ია აბულაშვილი
28.11.2016

 მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკური ლიდერი, კუბის რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტი ფიდელ კასტო 26 ნოემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ მისმა ძმამ, კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ გაავრცელა.

კუბის მთავრობამ ქვეყანაში 9-დღიანი გლოვა გამოაცხადა. სიცოცხლის ბოლომდე პოპულარული ფიდელ კასტრო კუბას 50 წლის განმავლობაში მართავდა. აღსანიშნავია, რომ "თავისუფლების კუნძულზე" მისი ერთი ქანდაკებაც არ დგას და არც მისი სახელობის ქუჩა არსებობს.

კუბის სათავეში 33 წლის ფიდელ ალეხანდრო კასტრო რუსი 1959 წელს მოვიდა, როდესაც ფულხენსიო ბატისტას რეჟიმი რევოლუციით დაამხო. როგორც მაშინდელი უცხოური პრესა წერდა, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს უფრო შთამბეჭდავი ფოტოები, როგორიც იყო სიგარის კვამლში გახვეული მომღიმარი ფიდელის სახე, რომელმაც 60-იან წლებში მთელი მსოფლიო მოიარა და კუბელი რევოლუციონერი დასავლელი მემარცხენეების კერპად აქცია.

ჰავანაში შეკრებილი მილიონობით ადამიანი ერთხმად სკანდირებდა "ფიდელ! ფიდელ!". კასტრო მაშინ საკუთარ ხალხს შეპირდა, რომ მისი პოლიტიკური ფილოსოფია დემოკრატია, სოციალური სამართლიანობა და კარგად დაგეგმილ ეკონომიკას დაეფუძნებოდა.

40-დღიანი ვიზიტი სსრკ-ში

საბჭოთა კავშირში ფიდელ კასტრო ნამდვილი გმირი იყო. "თავისუფლების კუნძული", ფიდელ კასტრო, ჩე გევარა ზეპირად იცოდნენ. "ვივატ კუბა" "ბენსერემოს" კი თითქმის ყველა პარტიულ ღონისძიებაზე მღეროდნენ.

1963 წლის აპრილის ბოლოს კუბის რევოლუციური მთავრობის პრემიერ-მინისტრი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ნიკიტა ხრუშჩოვის მოწვევით საბჭოთა კავშირს ესტუმრა. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი 40 დღეს გაგრძელდა. მან ნიკიტა ხრუშჩოვთან ერთად შემოიარა მთელი საბჭოთა კავშირი ციმბირიდან სამარყანდამდე.

ფიდელ კასტრო ჰავანიდან ჯერ მურმანსკში ჩაფრინდა "ტუ-114"-ით, შემდეგ მოსკოვში, სადაც მას საზეიმო დახვედრა მოუწყეს. უშიშარ "კომანდატეს" საბჭოთა პოეტებმა და კომპოზიტორებმა ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. კასტრო იყო პირველი უცხოელი, რომელსაც საბჭოთა პოლიტიკურმა ელიტამ უფლება მისცა ლენინის მავზოლეუმის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსულიყო.

მაისის დასაწისში დაიწყო ფიდელ კასტროს მოგზაურობა საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებშიც, საბჭოთა ხალხის მიღწევების გასაცნობად. იგი ესტუმრა ლენინგრადს, კიევს, ტაშკენტს. საკუთარი თვალით ნახა საბჭოეთის მიღწევები, მსხვილი სამრეწველო საწარმოები.

მოსკოვში შედგა ისტორიული ფაქტი - სსრკ-სა და კუბას შორის ორმხრივი დოკუმენტი გაფორმდა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ კუბა შაქრის წარმოებას გაზრდიდა და საბჭოთა კავშირს მიაწვდიდა. საბჭოთა კავშირმა კი გამოთქვა მზადყოფნა კუბისთვის ნავთობი შეღავათიანი ტარიფით მიეწოდებინა.

ასევე გაფორმდა შეთანხმება საბჭოთა შეიარაღების კუბის უფასოდ მიწოდების შესახებ. ამბობენ, რომ ხრუშჩოვმა კასტროს ბირთვული წყალქვეშა ნავებიც დაათვალიერებინა.

კასტრო საქართველოში

მოსკოვის შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელიც ამ 40 დღის განმავლობაში პირადად მასპინძლობდა ფიდელ კასტროს, დასასვენებლად გაემგზავრნენ სოჭში სამთავრობო აგარაკზე. აქედან იწყება საქართველოსთან კასტროს ურთიერთობის ისტორია. მართალია 50 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ძველ თბილისელებს დღესაც კარგად ახსოვთ კუბის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თბილისში. ეს ამბავი კი ასე ყოფილა.

1963 წლის 28 მაისს ნიკიტა ხრუშჩოვი და ფიდელ კასტრო აფხაზეთში ჩავიდნენ. ესტუმრნენ გუდაუთის რაიონის დაბა დურაფშას. მათთან ერთად იყვნენ სსრკ-ს თავდაცვის მინისტრი მარშალი როდიონ მალენკოვი, საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი მიხეილ ბღაჟბა, რომელსაც დავალებლი ჰქონდა მაღალი სტუმრების მასპინძლობა, და სხვა ოფიციალური პირები.

აფხაზი უხუცესის მაითა ტარკელის ოჯახში, ულამაზეს აფხაზურ ეზოში კასტროს და ხრუშჩოვს საგანგებოდ გაშლილი სუფრა დაახვედრეს. ხრუშჩოვმა სუფრის თამადად აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი დანიშნა.

მრავალფეროვან კერძებს შორის, რომელიც უხვად იყო სუფრაზე, ფიდელ კასტროს ძალიან მოსწონებია მეგრული სულგუნი (ჭადი და სულგუნი ნიკიტა ხრუშჩოვსაც ძალიან უყვარდა). ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ხრუშჩოვის ბრძანებით წლების მანძილზე საქართველოდან კუნძულ კუბაზე ტონობით მეგრული სულგუნი იგზავნებოდა.

დიდი მოლხენის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერი სოჭში გვიან ღამით დაბრუნდნენ.

ორ დღეში ფიდელ კასტრო სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო. ხრუშჩოვმა კასტროს ოფიციალური ვიზიტის პროგრამაში თავიდანვე არ შეიტანა თბილისი, არადა ტრადიციულად, გასული საუკუნის 40-50-იან წლებში, თუ ვინმე მაღალი რანგის სტუმარი ან უცხოური დელეგაცია ჩამოვიდოდა, პოლიტელიტა მოსკოვის შემდეგ ლენინგრადში და თბილისში ჩაჰყავდათ. ეს იყო სავალდებულო პროგრამა.

იმ წლებში კრემლში ყველამ იცოდა, რომ ხრუშჩოვსა და საქართველოს ცეკას პირველ მდივანს ვასილ მჟავანაძეს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. კრემლის და თბილისის ცეკას კულუარებში დაიწყო მითქმა-მოთქმა - რატომ არ ჩადიოდა კასტრო თბილისში. მჟავანაძე იძულებული იყო თხოვნით მიემართა ხრუშჩოვისათვის. როგორც ჩანს, თხოვნამ გასჭრა და 1963 წლის 1 ივნისს დილით ნიკიტა ხრუშჩოვი და ფიდელ კასტრო სოჭიდან თბილისში ჩამოვიდნენ.

იმ დღეს კოკისპირული წვიმა ყოფილა, მაგრამ ქალაქის ქუჩები ხალხით იყო სავსე ფიდელ კასტროსთან შესახვედრად. საღამოს საზეიმო მიღება გაიმართა. 2 ივნისს კუბის პრემიერ-მინისტრმა ვაკეში, საბურთალოზე და დიღომში თბილისის ახალმშენებლობები დაათვალიერა. ესტუმრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს და ქართველ სტუდენტებს მისთვის ჩვეული ვრცელი სიტყვით მიმართა.

ცნობისთვის ფიდელ კასტრო გინესების რეკორდის წიგნშია შეტანილი; 1960 წელს გაეროში გამოსვლისას მისი სიტყვა 4 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. ხოსე გრანტეს მოედანზე სამხედრო აღლუმის დროს კი იგი ექვსი საათის განმავლობაში მიმართავდა კუბელ ხალხს.

ფიდელ კასტროს მოგზაურობის შესახებ ქალაქში ბევრი ჭორი თუ მართალი დადიოდა. ერთი ქალბატონი ძალიან მოსწონებია და კუბაში მასთან ერთად გამგზავრება შეუთავაზებია; ეს ქალბატონი ულამაზესი ქართველი ტელეწამყვანი არისო.

იმასაც ამბობდნენ, რომ ფუნიკულიორზე გამართულ სამთავრობო ვახშამზე ფიდელ კასტროს სტალინის სადღეგრძელო უნდოდა დაელია, რისი ნებაც ხრუშჩოვს არ მიუცია, გაბრაზებულს სუფრა პროტესტის ნიშნად დაუტოვებია და მარტო, დაცვის გარეშე, ფეხით ჩამოსულა ქალაქში.

კიდევ ერთი ამბავი, რომელიც უფრო ანეგდოტად დარჩა - ფიდელ კასტრო თბილისიდან სამეგრელოში ჩაუყვანიათ. ცხაკაიაში, კუბის რევოლუციის ლიდერს ზღაპრული მეგრული სუფრა დაახვედრეს. კასტროს განსაკუთრებით მოსწონებია შებოლილი სულგუნი და დაინტერესებულა როგორ კეთდებოდა. იმდენად რთული მოსჩვენებია მომზადების ტექნოლოგია, რომ ამ საქმის სპეციალისტების წაყვანა განუზრახავს კუბაზე.

ბევრი ფიქრის შემდეგ, პარტიულმა ელიტამ მიიღო გადაწყვეტილება კასტროსთვის სამშობლოში ბევრი შებოლილი სულგუნი გაეტანებინათ.

სასწრაფოდ გააგზავნეს ჩინოვნიკები სოფლებში და მოსახლეობისაგან შებოლილი სულგუნი შეისყიდეს. ვინც არ გაყიდა, იძულებით დაითანხმეს. მოკლედ, მთელი ღამე აგროვებდნენ შებოლილ სულგუნს მოსახლეობაში.

მეორე დღეს გამთენიისას შებოლილი სულგუნით დატვირთული მანქანები თბილისის აეროპორტში გაიგზავნა. ამ დროს კი ფიდელ კასტრო ცხაკაიაში, გაგანია კომუნიზმის მშენებლობის დროს, რაიკომის წინ შეკრებილ ხალხს ემშვიდობება შეძახილით "ვივატ კუბა". სწორედ მაშინ უთქვამს განწირული ხმით ყველის გარეშე დარჩენილ ერთ-ერთ გლეხს: "ვივა კუბა - ვავა ცხაკაიაო!".

ის, რაც საქართველოდან გამგზავრების წინ ფიდელ კასტროს უთქვამს, ეს მართლაც ასე ყოფილა. მადლობა გადაუხადა ქართველ პარტიულ ამხანაგებს და უთქვამს - თბილისში ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბაო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×