ორი და მემკვიდრეობით მიღებულ ფორთოხალს ვერ იყოფს. ორივე თავგამოდებით იბრძვის ფორთოხლისთვის და არცერთს სურს დათმობა.
როგორ უნდა მოიქცნენ დები?
ეს არც უნარების ამოცანაა და არც თქვენი ლოგიკის შესამოწმებელი გამოცანა.
პასუხი ძალიან მარტივია: მიმართონ სასამართლოს, რომელიც კანონის შესაბამისად, ფორთოხალს ზუსტად 2 ნაწილად გაყოფს და ორივე დას ერთიდაიმავე რაოდენობის ფორთოხალი შეხვდება.
მაგრამ თუ კი არსებობს მეორე ვარიანტი, რომლის დროსაც გაჩნდება კითხვა: „რისთვის ჭირდებათ დებს ფორთოხალი?"
ერთი და უპასუხებს, რომ მას ფორთოხლის წვენი სჭირდება, მეორე დას კი ფორთოხლის ცედრა სურს ნამცხვრის გამოსაცხობად. გაირკვევა, რომ ორივე დას ფორთხოლის სრული რაოდენობის გამოყენება შეუძლიათ. ერთი შიგთავს გამოიყენებს, მეორე კი - ცედრას.
რომელი ვარიანტი მოგეწონათ?
ალბათ მეორე.
მეორე ვარიანტი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი - მედიაციაა. მედიაციის პროცესს დამოუკიდებელი პირი - მედიატორი უძღვება, რომელიც მხარეებს კომუნიკაციის წარმართვასა და მათთვის ოპტიმალური გამოსავლის მოძებნაში ეხმარება.
მედიაცია აქცენტს მხარეების ინტერესებზე აკეთებს და მისი მთავარი მიზანი დავის მშვიდობიანად მოგვარებაა.
ამ უპირატესობების მიუხედავად, საქართველოში მედიაციის ცენტრებში მოსახლეობის მიმართვიანობის მაჩვენებელი დაბალია, რაც საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონით აიხსნება.
ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ დავის მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების: მედიაციისა და არბიტრაჟის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
რუსუდან ტუშური, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის მენეჯერი:
- საქართველოში დავის მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაჩვენებელი არც ისე მაღალია. ამავდროულად, არსებობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (NCADR), საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაცია, რომლებიც წარმოადგენენ მედიატორთა პროფესიულ გაერთიანებებს. ჩვენი მიზანი დავის მოგვარების ალტერნატიული მეთოდების შესახებ საზოგადოების ცნობიების ამაღლება და ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობაა.
მედიაციის პროცესის უპირატესობებზე საუბრობს სასამართლოს მედიატორი, ალექსანდრე წულაძე:
- მედიაცია მხარეებს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, მედიაციას არ აქვს ფორმალური წესები და შეზღუდვები. სასამართლო კი კანონმდებლობით არის შებოჭილი. მედიაციის დროს პროცესსაც და შედეგსაც თავად მხარეები აკონტროლებენ, სასამართლოში კი მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას. მედიაცია ნაკლებ ხარჯიანია და ნაკლებ დროს მოითხოვს. დავების 80% არასწორი კომუნიკაციის შედეგია, მედიაცია კი სწორი კომუნიკაციის ხელოვნება. მედიატორი უსმენს მხარეებს, იკვლევს დავის მიზეზს და მხარეებთან ერთად, ალტერნატიულ გამოსავალს პოულობს.
თუ ნახევარ ფორთოხლს, მთლიანი შიგთავსი ან ცედრა გირჩევნიათ, მაშინ თქვენთვის მედიაცია საუკეთესო გამოსავალია.