, როცა რუსეთი კომპრომისებზე და დათმობებზე წავა, რადგან მის მიმართ სანქციები არა თუ უქმდება, პირიქით, მკაცრდება, რაც ძალიან დიდი დარტყმაა რუსეთის ეკონომიკისთვის. ბუნებრივია, ეს რამდენიმე დღეში არ იძლევა შედეგს, მაგრამ დაახლოებით 2 წელიწადში ეს მისთვის უკვე სერიოზული ზიანის მომტანი იქნება და რუსეთი იძულებული გახდება, კომპრომისზე წავიდეს", - ამბობს ირაკლი კიკიანი.
როგორც ის აღნიშნავს, ლიდერების ცვლა ბადებს აზრს, რომ მოლაპარაკებები ახალ სტადიაში გადავა, მაგრამ "იმედი ერთია და რეალური მდგომარეობა - მეორე."
"აშშ-ში ლიდერების ცვლა არ აიწვევს ხოლმე მისი საგარეო პოლიტიკის მკვეთრად შემობრუნებას. მისი საგარეო პოლიტიკა, ისევე როგორც ყველა ცივილურ ქვეყანაში, განისაზღვრება ათწლეულობით წინასწარ და აქედან გამომდინარე, ძირეული ცვლილება წარმოუდგენელია.
"თუმცა ერთგვარი განგრძობითობა ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის წინა ხელისუფლებამ რუსეთს გარკვეული სანქციები დაუწესა, ბუნებრივია, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი დათმობებზე არ წავა და არ აღიარებს იმ საერთაშორისო ნორმებს, რომელზე ხელი თავადაც აქვს მოწერილი", - აღნიშნავს ირაკლი კიკიანი.
როგორც ის განმარტავს, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რუსული მხარის წინაწარი იმედი დარჩება ცარიელ სიტყვებად, თუ ის რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს.
"ეს იქნება რუსეთის ფუჭი იმედები, თუ არ დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორებს როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და მოლდოვაში. შეიძლება ითქვას, რომ სირიაც ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევაა, რუსეთის მხრიდან. სამივეგან ერთი ხელწერა - აგრესიული ქმედებით საკუთარი პოლიტიკის განხორციელება", - ამბობს ირაკლი კიკიანი და მოლაპარაკებების პროცესში შესაძლო დათმობებს ასე განიხილავს:
"გასაგებია, რომ დიპლომატია მოლაპარაკებების ხელოვნებაა, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ამერიკამ დათმოს თავისი ფასეულობები, რის ირგვლივაც მან მთელი მსოფლიო გააერთიანა. ამერიკა სასიცოცხლო ინტერესებს არ დათმობს, რადგან ეს ნიშნავს მთელი მსოფლიოს წესრიგის ჩამოქცევას. ამაზე არა თუ აშშ, არამედ მთლიანად დასავლეთი არ წავა.
"აქ საქმე არ შეეხება კონკრეტულად უკრაინას, ან სირიას, აქ საუბარია სასიცოცხლო ინტერესებზე, რომელსაც ყველა ცივილიზებული ქვეყანა პატივს სცემს. მითუმეტეს, რომ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ამა თუ იმ სიტუაციაზე სათანადოდ ვერ რეაგირებენ და ამერიკას თავის თავზე უწევს ამის აღება.
"რაც შეეხება რუსეთს, ის იძულებული იქნება შეცვალოს თავის რიტორიკა, რადგან რთულია დაუპირისპირიდე ცივილურ სამყაროს. რუსეთი დასავლეთთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომ, მასთან ურთიერთობის დარეგულირება მოსკოვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - ამბობს ირაკლი კიკიანი.
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ალეპოში ვითარება ასადის რეჟიმის სასარგებლოდ ვითარდება და სირიის სამთავრობო ძალები თითქმის მთლიანად აკონტროლებენ მას, გარდა მისი აღმოსავლეთ ნაწილის გარკვეული რაიონებისა.
"ამ ფონზე, როგორც რუსული მხარე, კერძოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი აცხადებს, ჯონ ქერისგან ალეპოში სიტუაციის დარეგულირების შემოთავაზება მიიღო. წინადადებები ეხება, ყველა შეიარაღებული დაჯგუფების მიერ ალეპოს დატოვების კონკრეტულ ვადებს და მარშრუტებს.
"რუსებს დანაკარგებიც ჰქონდათ - სარაკეტო შეტევის შედეგად დაიბომბა რუსული ჰოსპიტალი, განადგურდა რამდენიმე კარავი, არის მსხვერპლი. ასევე ავიამზიდ "ადმირალ კუზნეცოვზე" დაფრენის დროს კატასტროფა განიცადა ავიაგამანადგურებელმა "სუ-33"-მა.
"რაც შეეხება რუსულ-ამერიკულ შეთანხმებას, ამ ეტაპზე, დიდი ალბათობით, ეს მხოლოდ ალეპოს საკითხს შეეხება. შემდგომ თანამშრომლობაზე ჯერ ინფორმაციები არ ვრცელდება და აშშ-ის მიერ პოზიციების დათმობის პროგნოზირების საფუძველს, ჯერ არაფერი მაძლევს.
გაეროში გადაწყვეტილების პროექტი განიხილება სირიაში ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, რომელსაც რუსეთი აპროტესტებს", - ამბობს ამირან სალუქვაძე და განმარტავს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევისას ყოველთვის არის რუსულ-ამერიკული ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანის მცდელობა და ამ პროცესებს ჩვენ ისევ ვიხილავთ.
"როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა და როგორ შეძლებენ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯერებას, ამას დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ რუსეთმა ბოლო წლებში შეძლო დაბრუნებულიყო მსოფლიო არენაზე, როგორც ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშე. თუმცა, არა მგონია, მისი მადა, მიუხედავად არჩეული პრეზიდენტის განცხადებებისა, სრულად იქნას დაკმაყოფილებული.
"დონალდ ტრამპი მალე მიხვდება, რომ რამდენიც უნდა დათმოს, რუსეთის ახალ ამბიციებს ჩარჩოებში ვერ ჩასვამს და ადრე თუ გვიან ისევ დაპირისპირებამდე მივლენ. მთავარია ამ დაპირისპირების ზოლზე ჩვენ არ აღვმოვჩნდეთ", - ამბობს ამირან სალუქვაძე.