მოსაზრება
18.11.2016

 რამაზ გახოკიძე , ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი

შემოდგომა იმუნიტეტის დასუსტების სეზონია. იმუნური სისტემა, ისევე როგორც სასუნთქი, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინული და სხვა სისტემები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში. იმუნიტეტი ჩვენ გვიცავს გენეტიკურად უცხო "მტრების" შემოტევისგან. ესენია: მიკრობები (ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები), უცხო უჯრედები და ორგანოები (სისხლის გადასხმისას, ორგანოთა გადანერგვისას), საკუთარი შეცვლილი უჯრედები (კიბოს, სისხლის ნაკლებობის შემთხვევებში). ყოველივე ამას აკეთებს ნორმალური იმუნური სისტემა.

იმუნური სისტემა 3-5 წლამდე ბავშვებში ცუდად უმკლავდება თავის მოვალეობას, შემდეგ კი თითქოს მწიფდება, მაგრამ რიგ შემთხვევაში, როცა ეს არ ხდება, ბავშვები ხშირად ცივდებიან, ავადდებიან ვირუსული ინფექციებით, ჩირქოვანი დაავადებებით, რაც, თავის მხრივ, ასუსტებს იმუნიტეტს. იქმნება მანკიერი ჩაკეტილი წრე, რომლის გაწყვეტა შესაძლებელია იმუნოპრეპარატების საშუალებით. ზოგიერთ ბავშვს, რომელსაც თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი გააჩნია, მკურნალობის ეს მეთოდიც არ შველის. ასეთი დაავადებები, საბედნიეროდ, ძალიან იშვიათად გვხვდება, 10 000 ან 100 000-დან ერთ შემთხვევაში. არსებობს ასევე შეძენილი იმუნოდეფიციტი, მაგალითად, შიდსი. მას იწვევს ვირუსი, რომელიც კლავს იმუნური სისტემის ყველაზე მთავარ უჯრდებს. ადამიანი იღუპება, არა თვით ვირუსისგან, არამედ იმისგან, რომ მის იმუნურ სისტემას არ შეუძლია ინფექციებთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლა. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ბავშვებს აღენიშნებათ ხშირი სურდო, ხველა, ქრონიკული ანგინა, განმეორებადი ბრონქიტები და ფილტვების ანთებაც კი. გარდა ამისა, ასეთი ბავშვებისთვის დამახასიათებელია ფაღარათი, უმიზეზო ტკივილი მუცლის არეში, მუცლის შებერვა და საშარდე გზების დაავადებანი. ბავშვებს, რომელთაც დარღვეული იმუნური სისტემა გააჩნიათ, ნებისმიერი ჭრილობა უჩირქდებათ, დიდხანს არ უხორცდებათ, უჩნდებათ ნახეთქები კანზე.

დაქვეითებული იმუნური სისტემის გამო ადამიანი ხდება გულფიცხი და აგრესიული. ასეთ სიტუაციაში იმუნური სისტემა ენერგიულად რეაგირებს ნივთიერებებზე, კვების ნორმალურ პროდუქტებზეც კი, რომლებიც ამ ადამიანისთვის ხდება ალერგენები. ასე წარმოიქმნება დაავადება, რომელსაც ალერგია ეწოდება.

იმუნიტეტი (როგორც შეძენილი, ისე მემკვიდრეობითი) განიხილება როგორც ორგანიზმის უნარი, განასხვავოს "უცხო მასალა" საკუთარისგან. იმუნიტეტი წარმოიშობა პათოგენებთან კონტაქტის შემდეგ. ამ დროს ორგანიზმი იმუშავებს ანტისხეულებს (სპეციფიკურ ცილებს კონკრეტული პათოგენის წინააღმდეგ), ე.ი. ორგანიზმი თუ არ დაავადდა, მაშინ იგი იმუნიტეტს არ გამოიმუშავებს. როცა იმუნიტეტი გამომუშავდება მოცემული პათოგენის მიმართ, მაშინ ორგანიზმი მისგან არ დაავადდება ან ავადმყოფობას მსუბუქი ფორმით გადაიტანს. ამ პრინციპიდან გამომდინარე, ადამიანზე და ცხოველებზე გამოიყენება ვაქცინაცია, ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ მოცემული დაავადები მიმართ შეუთავსებლობის გამოსამუშავებლად. აცრის გზით, ორგანიზმში, იმუნიტეტის გამომუშავების მექანიზმის ჩასართავად, შეჰყავთ დასუსტებული ან მკვდარი დაავადებათა გამომწვევები.

მცენარეებს, ადამიანისა და ცხოველებისგან განსხვავებით, არ გააჩნია სპეციალური უჯრედები (მსგავსი ჩვენი ლიმფოციტებისა და სხვ.) და ორგანოები, რომლებიც ასეთ უჯრედებს წარმოშობს. სამაგიეროდ, თითოეული უჯრედი შეიცავს ელემენტებს, რომლებიც პასუხისმგებელია იმუნიტეტზე და დაავადების გადამტან აგენტებთან ბრძოლაზე. მაგალითად, თუნდაც ერთ უჯრედში პათოგენური სოკოს შეჭრისთანავე, მცენარე იწყებს სპეციალური ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც სწრაფად ანადგურებს ამ სოკოს, ასეთი ნივთიერებების წარმოსაქმნელად მცენარეს ნიშანს აძლევს თვით ამ სოკოს მიერ გამოყოფილი განსაკუთრებული ნივთიერებები. ეს ნივთიერებები (ანტიგენები) "აბეზღებს აგრესორებს" და მცენარეს ამცნობს მათ შემოჭრას, რის შემდეგად მცენარე იწყებს ბრძოლას.

აღმოჩნდა, რომ ნივთიერებებს, რომლებიც "სასიგნალო" ფუნქციას ასრულებს (აფრთხილებს ორგანიზმს "უცხო არსების" შემოჭრის თაობაზე), მსგავსი ქიმიური ბუნება გააჩნია როგორც ცხოველთა, ისე მცენარეთა დაავადებათა გამომწვევების შემთხვევაში. ამასთან ამ ნივთიერებათაა ზემოქმედება ცხოველთა და მცენარეთა ორგანიზმების ანტიგენური რეაქციის მექანიზმი ერთნაირია. აქედან მომდინარეობს, რომ ცხოველთა და მცენარეთა იმუნური დაცვის მექანიზმში არსებობს მსგავსება.

თუ მეცნიერებამ ადამიანისა და ცხოველებისათვის იმუნიტეტის გამოსამუშავებლად შექმნა ვაქცინაცია, მაშინ რა ვუყოთ მცენარეებს? რას შეუძლია მათთვის ვაქცინის როლის შესრულება? ასეთი რამ ქიმიურ შხამებს არ შეუძლია, რომლებსაც მებაღეები ასხურებენ ხეებს და ამით ერთდროულად ხოცავენ როგორც მავნე, ისე სასარგებლო მიკროორგანიზმებს. ამის გამო დაავადებები, შემცირების ნაცვლად, პირიქით, ძლიერდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქიმიკატების უაზროდ და უკონტროლოდ გამოყენებისას, არ ხდება დოზირების დაცვა, ხოლო პრინციპის "რაც მეტი, მით უკეთესი" მოქმედებით ადამიანმა, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, შექმნა დაავადებათა გამომწვევების ძალიან მდგრადი ფორმები, რომელთაც ვერაფერს აკლებს ყველაზე ძლიერი შხამქიმიკატებიც კი. იგივე ეხება ცხოველთა და ადამიანის დაავადებათა გამომწვევებსაც.

იმუნური სისტემა მოქმედებს პრინციპით: იპოვე და გაანადგურე. იარაღად გამოყენებულია განსაკუთრებული ცილები - იმუნოგლობულინები, ანუ ანტისხეულები და სპეციალური მკვლელი უჯრედები, ამასთან თითოეულ კონკრეტულ ანტისხეულს მიჩენილი ჰყავს განსაკუთრებული ანტისხეულები, ანუ "უჯრედი-ქილერი".

გარდა ამისა, იმუნური სისტემის არსენალში არის თვით ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ზოგიერთი ნივთიერება, რომელიც წინ აღუდგება ნებისმიერ ვირუსს, იქნება ეს გრიპის, წითელას, წითურას თუ ჩუტყვავილას ვირუსი. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერებაა ყველასთვის ცნობილი ინტერფერონი, განსაკუთრებული ცილა, რომელიც იწყებს გამომუშავებას სხეულის მომატებული ტემპერატურის საპასუხოდ. ძლიერი იმუნური სისტემა, მაგალითად, გრიპის ვირუსთთან შეხვედრისას უცებ იწყებს ინტერფერონის საკმაო რაოდენობით გამომუშავებას და 2-3 დღის შემდეგ სურდოს, ხველისა და თავის ტკივილისგან კვალიც კი არ რჩება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძლიერი იმუნური რეაქცია ისევე მავნეა, როგორც სუსტი, რადგან ამ შემთხვევაში იმუნური სისტემა როგორც მტერს, ისე ებრძვის ორგანიზმს, იწვევს რა სხვადასხვა ალერგიებს.

ყველაზე მთავარი მიზეზი ადამიანშია - ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი. თქვენ თუ ეწევით, ეძალებით ალკოჰოლს, მუდმივად გაკლიათ ძილი, ცხოვრობთ გამუდმებული სტრესის პირობებში, ადრე თუ გვიან იმუნური სისტემა დაირღვევა და ორგანიზმში გარდაუვალად შეიჭრებიან დაავადების გამომწვევი ვირუსები და ბაქტერიები.

აღსანიშნავია, რომ პათოგენური მიკრობების მცირე რაოდენობით შეჭრა სასარგებლოა იმუნიტეტისთვის - თითქოს ხდება ორგანიზმის ვაქციანაცია და იმუნური სისტემის გაწვრთნა. ამიტომ თუ გსურთ, რომ ბავშვი ქრონიკულად გაცივებული გყავდეთ, გულმოდგინედ და ხშირად გაასტერილეთ საწოვრები, ჭურჭელი, ბავშვის საცვლები, დღეში მრავალჯერ გარეცხეთ იატაკი, ყოველი ცხვირის დაცემინებისას ბავშვს მიეცით ანტიბიოტიკები, ხოლო ტემპერატურის უმნიშვნელო მომატებისას კი - პარაცეტამოლი. ამის შედეგად ბავშვი გაიზრდება სათბურის ყვავილივით ნაზი, რომლის გაუვარჯიშებელი იმუნური სისტემა უძლური აღმოჩნდება წინ აღუდგეს გარეშე ფაქტორების აგრესიულ იერიშს.

იმუნური სისტემის მუშაობაზე გავლენას ახდენს გარემო. ძალიან ცოტამ თუ იცის, რას სვამს და ჭამს, რას სუნთქავს. აგროქიმიკატები და საკვებიდანამატები, საწარმოების და ტრანსპორტის გამონაბოლქვები, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, მუდმივი ხმაური - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც არღვევს იმუნური სისტემის მუშაობას.

მსოფლიოს ემუქრება კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია ინფექციურ დაავადებათა გავრცელებასთან. კვლავ გამოჩნდა ისეთ დაავადებათა გავრცელების საშიშროება, როგორიცაა შავი ჭირი, დიფტერია, ქოლერა, მალარია, ტუბერკულოზი. ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოვლენილია 30-ზე მეტი დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმი (განსაკუთრებულად საშიში ებოლას ვირუსით დაწყებული, ბავშვებში გავრცელებული დიარეის გამომწვევი ვირუსით დამთავრებული). სიტუაციას ამძიმებს მიკროორგანიზმთა მზარდი მედეგობა. ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკი ნაკლებად ეფექტური ხდება ისეთ გავრცელებულ დაავადებათა წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიცაა რესპირატორული ინფექციები, რაც ბავშვთა სიკვდილიანობის ხშირი მიზეზია.

დაავადების ადრეულ სტადიაზე ანტიბიოტიკებით მკურნალობა იწვევს ანტისხეულების წარმოქმნის დაქვეითებას, რის გამოც ინფექციურ პროცესს თან ახლავს სუსტი იმუნური პასუხი, რომელსაც არ შეუძლია ინფექციის მოქმედების დამოუკიდებლად განეიტრალება. ანტიბიოტიკები არა მარტო მიკრობებზე ზემოქმედებს, არამედ თრგუნავს ორგანიზმის ბუნებრივ ფლორასაც. ეს ფლორა ბუნებრივ პირობებში უვნებელია, ხოლო იმუნიტეტის დარღვევისას კი შეუძლია წყლულოვანი და ნეკროზული პროცესების გამოწვევა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაცობრიობამ უარი თქვას ანტიბიოტიკების გამოყენებაზე. ანტიბიოტიკები, რომლებმაც მილიონობით სიცოცხლე იხსნა, ექიმის ხელში კვლავაც დარჩება მნიშვნელოვან იარაღად პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში. თუმცა, მათი დანიშვნისას უნდა გვახსოვდეს ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს იმუნურ სისტემას. ამიტომ იმუნოსტიმულატორების ფართო არსენალის გამოყენებით მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ეს ზიანი.

ადამიანის დასუსტებულ იმუნურ სისტემაზე არსებით გავლენას ახდენს ზიანის მომტანი შემდეგი ფაქტორები: თავისუფალი რადიკალები, თამბაქოს ბოლი, პესტიციდები, ტრანსპორტის გამონაბოლქვი. ყველა ეს აგენტი არღვევს დნმ-ის სინთეზის პროცესებს იმუნური სისტემის უჯრედებში, გარდა იმისა, რომ ასუსტებს ინფექციებისგან დაცვის უნარს, იწვევს ისეთი ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც ალერგიულია ჩვეულებრივი ნივთიერებების მიმართ, როგორიცაა: ყვავილის მტვერი, ქერტლი, ცხოველთა ბეწვი და ა.შ.

მაღალი იმუნიტეტი ყოველთვის არ არის სასარგებლო. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, დაცვითი სისტემის მაღალი აქტიურობა ზოგჯერ იწვევს ორგანიზმის არსებით დაზიანებას. მაგალითად, პნევმონიის მძაფრი განვითარება გამოწვეულია იმუნური სისტემის მაღალი რეაქტიულობით. ძლიერი იმუნიტეტის მავნებლობის ნათელი მაგალითია შემდეგი ექსპერიმერიმენტი. თაგვები გაყვეს 2 ჯგუფად, ერთს დაუქვეითეს ვირუსსაწინააღმდეგო იმუნიტეტი. შემდეგ ცხოველთა ორივე ჯგუფი დაასნებოვნეს სპეციალური მენინგიტის ვირუსით, რომელიც აზიანებს ტვინის გარსებს. ნორმალური იმუნური სისტემის მქონე თაგვები დაიხოცა 6-8 დღის შემდეგ ტვინის გარსების ქსოვილების მთლიანი დაშლის შედეგად. იმ თაგვებმა კი, რომელთაც დაქვეითებული ჰქონდათ ვირუსსაწინააღმდეგო იმუნიტეტი, სიბერემდე იცოცხლეს, თუმცა მთელი სიცოცხლის მანძილზე მათი ტვინის გარსებში არსებობდა ეს ვირუსი. ასეთი ცხოველები, ვირუსსაწინააღმდეგო იმუნიტეტის აღდგენით, სწრაფად იხოცებოდნენ ტვინის გარსების დაშლის შედეგად.

ამ ექსპერიმენტის ახსნა შემდეგნაირად შეიძლება. ვირუსი იჭრება რა უჯრედში, აიძულებს მის გენომს, იმნაირად იმუშაოს, რომ უჯრედი იწყებს ვირუსების კვლავწარმოქმნას. ამ დროს ასეთი უჯრედის მემბრანაზე წარმოიქმნება განსაკუთრებული სტრუქტურები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოცემულმა უჯრედმა ისე გადააწყო თავის გენომი, რომ გახდა "მოღალატე" უჯრედი და დაიწყო მავნე ვირუსების წარმოება, რომლებმაც დაიწყეს ორგანიზმის ახალ უჯრედებზე დასახლება. ამის საპასუხოდ, ორგანიზმში გამრავლებას იწყებს ლიმფოციტების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც ცნობს შეცვლილ უჯრედებს და ანადგურებს მათ. ექსპერიმენტში ვირუსით დასახლებული იყო ტვინის გარსების ისეთი რაოდენობა, რომ ლიმფოციტებით მათი განადგურება იწვევდა ყველა ქსოვილის დაშლას.

გამოდის, რომ იმუნური სისტემა, რომელიც მოწოდებულია, ორგანიზმი დაიცვას ინფექციისგან და უცხო გენეტიკური ინფორმაციის შეჭრისგან, ზოგჯერ, პირიქით, კლავს მას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იმუნური სისტემის ზეამოცანას წარმოადგენს სახეობის დაცვა, ხოლო ინდივიდის დაცვა - საერთო მიზნის მხოლოდ კერძო შემთხვევას. ამიტომ ორგანიზმი, რომელსაც არ შეუძლია ინფექციასთან სწრაფად რეაგირება და წარმოადგენს საშიშროებას მოცემული სახეობის სხვა წევრებისთვის, თავს ინადგურებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×