ქციზის განაკვეთის მატება ავტომობილების ღირებულებაში გარდატეხას მოახდენს. მომავალი წლიდან საშუალოფასიანი მანქანების ყიდვა მომხმარებელს საგრძნობლად გაუჭირდება, ხოლო მარჯვენასაჭიანებს საერთოდ ვერ შეიძენენ. ახალი რეგულაციით, ჩვეულებრივ მანქანებზე აქციზის გადასახადი ისედაც მატულობს, ხოლო მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში, თანხა სამმაგდება. გამოდის, რომ 2017 წლიდან ამ კატეგორიის მანქანების იმპორტი აზრს დაკარგავს. ასეთი მიდგომით მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებენ.
რაც შეეხება მარცხენასაჭიანებს. თუკი ამჟამად ახალი 2,0-ძრავიანი (2000 კბ/სმ) მანქანის განბაჟება 3000 ლარი ჯდება, პირველი იანვრიდან 4600 ლარი გახდება. 3 წლის ასაკის მანქანების შემთხვევაში, სხვაობა ფასში, ფაქტობრივად, არ არის. აქციზის გადასახადი 1 კბ/სმ-ზე დღეს თუ 1,30 ლარია, იანვრიდან 1,40 იქნება. ასევე 10-თეთრიანი სხვაობაა 5 და 6 წლის მანქანებზე. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ 3-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთში ცვლილება უმნიშვნელოა.
7 წლის ასაკიდან მოყოლებული კი, აქციზი ძვირდება. 7-9 წლის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადასახადი 30 თეთრით მატულობს, ხოლო 10 წლის მანქანებზე აქციზი ორმაგდება. შემდეგ ფასი მატულობს ეტაპობრივად და 14 წლის ავტომობილის აქციზი ყოველ კუბურ სანტიმეტრზე 1,9 ლარი იქნება, ხოლო კიდევ უფრო ასაკოვან მანქანაზე - 2,3 ლარი. ეს ნიშნავს, რომ გაისად 2002 წელს გამოშვებული ავტომობილის ჩამოყვანა კატასტროფულად გაძვირდება. თუკი ახლა ასეთ მანქანაზე (2,0-ძრავიანი) გადასახადი 1600 ლარია, ახელი რეგულაციის პირობებში ხარჯი 4600 ლარამდე მატულობს. თუკი ადამიანს არც ისე "ბებერი", 10 წლის (ანუ 2007 წელს გამოშვებული) მანქანის ყიდვა მოუნდება, აქციზის განაკვეთი გაუორმაგდება, ანუ 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარის გადახდა მოუწევს.
იმპორტიორები მთავრობას ზომიერების დაცვისკენ მოუწოდებენ. "რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ფიქრობს, რომ ახალი რეგულაციების შემოღებამდე ნიადაგი უნდა მოემზადებინათ. მისი ინფორმაციით, აქციზის განაკვეთის ასეთი სხაობა მანქანებს საგრძნობლად გააძვირებს, მაგრამ კონკრეტულად რა მაჩვენებლით, იმპორტიორი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.
"ჩემთვის უცნობია, რა მოთხოვნა იქნება ბაზარზე და რა სტანდარტი უნდა დავაკმაყოფილოთ. სიმართლე გითხრათ, არგუმენტირებული მსჯელობა ვერ მოვისმინე. ვერ მივხვდი, რისი გაკეთება უნდათ რეალურად. ადრეც არსებობდა გეგმა, რომლის მიხედვითაც, მანქანების წლოვანების ზრდის შესაბამისად უნდა გაეზარდათ ფასიც. ამით უნდათ ავტოპარკის გაახალგაზრდავება. ლოგიკასთან ეს, შესაძლოა, ახლოს იყოს, მაგრამ ზომიერება უნდა დაიცვანა.
არ ვარ მომხრე, რომ ასტრონომიულად გაზარდონ გადასახადი მანქანებზე, ბაზარს ამით რეალური მყიდველი დააკლდება. ხალხს მანქანა საჭიროებიდან გამომდინარე ჰყავს. რეგულაციების შემდეგ მანქანების იმპორტი და გაყიდვაც შემცირდება და ავტომობილი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ფუფუნების საგანი გახდება, როგორც ეს კომუნისტების პერიოდში იყო", - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.
მისი შეფასებით, მთავრობამ არასწორად დაიწყო, რადგან რეგულაციები შემოიღო ისე, რომ შესაბამისი ნიადაგი არ მოამზადეს.
"ჯერ უნდა შემოეღოთ ტექნიკური დათვალიერება. სავალდებულო ინსპექტირების ვალდებულება არ არსებობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საშინელ მდგომარეობაშია და სხვა უამრავი პრობლემაა, რომელიც გადაუდებლად უნდა მოგვარდეს და თუ მაინცდამაინც შემდეგ იზრუნონ ავტოპარკის განახლებაზე", - აცხადებს ჯამაგიძე.
აღსანიშნავია, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების შემთხვევაში, აქციზის განაკვეთი სამმაგდება. ამ კატეგორიის მანქანების თვითღირებულებაში აქციზის კომპონენტი, მაგალითისთვის, თუ 2000 ლარი იყო, 2017 წლიდან 6000 ლარი დაჯდება. გადასახადი ძვირდება იმდენად, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანის საბოლოოდ დაკარგავს აზრს. დიდი ალბათობით, მთავრობა ასე გადაწყვეტს მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის პრობლემას, რითაც აკრძალვის საკითხიც მოგვარდება. ცხადია, რომ აქციზის გაძვირების შემდეგ მარჯვენასაჭიან მანქანებს მყიდველი ისედაც არ ეყოლება და აკრძალვის საჭიროება კანონმდებლობის დონეზე დღის წესრიგიდან სამუდამოდ ამოვარდება. ის უპირატესობა ფასში, რაც ამ კატეგორიის მანქანებს მარცხენასაჭიანებთან შედარებით ამ მომენტში აქვთ, სამომავლოდ აქციზის გაძვირებით განეიტრალდება.
სპეციალისტების შეფასებით, საავტომობილო ბაზრის რეგულაციჰ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს, რადგან მათთვის კერძო ტრანსპორტი ძნელად ხელმისაწვდომი გახდება.
"ეკო-ტრანსპორტ ცენტრის" ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე, ამბობს, რომ მსგავსი რეგულაციების დაუშვებელია ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის და გადაადგილების პრობლემაა, განსაკუთრებით კი, რეგიონებში.
"მთავრობა ტყუის, როცა ამბობს, რომ რეგულაციების მიზანია, გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა და ადამიანების ჯანმრთელობას შეუწყონ ხელი. რეალურად აღნიშნულ რეგულაციას არანაირი კავშირი არ აქვს არც მოძრაობის უსაფრთხოებასთან, არც ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ეს არის ადამინების ცხოვრების გართულება და მათთვის გადაადგილების გართულება როგორც ავტომობილის შეძენის თვალსაზრისით, ასევე საწვავის ხარჯის თვალსაზრისითაც.
როგორც გაირკვა, მარცხენასაჭიანების შემთხვევაში ყველაზე მეტად ძვირდება 9 წლიდან 14 წლამდე ავტომობილები და ზემოთ. რეალურად საქართველოს საავტომობილო ბაზარს თუ გადავხედავთ, ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ამ კატეგორიის მანქანებია, რაც განპირობებულია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით. ადამიანი აკეთებს დანაზოგს შემოსავლიდან გამომდინარე, აგროვებს თანხას და შემდეგ ყიდულობს მანქანას. ხშირ შემთხვევაში, ეს თანხა არის 35000-დან 5000 დოლარამდე, სწორედ ამ სეგმენტზე ძვირდება განბაჟება ყველაზე მეტად. ასაკითაც, ყველაზე მოთხოვნადი სწორედ 10 წლის, ე.წ. 2,0-ძრავიანი მანქანებია. ამიერიდან ავტომობილი ხდება მოქალაქეებსითვის უფრო რთულად ხელმისაწვდომი", - აცხადებს ურუშაძე.
რაც შეეხება მარჯვენასაჭიანებს, აქციზის გადასახადი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამმაგდება. როგორც ვასო ურუშაძე ვარაუდობს, ამით მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი, აკრძალვის გარეშეც, გაჩერდება.
"მარჯვენასაჭიანი მანქანებისთვის აქციზის გადასახადი თვითღირებულებას სამჯერ აღემატება. ცხადია, რომ მთავრობა აქციზის გაძვირებით მანქანების იმპორტის "აკრძალვას" ცდილობს. ჩვენ ვამზადებდით სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში აკრძალვის წინააღმდეგ, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი მაინც მიიღებდა.
მთავრობის გადაწყვეტილება ეკოლოგიას, მოძრაობის უსაფრთხოებას არ უკავშირდება. პრობლემა აქვს ბიუჯეტს, მოსაზიდი აქვს თანხები და მთელი პასუხისმგებლობის სიმძიმე მოსახლეობაზე გადაიტანეს. ეს არის რეალობა. ერთია, რომ ადამიანს სჭირდება მანქანის შეძენა, ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაძვირდება, რაც უკვე მოხდა, რუსთავის მიმართულებით მოძრავმა მიკროავტობუსებმა ტარიფები გააძვირეს. რეგულაციების რეალური შედეგია ის, რომ ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ მოსახლეობას ცხოვრევბისეულ პირობებს კიდევ უფრო დაუმძიმებენ", - აცხადებს ვასო ურუშაძე.