ქართული ხალხური რეწვის ისტორიაზე ბევრი დაწერილა და შემდგომშიც ბევრი დაიწერება, თუმცა დღევანდელ სტატიაში მკითხველს ერთ საინტერესო ცნობას მივაწვდით ქართული ხალხური რეწვის ისტორიიდან.
როგორც ისტორიკოსი მარინე ცინცაბაძე ამბობს, 2003 წელს იმერეთში, საჩხერის რაიონში, ძოძუანის გამოქვაბულში აღმოჩენილი იქნა ძვ.წ. 35 000 წლით დათარიღებული ძაფის ნართი, რომელიც მსოფლიოში უძველესია.
მარინე ცინცაბაძე: "საქართველოში ხალხური რეწვის საწყისებს ასახელებენ ნეოლითის პერიოდიდან. 2003 წელს იმერეთში, საჩხერის რაიონში, ძოძუანის გამოქვაბულში აღმოჩენილი იქნა ძვ.წ. 35 000 წლით დათარიღებული ძაფის ნართი, რომელიც მსოფლიოში უძველესია.
რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს გარკვეულ წინამძღვრებს, სანამ ადამიანი მივიდოდა მცენარის ან ცხოველის ბეწვისაგან მის ძაფად გამოყენებამდე, ხოლო შემდგომ შექმნიდა თვით ნართს.
საქართველოს ტერიტორიაზე კუდიანი ცხვრის ჯიშის არსებობა განაპირობებდა მისი ბეწვისაგან წმინდა შალის ნართის მიღებას, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში მირინოსის ძაფის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშად.
როგორც არქეოლოგიური მასალებიდან ირკვევა, ძვ.წ. მესამე და მეორე ათასწლეულების ფარგლებში სელისა და ბამბის ძაფის ნართის ხშირი მოხმარების, ხოლო ბრინჯაოს ხანიდან, ძვ. წ. მესამე ათასწლეულიდან ჯვარედინა ქარგვის ტრადიცია ყოფილა.
საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა ხალხური რეწვისათვის საჭირო ხელსაწყოები: ფიჭვნარში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა ძვ. წ. მეორე და პირველი ათასწლეულებით დათარიღებული კვირისთავი - ძაფის დასართველი; ასევე ჰორიზონტალური ფორმის საქსოვი დაზგა.
ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია ქართულ კულტურაში ხალხური რეწვის ტრადიციის გათვალისწინების თვალსაზრისით, რომელიც კლიმატის ცვალებადობასთან დაკავშირებით გულისხმობს უძველეს ათასწლეულებში შესამოსელისათვის სხვადასხვა სახის მასალის გამოყენებას.
ქართველთა ჩაცმულობის შესახებ წერენ ბერძნული წყაროები, სადაც საუბარია ძვ.წ. მეორე ათასწლებულში კოლხეთის მეფის, აიეტისა და მისი ქალიშვილის, მედეას ჩაცმულობის, ასევე კოლხ დიდებულთა შესამოსელის შესახებ".