ფრაგმენტები დავით აღმაშენებლის მამიდის მარიამ დედოფლის ცხოვრებიდან
მამუკა ნაცვალაძე
19.11.2016

 ბიზანტიის საიმპერატორო კარისთვის დამახასიათებელი გახლდათ ხშირი სახელმწიფო გადატრიალებები. ამ ძალადობრივ ქმედებებს თავისი იდეოლოგიური საფუძველი გააჩნდა. ეს ხომ სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ყველა თანასწორად მიიჩნეოდა და ყველას ჰქონდა შანსი, მიუხედავად სოციალური წარმომავლობისა, უმაღლეს საიმპერატორო ტახტზე ეფიქრა.

ამიტომაც იყო, რომ ბიზანტიის იმპერიის 11 საუკუნოვანი არსებობის მანძილზე 109 იმპერატორიდან მხოლოდ 34 გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. ყ| ს-ის ბოლოს ერთ-ერთი მორიგი გადატრიალების მოთავედ ქართველები გამოდიან - ბიზანტიის ქართველი დედოფალი მარიამი და გრიგოლ ბაკურიანის ძე.

ბაგრატ |ქ-ის ასული მარიამი ბიზანტიის ორი იმპერატორის თანამეცხედრე გახლდათ. საგულისხმოა, რომ ის ბიზანტიის იმპერიის ერთადერთი უცხოელი დედოფალია მთელი ასწლეულის განმავლობაში.

საგულისხმოა ისიც, რომ სანამ მარიამი ბიზანტიის დედოფალი გახდება, მას მართა ჰქვია, მარიამი მას ბიზანტიის იმპერატორზე ქორწინებისას უწოდეს. გარდა მართასი (მომავალი მარიამისა) ასპარეზზე ჩანს მისი ბებია ისიც მარიამი, ბაგრატ |ქ-ის დედა, რომელსაც საკმაოდ დიდი დიპლომატიური ნიჭი გააჩნდა პოლიტიკური დაბალანსების თვალსაზრისით.

როგორ აღმოჩნდა მართა კონსტანტინოპოლში

ბაგრატ |ქ-ს, გაერთიანებული საქართველოს ხელმწიფეს, საკმაოდ ღიად ებრძოდა ბიზანტია, თავად ბაგრატის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გაუადვილა ინტრიგათა ხლართვა და მეხუთე კოლონის შექმნა ბიზანტიელებს, რომელთაც ფეოდალური საქართველოს დაპირისპირება თავიანთი მიზნების აღსრულებისთვის სჭირდებოდათ.

ბაგრატ |ქ-მ "მოახერხა", კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაშისგან - სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფეოდალიდან დაუძინებელი მტერი შეექმნა. დაპირისპირებამ უმწვავესი ფორმები მიიღო. სწორედ ასეთ ვითარებაში 1052 წელს ბაგრატი განერიდა საქართველოს. ის ბიზანტიაში მიდის, თან ახლავს დედა მარიამ დედოფალი.

ეს პერიოდი ბიზანტიის საიმპერატორო კარზე ჩვეული დაპირისპირებებით ხასიათდება - თუნდაც ის რად ღირს, რომ კონსტანტინოპოლში ქართველთა ყოფნისას, დროის მცირე მონაკვეთში სამ წელიწადში სამი იმპერატორი შეიცვალა - კონსტანტინე მონომახი (1041-1055), დედოფალი თეოდორა (1055-1056) და მიხეილ ქ|| დუკა (1056-1057).

ასეთი რთული ვითარების მიუხედავად ბაგრატის დედა მარიამ დედოფალი ახერხებს დედოფალ თეოდორას კეთილგანწყობის მოპოვებას. სწორედ თეოდორამ გამოთქვა სურვილი ბაგრატის პატარა მართა მას აღეზარდა.

მართა ბაგრატ |ქ-ს მეორე მეუღლესთან, ბორენა დედოფალთან შეეძინა. ის კონსტანტინოპოლში 1056 წელს ჩაიყვანეს, თუმცა, რამდენიმე დღით ადრე დედოფალი თეოდორა გარდაიცვალა. დედოფლის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიას ესწრება პატარა მართა, როცა ის შესულა სამეფო დარბაზში, მის მშვენიერებას მოუხიბლავს ყველა.

იქ მყოფი გიორგი მთაწმინდელი ამბობს ფრაზას, რომელიც სულ მალე პედანტურად ახდება: "უწყოდეთ, ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა". გავა რამდენიმე წელი და მართა ბიზანტიის საიმპერატორო კარს დედოფლად მოევლინება.

რატომ გაიწელა მართას ბიზანტიის დედოფლად კურთხევა

პოლიტიკურ ასპარეზზე თურქ-სელჩუკთა გამოჩენამ ბიზანტიის საიმპერატორო კარს საქართველოს კეთილგანწყობისაკენ უბიძგა. მაჰმადიანური ურდოები წალეკვით ემუქრებოდნენ ქრისტიანულ სახელმწიფოებს, ამიტომაც გადარჩენის ერთადერთი შანსი ქრისტიანული ქვეყნების კონსოლიდაცია გახლდათ.

სწორედ ასეთ პოლიტიკურ რეალობაში გადაწყდა დინასტიური ქორწინება - 1065 წელს იმპერატორი კონსტანტინე დუკა თავისი შვილის, მომავალი იმპერატორის მიხეილის საცოლედ ბაგრატს მართა უფლისწულს სთხოვს. ბუნებრივია, ბაგრატისთვის ეს კიდევ ერთი შანსია საკუთარი გავლენა განამტკიცოს საქართველოს სამეფო ტახტზე და ბაღვაშთა წინააღმდეგ ბრძოლა თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს, ამიტომაც დიდი სიხარულით გზავნის შვილს კონსტანტინოპოლში.

ეს 1065 წელს ხდება, ამავე წელს შედგა ნიშნობა. მართას ამ ნიშნობის შემდეგ უწოდეს მარიამი. ქორწილი საკმაოდ გაიწელა ამის ოფიციალურ მიზეზად იმპერატორის კონსტანტინე დუკას ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდებოდა. ლოგინად ჩავარდნილმა კონსტანტინემ დიდხანს იავადმყოფა და ორი წლის შემდეგ - 1067 წელს გარდაიცვალა.

თითქოს აღარაფერი უდგას წინ მარიამის საქმროს მიხეილ დუკას კორონაციას, თუმცა, ტახტზე რომანოზ მეოთხე დიოგენე ადის. ეს კიდევ ერთი საბაბი ხდება ქორწილის გადადებისა.

ამ მოვლენიდან ოთხი წლის შემდეგ - 1071 წელს მაინც შედგა ჯვრისწერა. ამ წელს მიხეილ ქ|| დუკა ბიზანტიის იმპერატორი ხდება. 1074 წელს დაიბადა მომავალი უფლისწული კონსტანტინე.

როგორ გახდა მარიამ დედოფალი ნიკიფორე მესამე ბოტანიატის მეუღლე

მარიამ დედოფლის ოჯახური იდილია ვერ შედგა, მას პოლიტიკური ფონი უმძიმებდა ყოფას. კაცმა რომ თქვას, ვერც მისი მეუღლე მიხეილ დუკა აღმოჩნდა მტკიცე ნებისყოფის და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეფექტური მმართველი. ვერ შესძლო კრიზისში მყოფი იმპერიის შველა, ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ დუკა ტახტიდან ჩამოაგდეს. შეთქმულებას ნიკიფორე ||| ბოტანიატი ედგა სათავეში, რომელმაც იმპერატორის ტახტი დაიკავა. მიხეილ დუკა ბერად აღკვეცეს. ეს 1078 წელს ხდება.

იმპერატორის ტახტზე ასულმა ნიკიფორე |||-მ საკმაოდ პრაგმატულად გათვალა რეალობა - მან გაითვალისწინა მარიამ დედოფლის დიდი ავტორიტეტი და საზოგადოებრივი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მას ხელი სთხოვა.

ეს იყო გზა, რომელიც ქართველ დედოფალს ბიზანტიის დედოფლის ტიტულის შენარჩუნების, მის შვილს კონსტანტინეს კი იმპერატორობის შანსს აძლევდა.

ყველაფერი კანონიკურად უნდა აღსრულებულიყო, ამიტომაც მარიამმა მიმართა კონსტანტინოპოლის პატრიარქის, რომელმაც მას ნიკიფორეზე ქორწინების უფლება მისცა, რამდენადაც მიხეილ დუკა ბერად იყო აღკვეცილი.

როგორ ცდილობდა მარიამ დედოფალი საკუთარი შვილის გაიმპერატორებას

ვერ გამოდგა ზუსტი მარიამ დედოფლის გათვლები. ბოტანიატმა როგორც კი გაინაღდა იმპერატორობა, უარყო მარიამის მემკვიდრის კონსტანტინეს ინტერესები და იმპერატორის მემკვიდრედ სულ სხვა პიროვნება გამოაცხადა.

სწორედ ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა მარიამის დაპირისპირება ქმართან, ის ხლართავს ნიკიფორეს წინააღმდეგ ინტრიგათა ქსელს, მისი ტახტიდან ჩამოგდების გეგმებს აწყობს და მძლავრ ოპოზიციურ ბანაკს ქმნის.

ამ ინტრიგებში ერთვება დასავლეთის ჯარების სარდალი, დიდი დომესტიკოსი ალექსი კომნენოსი, რომელსაც ტახტის ხელში ჩაგდების სურვილი აქვს. იმისათვის, რომ სიტუაცია კანონის ჩარჩოში მოექცეს, მარიამი ალექსი კომნენს თავის შვილობილად აცხადებს, არადა, ალექსი მასზე სულ რამდენიმე წლითაა უმცროსი. კომნენოსს მარიამის "შვილობილის" ტიტული (იმ პერიოდის საზოგადოება ალექსი კომნენოსს ცალსახად მარიამის ფავორიტად მოიაზრებს) აძლევს კანონიერ უფლებას ტახტი დაიკავოს, სამაგიეროდ ალექსიმ თანაიმპერატორად მარიამის შვილი კონსტანტინე უნდა დაასახელოს. ასე რომ მარიამისთვის ეს გარიგება კიდევ ერთი საშუალებაა საკუთარ შვილს კონსტანტინეს იმპერატორობის შანსი მისცეს.

როგორ დააჩქარა გრიგოლ ბაკურიანის ძემ კომნენოსის საიმპერატორო ტახტზე ასვლა

შეთქმულთა შორისაა ბიზანტიაში მოღვაწე აღმოსავლეთ ჯარების სარდალი, სხოლათა დომესტიკოსი ქართველი გრიგოლ ბაკურიანის ძე. ის აშკარად ალექსი კომნენოსის მხარზეა.

შეთქმულება 1081 წელს ხდება. საგულისხმოა, რომ კომნენოსს ერთი ხანი ორჭოფობა დაუწყია, სწორედ ამის გამო დამუქრებია ბაკურიანის ძე ალექსის - თუ დღესვე არ არ გადაწყვეტ შეტევის დაწყებას, ხვალ ვეახლები იმპერატორს და ვეტყვი, რომ შეთქმულებას გეგმავდიო. სწორედ ასეთი კატეგორიული მოთხოვნას მოჰყვა კომნენოსის გალაშქრება კონსტანტინეპოლზე. ასე დაამხო ალექსი კომნენოსმა ნიკიფორე ||| ბოტანიატი და თავად დაიდგა იმპერატორის გვირგვინი.

როგორ შეცვალა პოლიტიკური ბალანსი გრიგოლ ბაკურიანის ძის გარდაცვალებამ

თავდაპირველად ყველაფერი მარიამ დედოფლის გეგმით წარიმართა. ალექსი კომნენოსმა წერილობითი აღიარა კონსტანტინეს მემკვიდრეობა, რის შემდეგაც გადადის ქართველი დედოფალი მანგანის სამეფო პალატებში.

ალექსიმ შეასრულა პირობა - კონსტანტინე თანაიმპერატორად აღავლინა. გარდა ამისა, მან ასული ანა მიათხოვა კონსტანტინეს და ტახტის მემკვიდრედაც ცნო. ეს იდილია 11 წელი - 1092 წლამდე გაგრძელდა, სიტუაცია შეიცვალა მაშინ, როცა კომნენოსს ვაჟი შეეძინა, სწორედ ეს ახალშობილი გამოაცხადეს იმპერატორის მემკვიდრედ, რის შემდეგაც კონსტანტინე ჯერ მეუღლეს დააშორეს, მერე კი თანაიმპერატორის პატივიც აჰყარეს და ბიზანტიიდანაც გააძევეს.

მარიამი კომნენოსს არ ეპუება. 1094 წელს ცდილობს შეთქმულების მოწყობას ალექსის წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი გამოსდის. ესეც ლოგიკურია - ამ დროს უკვე გარდაცვლილია გრიგოლ ბაკურიანის ძე - ბიზანტიის იმპერიის გავლენიანი მოხელე, რომლის გარეშეც აშკარად სუსტდება ბიზანტიის საიმპერატორო კარზე მოღვაწე "ქართული დასი".

მიუხედავად აშკარა დაპირისპირებისა, ალექსი კომნენოსმა არ დასაჯა მარიამი, მხოლოდ ის აკმარა, რომ სახელმწიფოს მართვას განარიდა. ამ სიტუაციაში მარიამი მონაზვნად აღიკვეცა. მონაზვნის კაბა არ უშლის ხელს შვილისთვის ბიზანტიის ტახტის დაბრუნებაზე იფიქროს, ყველაფერს წერტილი 1096 წელს დაესვა, როცა კონსტანტინე გარდაიცვალა.

ამ ურთულეს სიტუაციაში მარიამის პოლიტიკურ ინტრიგებს აზრი დაეკარგა, ამიტომაც ბუნებრივია, ბრძოლა შეწყვიტა.

როგორ აღმოჩნდა მარიამ დედოფალი რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე

პირადი ტრაგედიის მიუხედავად მარიამი არ წყვეტს საქართველოს სამეფოსთვის სასარგებლო საქმიანობას. ეხმარება როგორც ძმას გიორგი ||-ს, ასევე ძმისშვილს დავით აღმაშენებელს. მფარველობს ბიზანტიაში არსებულ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს. გადასახადებისაგან ათავისუფლებს ათონის იბერთა მონასტერს, იერუსალიმში, სიონის მთაზე აშენებს კაპპათა მონასტერს, რომელიც მომავალში ქართული მწიგნობრობის კერა გახდება.

მისი დაკვეთით იწერება ხელნაწერი "წიგნი სინაის მთის მარტვილობაზე". მარიამ დედოფალი გამოსახულია არა მარტო ბიზანტიურ ოქროსა და ვერცხლის მონეტებზე, არამედ ქართულ ხატებზეც.

საგულისხმოა ისიც, რომ მარიამ დედოფლის მხატვრული პორტრეტი ტიხრული მინანქრის სახით ხახულის კარედის ყველაზე საპატიო ადგილას, ხატის შუბლზეა მოთავსებული.

და ბოლოს, ნიშანდობლივია, რომ მარიამ დედოფალი რუის-ურბნისის კრებას ესწრება. ეს ის კრებაა, რომელმაც საქართველოს მომავალი ძლიერებისკენ უნდა გაუკვალოს გზა. ამ მნიშვნელოვან საქმეში დავით აღმაშენებელს განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება. სწორედ ამ ქვეტექსტის დამტევია დავითის გვერდით მამიდის, მარიამ დედოფლისა და მამის გიორგი ||-ის ყოფნაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×