გიორგი ნოზაძე, დაწყებითი განათლების პროექტის მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მეცნიერებათა დოქტორი
ეძღვნება ბატონ მერაბ მამარდაშვილს
კონსტიტუცია ის დოკუმენტია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის საზოგადოებრივ თუ სახელმწიფოებრივ სულისკვეთებას, მისწრაფებებსა და მოწყობას ასახავს და აყალიბებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ერის სულიერი ცხოვრებისა და მისი ნაყოფების კონსტიტუცია ანუ დოკუმენტი, რომელიც ასახავს ეროვნული სულიერების რეალობებს და ეროვნული სულიერების განვითარების პერსპექტივებს, იძლევა მათი განხორციელების შესაძლებლობებსა და მექანიზმებს.
ირკვევა, რომ ხელისუფლების წყარო - ხალხი - ან არ არის ინფორმირებული და ილუზიებშია ხელისუფლების განაწილების რეალური სურათის თაობაზე, ან შეგნებულად დათმობილი და გადაბარებული აქვს ხელისუფლება პასუხისმგებლობასთან ერთად, ან საერთოდ არ ანაღვლებს არსებული მდგომარეობა. სახელმწიფო სტრუქტურებში ხალხის წარმომადგენლებსაც ეს უნდათ - ხალხნო, ოღონდ თქვენ ნუ შეწუხდებით, იპარაზიტეთ, თქვენს ხელისუფლებას სულ ჩვენ განვახორციელებთო.
უზურპაციასა და პარაზიტიზმს შორის ამ ბოროტ გარიგებას ასახავს საქართველოს კონსტიტუცია და სწორედ ამიტომ არის იგი მახინჯი, სიმახინჯის დამცველი და დამაკანონებელი.
ხალხსა და მის არჩეულ წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების განაწილების თვალსაზრისით კონსტიტუცია დაუბალანსებელია, წინააღმდეგობრივია, ანტიხალხურია. იგი წაახალისებს ადამიანების მდაბალ ძალადობრივ და თაღლითურ ინსტინქტებს, მანიაკურ მიდრეკილებას შეუზღუდავი ძალაუფლებისკენ, წარმომადგენელთა დიქტატურას და ტირანიას ხალხზე: ხალხში ჩაბუდებულ ზოგიერთ "გამბედავ ვაჟკაცს" აწყობს აღწერილი ვითარება იმიტომ, რომ შანსი ეძლევათ, რაწამს დროს იხელთებენ, თვითონ მოევლინონ ხალხს მისი ხელისუფლების უზურპატორად, რადგან კონსტიტუცია ხელს უწყობს ამგვარ ქმედებას, ხოლო დეპუტატები და მთავრობები ნიმუშს უჩვენებენ.
ცხადია, რომ ამ სახით კონსტიტუცია ვერ ემსახურება ხალხის ვერც სულიერ და ვერც სახელმწიფოებრივ განვითარებას და დაუყოვნებლივ გაუმჯობესებას საჭიროებს.
სულიერ პარაზიტობას საფუძვლად უდევს საკუთარი თავისადმი უპატივცემულობა! ამიტომ თუ ხალხი არ დაკავდება მხოლოდ იმით, რომ გაარკვიოს, ვისი თავისუფალი ნების გამოვლინება ახდენს მის ცხოვრებაზე ზეგავლენას და თვითონაც გამოხატავს აზროვნებითა და მოქმედებით წარმოჩენილ საკუთარ თავისუფალ ნებას, ამით ის გადაურჩება უპასუხისმგებლობას ანუ საკუთარი სულის არათავისუფალ მდგომარეობაში "გაქვავებას".
სახელმწიფომ (ამ შემთხვევაში იგულისხმება მმართველობის აპარატი) ნეგატიური როლი უფრო შეასრულა და საერთოდ რკინაბეტონის მანტიით შემოსა ხალხის განუვითარებელი თუ უკვე გაქვავებული სულიერი სტრუქტურები და მახინჯი წარმონაქმნები, გასაქანი აღარ მისცა ხალხის თვითგანვითარებად ჯანსაღ საწყისებს, წინ წამოსწია მათი მენტალობის სისუსტეები და მდაბალი ინსტინქტები, წაახალისა და დაეყრდნო ამ სისუსტეებს საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად.
ქვეყანაში ჩამოყალიბდა ვითარება, როდესაც განვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ მიმართულებით ხდება, რამდენადაც ჩვენი სახელმწიფო იძულებულია, დაექვემდებაროს დასავლეთელი პარტნიორების მოთხოვნებს. სამწუხაროდ, არც ეს მოთხოვნებია ყოველთვის ადეკვატური (და ამიტომ მისაღები და რეალიზებადი) და არც "გულუბრყვილოდ" მიღებული მეგობრული დახმარება ხორციელდება უანგაროდ და იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი თუ ფინანსურ-გეოპოლიტიკური ხარკის გადახდის გარეშე.
ჩვენ აქტივობისკენ მოვუწოდებთ საკუთარ თავსაც და ჩვენს თანამემამულეებსაც, რათა არავინ დარჩეს "ნეტარი იდიოტის", "უხერხემლო ინტელიგენტის", "ბედოვლათის" ან სხვა ტიპის "უწყინარი ბეჩავის" მდგომარეობაში. ამასთანავე უკლებლივ ყველამ, ვინც ამ გზას დაადგება, უნდა გაითავისოს, რომ უღირსი და უნაყოფოა ნებისმიერი ჯურის ფანატიზმი, რადიკალიზმი და ექსტრემიზმი, რომელიც ადამიანებს რევოლუციებისკენ უბიძგებს. ერის სულიერი სხეული მხოლოდ ხანგრძლივი, მიზანდასახული, საკუთარი თავის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ვარჯიშით მიიღებს სასურველ, ბუნებრივ, მისეულ, განუმეორებელ სახეს.
ამისათვის კი ამ სხეულის მატარებლებმა (საქართველოს მოსახლეობამ) არ უნდა დაიხშოს სმენა მასმედიისა და გასართობი ინდუსტრიის რეპროდუქტორებიდან წამოსული იმ ხმაურით, რომლის ერთადერთი დანიშნულებაა პირადი ან კლანური ხეირი, ძალაუფლების მფლობელთა მანიპულაცია მასების ცნობიერებაზე.
არ გამოდგება სულსწრაფობისა და მოუთმენლობის არანაირი გამოვლინება, მზად მორთმეულის არანაირი ბავშვური მოლოდინი, ძალადობით პროცესების დაჩქარების ან უცხოური გამოცდილების ხელოვნურად, მექანიკურად თავს მოხვევის არანაირი ფორმა. გამოცდილება მხოლოდ პირადია, თვით ამ გამოცდილების დამგროვებლის მიერ მოპოვებული და ჩაწნეხილი ერის კოლექტიურ არაცნობიერში თუ სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ინტუიციაში. პოლიტიკური კულტურაც მხოლოდ იმავე გზით მოიპოვება და გროვდება, მას ვერ შევიძენთ ვერავისგან - ვერც მტრისგან და ვერც მოყვარისგან.
დემოკრატიაც და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ძლიერი სახელმწიფოც - თუკი ეს მართლა გვსურს - ჩვენშივე უნდა გამოვზარდოთ ჩვენივე ნიადაგზე და ჩვენ თვითონ. ეს მხოლოდ ერის სულიერ განვითარებას შეიძლება მოჰყვეს, მას საჩუქრად ვერვინ მოგვიძღვნის და ვერც მასზე ბევრი ლაპარაკი დააჩქარებს მის დანერგვას. სხვანაირად თუ ვიმოქმედებთ, ჩვენ აუცილებლად კიდევ ერთხელ ვიტყვით - "სხვაგან მოვხვდი" - როგორც ეს აქამდე არაერთგზის გვითქვამს.
და ეს პროცესი უნდა დავიწყოთ დღესვე! არავითარი "ხვალ", "გადადებული საქმე ეშმაკისაა".
დღეს უნდა ჩავიდინოთ ინტელექტუალური და მორალური თვითგამორკვევა, დღეს უნდა დავძაბოთ გონება და მივაშუროთ აგორას!
ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ბოდვითი რეალობებისგან, რომელთაც ჭეშმარიტება და სიკეთე ჩაუნაცვლებიათ ჩვენს ცნობიერებაშიც და ყოფაშიც. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ "ქაჯობისგან" ჩვენს ბუნებაში, ჭარბი და უადგილო ემოციებისგან იმ დროს და იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენში გონიერი და გამჭრიახი ადამიანი უნდა წარმოჩინდეს.
კიდევ უფრო ფართოდ თუ გავშლით თვალსაწიერს, ჩვენ უნდა ჩავეკითხოთ საკუთარ თავს: რა წვლილი შეაქვს კაცობრიობის განვითარებაში საქართველოს? რა დააკლდებოდა მსოფლიოს, თუკი ეს ქვეყანა საერთოდ შეწყვეტდა არსებობას? შესაძლებელია თუ არა ქვეყნის ფუნქციონირება თანამედროვე გლობალურ სამყაროში ისე, რომ იგი არ მონაწილეობდეს მსოფლიოს შემოქმედებაში და გადარჩენის პერმანენტულ რეჟიმში ჩაფლული მხოლოდ თავის დაძვრენას ცდილობდეს გლობალიზაციის შემოხეთქებული ტალღებისგან? და თუ ამ ტალღებს იღბლად გადაურჩება, აიცილებს კი თავიდან თვითგახრწნას, რადგან გარედან გამოფხიზლებას მოკლებული, მუდმივად ემალება საკუთარი ჭეშმარიტი სახის დანახვას ან საერთოდ არ სცალია ამისთვის?