მიუხედავად ინტენსიური მოლაპარაკებებისა, ბელგიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვალონიის რეგიონალურ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევა და ხვალისათვის, 27 ოქტომბრისათვის დაგეგმილი კანადა-ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ყოვლისმომცველი ეკონომიკური და სავაჭრო შეთანხმება (სუეფ) უნდა გაფორმებულიყო, შესაძლებელია, არ გაიმართოს.
უფრო მეტიც, გუშინ ვალონიის მთავრობის ხელმძღვანელმა პოლ მანეტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან მორიგი ულტიმატუმის შემთხვევაში, ვალონია გამოვა მოლაპარაკებებიდან და უარს იტყვის შემდგომ კონსულტაციებზე.
"ჩვენ უკვე მივიღეთ 3 ულტიმატუმი და არ ვაპირებთ მორიგი, მეოთხე ულტიმატუმის მიღებას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოლაპარაკებებს შევწყვეტთ, ჩვენ არ დავექვემდებარებით ზეწოლას. არავის არ აქვს უფლება, საპარლამენტო კონტროლზე გვათქმევინოს უარი", - თქვა პოლ მანეტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ვალონია ზოგადად არაა შეთანხმების წინააღმდეგი, მაგრამ არ ეთანხმება მის ცალკეულ დებულებებს. მანეტი აცხადებს, რომ "სახელმწიფოებსა და ტრანსნაციონალურ კორპორაციებს შორის დავებს ნაციონალური სასამართლოები უნდა იხილავდნენ".
ასევე ვალონიის შეშფოთებას სოფლის მეურნეობისა და მუნიციპალურ საკუთრებაში მყოფი საწარმოების მომავალი იწვევს. აქ მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ევროკავშირის დაპირებებისა, შეთანხმება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტანდარტებს გააუარესებს და გზას გაუხსნის კერძო კომპანიებს მუნიციპალური მომსახურების სფეროში.
კომპრომისი შესაძლებელია, ბოლო წამს იქნეს მიღწეული, თუმცა თუ კანადა-ევროკავშირის სამიტი არ გაიმართება, არა უშავს, - თვლის პოლ მანეტი, 3.6 - მილიონიანი რეგიონის ლიდერი, რომლის მცხოვრებთა რაოდენობა ევროკავშირის მოსახლეობის ერთ პროცენტსაც კი არ შეადგენს.
თავის მხრივ, ევროპული კავშირის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ სამიტი ჯერ კიდევ შეიძლება გაიმართოს. იგივე პოზიცია აქვს კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, რომელიც თვლის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ მოლაპარაკებები შეთანხმების მისაღწევად.