შორეული აღმოსავლეთიდან დაძრულმა მომთაბარე თურქებმა თავდაყირა დააყენეს იმჟამინდელი მსოფლიო ყ| საუკუნიდან დაწყებული სამი ასწლეულის განმავლობაში. თურქ-სელჩუკებმა პოლიტიკური გავლენა მოიპოვეს ახლო აღმოსავლეთში, რამაც მათ საშუალება მისცა ფაქტობრივად მთელი იმჟამინდელი სამყაროს უდიდესი ნაწილი გავლენის ქვეშ ჰყოლოდათ.
მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, ნათქვამია და დრო-ჟამმა მათაც დაატყო კვალი - ყ||| ს-ნის ბოლოს იშლება თურქ-სელჩუკთა იმპერია რამდენიმე ნაწილად. მათგან გამორჩეული გახლდათ მცირე აზიის ჩრდილო დასავლეთით აღმოცენებული დამოუკიდებელი სამთავრო, რომელსაც ოსმან ბეი ედგა სათავეში. ეს ის სამთავროა, სულ მალე თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოდ რომ იქცევა.
როგორ წაართვა ბიზანტიელებს ყოჩაღმა ერთოღრულმა თანამედროვე თურქეთის ტერიტორია
სწორედ ოსმან ბეის აღიარებს ისტორიული ტრადიცია ოსმანთა დინასტიის დამაარსებელად, თუმცა ირკვევა, რომ ჯერ კიდევ ოსმან ბეის მამამ, ერთოღრულმა ჩაუყარა საფუძველი თურქულ სახელმწიფოს. ის იყო ერთ-ერთი თურქული ტომის - კაის ბელადი. ერთოღრული თურქ-სელჩუკთა ვასალი გახლდათ. მას სულთანმა სასაზღვრო ტერიტორია უბოძა და საზღვრის დაცვა დაავალა.
ერთოღრულმა არათუ დაიცვა სახელმწიფოს ტერიტორია, არამედ მნიშვნელოვნად გააფართოვა საზღვრები, უმეტესწილად ბიზანტიის ხარჯზე. სწორედ ამ ტერიტორიაზე აღმოცენდა თანამედროვე თურქეთი, როგორც სახელმწიფო. ეს მამული მიიღო მემკვიდროებით ოსმანმა ერთოღრულ ბეის გარდაცვალების შემდგომ.
ოსმანის სამთავარო ისტორიაში შევიდა ოსმალეთის სახელით. თურქებს, რომელიც ამ სახელმწიფოში დომინანტი ეთნოსი იყო, ოსმალები ეწოდათ. ოსმანს დასავლეთში ოტომანად მოიხსენიებდნენ, რის გამოც ევროპაში ოსმალთა იმპერიას ოტომანთა იმპერიად იცნობენ.
მართალია, ოსმანი და მისი მემკვიდრე ფაქტობრივად დამოუკიდებლები იყვნენ, თუმცა, ამ დამოუკიდებლობას ფორმალური სახე ჰქონდა - ოსმანი ცნობდა მონღოლ ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მეთაურის ილხანის ძალაუფლებას და და ყოველწლიურად მათთან მიჰქონდა აკრეფილი გადასახადების ნაწილი.
ამბავი ორჰანის ფინანსური და ადმინისტრაციული რეფორმებისა
ოსმანის შემდეგ ქვეყნის მმართველი ხდება მისი მემკვიდრე ორჰანი (1326-1359). ეს მნიშვნელოვანი პერიოდია ოსმალეთის ისტორიაში, რამდენადაც სწორედ ამ დროს დაიწყეს ოსმალური მონეტის მოჭრა, სადაც სახელმწიფოს მეთაურის სახელი იყო მოხსენიებული. ეს კი იმის უპირველესი მანიშნებელი იყო, რომ ოსმანთა სახელმწიფო შედგა და რომ სახელმწიფო დამოუკიდებელი გახლდათ.
ორჰანის დროს ხდება ოსმალეთში სახელმწიფო დაწესებულებების ჩამოყალიბება, ამ დროს ჩნდებიან პირველი ვეზირები, რომელთაც მინისტრიების ფუნქცია აკისრიათ, ასევე იქმნება სათათბირო ორგანო - დივანი, სადაც შედიან სულთანთან დაახლოებული მაღალი თანამდებობის პირები, დივანს თავად სულთანი ხელმძღვანელობდა.
ამ პერიოდში სახელმწიფო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად იყოფა, რაც ხელს უწყობდა ტომობრივი პრინციპების მსხვრევას. სასამართლო ხელისუფლება სასულიერო პირების - ყადების ხელშია, მათ ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ფუნქციაც გააჩნდათ. ორჰანის დროს თურქ-ოსმანთა სახელმწიფოს დედაქალაქი იყო ბურსა, რომელიც მდებარეობდა მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით.
ორჰანის მემკვიდრემ მურად |-მა ადრიანოპოლი 1362 წელს დაიპყრო და დედაქალაქი აქ გადამოიტანა - ეს იყო თრაკიის მთავარი ქალაქი - თურქულად ედირნე. საგულისხმოა, რომ ყ|ქ ს-ნის 30-იანი წლების მიწურულს სწორედ ორჰანის დროს ხდება საქართველოს ტერიტორიაზე თურქ-ოსმანთა პირველი შემოჭრა. ორჰანი კლარჯეთს შეესია, ეს იყო თურქ-ოსმანთა პირველი საცდელი საომარი ოპერაცია ქართველების წინააღმდეგ მიმართული.
ყ|ქ ს-ნიდან იწყება ოსმალთა სახელმწიფოს გაფართოვება. თავდაპირველად მისი ინტერესის სფეროში მცირე აზიაა, შემდეგ ეს ინტერესი ფართოვდება და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არსებულ სახელმწიფოებსაც სწვდება. ოსმალები უწყვეტი ომის რეჟიმში ცხოვრობენ. სწორედ ასეთ სიტუაციაში გამოიკვეთა მუდმივმოქმედი ჯარის ჩამოყალიბების აუცილებლობა.
რატომ გახდა გამოუსადეგარი მომთაბარეთა ცხენოსანი ლაშქარი ოსმალთათვის
ოსმალთა მოსახლეობა მომთაბარეებისგან შედებოდა, მომთაბარეთა ერთადერთი შემოსავალი და თავის რჩენის საშუალება კი მარბიელ ლაშქრობებში მონაწილეობა იყო. მოპოვებული ნადავლიდან გარკვეული ნაწილი მათ რჩებოდათ, ამიტომაც იოლი იყო დიდძალი არმიის თავმოყრა.
მომთაბარენი უმთავრესად ცხენოსნები იყვნენ, დასაპყრობი ტერიტორიები კი ისეთი რელიეფისა იყო, რომ ცხენოსნები ვერაფერში გამოდგებოდნენ. სიმაღლეთა აღებისთვის ცხენოსანთა მარგი ქმედების კოეფიციენტი ფაქტობრივად ნულის ტოლი გახლდათ.
აქვე გამოიკვეთა ისიც, რომ აუცილებელი იყო სულთანს რეგულარული ჯარი ჰყოლოდა, რომელიც საგანებოდ იქნებოდა მომზადებული ასეთი სირთულეების დასაძლევად. ასე ჩაეყარა საფუძველი იანიჩართა სამხედრო კორპუსს. "იენი ჩერი" თურქულად ახალი ლაშქარს ნიშნავს.
ამბავი იანიჩარებისა - ალაჰისა და სულთანის შვილებისა
იანიჩარებში მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ ჯარისკაცებს იღებდნენ. მათ გავლილი ჰქონდათ სამხედრო მომზადება. იანიჩარების მთავარი სამჭედლო სამხედრო სასწავლებლები გახლდათ, სადაც სპეციალურად შერჩეულ ყმაწვილებს უყრიდნენ თავს.
იანიჩართათვის 7-10 წლის ყმაწვილებს უმთავრესად დაპყრობილ ტერიტორიაზე არჩევდნენ, აუცილებელი პირობა იყო ისინი ფიზიკურად სრულყოფილნი ყოფილიყვნენ, მათ მუსულმანური ფანატიზმით ზრდიდნენ. სწავლისას ბავშვები ივიწყებდნენ სამშობლოს, საკუთარ ენას, ისინი სანიმუშო მეომრები ხდებოდნენ - ალაჰისა და სულთნის შვილები. იანიჩარები სულთნის მონებად ითვლებოდნენ და მხოლოდ სულთნისგან იღებდნენ სურსათს.
საგულისხმო იყო, რომ იანიჩარებს ბრძოლაში წინ დროშის ნაცვლად ქვაბი მიჰქონდათ, ქვაბი ითვლებოდა მათი წარმატებული და ხვავრიელი ლაშქრობის სიმბოლოდ.
იანიჩართა შიგნით ერთგვარად ბუნებრივი გადარჩევა ხდებოდა. ისინი თავად წყვეტდნენ ვინ უნდა ყოფილიყო მეთაური. იანიჩარები ბევრი პრივილეგიით სარგებლობდნენ. ბევრი მათგანი აღზევდა კიდეც სამხედრო და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე.
ყქ| ს-მდე იანიჩარებს ეკრძალებოდათ დაქორწინება, შემდეგ კი მიეცათ ამის უფლება. მათ შვილებს სამხედრო წესით ზრდიდნენ, თუმცა, იანიჩართა რიგებში არ შეიძლებოდა მათი სამსახური, რათა მამებს შვილებისათვის მფარველობა არ გაეწიათ.
ყქ|| ს-ის ბოლომდე ევროპაში იანიჩარები გამორჩეულინი იყვნენ დისციპლინით. ამ მხრივ მათ ვერცერთი ევროპული ლაშქარი ვერ შეედრებოდა. ისინი ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ, იმ პერიოდსათვის უმაღლეს დონეზე შეიაღებულნი.
იმ მიზნებიდან გამომდინარე, რასაც ოსმალები ისახავდნენ, აქტუალური იყო ომთან დაკავშირებული ტექნიკური სიახლეები, ოსმალები წარმატებით ითვისებენ ბიზანტიელთა გამოცდილებას საომარ სფეროში. მათგან გადმოიღეს კედელსანგრევი იარაღი, საალყო კოშკები. ყ|ქ ს-ნის ბოლოდან მათ შეიარაღებაში ცეცხლსასროლი იარაღიც ჩნდება, იყენებენ ზარბაზნებს.
თურქული სახელმწიფოს თავისებურებები
თურქული სახელმწიფო გვარ-ტომობრივ პრინციპზე იყო აგებული, დიდებულებს მომთაბარეთა რაზმების ხელმძღვანელობა ებარათ. პატრიარქალური პრინციპები მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა სახელმწიფოს სიმტკიცეს.
ოსმალთა არმია განსაკუთრებული სისწრაფით გამოირჩედა, რაც ნებისმიერი მომთაბარეთა არიმიისათვის იყო დამახასიათებელი, თუმცა, ოსმალებს ეს თვისება მოძალებულად ჰქონდათ. მათი ჯარის მთავარი ბირთვი ხომ სწორედ მომთაბარეები იყვნენ. ისინი ძარცვავდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე მოსახლე ხალხებს.
მას შემდეგ რაც ბიზანტიას წაართვეს მიწები, ოსმალები მომთაბარული ცხოვრებიდან ბინადარ ცხოვრებაზე გადადიან, დიდებულები არათუ თავად მკვიდრდებიან მიწებზე, არამედ რიგით ოსმალებსაც ურიგებენ მიწებს.
თავიდან ძალიან დიდი მოთხოვნა იყო საძოვრებზე. როგორც ჩანს, რთული აღმოჩნდა მომთაბარე ცხოვრებას შეჩვეული ხალხისთვის ცხოვრების სხვა რითმსა და სხვა სტილზე გადასვლა. შემდეგ უპირატესობა მიენიჭა სახნავ-სათეს მიწებს. ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლას მოსდევს მიწათმოქმედების დამკვიდრებაც.
როგორ ისარგებლეს ოსმალებმა ბალკანეთის სახელმწიფოთა დაპირისპირებით
მოპოვებული სამხედრო წარმატებები ერთგვარი ბიძგი აღმოჩნდა ოსმალებისთვის კვლავაც გაეგრძელებინათ სამხედრო ოპერაციები. განსაკუთრებული სტიმული იყო ის, რომ ბალკანეთის ქვეყნები და ბიზანტია ამ დროს ერთმანეთის შუღლითა და მტრობით იყვნენ დაკავებულნი, მათ არ შეეძლოთ ადექვატური პასუხი გაეცათ თურქთა აგრესიისათვის. ამ რეალობაში ოსმალების სამხედრო ძალა, გარკვეულწილად, გადამწყვეტი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო.
ასეც მოხდა. მას შემდეგ, რაც თურქებმა დაიპყრეს ბიზანტიის ტერიტორიის უმნიშველოვანესი ნაწილი, მათი აგრესიის მორიგი მსხვერპლი ბულგარეთი გახდა.
თავდაპირველად საკმაოდ მედგრად იცავდნენ თავს ბულგარელები, თუმცა სიტუაცია არია დიდებულებს შორის არსებულმა დაპირისპირებამ. შიდა ომები იყო ის, რაც ბალკანეთისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდა. სწორედ ასე გაიწირა ბულგარეთი, მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამზე მოექცა და თურქ-ოსმანთა მეკავშირე გახდა. თავად ბულგარეთიც რამდენიმე ნაწილად დაიშალა.
"კავკასიური ცარცის წრის" ბალკანური ვერსია
სიტუაცია ადვილად პროგნოზირებადი იყო. ბიზანტიელებს და სერბებს ადვილად უნდა გამოეცნოთ, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, თუმცა მათ გაერთიანებისა და თურქ-ოსმანთა წინააღმდეგ ერთობლივი გამოსვლის მაგივრად აქცენტი აიღეს ერთმანეთისთვის დაესწროთ ბულგარეთის ტერიტორიების მიტაცება და ამ ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობა თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ყ|ქ ს-ნის ბოლოს ბულგარეთი თურქეთის სულთნის მფლობელობაში აღმოჩნდა.
ოსმალებს განსაკუთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ სერბები, ამ ორი ძალის დაპირისპირება 1389 წლის 15 იანვარს, კოსოვოს ველზე შედგა. სწორედ აქ გამოიყენეს თურქებმა პირველად არტილერია.
სერბმა პატრიოტმა და სახალხო გმირმა მილოშ ობილიჩმა პრაქტიკულად თავი გასწირა, არ მოერიდა არაფერს, შეიპარა ოსმალთა ბანაკში და მოკლა სულთანი. სწორედ ამის შემდეგ ადის ტახტზე ბაიაზიდ |, რომელმაც რჩული ჯარები ჩართო ბრძოლაში.
ბრძოლა სერბების დამარცხებით დასრულდა, ბაიაზიდს ხელთ ჩაუვარდა სერბების მთავარი, რომელიც მამამისის ცხედარს თავად დააკლა. ამიერიდან სერბეთი აღიარებს სულთნის ვასალურ დამოკიდებულებას, რაც ხარკის გადახდასაც გულისხმობდა. სიტუაცია შეიცვალა ყქ ს-ნის შუა პერიოდის შემდეგ, როცა სერბეთი ოსმალეთის ერთ-ერთი პროვინცია გახდა.
მანამდე კი განგება მსოფლიოს ორი დიდი დამპყრობლის შეხვედრას უმზადებს - მონღოლი თემურ-ლენგი ოსმალ ბაიაზიდს უნდა გადაეყაროს პირისპირ. ჯერ კიდევ არავინ უწყის, როგორ განვითარდება მოვლენები...
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ ამ დაპირისპირებამ გადასწია კონსტანტინოპოლის დამხობა ნახევარი საუკუნით...