ნაპოვნი იქნა მეტალურგიული სახელოსნოს ნაშთები, რომელიც კოლხეთის ტერიტორიაზე განვითარებული მეტალურგიის დარგის არსებობას ადასტურებს
ია აბულაშვილი
25.11.2016

 ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი ფაქტობრივი მასალა არსებობს საქართველოში ლითონის დამამუშავებელი კერების არსებობაზე, მეტალურგიული წარმოების განვითარებაზე და იმაზე, რომ საქართველო მეტალურგიის უძველესი კერაა მსოფლიოში; რომ ქართველებს ლითონთა დამუშავების მრავალი ისეთი ხერხი სცოდნიათ, რომლებსაც დღესაც განცვიფრებაში მოჰყავს ამ დარგის სპეციალისტები.

რა თქმა უნდა, ერთ სტატიაში ქართული მეტალურგიის მთელ ისტორიას ვერ ჩავტევთ, თუცმა რამდენიმე საინტერსო მასალას შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს ქართველი მელითონეების საქმიანობის შესახებ.

როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში ლითონის მოპოვება და დამუშავება ძვ.წ. მერვე ათასწლეულიდან იღებს სათავეს. ამის დასტურია საქართველოს ტერიტორიაზე, გალის რაიონში, სოფელ ფიჩორაში, რაჭის და შიდა ქართლის მთიანეთში მოძიებული რკინის მდნობელი საამქროების სიმრავლე.

მარტო რაჭის სოფელ ღების მიდამოებში სადღეისოდ 30-მდე ანთიმონის და 100-მდე სპილენძის მაღარო გამოვლინდა. ლითონზე მოთხოვნილების გაზრდამ კი სამთამადნო წარმოების გაფართოება გამოიწვია და იგი მარტო შიდა მოხმარებისთვის არ იყო განკუთვნილი და გარეთაც გაჰქონდათ.

სოფელ ღების მახლობლად გამოვლენილი ბრილის სამაროვანი კი მოქმედი იყო ორი ათას წელზე მეტი ხნის მანძილზე; გალის რაიონის სოფელ ფიჩორაში აღმოჩენილია დასახლება, სადაც მოძიებულია სხვადასხვა ნივთები-კავი, შუბისპირები და საამქროსათვის საჭირო მოწყობილობა, კერამიკული მილები-საბურველისათვის, ჩამოსასხმელი ჩამჩა, სხვადასხვა ფორმის ყალიბები, რომელიც ადასტურებს კოლხეთის ტერიტორიაზე განვითარებული მეტალურგიის დარგის არსებობას.

რაც შეეხება გამოდნობის წესს, ამ პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე, (იმირის გორა, საგვარჯილე) დარიშხანიანი სპილენძისაგან დამზადებული ნაკეთობებიც იქნა აღმოჩენილი.

როგორც ჩანს, საქართველოს ტერიტორიაზე მცირე რაოდენობით კალის მადანის ნაკლებობამ აიძულა ქართველი მეტალურგები მოძებნათ სხვა ხერხი, კალის სანაცვლოდ მოეხმარათ დარიშხანიანი სპილენძი.

როგორც მეცნიერები ამბობენ, სწორედ დარიშხანიანი სპილენძი არის ერთგვარი მიმანიშნებელი, რომლითაც ჩვენს ტერიტორიაზე შექმნილი ნივთი სხვა უძველესი ძეგლებისაგან გამოირჩევა.

ახალციხის ამირანის გორაზე ნაპოვნი იქნა მეტალურგიული სახელოსნოს ნაშთები, კერძოდ ქვისთაღიანი ქურა, რომელშიც აღმოჩნდა წვრილად დანაყილი ნახშირი, რომელიც საჭირო იყო მაღალი ტემპერატურის მისაღებად. ნახშირის დიდი მარაგი ინახებოდა დიდი ზომის ჭურჭელში.

ამ პერიოდიდან იწყება ასევე ისრის პირების, სპილენძის მჭრელი იარაღების, ორმხრივი გალესილი დანების და სატევრების დამზადება. სპილენძს იყენებდნენ ასევე, საბრძოლო, სანადირო, სათევზაო იარაღების შესაქმნელად.

არქეოლოგიურ გათხრებიდან მოპოვებული მასადებიდან კი ჩანს როგორ მოიპოვებდნენ ჩვენი წინაპრები მადანს. მთის ნაპრალებიდან იწყებდა ქვის უროებით ნგრევას და სიღრმეში შესვლას, შემდგომ გობებითა და დაწნული კალათებით ხელით გამოჰქონდათ მონგრეული მასა, ხდებოდა მადნის დახარისხება და დამუშავება ქვის სანაყებით და სასრესი იარაღებით.

გარდა მძიმე ფიზიკური შრომისა, მელითონეები მაღაროს ნგრევის საშიშროების წინაშეც იდგნენ. ამიტომ, გვირაბების გაყვანის დროს იცავდნენ უსაფრთხოების წესებს, ჭერისა და შლადი კედლების გასამყარებლად ხის სამაგრებს იყენებდნენ, ასევე გვირაბში იყო სავენტილაციო სისტემა.

ამ პერიოდისათვის მეტალურგიაში უკვე გამიჯნული იყო სხვაობა ლითონის მომპოვებლებსა და დამამზადებლებს შორის. გაჩნდა პროფესიონალ ვაჭართა ფენა, რომლებიც ჩართული იყვნენ პროდუქციის გაყიდვაში. ამისათვის მათ უნდა შესძლებოდათ სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქციის დათვლა და აწონვა.

ძვ.წ. მესამე ათასწლეულისთვის უკვე ცნობილია ე.წ. "კავკასიური სიკილას", ანუ წონის საზომი ხელსაწყოს არსებობა. ლითონით მოვაჭრეებს გააჩნდათ საერთაშორისო ფულის ერთეული, ბრინჯაოს რგოლები; ასევე დიდ მანძილზე პროდუქციის ვაჭრობისათვის გზის მაჩვენებელი რუკები, ხარაქს პერგამონელის მიერ დასახელებული, ძვ.წ. მეორე ათასწლეულისათვის კოლხეთში არსებული ე.წ. "კვირიბები".

ამ პერიოდში ჩნდებიან ასევე "მოხეტიალე მჭედლები", რომლებიც როგორც ისტორიკოსები ამბობენ, იყვნენ მეტალურგიული ცოდნის გამავრცელებლები, ჩადიოდნენ უცხოეთში, მუშაობდნენ მეტალურგიულ მაღაროებში და მადნის მოძიებისას თვითონ ამუშავებდნენ მადანს.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, "მეტალურგიული ცოდნის ექსპორტმა", ვაჭრობის ამ ახალმა ინოვაციურმა ფორმამ განსაზღვრა ძვ. წ. მეორე ათასწლეულში ქართველ მეტალურგთა საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულობა. ამის დასტურად მიიჩნევენ ძვ. წ. მესამე- მეორე ათასწლეულებით დათარიღებული "კოლხური ცულის" გავრცელების არეალს.

ძველი ეგვიპტის სახელოსნო წარმოების ზოგიერთი ცნობილი სპეციალისტი კი თვლის, რომ რკინის აღმოჩენა და მისი შემდგომი დამუშავება არ იყო ეგვიპტელი ოსტატების შემოქმედება, სრულიად დასაშვებია, რომ ეგვიპტეში ჩასული ქართველი მეტალურგები ასწავლიდნენ ადგილობრივ ხელოსნებს რკინა- ფოლადის საქმეს.

ბერძნული წყაროებიც მიუთითებდნენ ქართველი მეტალურგების წარმატებებისა და მათი ნაწარმის გავრცელების შესახებ; ქართველების მიერ ცეცხლგამძლე ყალიბების, მათ შორის ცულის ჩამოსასხმელი ყალიბების სერიულ წარმოება, გატანა- გავრცელებაზე.

არსებობს რუკები, სადაც მონიშნულია შავიზღვისპირეთიდან, ეგოსის ზღვის გავლით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ქართველ მეტალურგთა სავაჭრო გზები.

ხმელთაშუა ზღვის აუზში მიმოსვლისათვის ქართველებს ჰქონდათ საექსპორტო პროდუქციის განთავსების ადგილი საბერძნეთში, კუნძული კრეტა და კვიპროსი. კვიპროსი წარმოადგენდა გადამცემ პუნქტს სავაჭრო პროდუქციის გავრცელებისათვის ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში.

რაც შეეხება კუნძულ კრეტას, იგი მართლაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან. კრეტაზე კოლხ-ქართველთა კვალის არსებობა მეცნიერებს აძლევს იმის თქმის უფლებას, რომ კუნძულ კრეტაზე მოსულმა ქართველებმა მოიტანეს მეზღვაურობის, მიწათმოქმედების, საინჟინო საქმის და მეტალურგიული დარგის ცოდნა.

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კრეტას დედოფალი იყო კოლხეთის სამეფო ოჯახის წევრი კოლხი პასიფეა, კრეტას მეფე მინოსმა, რომელმაც მთელ ზღვაზე მეკობრეობა მოსპო და ათენს ხარკი დააკისრა, სრულიად გაუმაგრებელ და დაუცველ სასახლში ცხოვრობდა.

არქეოლოგებმა საბრძოლო იარაღიც კი ვერ აღმოაჩინეს, თუცმა კრეტის მიწის ქალღმერთის ატრიბუტი იყო ორმაგი ცული, რომელიც ქართული კულტურის ძეგლია, იგი გვხვდება ძვ. წ. მეორე ათასწლეულში - ფესტოსის დისკის ნახატ-ნაშთა შორის ერთ-ერთ სიმბოლოსთან, ასევე კაცხის სვეტზე და სვეტიცხოვლის ქვაზე.

კერამიკული წარმოება - მეთუნეობა

მეტალურგიის დარგის განვითარებამ ხელი შეუწყო საქართველოში კერამიკური დარგის წარმოებას. როგორც ისტორიკოსი მარინე ცინცაბაძე თავის ნაშრომში "აღმოაჩინე ათასწლეულების საქართველო" წერს, ქართული ეთნოსი მეთუნეობას იცნობდა ჯერ კიდევ ადრეული ნეოლითის ხანაში.

საქართველოს ტერიტორიაზე კერამიკული წარმოების ნიმუშები აღმოჩნდა აჭარაში სოფელ მახვილაურის ნამოსახლარზე, ასევე შულავერში აღმოჩენილი კერამიკა თარიღდება ძვ. წ. მეშვიდე მეექვსე ათასწლეულებით. ძვ.წ. მეექვსე-მეხუთე ათასწლეულებით ოდიშში, ანასეულში, გურიანთაში, ყვარლის ხეობაში - სამელეში, სამერცხლე კლდეებში, ძუძუანის გამოქვაბულში, საგვარჯალეში და სენაკის რაიონში, სოფელ აბედათიში.

ხოლო მცხეთასთან, ბაგინეთის აღმოჩენა თარიღდება ძვ.წ. მეოთხე-მესამე ათასწლეულებით. ამავე პერიოდში კოლხეთის ტერიტორიაზე, ვანში და ბორჯომის რაიონში მოძიებული იქნა ქვევრის სავსე სარდაფი.

ასევე ძვ.წ. მესამე-მეორე ათასწლეულით თარიღდება სოფელ ჭობისხევში მოძიებული მარანი - 11 ქვევრით. სოფელ ქვაცხელებში კი აღმოჩენილი იქნა მტკვარ-არაქსის პერიოდის ძვ.წ. მესამე ათასწლეულით დათარიღებული საცეცხლური.

საქართველოს ტერიტორიაზე ასევე მოძიებული იქნა ანგობირებული კერამიკის ნიმუშები, საუბარია მოხატული კერამიკის და ჭიქურიანი კერამიკის ნიმუშებზე; ანგობი იყო სხვადასხვა ფერის თიხის ხსნარი, რომელსაც ათავსებდნენ კერამიკულ ნივთზე, მის ცეცხლზე გატარებამდე, ანუ გამოწვამდე.

ჭიქურიან კერამიკის დასამზადებლად კი გამოიყენებოდა ჭიქურის, ანუ ტუტის, ტუტემიწის - მინისმაგვარი ნივთიერება, რომელიც გავრცელებული იყო უძველესი კულტურის ეპოქაში ეგვიპტეში, ბაბილონში, ასურეთში.

საქართველოში აღმოჩენილი ჭიქური ნიმუშები თარიღდება ძვ.წ. მეთორმეტე-მერვე საუკუნეებით. იგი აღმოჩენილი იქნა სამთავროში, თრიალეთსა და თრელში და იყო მომწვანო-მოცისფრო, ჭიქურისავე ყვითელი ზოლით დაფარული თიხის ჭურჭელი.

როგორც მარინე ცინცაბაძე ამბობს, ამ პერიოდშივე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გავრცელებული თხელკედლიანი, კარგად გამომწვარი, ზოგჯერ წითლად შეღებილი, ზედაპირ გაპრიალებული ჭურჭელი, ძალიან ჰგავს აღმოსავლეთ ანატოლიაში, ვანის ტბის მიდამოებში ნაპოვნ თიხის ჭურჭელს. მორუხო - მოწითალო ფერის კვერცხისებრი მუცლის კერამიკა ახლოს არის ე.წ. მაიკოპის კულტურის კერამიკულ ნიმუშებთან, რომლებიც ქართული კერამიკის გავლენით არის შექმნილი.

მისი თქმით, ამაზე მეტყველებს სამეცნიერო დასკვნები, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ ე.წ. მაიკოპური კულტურის კერამიკული ნაწარმი ქართულთან შედარებით უფრო გვიანი პერიოდით თარიღდება.

ასევე ძვ.წ მესამე ათასწლეულში ცენტრალურ ევროპაში, ჩეხეთში, დევინის დასახლებაში მოძიებული კერამიკული მასალა მსგავსებას ავლენს ქართულ ნაწარმთან და ჩრდილოეთ მესპოტამიაში გავრცელებულ ე.წ. ჰასუნას ტიპის უძველესი თიხის ნიმუშებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×