მოსაზრება
02.11.2016

სად გვახსენდებიან და სად ვივიწყებთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს?! ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვახსოვს ისინი მაშინ, როცა არჩევნებისათვის ქვეყნის ბიუჯეტს ვიმეტებთ! როცა ფეშენებელურ სახლებსა და აგარაკებში მილიონობით დოლარს ვხარჯავთ! როცა საბანკო ანგარიშებზე თანხებს ვეღარ ვატევთ!

როცა მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში ვისვენებთ და კოლოსალურ თანხებს ვყრით! როცა ვიპ-რესტორნებში საზეიმოდ გამართულ სუფრებზე ათასობით დოლარს ჰაერში გასროლილ ფეიერვერკებს ვატანთ! ჩვენ არც მაშინ გვახსოვს ისინი, როცა ერთმანეთს უძვირფასესი ავტომობილების შეძენაში ვეჯიბრებით!

დაბოლოს, ადამიანებს გვავიწყდება, რომ ისინიც ადამიანები არიან!!!

ქვეყანაში, სადაც მილიონერები ერთმანეთს მილიონების შოვნაში ეჯიბრებიან, გაჭირვებულები ყოველ გათენებულ დღესთან, სიცოცხლის გაგრძელებისთვის იბრძვიან! იბრძვიან რწმენით ერთით, იმედითა და ღმერთით! რად გვინდა ქართველებს ამხელა პრეზიდენტის, მთავრობის ანდაც პარლამენტის სასახლეები?

ყველა ქართველმა ერთად ავაშენოთ ერთი დიდი სასახლე იმ გაჭირვებული ქართველებისთვის, რომლებსაც სახლი არ გააჩნიათ და ეს იქნება ჩვენი ადამიანობის სასახლე!

დღეს საქართველოში უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს და ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ უმძიმესი სურათია! მათ არ გააჩნიათ სახლი, ისინი წლების მანძილზე ცხოვრობენ ღია ცის ქვეშ ქუჩებში და გაუსაძლის პირობებში უწევთ არსებობა: აწვიმთ, ათოვთ, არ გააჩნიათ საკვები, ელემენტარული ტანსაცმელიც კი, ასევე ბევრ მათგანს აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები!

ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, თუ რა რისკის ფასად უწევთ ქალაქში არსებულ საგიჟეთის გზაჯვარედინებზე პურის ფულის საშოვნად გამოსულ 4-5 წლის ბავშვებს მუშაობა, რომელთა დღის აზრიც შუქნიშანზე არსებული სამი ფერისაგან შედგება! ან თუ როგორ იმწყვდევენ თავს მეტროსადგურების ლაბირინთებში მოხუცებულები იმისათვის, რომ იარსებონ და დარჩენილი სიცოცხლე წვალებაში გაატარონ, თუ ამას სიცოცხლე ჰქვია! კიდევ უფრო მძიმეა ეს სურათი ქალაქში არსებულ სკვერებსა და ბაღებში, რესტორნებთან, სკოლებთან.

მიუხედავად საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ჩვენს ქვეყანას მაინც უჭირს, რადგან ჩვენთან ერთად ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ შველა. ამ ადამიანებს მარტო გროშებით სავსე ხელებით გვერდში ვერ დავუდგებით, ვერც სახელმწიფო მოერევა ამ პრობლემას ერთჯერადი დახმარებით, უფასო სასადილოებით და ასე შემდეგ... ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ვერ ვიქნებით მდიდრები ერთ ქვეყანაში ჩვენს გაჭირვებულ და ძმასთან ერთად და თუ ვიქნებით ვერასოდეს იქნება ჩვენი სამშობლო ჩვენი შემყურე ბედნიერი!

ამ საკითხს დღეს სასწრაფოდ სჭირდება ფუნდამენტალურად მიდგომა, შესწავლა, და მოგვარება, რათა შევძლოთ გაჭირვების დამარცხება!

გოგიტა ჯვებენავა, მხატვარი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×