მამუკა ნაცვალაძე
28.11.2016

 ოქროს ხანის საქართველოს ისტორიის ფონზე რუსუდანის მეფობა შავ ლაქად დააჩნდა ჩვენი ქვეყნის წარსულს. ლაშა გიორგისაგან საკუთარი მემკვიდრის დავით ულუს სრულწლოვანების მიღწევამდე დროებით დანიშნულ მეფეს ნამეტანი გაუტკბა სამეფო ტახტი.

არად ჩააგდო რუსუდანმა არც ლაშას ანდერძი და არც და-ძმური სიყვარული. ქვენაგრძნობებს დაემონა და ქვეყანა ისე მართა მხოლოდ საკუთარი თავი ახსოვდა. მისთვის პრიორიტეტული იყო თავის გადარჩენა და შვილის, დავით-ნარინის მეფობის ოფიციალურად აღიარება.

ბედის ირონია გახლდათ ის, რომ სიკვდილის წინაშე ისიც უსუსური აღმოჩნდა და ისე მიიცვალა ვერ მოესწრო ვერც უკვდავებას და ვერც მონღოლთაგან დავით-ნარინის მეფედ აღიარებას. მისი ერთადერთი ღირსება თამარის შვილობა გახლდათ მხოლოდ.

როგორ აღმოჩნდა საქართველოს სამეფო ტახტზე რუსუდანი

1222 წელს 30 წლის ლაშა გიორგი გარდაიცვალა. მას კანონიერი მეუღლე არ ჰყოლია და შესაბამისად კანონიერი მემკვიდრე არ დაუტოვებია. ტრადიციული ქართული მენტალიტეტისათვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი გახლდათ, ამიტომაც სამეფო კარზე ერთგვარი ვაკუუმი გაჩნდა.

ლაშას ერთადერთი მემკვიდრე, ველისციხელი ქალისგან შობილი მცირეწლოვანი დავით ულუ არ ისურვა საქართველოს ფეოდალურმა არისტოკრატიამ მეფედ, მას როგორც პოტენციურ მეფეს ჯერ კიდევ ალმაცერად უყურებენ. ჯერ კიდევ არავინ უწყის რა ტრაგიკული ბედი ელის საქართველოს. ამიტომაც იმ მომენტისათვის ერთადერთი იდეალური გამოსავალი მოინახა - სამეფო ტახტი რუსუდანს ჩააბარეს.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსუდანის მეფობა თავად ლაშას სურვილიც ყოფილა, საგულისხმოა, რომ სიკვდილამდე ლაშას თავისი ძე დავითი რუსუდანისთვის ჩაუბარებია და მისი მეფური აღზრდა უთხოვია. ეს პირობა საკუთარ დასთან ფიცითაც განუმტკიცებია. ამრიგად, რუსუდანი მოვალე იყო დავითი, ლაშას მემკვიდრე, სამეფო წესებით აღეზარდა და როგორც კი სრულწლოვანი გახდებოდა, მეფედ დაესვა.

ამ ანდერძის მიხედვით გახდა რუსუდანი საქართველოს დროებითი მეფე. მეფე, როგორც უფლისწულის დავით ულუს რეგენტი. ანდერძით მას ტახტი ძმისშვილისთვის უნდა გადაეცა, მაგრამ გადის სულ რამდენიმე წელი და რუსუდანმა თავად ისურვა საკუთარი შთამომავლობისათვის დაემტკიცებინა საქართველოს სამეფო კარი. მას ამის მაგალითი საკუთარი პაპისგან, გიორგი |||-ისგან ჰქონდა, რომელმაც თავის ძმისშვილ დემნა ბატონიშვილს წაართვა ტახტი და თამარი გაამეფა.

როგორ ჩაუშალა რუსუდანს ლაშას სიკვდილმა შირვანშაჰზე გათხოვება

ლაშას სიკვდილიდან ერთი წლის თავზე 1123 წელს, რუსუდანი ცოლად შერთეს რუმის სულთნის, ერზრუმის მფლობლის, მოღის ედ-დინ თოღრულ-შაჰის ძეს, ყიას ედ-დინს. ამ ქორწინებას ერთგვარად დიპლომატიური ელფერი დაჰკრავდა - რუმის სასულთნო ხომ იმ სტრატეგიულ გზასაყარზე მდებარეობდა, ქართველთა მხრიდან მუდმივი ინტერესის სფეროში რომ იყო მოქცეული.

როგორც წესი, დიპლომატიური ქორწინებების დიდი უმრავლესობისათვის საკმაოდ უცხოა სიყვარულის განცდა. როგორც ჩანს ამ შემთხვევაში სწორედ გამონაკლისთან გვაქვს საქმე. ყიას ედ დინს გულწრფელად უყვარდა რუსუდანი. სხვაგვარად აბა როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, სასიძომ თავისი რჯული დატოვა და ქრისტიანობა მიიღო.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - ამ ქორწინებისას აშკარად გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ დიდია საქართველოს სამეფოს გავლენა რუმის სასულთნოზე - სასიძოს მამას, მოღის ედ-დინს ქართველთა მეფისგან გაგზავნილი საპატიო სამოსი ჩაუცვამს და დროშა აღუმართია, რომლის ზემოთაც გაკეთებული ყოფილა ჯვარი. ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსი, რომელიც იმ დროინდელ ვითარებას პედანტურად გამოხატავდა.

საგულისხმოა, რომ სანამ რუმის სულთანზე დააქორწინებდნენ, რუსუდანს შირვანშაჰი შეურჩიეს საქმროდ, თუმცა, ეს ქორწინება არ შედგა იმ მიზეზის გამო, რომ ლაშა გიორგი გარდაიცვალა, იმდროინდელი წესის მიხედვით კი რუსუდანს ერთი წელი უნდა ეგლოვა.

როგორ მიატოვა მეფე რუსუდანმა განსაცდელის ჟამს თბილისი

პირველივე გამოცდა რუსუდანს ბედისწერამ ლაშას გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ მოუწყო. მონღოლებს გამოქცეული ჯალალ ედ დინი, ხვარაზმ შაჰის ძე საქართველოს რომ მოადგა, რუსუდანს შეუთვალა ცოლად თუ გამომყები, საქართველოს არაფერს ვერჩი, უარს თუ მეტყვი ქვას ქვაზე არ დავტოვებო.

სიცილად არ ეყოთ საქართველოს სამეფო კარზე - იქით ჯალალ ედ დინს შეუთვალეს, შენ მამაშენის სამეფოს ვერ მოუარე და ჩვენ რა უნდა დაგვაკლოო. სავარაუდოდ ეს რუსუდანის განწყობის თავდაპირველი პათოსიც გახლდათ, მას უკვე ჰყავს ორი შვილი - დავითი (შემდგომში "ნარინი") და თამარი, რომელსაც საზოგადოება "გურჯი ხათუნის" სახელით იცნობს.

აასრულა დანაპირები ჯალალ ედ დინმა. გარნისთან ქართველების დამარცხების შემდეგ თბილისს მოადგა. აქ კიდევ ერთი გამოწვევა მიიღო რუსუდანმა. კიდევ ერთხელ ვერ მოიქცა მეფეთა საკადრისად. თბილისი დატოვა და უსაფრთხო ადგილას ქუთაისში გადავიდა.

როგორ ვერ მოერივნენ უძლეველი ბოცოს ძენი თბილისელი სპარსელების ღალატს

უმეფოდ დარჩენილი თბილისი სწორუპოვარი მეომრების ბოცო და მემნა ბოცოს ძენის ამარა დარჩა. სისხლიანი ბატალიებისას მემნა მოკლეს, ბოცო ისანსა და მეფის პალატებს იცავდა ერთგულად.

აქ გამოიკვეთა საკმაოდ საინტერესო და ერთობ არასასურველი ტენდენცია - საქართველოს სამეფო კარს არ გააჩნდა ქვეყნის დაცვის არანაირი სტრატეგია, ბრძოლის არანაირი მოდელი. ყველაფერი სპონტანურად ხდება, მეფის სამშვიდობოს გაქცევაც და თბილისის ღვთის ანაბრად მიტოვებაც.

სწორედ ამიტომაც მივიღეთ შედეგად ჯალალ ედ დინის მიერ ულმობლად აოხრებული თბილისი. მემნას ძენი ძალას კი გაუმკლავდნენ, მაგრამ ღალატის წინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ.

ყველაფერი გადაწყვიტა თბილისის სპარსი მოსახლეობის პოზიციამ, ისინი მტრის მხარეს გადავიდნენ და მტერს თბილისის კარი გაუღეს. აქ დატრიალდა ცოდვის კალო - ჯალალ ედ დინმა არ დაინდო არავინ, არც დიდი, არც პატარა, ჩვილი ბავშვებიც კი არ შეიბრალა, თანაც უბრძანა ქართველებს ხატები ფეხით გაეთელათ. უარი რომ მიიღო, 100 ათასამდე ქრისტიანი სიცოცხლეს გამოასალმა.

საგულისხმო კი სწორედ ისაა, რომ ამ პირველი გაკვეთილიდან რუსუდანმა ვერ გამოიტანა შესაბამისი დასკვნა და არც შემდგომ იზრუნა სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე. როგორც მემატიანე ამბობს, "მეფეცა რუსუდან, ჩვეულებითა წესისა ძმისა თვისისასა ვიდოდა, განცხრომითა და სიმღერითა".

როგორ აღმოჩნდა გაქცევა რუსუდანისთვის ქვეყნის დაცვის ერთადერთ სტრატეგიად

შეიძლება ჯალალ-ედ დინის შემოსევისას რუსუდანის ქმედება აფექტით ავხსნათ. ის ხომ ქალია, თანაც გამოუცდელი, გასაგები მიზეზების გამო მისი სამეფო აღზრდისთვის არავის უზრუნია, მეფის ტახტზეც შემთხვევით აღმოჩნდა. თუმცა, მაშინ როცა ანალოგიური შემთხვევა განმეორდა - როცა მონღოლები შემოესივნენ საქართველოს, ის პირველი შემთხვევის ანალოგიურად იქცევა, ისევ ტოვებს თბილისს და ქუთაისში გარბის.

თუმცა, არის განსხვავებაც - ადრე თუ ბოცოს ძენი შესწირა ზვარაკად მეფემ ამ საქმეს, ახლა მიხვდა, რომ არ ღირდა თავის შეკვლა მტრისთვის, არც თბილისის დაცვა ღირდა მორიგი ასი ათასი ქართველის სიცოცხლედ, ალბათ გაიღვიძა მასში ქალურმა საწყისმა და სიბრალულის გრძნობამ, ამიტომაც თბილისში საგანგებოდ დატოვებულ მუხას ძეს დაავალა, რომ თუ მონღოლები დმანისამდე მოვიდოდნენ, თბილისში ისნის სამეფო კარის გარდა ყველაფერი დაეწვა და მტრისთვის გადამწვარი ქალაქი ჩაებარებინა. მუხას ძემაც პედანტურად აღასრულა რუსუდანის ბრძანება.

საქართველოს დედაქალაქის დაცვის რუსუდანის ბრძანებას ნაკლებად ეთქმის "მეფური", მითუმეტეს, ტრადიციული ქართული გაგებით. რუსუდანს, როგორც მეფეს, არ გააჩნდა ქვეყნის არც თავდაცვისა და არც ბრძოლის არანაირი კონცეფცია, არანაირი მოდელი. ამ პრობლემამ უდავოდ დაატყო ხელი იმდროინდელ საქართველოს ისტორიას.

როგორ ელოდა რუსუდანი რომის პაპების დახმარებას

უნდა ითქვას, რომ მარტო გაქცევა არ ყოფილა რუსუდანის სტრატეგია, ის დახმარებას რომის პაპის მხრიდან ელის. გათვლა საკმაოდ მარტივია - ამ დროს ქრისტიანული სამყარო ჯვაროსნულ ომებს აწარმოებს მაჰმადიანთა წინააღმდეგ და ბუნებრივია, რუსუდანი ჯვაროსნებსა და მათ იდეოლოგიურ მებაირახტრე რომის პაპს ყოვლისშემძლედ აღიქვამს.

საგულისხმოა ისიც, რომ ქართველთა სამეფო კარზე კარგად აქვთ გათვლილი, რომ ევროპა უახლოეს ხანში დიდი ალბათობით მორიგი დამპყრობლის წინაშე აღმოჩნდება. დასავლეთში უკვე დაიწყეს საგანგებოდ მონღოლურის სწავლა, თუმცა, ჯერ არავინ უწყის, რომ რუსეთი შეაჩერებს ამ აგრესიას, რომ სწორედ აქ დაიხარჯება ბოლომდე მონღოლური აგრესია, რაც არ მისცემს საშუალებას მათ უფრო შორეული დასავლეთით ლაშქრობებზე იფიქრონ.

ჩვენამდე მოღწეულია რუსუდანისა და მისი ამირსპასალარის - ივანე მხარგრძელის წერილები რომის ორ პაპთან: ჰონორიუს |||-სა და გრიგოლ |ყ-თან. ეს წერილები ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს შეიცავს. თუკი ჰონორიუსისადმი მიწერილ წერილში ქართველები აშკარად გადაჭარბებულად წარუდგენენ კათოლიკური ეკლესიის მღვდელთმთავარს მონღოლებთან თავიანთი გამარჯვებების შესახებ - აქ წერია, რომ მონღოლები ქართველებმა პირველივე გამოჩენისთანავე დაამარცხეს და 25 ათასი კაცი მოუკლეს, 1239 წელს პაპ გრეგორი |ყ-თვის რუსუდანის გაგზავნის ეპისტოლეში სულ სხვა სურათია აღწერილი - ამჯერად რუსუდანი რეალურად აფასებს მონღოლთაგან შექმნილ საფრთხეს. ის სთხოვს პაპს დახმარებას, თანაც ამ თხოვნას იდეოლოგიური ფორმითაც ამყარებს - ცალსახად მიანიშნებს, რომ ქართველთა სამეფო კარი აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკლესიების გაერთიანების მომხრეა.

რატომ უგანა დასავლეთ ევროპამ რუსუდანს

საგულისხმოა, რომ ეს ის პერიოდია, როცა კათოლიკურ და მართლმადიდებლობას შორის საკმაოდ რთული დაპირისპირებაა და ამიტომაც მართლმადიდებლური ქვეყნის ასეთი სახეცვლილება რომისთვის დიდი საჩუქარი უნდა იყოს, ამას თავადაც გრძნობს და კარგად აცნობიერებს რომის პაპი, მაგრამ აშკარაა, რომ ქართველები ამ დათმობაზე მას შემდეგ წავლენ, როცა დასავლეთი ევროპა მათ მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში პრაქტიკულად დაეხმარებიან. ეს კი დასავლეთს არ შეუძლია. კაცმა რომ თქვას, მთელი შუასაუკუნეების ევროპის ისტორია ისეა არეული, პრაქტიკულად გამორიცხულია რომელიმე დასავლელი ქვეყნისგან სამხედრო თანადგომა.

სწორედ ამის დასტური გახლდათ პაპისგან მოსული სანუგეშო წერილი, სადაც ცალსახად მინიშნებული იყო, რომ კათოლიკები ვერ დაეხმარებოდნენ საქართველოს სამხედრო ძალით, რაც შეეხება კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გაერთიანებას, ამ წინადადებას ის სიამოვნებით იღებდა და მზადყოფნას გამოთქვამდა მისიონერები გამოეგზავნა საქართველოში.

რომის პაპის ასეთმა პასუხმა რუსუდანს მიანიშნა, რომ ერთადერთი გამოსავალი ისევ მონღოლებთან დაზავება იყო. ამიტომაც გაგზავნა ბათო ყაენთან არსენ მწიგნობართუხუცესი, რომელსაც მონღოლებმა რუსუდანის უვნებლობის პირობა მისცეს. სულ მცირე ხანში მონღოლებსა და ქართველებს შორის საზავო ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც მონღოლთა ჯარი აღმოსავლეთ საქართველოში ჩადგებოდა, დასავლეთ საქართველო კი თავისუფალი დარჩებოდა. რუსუდანი აღიარებდა ყაენის უზენაესობას.

საგარეო საკითხი რომ "მოაგვარა", რუსუდანმა აქტიურად დაიწყო საკუთარი შვილის დავით ნარინის გამეფებაზე ფიქრი. წინ დიდი და საინტერესო ინტრიგები გველის - რუსუდანის ინტრიგები შავ ლაქად რომ დააჩნდა საქართველოს ისტორიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×