ია აბულაშვილი
29.11.2016

 ქართული კალენდრის შექმნის ისტორიაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა ერთი საინტერესო ცნობა გავაცნოთ, რომელიც საქართველოში კალენდრის გამოგონებას უკავშირდება.

ბოლო დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, მეცნიერები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ქართული კალენდარი შექმნილია ე.წ. მაიას კალენდრისა და რომაულ სამყაროში იულიუსის კალენდრის შემოღებამდე გაცილებით ადრე პერიოდში.

როგორც ისტორიკოსი მარინე ცინცაბაძე ამბობს, ძვ.წ. მეორე ათასწლეულში საქართველოში უკვე არსებობდა ასტროლოგიისა და ასტრონომიის ცოდნის საწყისები და ამ მაღალი აზროვნების გამოვლენის ერთ-ერთ ნიმუშად ითვლება წელიწადის დროის ათვლისათვის საკუთარი კალენდრის გამოგონება, რომლის შემოღებაც უკავშირდება ძვ. წ. მეორე ათასწლეულს.

მისივე თქმით, ქართველ მეცნიერთა აზრით, ქართული წარმართული კალენდრის არსებობა გამოვლინდა ქართულ ასომთავრულ ანბანსა და მეათე საუკუნის სინას მთის ქართველი მოღვაწის იოანე ზოსიმეს ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერ ტექსტში "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი".

იმ პერიოდში უკვე არსებობდა ორი კალენდარული სისტემა - მზის და მთვარის. მაგალითად, ბორჯომის რაიონში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოძიებული იქნა მზის კალენდრის აღმნიშვნელი ერთნაირი ფორმის 26 დისკო, რომელზეც წითლად აღნიშნული ნიშნები შეესაბამება უძველესი პერიოდის ასტრონომიულ წელთაღრიცხვას.

ცინცაბაძის თქმით, ბოლო კვლევების თანახმად, ქართველი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქართული კალენდარი შექმნილია ე.წ. მაიას კალენდრისა და რომაულ სამყაროში იულიუსის კალენდრის შემოღებამდე გაცილებით ადრეულ პერიოდში და რომ უძველესი ათასწლეულებიდან ჩვენამდე მოღწეული "ქართული კალენდრის" არსებობა სრულიად შეესაბამება დღევანდელი წელიწადის ათვლას.

ქართველი მკვლევარი რამაზ პატარიძე კი თვლიდა, რომ ქართული ასომთავრული ანბანი დაკავშირებულია ასტროლოგიასთან. ასომთავრული დამწერლობის პირველი ასო - "ა" მთვარეს უკავშირდება და იგი მოხაზულობით მთვარეს ჰგავს. ასო "დ" - მზის სისტემას, თავისი სიმრგვალით მზის მსგავსია. ასო "თ" - სინათლის ღვთაების გამომხატველია. ასო "ჯ", რომლის ანალოგიური გამოსახულება ნაპოვნია შუმერულ თიხაზე, დათარიღებულია 5 000 წლით. იგი შუმერულში მიჩნეულია დედამიწის სიმბოლოდ. ქართულ რეალობაში ასო "ჯ" მოძრავი "ბორჯღალოს" სახით არის შემორჩენილი ქართულ-ხალხურ ყოფაში - შუაცეცხლთან აღმართულ დედაბოძზე.

დღევანდელ სტატიაში რამდენიმე ფაქტს გავიხსენებთ კალენდრის შექმნის უკვე დადასტურებული ისტორიიდან.

ქართულ ისტორიულ ძეგლებში სამი ძირითადი ერაა - "დასაბამითგან ქვეყნისა", "ქორონიკონი" და "ქრისტესით". ქართულ ეროვნულ ერად მიჩნეულია 5604 წლიანი "დასაბამითგან". ძველ საქართველოში კალენდარი, რომელსაც "ქორონიკონს" ეძახდნენ, რაც ბერძნულად წელთაღრიცხვას ნიშნავს, ემყარებოდა მზე-მთვარის 532 წლიან მოქცევას.

ქართველების უძველესი წელიწადი მთვარის იყო. მთვარის თვეების მიხედვით დათარიღების ნიშნები შემდგომ დროშიც არის შემორჩენილი. 350-იანი წლებიდან კი შემოვიდა მზის წელიწადი, რომელიც დასაწყისში არ იყო მუდმივი. იგი შეიცავდა სამას სამოცდახუთ დღეს და მისი პირველი რიცხვი ყოველთვის გადაადგილდებოდა. დაახლოებით 352 წლისთვის შემოვიდა მუდმივი მზის კალენდარი.

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, წელთაღრიცხვა ქორონიკონით საქართველოში მერვე საუკუნის ბოლოს ან მეცხრე საუკუნის დასაწყისში შემოიღეს. მეშვიდე საუკუნეში საქართველოში წელი იწყებოდა 6 აგვისტოს. ე.წ. აგვისტოს წელი გავრცელებული იყო ეგვიპტეში, სპარსეთში, კაბადოკიასა და სომხეთში.

მეშვიდე საუკუნის დასაწყისიდან მერვე საუკუნის დასასრულამდე ახალი წელი იწყებოდა 1 სექტემბრიდან. მეათე საუკუნის მეორე ნახევრიდან ახალი წელი იწყებოდა იანვარში.

თვეთა სახელების წარმოშობის ისტორია

იანვარი - რომაელთა ორსახიანი ღმერთის იანუსისაგან წარმოდგება. იგი დროისა და კარის მფარველ ღვთაებად ითვლება. იანვარს ძველი ქართული წარმართული კალენდრით ერქვა აპანი. ხალხში მას - აპნისს უწოდებდნენ.

თებერვალი - ძველი ქართული წარმართული კალენდრით ერქვა საწყუნისი.

მარტი - წარმოდგება ძველ რომაელთა ომის ღმერთის მარსის სახელისაგან. ამ თვეს ძველი ქართულით მირკანი ეწოდებოდა.

აპრილი - ლათინური სიტყვაა - "აპრერიე". აპრილის უძველესი სახელწოდება წარმართულ ხანაში იყო იგრიკა.

მაისი - რომაელთა ქალღმერთ მაიასთან არის დაკავშირებული, რომელიც იყო განახლებული ბუნების ღვთაება. მაისს ქართულად ერქვა ვარდობისთვე.

ივნისი - ძველ რომაელთა მითოლოგიურ ქალღმერთ იუნონას სახელს უკავშირდება. იგი ნაყოფიერების ქალღმერთად არის მიჩნეული. ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით ივნისს - გარიალისა ერქვა, ხალხურში კი - თიბათვე.

ივლისი - რომის იმპერატორის იულიუს კეისრის სახელთან არის დაკავშირებული. ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით ივლისს - თიბისა ერქვა. ხალხურ ყოფაში კი ცნობილია მკათათვე და კვირიკობისთვე.

აგვისტო - წარმოდგება რომის იმპერატორ გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის სახელისაგან. ძველი ქართული წარმართული კალენდრით აგვისტოს ქველთობისა ეწოდებოდა.

სექტემბერი - ლათინური სიტყვაა "სეპტემ", რაც ქართულად ნიშნავს შვიდს. რადგან საქართველოში ახალი წელი სექტემბრით იწყებოდა, ამიტომ ძველი ქართული წარმართული კალენდრით მისი სახელი იყო ახალიწლისა. ხალხურ ყოფაში კი მას ენკენისთვეს ეძახდნენ.

ოქტომბერი - ლათინური სიტყვისგან, "ოქტო"-საგან წარმოდგება, რაც ქართულად 8-ს ნიშნავს. ძველი ქართული კალენდრით მას ერქვა სთვლისა. ხალხურ ყოფაში კი ოქტომბერი ღვინობისთვედ მოიხსენიება.

ნოემბერი - "ნოვეს" რომაულიდან არის წარმოშობილი და ნიშნავს ცხრას. ძველი წარმართული კალენდრით მას ერქვა ტირისკნისა, ხალხში გიორგობის თვეს ეძახდნენ.

დეკემბერი - ლათინური სიტყვაა "დეცუმ", რაც ქართულად ათს ნიშნავს. ძველი ქართული წარმართული კალენდრით დეკემბერს ტირისდენი ეწოდებოდა, ხალხში - ქრისტეშობისთვე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×