მოსაზრება
03.11.2016

 გიორგი ლაბაძე

არჩევნებზე მისულმა საქართველოს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა, 30 ოქტომბერს "ქართული ოცნებისთვის" კონსტიტუციური უმრავლესობის მიკუთვნებას დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ, ბევრგან შეხვდებით მოსაზრებებს ხელისუფლების წარმომადგენელთა და ექსპერტთაგან იმის შესახებ, თუ რა იქნება პირველი ნაბიჯი ერთი პარტიის მიერ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების შემდეგ. ეს პირველი ნაბიჯი პირველ რიგში პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებული საკითხებია.

გაზეთ "რეზონანსის" 26 ოქტომბრის ნომერში ერთ-ერთი ძალიან კვალიფიციური ექსპერტის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული რთული პროცედურა უნდა გადაიხედოს, რაზეც მსურს ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო.

უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტი არ განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, შესაბამისად რთულია მოიძებნოს მის მიერ დაშვებული შეცდომა და მიზეზი იმისა, რის გამოც იგი უნდა იქნეს თანამდებობიდან გადაყენებული პარლამენტის მიერ, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისა, რის გამოც ისედაც ემუქრება მას იმპიჩმენტი.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის გამარტივება, ამ შემთხვევაში დაემსგავსება ნეიტრალური არბიტრის თავიდან მოშორებას, რაც აუცილებლად მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებში შეიძლება იყოს და არა ხალხის. ხალხის მიერ პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტი უნდა წარმოადგენდეს "ამომრჩევლის მახვილს" საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ.

ვფიქრობ, თუ რომელიმე ინსტუტიციის მიმართ ნდობის გამოუცხადებლობის გამარტივება უნდა მოხდეს, ეს არის საქართველოს მთავრობა, რადგან მთავრობის გადაყენება მის მიერ კონსტიტუციური პრეროგატივის შეუსრულებლობის ან ძირითადი პოლიტიკისგან აცდენის შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად, აუცილებლად უნდა იქნეს შემუშავებული კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის შეცვლის მიზნით.

იქიდან გამომდინარე, რომ არ ვეთანხმებით იმპიჩმენტის პროცედურის გამარტივებას, ასევე მიუღებელია ხალხის მიერ პრეზიდენტის ინსტიტუტის პირდაპირი საარჩევნო უფლებით არჩევის გაუქმებაც. ამას უპირისპირდება მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ბევრ საპარლამენტო რესპუბლიკაში აირჩევა პრეზიდენტი პარლამენტის მიერ და მაგალითად ხშირად მოჰყავთ გერმანია, რომლის გავლენაც საქართველოს კანონმდებლობაში ნამდვილად იგრძნობა.

გერმანიის ბუნდესთაგში (ქვედა პალატა) სულ 630 მანდატია. აქედან მხოლოდ 311-ს ფლობენ დღევანდელი მდგომარეობით ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატები. აქედან გამომდინარე, ძალაუფლების პარლამენტის მიერ უზურპაციის საფრთხე იქ არ არის და სავარაუდოდ არც არასდროს იქნება, რადგან გერმანიაში რომ კონსტიტუციური უმრავლესობა შეიქმნას, ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა სულ ცოტა 420 ხმა უნდა მოიპოვოს პარლამენტში.

რაც შეეხება საქართველოს, აქ კონსტიტუციური უმრავლესობის არსებობა პარლამენტარიზმზე გადასვლის პირობებში, რაც ფაქტობრივად პირდაპირ მოხდება პრეზიდენტის პირდაპირ არჩევითობის გაუქმების შემთხვევაში, აუცილებლად დააყენებს ხელისუფლების უზურპაციის საფრთხეს. შესაბამისად, კონსტიტუციური უმრავლესობის პირობებში პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა ირიბად მიანიშნებს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებაზე.

ბევრს ასევე მოჰყავს მაგალითი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში უკვე არსებობდა კონსტიტუციური უმრავლესობა და გაკვირვებას გამოხატავენ თუ რატომ შეიძლება იყოს იგი სახიფათო დღეისთვის. ამაზე პასუხი ასეთია: პირველი - იმ დროისთვის სახელმწიფო ნახევრად საპრეზიდენტო იყო და პარლამენტის როლი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში იმდენად დიდი არ იყო, როგორიც დღეს და მეორე - სწორედ იმდროინდელი კონსტიტუციური უმრავლესობის ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამდენად აქტიურად აპელირებს კონსტიტუციურ ხარვეზებზე, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის პერიოდში იქნა შემოღებული და მათი ეს აპელირება უსაფუძვლო სულაც არ არის.

ამ და სხვა ფაქტებიდან გამომდინარე მიუღებელია პრეზიდენტის როლის დაკნინება და მისი კონსტიტუციური სტატუსის შეცვლა ან სხვა უფლებამოსილებების ჩამორთმევა.

დასკვნისთვის უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, რომ რაღაც დონეზე მაინც მოირგოს საკუთარ თავზე კონსტიტუცია. ხოლო დემოკრატიის არსებობა სახელმწიფოებში სწორედ იმით განისაზღვრება თუ რამდენად ნაკლებადაა მორგებული კონსტიტუცია პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე და რამდენად შეესაბამება იგი ხალხის ნებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×