მამუკა ნაცვალაძე
01.12.2016

 XIII-ის საქართველოს პორტრეტი წინააღმდეგობრივი ფრაგმენტებისგან შედგება - არის საოცარი ამაღლება, საქართველოს დიდება, არის უკიდურესი დაცემაც, გამარჯვებაც და მარცხიც, თუმცა ყველაზე სამწუხარო და სავალალო ამ უკიდურესობათა შორის მაინც ის ინტრიგებია, საქართველოს ტახტზე შემთხვევით აღმოჩენილი რუსუდანი რომ ხლართავს საკუთარი შვილის, გურჯი ხათუნისა და ძმიშვილის, დავით ულუს წინააღმდეგ.

მეფობის პირველი პერიოდი რუსუდანისთვის უფრო თავის გადარჩენის ჟამია - ჯერ ჯალალ ედ-დინი მოადგა საქართველოს, მერე მონღოლებიც გამოჩნდნენ. ორივე შემთხვევაში მან თბილისი მიატოვა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. გაქცევა მისი ერთადერთი ტაქტიკაა, მაგრამ გაქცევით რომ ქვეყანას არაფერი ეშველებოდა, ალბათ თავადაც კარგად ხედავდა, ამიტომაც საკმაოდ ვიწრო თვალსაწიერი ჩამოუყალიბდა, თვალსაწიერი, რომელითაც საკუთარი მეფობის გარდა, ვერაფერს ხედავდა.

რა მიზანს ისახავდა რუსუდანი მონღოლებთან დაზავებით

XIII-ის 40-იანი წლების დასაწყისში უცხო ძალის მოლოდინის იმედი რომ გაუცრუვდა, თავად უზავდება მონღოლებს, მათგან ხელშეუხებლობის გარანტიას იღებს. მას არ ადარდებს ამ დროს მონღოლებს თითქმის უომრად რომ აქვთ დაკავებული აღმოსავლეთ საქართველოს მთავარი სიმაგრეები. არც ის ადარდებს, რამდენად რთული იყო უმეფოდ დარჩენილ ქვეყანას წინააღმდეგობა გაეწია სასტიკი მტრისათვის. მთავარი იყო საკუთარი ძე, დავით რუსუდანის ძე აღევლინა სამეფო ტახტზე.

არადა რუსუდანი დროებითი მეფეა, თავად ლაშას ანდერძით დანიშნული, ვიდრე დავით ულუ სრულწლოვანი გახდება. გონებადაბინდულს არაფერი ანაღვლებს, არც და-ძმური სიყვარული, დითირამბებს რომ უძღვნის ჟამთააღმწერელი და არც ის უბრალო ეთიკური ნორმები, მიცვალებულისათვის ფიცით განმტკიცებულ პირობას ასრულება რომ უნდა.

დაზავების საფასურად მონღოლებმა 40 ათასი ბიზანტიური ოქროს პერპერას გადახდა ითხოვეს. რუსუდანი მორჩილი ვასალი უნდა ყოფილიყო და საომარ მოქმედებებში მონღოლებს ლაშქრით უნდა დახმარებოდა.

რატომ იყო დავით ნარინის კურთხევა უკანონო

ეს ის პირობებია, რომლის გამოყენებასაც რუსუდანი სათავისოდ აპირებს. როგორც ჩანს, მან საკუთარი ძის სამეფო ტახტზე აყვანის კონკრეტული გეგმა ჯერ კიდევ მაშინ დასახა, დასავლეთ საქართველოს რომ შეაფარა თავი და აღმოსავლეთ საქართველოში რომ ვერ გადმოდიოდა. სწორედ მაშინ აიყვანა თანამოსაყდრედ ტახტზე საკუთარი ძე დავითი, შემდგომში მონღოლთაგან ნარინად ხმობილი.

თუმცა ერთი გარემოებაა საყურადღებო - როგორც ვთქვით, რუსუდანმა დავითი თანამოსაყდრედ კურთხევა ქუთათისში აღავლინა, ამ ცერემონიალს აფხაზეთის კათალიკოსი უძღვება, ამ დროს რუსუდანი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს - აფხაზეთს ფლობს და მხოლოდ ამ გეოგრაფიულ არეალზე აქვს გავლენა. ამ ცერემონიალს არ ესწრება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, შესაბამისად მას არც დაუდასტურებია ეს ფაქტი, არ ესწრებიან ასევე საქართველოს დიდებულები, რასაც მეფედკურთხევის ცერემონიალი ითხოვს. შესაბამისად, აქაც დარღვეულია კანონიკური წესები და რუსუდანის ძის თანამესაყდრეობა არალეგიტიმურია.

რატომ უშლიდა რუსუდანს ხელს დავით ულუს არსებობა

მაგრამ რუსუდანს ეს არ ადარდებს, ის მიდის სწორედ იმ გზით, რაც მისმა პაპამ გიორგი |||-მ გაიარა იმისათვის, რომ თამარი თანამესაყდრედ დაესვა. მაშინ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერის ძე პროტესტის ნიშნად ტოვებს ამ იერარქიულ ტიტულს და ბერის სტატუსით ათონის ივერთა მონასტერში მიემგზავრება.

ახლა ასეთ პროტესტს არავინ გამოთქვამს, იმ უბრალო მიზეზით, რომ აღმოსავლეთ საქართველოს რუსუდანი თავად გაემიჯნა და მისი, როგორც მეფის სტატუსი, ბუნებრივია, საკმაოდ ირონიულ ელფერს იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა კონსერვატულმა საზოგადოებამ თავდაპირველად ვერ მიიღო ლაშას ძე, როგორც უკანონოდ შობილი, რუსუდანის ზრახვებისა და მისი როგორც მეფისთვის შეუფერებელი ადამიანის ფონზე, უკვე აღარ ჩანს ლაშას ძის, დავითის არაკანონიერი შვილობა დიდ ცოდვად.

ეს სიტუაცია, ბუნებრივია, კარგად აქვს გაცნობიერებული თავად რუსუდანს, ამიტომაც აშკარაა, რომ მისი ერთადერთი ბარიერი საკუთარი შვილის გამეფების გზაზე სწორედ ლაშა გიორგის ძე, დავითია. ის დავითი, სიკვდილის წინ რუსუდანს საკუთარმა ძმამ რომ ჩააბარა დიდი რუდუნებით, გამიზარდე მეფურად და სრულწლოვანი რომ გახდება ტახტი დაუთმეო.

რატომ არავინ აღმოჩნდა რუსუდანის ინტრიგათა თანამზრახველი

როგორც თოთხმეტიოდე საუკუნის წინ რომაელმა სენატორმა კატონ უფროსმა აიჩემა "კართაგენი უნდა დაინგრესო", რუსუდანის ფიქრმა და გონებამ სამიოდ სიტყვისგან შემდგარ ფრაზას ვერ დააღწია თავი. არადა, რა საზარელი და რთულად სათქმელი იყო ეს სამი სიტყვა - დავითი უნდა მოკვდეს!!! ვისთვის უნდა ეთქვა ეს?! ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი თანამზრახველი?!

არც არავინ... ამგვარ ბინძურ მიზნებში არავინ აჰყვებოდა საქართველოს მეფეს, იმ პერიოდის საზოგადოებას ჯერ კიდევ კარგად ახსოვდა 1177 წელს დემნას - კანონიერი უფლისწულის მკვლელობა, მაშინ გიორგი |||-ს, რუსუდანის პაპას, თანამზრახველები მრავლად ჰყავდა, ახლა რუსუდანი მარტო დარჩენილიყო.

ისევ თავად უნდა მიეყვანა საქმე ბოლომდე, თავად უნდა აღესრულებინა ის სანუკვარი ოცნება, საკუთარი ბაგის მიღმა რომ ეშინოდა გაჟღერება. ამიტომაც თავად უნდა ეხლართა ინტრიგათა ქსელიც. მხოლოდ თავად უნდა გაჩარხოს საქმე ისე, რომ სამი სიტყვისგან შემდგარი ფრაზა - "დავითი უნდა მოკვდეს" - რეალობად იქცეს.

როგორ გაისტუმრეს მონღოლებმა დავით ნარინი ყარაყორუმში

სანამ ამ საქმის აღსრულებას შეეცდება, მანამდე რუსუდანი თავის ვაჟთან ერთად ბარდავში მიდის, სადაც მონღოლთა ნოინები არიან დაბანაკებულნი. მათ მიიღეს საქართველოს მეფე და ცალსახად მოახსენეს, რომ მეფედ დასამტკიცებლად დავითს ოქროს ურდოში ბათო ყაენთან წასვლა მოუწევდა.

გაამგზავრეს კიდეც დავით რუსუდანის ძე ბათოსთან ვოლგისპირეთში, თანმხლებთა დიდი ამალაც გააყოლეს თან. აქ იყვნენ მისი თანაშეზრდილები, ასევე სამღვდელოების წარმომადგენლები, რომელსაც პირველი ვეზირი - არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ედგა სათავეში.

ბათომ დავით რუსუდანის ძის მეფობის დამტკიცება თავის თავზე არ აიღო და ქართველები ყარაყორუმში, მონღოლთა მთავარ ბანაკში მანგუ ყაენთან გაისტუმრა.

სანამ იქ ჩავლენ ქართველები, მანამდე რუსუდანმა არაფერი უწყის მათ შესახებ. იმდროინდელი კომუნიკაციები ხომ არ იძლევა სწრაფად ამბის გაგების საშუალებას, ამიტომაც შვილი სამშვიდობოს რომ დაიგულა, ახლა მეორე ფრონტზე დაიწყო საქმის მოგვარება და სანუკვარი ოცნების აღსრულებისთვის ფიქრი.

რუსუდანის საოცნებო ვირტუალური სამკუთხედი

რუსუდანმა ისეთი მახე უნდა დაუგოს ძმიშვილს, თავის დაღწევის შანსი რომ არ დაუტოვოს. მოიფიქრა კიდეც სქემა, რომლის მიხედვითაც პედანტურად უნდა აღსრულდეს მისი ჩანაფიქრი. ამ ინტრიგათა ქსელისა და მოვლენათა განვითარებისას მოქმედი პირნი დავით ლაშას ძის გარდა უნდა ყოფილიყვნენ რუსუდანის მეორე შვილი გურჯი ხათუნი და მისი მეუღლე რუმის სულთანი ყიას ედ-დინი.

რუსუდანმა, საკუთარ შვილს, დავით ნარინს რომ უხსნიდა გზას საქართველოს სამეფო კარზე, არად ჩააგდო თავისი მეორე პირმშოს, თამარის პირადი ცხოვრება და პრესტიჟი.

დავით ლაშას ძეს ჟამთააღმწერელი კეთილ და წესიერ ახალგაზრდად მოიხსენიებს, მისი დაღუპვა აბა ვის რად უნდა სდომებოდაო, თავად მიანიშნებს, მაგრამ რუსუდანს ამხელს, სწორედ მან მოინდომა ეს უკეთური საქმეო. აი როგორ ახასიათებს ჟამთააღმწერელი რუსუდანის ამ საქციელს: "ჰოი, გონება, მხეცთაუმძვინვარესი, ვაიმკვლელობა, ოდესმე სმენილთა და გარდასრულთა მკვლელობათა უბოროტესი, რომელი აღასრულა შვილისა და ძმასა ზედა დამავიწყებელმან დედობრივთა და ძმაებრივთა ლმობათამან."

როგორ ამუშავდა რუსუდანის ინტრიგათა სცენარი

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დავით ლაშას ძე, თავის თანაშეზრდილ მამიდაშვილთან გაამგზავრეს რუმის სასულთნოში. რამდენიმე ხნის შემდეგ რუსუდანმა თავის სიძეს, ყიას ედ-დინს შეუთვალა - ყურადღება მიაქციე შენს ცოლს, დავითი მისი საყვარელიაო.

ყიას ედ-დინსა და თამარს საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, იმდენად მოხიბლული იყო რუმის სულთანი ქართველი ასულით, რომ უპრეცედენტო რამ მოიმოქმედა - 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე - მზე ლომის ზოდიაქოში. ეს იყო ისლამური სამყაროსთვის გაუგონარი რამ - ის ხომ ადამიანის სახის გამოსახვას კატეგორიულად კრძალავს. მიუხედავად ამისა, ყიას ედ-დინ ქეი ხუსტევ ||-მა ყველა კანონიკური წესი დაარღვია თამარის, გურჯი ხათუნისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო.

ეს ფაქტი იმიტომ ვახსენეთ, რომ რუსუდანმა იცის, თუ როგორ უყვარს გურჯი ხათუნი თავის მეუღლეს, ეს უსაზღვრო, წრფელი სიყვარულია. ისიც უწყის, ამ უსაზღვრო სიყვარულიდან უზომო სიძულვილამდე ერთი ნაბიჯი რომ გახლავთ ხშირად. სწორედ ეს ერთი ნაბიჯი აშორებს მას სასურველ ოცნებას.

მაგრამ ჯერ ვერ აღსრულდა რუსუდანის ოცნება, ვერ დაიჯერა ყიას ედ-დინმა საკუთარი მეუღლის ღალატი, გურჯ ხათუნს ხომ მთელი კონია უდიდეს პატივს სცემდა. თავდაპირველად ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თამარმა მეუღლე დაარწმუნა ამ ბრალდების აბსურდულობაში და დავითის დასჯაც გადაათქმევინა.

აქ კიდევ ერთი დეტალია საგანგებოდ აღსანიშნავი, - ეს ყველაფერი ისეთ კონსერვატორულ სივრცეში ხდება, როგორიც მაჰმადიანურო სამყაროა. ძნელია ასეთი ბრალდება რეაგირების გარეშე დარჩეს და ასე უმტკივნეულოდ დასრულდეს. სწორედ ამაზეა გათვლილი რუსუდანის მორიგი ნაბიჯი - ის ისევ ახერხებს ყიას ედ-დინს გაუგზავნოს წერილი და ჩააწვეთოს - თამარს იმიტომ არ უნდა დავითის დასჯა, რომ მისი საყვარელიაო.

აქ კი აივსო მომინების ფიალა, ერთობ ღირსებაშელახულად იგრძნო თავი ყიას ედ დინმა, ის შეიჭრა მეუღლის ოთახში, დაულეწა ხატები, ფიზიკურადაც შეეხო, მოუკლა თანმხლები ქართველი მსახურები და დიდი მცდელობის შემდეგ მაჰმადის რჯულიც მიაღებინა.

რატომ არ მოკლა ყიას ედ-დინმა დავით ულუ

მიუხედავად ასეთი გამძვინვარებისა, მან დავითი არ მოკლა, დილეგში ჩააგდო და ასე შეეცადა მის დასჯას. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ყიას ედ დინი ასე იმიტომ მოიქცა, გულის სიღრმეში დარწმუნებული იყო საკუთარი მეუღლის სიმართლეში და დავითის უდანაშაულობაში, მაგრამ იმას კი ვერ ხსნიდა, რაში სჭირდებოდა მის სიდედრს, რუსუდანს, ასეთი ჭორის მოგონება.

ერთი სიტყვით, რუსუდანს აქაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, მთავარი კი ის იყო, ყარაყორუმიდან არაფერი ისმოდა - რუსუდანი ისე აღესრულა 1245 წელს, ვერ გაიგო, რა პასუხი უთხრეს მონღოლებმა მის პირმშო დავითს.

რუსუდანის სიკვდილის შემდეგ უმეფოდ დარჩენილი ქართველობა სწორედ ყიას ედ დინთან მოიკითხავს დავით ლაშას ძეს, გაათავისუფლებს დილეგიდან და ყარაყორუმს წარგზავნის მეფედ დასამტკიცებლად. იქ შეხვდება ორი დავითი ერთმანეთს. ორივეს აკურთხებენ მეფედ.

აქ კიდევ ერთი საგულისხმო რეალობა უნდა გავითვალისწინოთ - რუსუდანის შვილები, მართალია, ბაგრატიონებად იწოდებოდნენ, მაგრამ მისი შვილის, დავით ნარინის შთამომავლობა, როგორც ბაგრატიონები, რამდენიმე თაობის შემდეგ წყდება. ისინი აღარ აგრძელებენ ბაგრატიონის გვარს. ბაგრატიონთა გვარი მხოლოდ მამრობითი ხაზით გაგრძელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×