ვახტანგ გორგასლის მეფობამ გამორჩეული კვალი დააჩნია ქართული სახელმწიფოს განვითარების პროცესს. სწორედ მისი მმართველობისას - ქ ს-ის || ნახევარში გადაწყდა, რომ საქართველოს გეზი დასავლურ ორიენტაციაზე აეღო. ქრისტიანობა გახდა ის ფუნდამენტი, რომელსაც მომდევნო პერიოდის საქართველოს განვითარება დაეფუძვნა როგორც იდეოლოგიური, ისე კულტურული თვალსაზრისით.
ეს ხდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ტრადიციული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. ბიზანტია და სასანიდური ირანი მსოფლიო ბატონობისთვის იბრძვიან, მათთვის მიუღებელია სხვა - მესამე ძალის აღზევება, ამიტომაც ცდილობენ საქართველო თავიანთი ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ.
ვახტანგ გორგასალის, როგორც პიროვნებისა და პოლიტიკოსის სიდიადე სწორედ აქ ჩნდება - ის ახერხებს ურთულეს სახიფათო პოლიტიკურ თამაშებში აჰყვეს ბიზანტიასაც და ირანსაც, თან ისე, რომ მუდმივად საქართველოს ინტერესების დამცველი იყოს.
რა პოლიტიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალი მეფობის პირველივე დღიდან დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. 15 წლის ჭაბუკს უამრავი პრობლემა ჰქონდა გადასაჭრელი - ჩრდილო კავკასიაში ოსების თავნებობისთვის უნდა მიეხედა, პირველ რიგში კავკასიის უღელტეხილები უნდა ჩაეკეტა, რათა იქიდან მომთაბარე ჰუნები არ გადმოსულიყვნენ, ამასთან, იმ ინტრიგებს უნდა გამკლავებოდა, რომელსაც სპარსელები ხლართავდნენ.
ეს არ იყო იოლი საქმე - სასანიდებს ხომ ამ დროს საკმაოდ მყარი დასაყრდენი გააჩნდათ ქართლში მამულის მემკვიდრეობით მიღების მსურველი აზნაურებისა და ქართული ეკლესიის გარკვეული ნაწილის სახით.
ამ ფონზე თითქოს უმტკივნეულოდ ჩანს ის დაპირისპირება, რაც გორგასალის დროინდელ ქართლს ბიზანტიასთან გააჩნდა. არადა, ეს ასე არ იყო - მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ გორგასალმა საკმაოდ მყარი პოლიტიკური ორიენტირი აიღო ქრისტიანობაზე, ბიზანტიური იმპერიული ამბიციები ვერ ურიგდებოდა პირველობის დაკარგვას და ქართულ დამოუკიდებელ პოლიტიკას.
როგორ "აბერძნებდა" ბიზანტია მიტაცებულ ქართულ ტერიტორიებს
ბიზანტიამ ჯერ კიდევ |ქ საუკუნის ბოლოს მიიტაცა ქართული სახელმწიფოს სამხრეთის ტერიტორიების დიდი ნაწილი და უშუალოდ მიუერთა იმპერიას, ამასაც არ დასჯერდა და ქ საუკუნის | ნახევარში დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილსაც დაეუფლა.
მთავარი საფრთხე კი ის იყო, რომ ირანელებისგან განსხვავებით, რომელნიც იმ ეტაპზე ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას ხელხელუხლებელს ტოვებდნენ და მხოლოდ ხარკს ითხოვდნენ, ბიზანტია ოკუპირებულ ტერიტორიაზე აუქმებდა ქართულ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს.
ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეულად აისახა "ქართლის ცხოვრებაში", სადაც მინიშნებულია, რომ ბიზანტიელების მიერ დასავლეთ საქართველოს დაუფლებას მთელ საქართველოში დიდი წუხილი და გლოვა მოჰყვა. ხდებოდა მიტაცებული ქართული მიწების გაბერძნება.
საგულისხმო კი ის გახლდათ, რომ ქართველები სპარსელებს სარწმუნოებივად უპირისპირდებოდნენ, ბერძნული ასიმილაციისგან კი მათ არაფერი იცავდა.
როგორ დაიბრუნა ვახტანგ გორგასალმა აფხაზეთის ნაწილი
ვახტანგმა ირანელთა დახმარებით დაიბრუნა აფხაზეთის ნაწილი. დიდძალი ალაფიც იგდო ხელთ, ნაწილი საჩუქრების სახით გაუგზავნა თავის ბიძას, რანის მთავარს, ვარაზ-ბაკურს, რომელმაც სამხედრო ნაწილები მიაშველა ვახტანგს - ათასი მონა, ორი ათასი ცხენი. არ დავიწყნია გორგასალს მადლიერების გამოხატვა თავისი იმდროინდელ მოკავშირის, სპარსეთის შაჰის ჰორმიზდ |||-სადმი - ათი ათასი მონა, ოცი ათასი ცხენი გაუგზავნა მას.
ძღვენი სპარსეთში ბინქარან მოგვმა ჩაიტანა და შაჰ ჰორმიზდს ვახტანგის დანაბარები გადასცა - ქართლის 19 წლის მეფე შაჰს ასულის ხელს სთხოვდა. ასე გახდა სპარსი ბალენდუხტი იბერიის სამეფოს დედოფლი. მას მზითვად მოჰყვა სომხითი და კავკასიის მეფეების სუზერენობა - ათი მეფის მეფობა.
ეს იყო ორმხრივ სასურველი დიპლომატიური გარიგება - ბუნებრივია, ამ პოლიტიკური სვლით ვახტანგმა კავკასიაში განიმტკიცა საკუთარი პოლიტიკა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო შემდგომი საქმიანობისათვის.
ვახტანგის მოკავშირეობა სასარგებლო იყო სასანიანთა ირანისათვისაც, რამდენადაც ჰორმიზდს ამ გზით სურდა თავისი პოზიციების განმტკიცება კავკასიაში, რაც თავისთავად აქ გამავალი სავაჭრო გზის კონტროლსა და დიდ ფინანსურ შემოსავალს გულისხმობდა.
თავის მხრივ, ვახტანგსაც არ ეხატა გულზე რომეები, მას საბოლოოდ უნდა მოეთოკა ბიზანტიელთა პრეტენზიები დასავლეთ საქართველოზე.
ამბავი ქართველთა ბიზანტიური ლაშქრობისა
დამოყვრების შემდეგ ჰორმიზდისაგან მორიგმა პოლიტიკურმა შემოთავაზებამ არ დაახანა - სასანიდი შაჰი ვახტანგს ბიზანტიელებზე ერთობლივ ლაშქრობისაკენ მოუწოდებდა. ეს იყო უაღრესად ხელსაყრელი ვითარება, რომელიც ვახტანგს თავისი ქვეყნის სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა. მას როგორც პოლიტიკოსს, ბედმა გაუღიმა - ირანელთა მიზნები ქართველთა პოლიტიკურ მიზნებს დაემთხვა.
ვახტანგმაც, როგორც გამჭრიახმა პოლიტიკოსმა, საკმაოდ კარგად გამოიყენა ორი უდიდესი სახელმწიფოს დაპირისპირება. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, ორასი ათასი მეომარი შეკრიბა ვახტანგმა. ბუნებრივია ეს ციფრი, გადაჭარბებულია, თუმცა, ლაშქარი რომ სოლიდური გახლდათ, ამას მონაწილეთა მრავალფეროვნებაც მიანიშნებს.
ამ ლაშქრობაში მონაწილეობას იღებს ყველა კავკასიელი მეფე, ესეც ბუნებრივია - ვახტანგი ხომ კავკასიის "ათი მეფის მეფეა". ქართლის მეფეს მხარს უმშვენებს დედის ძმა, ვარაზ ბაკური, რანის მმართველი, მათ ლაშქარს გზად სომხეთის ერისთავები შეუერთდნენ. მემატიანე მათ ვინაობასაც ასახელებს - ამაზასპ ტაროვანელი, ჯუანშერ ასფურაგნელი, თრდატ მეფის შთამომავალი თრდატი, არევ სივნელი.
ასე მიადგნენ კავკასიელნი კარახპოლას, მერმინდელ კარნუ-ქალაქს, ამჟამინდელ არზრუმს. ძნელი გამოდგა ქალაქის აღება, რომელსაც სამი მაღალი გალავნი ერტყა და კარგად იყო დაცული.
როგორ შეაჩერა ვახტანგმა სპარსელების მიერ ქრისტიანთა მასობრივი ჟლეტვა
გორგასალმა შეაფასა სიტუაცია და მიხვდა, რომ აქ არ ღირდა ქალაქის აღებაზე ძალების დახარჯვა. მთავარი გათვლა ის იყო, რომ ალყაში მოქცეული ქალაქი ვერ გაძლებდა დიდხანს, ამიტომაც მხოლოდ ორი ერისთავი დატოვა ადგილზე 12 000 ჯარით და პონტოსკენ გააგრძელა გზა. პონტოსკენ მიმავალ გზაზე კავკასიელთა ლაშქარი ტრიუმფით მიიწევს. სულ მალე ბიზანტიას პონტოს ნაპირზე ტრაპიზონსა და სინოპს უტევს, სამი თვე ალყაშია ეს ტერიტორია.
აშკარაა ბიზანტია ვერ გაუმკლავდება ამ შეტევას. ეს ის პერიოდია, რომეების იმპერია საკმაოდ დიდ სირთულეებს რომ განიცდის - ჰუნების შემოსევები მათ მართლაც რომ "ღვთის რისხვად" მოევლინა. არ იყო იოლი ასეთი არაპროგნოზირებადი და ბარბაროსული ძალის წინააღმდეგ გამოსვლა.
ამ დროს კავკასიელთა ლაშქარში ირანელებიც არიან, ბუნებრივია მათ თავიანთი გათვლები აქვთ, ბოლომდე სურთ დასუსტებული ბიზანტიის დასამარება, ეს კი ვახტანგ გორგასალს არ აწყობს, ამიტომაც ის უპირისპირდება სასანიდების უსასტიკეს ქმედებებს. სპარსები განსაკუთრებული შეუწყნარებლობით ქრისტიანი სასულიერო პირებისადმი გამოირჩევიან - მათ მასობრივად კლავენ.
ვახტანგს აქვს იმის ძალა, რომ შეაჩეროს ასეთი ბარბაროსობა - ის კატეგორიულად მოითხოვს არ მოკლან ქრისტიანი მღვდელთმსახურები და ტყვედ აიყვანონ მხოლოდ.
როგორ დაუახლოვდა ვახტანგი პეტრე მღვდელსა და სამოელ ბერს
ვახტანგის მოთხოვნას ვერ შეეწინააღმდეგნენ ირანელები, ამან კი შედეგად მოიტანა ის, რომ ქართლის მეფის მიერ გაგზავნილმა ქადაგებმა გადასცეს ბიზანტიელ მღვდელთმსახურებს ვახტანგის ბრძანება უშიშრად გამოსულიყვნენ სამალავიდან. მათ გორგასალი უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა.
ასე გაათავისუფლა ყველა ქრისტიანი ღვთისმსახური ვახტანგმა. გათავისუფლებულთა შორის იყვნენ პეტრე მღვდელი და სამოელ ბერი. სწორედ მათ ითავეს ყოფილ ტყვეთა სახელით ვახტანგისათვის მადლობის გადახდა. საინტერესო საუბარიც შედგა, რასაც მოჰყვა ვახტანგის მორიგი წყალობა - მან მოისურვა თავად გადაეცა ყოფილი ტყვეებისათვის საჩუქრები - უძლურებსა და მოხუცებს სახედრები უბოძა, ახალგაზრდებს კი სამ-სამი დრაჰკანი.
ვახტანგისათვის საქციელი უქიათ პეტრე მღვდელსა და სამოელ ბერს, მათი მორიგი საუბარიც ამის შემდეგ გამართულა - მეფეს სავახშმოდ მიუწვევია მღვდელთმსახურები. სწორედ აქ შეჰკადრეს გორგასალს თურმე საყვედური იმის გამო რომ ქართველები ერთმორწმუნე ბერძნების წინააღმდეგ იბრძვიან ურჯულო ირანელების მხარდამხარ. რჩევაც მიუციათ ახალგაზრდა მეფისთვის - ბიზანტიელთა მხარეს გადასულიყო.
ბუნებრივია, ბიზანტიელთა მოკავშირეობა იყო ქართველთა შემდგომი პერსპექტივა, თუმცა ამჯერად ვახტანგს სულ სხვა პრაგმატული მიზნები გააჩნდა - ბიზანტიელებისაგან უნდა გაეთავისუფლებინა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები და აფხაზეთის ნაწილი. მას ცალსახად ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა დაეცვა, რომელსაც უგულვებელყოფდა ერთმორწმუნე ბიზანტია.
რა ულტიმატუმი წაუყენეს ქართველებმა ბიზანტიელებს
იმისათვის, რომ ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლაზე ხელი აეღო, რომეებს უნდა გაეთავისუფლებინათ ქართული მიწები, ამასთან ბიზანტიის იმპერატორს ქართლის მეფე თავის თანასწორად უნდა ეღიარებინა.
ბიზანტიის ეკლესიას უნდა ეღიარებინა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა. საგულისხმოა, რომ ვახტანგმა ბიზანტიელებთან დასაახლოვებლად სწორედ ის ხერხი გამოიყენა, რომლის საშუალებითაც თავის დროზე ირანთან დაახლოვება შესძლო. ეს ის პერიოდია, როცა მეფე დაქვრივებულია, ამდენად ის სთავაზობს იმპერატორს დამოყვრებას - ქალიშვილის ხელს.
სწორედ ეს წინადადებები უნდა მიეტანა იმპერატორ ლეონ |-ისათვის პეტრე მღვდელს. თავის მხრივ, ვახტანგი გრძნობს, რომ უნდა აუხსნას თავისი პოზიცია თანამებრძოლებს, უპირველესად ბიძამისს, რანის მმართველს. აშკარა იყო ბიზანტიის არმიის სიმრავლე, მათი მუხანათობა, რასაც თვით სასანიდების არმიამაც კი ვერ გაუძლო.
ამიტომაც გადაწყდა ხუთი დღის სავალზე დაეხიათ კავკასიელებს ტრაპიზონისაკენ, რომელიც ალყაში იყო მოქცეული. ტრაპიზონის მოქალაქეებმა მადლიერების განცდა არ დამალეს, იცოდნენ ვახტანგის შემწყნარებლობის შესახებ და ალყის მოხსნისა და თავისუფლების სანაცვლოდ ძღვნად ათასი ლიტრა ოქრო და ხუთასი თავი სტავრა - ოქრომკედით ნაქსოვი ქსოვილი გაუგზავნეს.
როგორ დაუზავდა ერთმორწმუნე ბიზანტია საქართველოს
პეტრე მღვდელის აუდენციამ იმპერატორ ლეონ |-ს სულზე მოუსწრო. მას თავის მხრივ ძალიან აშინებდა კავკასიელთა წინსვლა ბიზანტიის ტერიტორიაზე, ამდენად დიდი სიხარულით შეხვდა ვახტანგის მხრიდან დაზავების წინადადებას. საგულისხმოა ისიც, რომ თავად ლეონ |-იც აპირებდა ზავის დადების წინადადებით მიემართა ვახტანგ გორგასლისათვის.
ყველაფერი კი დასრულდა იმით, რომ მადლიერი ბიზანტიის იმპერატორი მცირე დაცვის თანხლებით შეხვდა ქართველ მეფეს და იქ გადაწყვეტილა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე - ტყვეების გათავისუფლება. ჯუანშერი ტყვეთა საკმაოდ დიდი რიცხვს 780 000 ადამიანს მიანიშნებს, რაც სავარაუდოდ, ორივე მხარეზე აყვანილ ტყვეების რაოდენობა უნდა იყოს.
ეს ამბავი 463/464 წლებში ხდება - ამ დროს ქართველთა ხელისუფალი 22 წლისაა. სწორედ ამ ასაკში გადაჭრა ბიზანტიასთან ურთულესი პრობლემა. წინ კიდევ უფრო მძიმე ბარიერია დასაძლევი - ირანელთა აგრესია ხომ სულ მალე საქართველოს განსაკუთრებულ რისხვად მოევლინება...