ევროპაში ნატოს ალტერნატიული სამხედრო ალიანსის შექმნაზე ალაპარაკდნენ, რომლის წევრებიც ევროკავშირის ქვეყნები იქნებიან. საქართველოში ინიციატივას აშშ-ს არჩევნების გამოძახილად აფასებენ და ამბობენ, რომ ევროპამ დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ - ნატოს დაფინანსების შემცირების თაობაზე, თადარიგის დაჭერა დაიწყო, რათა უეცრად დაუცველი არ აღმოჩნდეს.
თუმცა, სპეციალისტების თქმით ეს იმხელა ფინანსებთანაა დაკავშირებული, რომ ეჭვი ეპარებათ, იდეას ფრთები უახლოეს მომავალში შეესხას. ამიტომ, ევროპის ქვეყნებს ურჩევენ ახალი ალიანსის შექმნის ნაცვლად სახსრები ძველს მოახმარონ.
ევროპული არმიის შექმნის მოწოდებით ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი გამოვიდა. როგორც მან ბერლინში განაცხადა, საჭიროა ევროპული ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების სფეროში, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, საერთო, ევროპული არმიის შექმნას უზრუნველყოფს.
"ამერიკელები პერსპექტივაში, ევროპის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფენ. ამაზე თავად უნდა ვიზრუნოთ. ამიტომ, უნდა ვცადოთ და შევქმნათ ევროპული თავდაცვითი კავშირი, რომლის მიზანიც, სამომავლოდ, ევროპული არმიის შექმნა იქნება", - განაცხადა იუნკერმა ბერლინში სიტყვით გამოსვლის დროს.
აქვე ისიც დასძინა, რომ აღნიშნული გეგმა "ევროპის შეერთებული შტატების" შექმნას არ ისახავს მიზნად და ამიტომ არავის უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს ევროპა ერთიანი სახელმწიფოს შექმნისკენ მიდის.
ამავდროულად "დოიჩე ველე" იტყობინება, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ახალი ევროპული თავდაცვითი კავშირის შექმნის გადაწყვეტილება შესაძლოა, დეკემბერში მიიღონ. გამოცემის ცნობით, ეს მოხდება მომავალი თვის შუა რიცხვებში, ევროკავშირის სამიტის დროს. მომავალ კვირას კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ. როგორც "დოიჩე ველე" წერს, ევროპულ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი უჭერს მხარს. თავის მხრივ, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი მიიჩნევს, რომ ეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროპული არმიის შექმნას უზრუნველყოფს.
ევროპული არმიის შექმნაზე საუბრის პარალელურად ნატოს ხელმძღვანელობა იმაზე ალაპარაკდა, რომ ახლა იმის დრო არ არის, აშშ-მა ნატოზე უარი თქვას და ევროპელი მოკავშირეები უსაფრთხოების გამოწვევების პირისპირ დატოვოს.
"ისტორიის განმავლობაში ჩვენი თაობის უდიდეს გამოწვევებს ვაწყდებით. ახლა არ არის დრო, ეჭვქვეშ დავაყენოთ ევროპასა და ამერიკას შორის პარტნიორობის ფასეულობა. 67 წლის განმავლობაში ეს პარტნიორობა იყო ევროპაში მშვიდობის, თავისუფლებისა და აყვავების საფუძველი. ამან შეგვაძლებინა წარმატებით შეგვეკავებინა საბჭოთა კავშირი და ცივი ომი ბოლომდე მიგვეყვანა.
"ამ მღვრიე პერიოდში გვჭირდება ძლიერი ამერიკული ლიდერობა და გვინდა, რომ ევროპელებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა იტვირთონ. ყველაზე მეტად კი გვჭირდება ევროპასა და ამერიკას შორის პარტნიორობის დაფასების აღიარება.
"უთანხმოებათა გაღრმავების ნაცვლად, უნდა განვავითაროთ ის, რაც გვაერთიანებს და გამოვნახოთ გონიერება და შორსმჭვრეტელობა, რომ ერთად ვიმუშაოთ. მარტო ყოფნა არ არის ევროპისა და ამერიკის ვარიანტი", - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი "გარდიანთან" ინტერვიუში.
ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ევროპელები ცდილობენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ნაკლებად დამოკიდებულები იყვნენ და მათ ეს იდეა აქამდეც ჰქონდათ.
ახლა ამ თემის გააქტიურება კი, მისივე თქმით, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ განაპირობა, რადგან მას წინასაარჩევნო პერიოდში ნათქვამი აქვს, რომ აშშ, რომელიც ნატოს ძირითადად ინახავდა, ამ მიდგომას გადახედავს და ალიანსისათვის ახლა უკვე ნაკლებ თანხებს დახარჯავს.
მეორეს მხრივ, სპეციალისტის თქმით, ევროპული არმიის შექმნა არცთუ ისე მარტივია. ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამ დროს კი, ალადაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ევროპის დიდი ქვეყნები თავიანთი სამხედრო ბიუჯეტისთვის ძალიან მცირე თანხებს იმეტებდნენ. არადა ნატოს მოთხოვნა იყო, რომ თითოეულ ქვეყანას ამისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2% დაეხარჯა.
"მაგრამ ისინი რეალურად 1%-მდე ხარჯავენ. თვით გერმანიაც კი. ამან ამ წლების განმავლობაში ის გამოიწვია, რომ მათი სამხედრო შესაძლებლობები ძალიან შემცირებულია. რეალურად ნატო ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის იმედზეა. როცა ევროპის ქვეყნები თავისი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტისთვის ვერ იმეტებენ მშპ-ს 2 %-ს, მათ მიერ ერთიანი ევროპული არმიის შექმნა ცოტა რთულად წარმოსადგენია.
"ფაქტია, რომ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც დონალდ ტრამპის პოზიციამ და წინასაარჩევნო განცხადებებმა უკვე დააფიქრა, ცდილობენ არ აღმოჩნდნენ ფაქტის წინაშე, რომ მოულოდნელად ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა თავის წილ დანახარჯებს ნატოს ბიუჯეტში შეამცირებს. ამიტომაც ცდილობს ევროპა თავდაცვის სფეროში დამოუკიდებელი იყოს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ძალიან რთულად მისაღწევია, რადგან დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული", - ამბობს იგი.
იდეა აქამდეც რომ გაჟღერებულა, ამას თადარიგის გენერალი ამირან სალუქვაძეც ადასტურებს. ამბობს, რომ იგი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ტრამპი ამერიკის პოლიტიკურ არენაზე არც ჩანდა. თუკი იდეა განვითარებას ჰპოვებს, შექმნის შემთხვევაში, ეს არმია, მისი აზრით, ევროკავშირთან იქნება ასოცირებული.
მას ეჭვი ეპარება, ეს საკითხი ასე მალე გადაწყდეს და ამბობს, რომ პირველ რიგში თავად ევროპას ხელს არ აძლევს ნატოს ამ ფორმით - აშშ-ს ლიდერობით ვერშენარჩუნება.
ფიქრობს, რომ ამ თემაზე ცხარე დებატები წავა და საბოლოო ჯამში ნატო აშშ-ს მოთხოვნებს ევროპის ქვეყნების მხრიდან საკუთარი უსაფრთხოებისათვის მეტი ხარჯის გაღების თაობაზე, დათანხმდება.
"ნატოს ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს. გასაგებია, რომ იქ არიან სხვა დიდი ქვეყნებიც - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვები, მაგრამ სხვა ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტი ბევრად მწირია იმასთან შედარებით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვაზე ხარჯავს.
"არის პრობლემები ტექნიკის განახლების, მზადყოფნის თაობაზე და ა.შ. ეს ყველაფერი სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილია. დონალდ ტრამპის მიდგომა კი ასეთია - თუ ამერიკა ხარჯავს, მაშინ ყველამ დახარჯოს. პრინციპში, მის ამ მიდგომას ვეთანხმები.
"თუ ევროპის ქვეყნებს მხოლოდ ამერიკისგან უნდა თავდაცვის მეტი გარანტიები, თვითონ კი უბრალოდ კარგი ცხოვრება, ასე არ გამოვა. ამერიკამაც უნდა მიიღოს ევროპისაგან რაღაც პრივილეგიები. მოკლედ, აქ პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვითი ინტერესები ერთმანეთშია გადახლართული", - აღნიშნავს სალუქვაძე.
იგი ფიქრობს რომ დისკუსიების შედეგად საქმე ნატოს დაშლამდე არ მივა - "ევროპელებს ახალი არმიის შექმნა ურჩევნიათ ძველი შეინარჩუნონ და ის თანხები, რაც ახალი ბლოკის შესაქმნელად იქნება საჭირო, ძველის მოდერნიზებას მოახმარონ. ხარჯები იმ დონემდე გაზარდონ, რასაც აშშ ითხოვს. ანუ, თავდაცვის ბიუჯეტს მშპ-ს 2 % დაუთმონ," - დასძენს იგი.
მისივე აზრით, მეორე არმიის შექმნას აზრი იმის გამოც ეკარგება, რომ იგი იმავე მოდელის იქნება, როგორიც ნატოა და აბსურდია, რომ ერთი და იგივე ქვეყნების არმიები ერთდროულად ნატოშიც იყვნენ და ევროპის ერთიან არმიაშიც. იგი აცხადებს, რომ ევროკავშირის და ნატოს სტრუქტურები ისედაც საკმაოდ ბიუროკრატიულია და კიდევ ერთი სტრუქტურის დამატება არაეფექტური იქნება.
"მაშინ უნდა გადაწყვიტონ - ან ნატო, ან ევროპის არმია. სხვაგვარად ვერ იქნება, უაზრობა გამოდის. ყველა სახელმწიფოს თავისი არმია ჰყავს, სამხედრო-პოლიტიკურ ამოცანებს წყვეტენ, პლუს სამხედრო კოლექტიურ ბლოკში არიან გაერთიანებულები და ახლა კიდევ სხვა სამხედრო ბლოკში უნდა გაერთიანდნენ?
"ამ იდეებს ჯობია ამერიკასთან უფრო კონსტრუქციული დიალოგი გამართონ, ურთიერთინტერესები გაითვალისწინონ, დათმობებზე წავიდნენ და ის შეინარჩუნონ, რაც უკვე ნახევარი საუკუნეა არსებობს", - დასძენს სალუქვაძე.