შოთა ჩხეიძე, პროფესორი, ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში
საკვები სიცოცხლის საფუძველი და ენერგიის წყაროა. ადამიანის ჯანმრთელობისა და აქტიური სიცოცხლისუნარიანობისათვის აუცილებელია დაბალანსებული კვება: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მიღება დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისი რაოდენობის მიხედვით, რაც მიიღწევა მრავალფეროვანი სურსათის მოხმარებით, ანუ სრულფასოვანი კვებით.
საერთაშორისო ნორმატივების საფუძველზე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, მოსახლეობის ტრადიციების, ეროვნული თვისებებისა და ჩვევების გათვალისწინებით, ჩვენი მოსახლეობისათვის დადგენილია შემდეგი ფიზიოლოგიური ნორმები ძირითადი სასურსათო პროდუქციის მოხმარების გათვალისწინებით:
პური - 350 გრამი/დღეში (საერთაშორისო ნორმით იგი 200 გრამია დღეში, მაგრამ ჩვენი ტრადიციისა და ჩვევის გათვალისწინებით დადგინდა 350 გ/დღ), ხორცი და ხორცპროდუქტები - 200 გ/დღ, რძე და რძის პროდუქტები - 960 გ/დღ, თევზი - 50 გ/დღ, ბოსტნეული - 370 გ/დღ, კარტოფილი - 170 გ/დღ, ხილი - 210 გ/დღ, შაქარი - 100 გ/დღ, კვერცხი - 0,66 ც/დღ, მცენარეული და ცხოველური ცხიმი - 30 გ/დღ.
აღნიშნული ნორმები განსაზღვრულია, ძირითადად, გონებრივი შრომით დაკავებული საშუალო ასაკის, შრომისუნარიანი მამაკაცებისათვის, რაც დღეში იძლევა 2800 კკალორიას. ფიზიკური დატვირთვის მიხედვით სურსათის ნორმებიც შესაბამისად იზრდება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე 25-წლიანმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ სასურსათო პროდუქციის მოხმარება ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კატასტროფულად დარღვეული იყო და არის დღესაც, კერძოდ, ძალზე დაბალია ცილოვანი პროდუქციის მოხმარება: ხორცის - 2,5-ჯერ, რძის პროდუქტების - 2-ჯერ, თევზის - 4-5-ჯერ, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქციის ბოსტნეულისა და ხილის - 2-2,5-ჯერ, ხოლო ფიზიოლოგიურ ნორმაზე თითქმის 2-ჯერ მეტია ნახშირწყლებით მდიდარი, მაგრამ ცილებით, ცხიმებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით ღარიბი პროდუქტის, პურის მოხმარება. ეს ყოველივე მიანიშნებს, რომ ხალხი, დაბალი სოციალური პირობების გამო, ვერ ახერხებს ძვირად ღირებული სასურსათო პროდუქციის (ხორცი, რძის პროდუქტები, თევზი, ბოსტნეული, ხილი) შეძენას და დაბალფასიანი, მაგრამ ყუათიანი საკვებით - პურით იკმაყოფილებს ძირითადად მოთხოვნას საკვებზე (100 გრამი საშუალო სიმსუქნის ხორცი იძლევა 100 კკალ-ს, ხოლო პური - 210 კკალ-ს). ასეთ საკვებ რაციონში პურის წილი 60-70%-ს აღწევს მაშინ, როცა ზოგადად საერთაშორისო ნორმებით მიღებულია პურის დღიური ნორმა - 200 გრ/დღეში, რაც საერთო რაციონის კალორიების 15%-ზე მეტს არ შეადგენს. ასეთი არასრულფასოვანი, დაუბალანსებელი კვება, ცილოვან დეფიციტთან ერთად, მთელ რიგ მძიმე დაავადებებს იწვევს. უკვე დადგენილია - მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია!
ყოველივე ამის შედეგია ის, რომ საქართველოში ყოველწლიურად 700 ბავშვი იღუპება, აქედან 400 ბავშვი დაბადებიდან 1 კვირაში, ხოლო 300 - დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში, რაც უკავშირდება კვების დეფიციტთან დაკავშირებულ ფაქტორებს: მცირეწონიანობა, იოდდეფიციტი, ანემია, ფოლიუმის მჟავას დეფიციტი და სხვა (საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ბავშვთა სიკვდილიანობით ევროპაში). საქართველოს რეგიონებს შორის აჭარა და გურია გამოირჩევა ბავშვების ე.წ. "ფარული შიმშილით" - არასრულფასოვანი კვებით, რის შედეგად 20%-ს აღენიშნება შეფერხება ზრდაში, ხოლო რაჭასა და სვანეთში - 15%-ს. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა კახეთსა და თბილისში. ქვეყანაში ბავშვთა 32%-ს იოდდეფიციტური დაავადება, ხოლო ბავშვებისა და ორსული ქალების 25%-ს ანემია აღენიშნება ("იუნისეფის" მონაცემები).
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 2013 წლიდან ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის სოციალური პირობების, ცხოვრების დონის სურსათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. გაიზარდა პენსიები, ასაკოვანი პენსიონერებისათვის 65%-ით, შეზღუდული შესაძლებლობის პენსიონერებისათვის 80%-ით, ხელფასები, გაორმაგდა შემწეობები, გაიცა ფულადი დახმარებები, საბავშვო ბაღები გახდა უფასო, მოსწავლეთათვის ყოველწლიურად უფასოდ დარიგდა სახელმძღვანელოები, უმაღლეს სასწავლებლებში 21 ფაკულტეტზე სწავლება გახდა უფასო, მშობიარობა გახდა უფასო, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რის შედეგადაც პენსიონერების რიცხვმა 2013-15 წლებში 40 ათასით მოიმატა, რაც უპრეცედენტო ფაქტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში (ყოველ წელს ათასობით აკლდებოდა). მცირემიწიან 800 ათას ფერმერს ყოველწლიურად (უკვე 3-ჯერ) უფასოდ დაუხნეს მიწა, მისცეს თესლი, სასუქები, შხამქიმიკატები, პესტიციდები, სასოფლო-სამეურნეო იარაღები. კახელმა მევენახეებმა 3 წელიწადში მიიღეს 400 მლნ ლარი, გაუორმაგდათ დახმარებები ლტოლვილებს, უნარშეზღუდულ ადამიანებს, 12 ათას ლტოლვილ ოჯახს გადაეცა პირად მფლობელობაში საცხოვრებელი ბინა, საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებს დაურიგდათ 100 ათასი ლარი და ყოველთვიურად დაენიშნათ დახმარების სახით 1000 ლარი და სხვა.
ჩამოთვლილი პროგრამების განხორციელების მიუხედავად, რასაც უნდა გამოეწვია სურსათზე მათი ხელმისაწვდომობის შესამჩნევი გაუმჯობესება, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ 2013-15 წლებშიც მოსახლეობის კვების რაციონი, ფაქტობრივად, არ გაუმჯობესებულა და თითქმის იგივე დარჩა. განსაკუთრებით საყურადღებოა ცილების ძირითადი მიმწოდებელი პროდუქტების: ხორცის, რძის პროდუქტების, კვერცხის, ასევე ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროს: ხილ-ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებლები, რაც 1 სულ მოსახლეზე ამ პერიოდში შემდეგნაირად გამოიყურება (გრ/დღეში):
ცხრილი
ეს შეუსაბამობა მიუთითებს, რომ ჩვენი მოსახლეობა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა სრულფასოვანი კვებისგან. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ შიმშილის პრობლემა ფიზიკურად არ აწუხებს და ამიტომ ახალი ფულადი შემოსავლით ვალის ნაწილის გადახდას მიჰყო ხელი (მოსახლეობის უმრავლესობას წინა ხელისუფლების პერიოდიდან გამოყოლილი ბანკის ან მევახშის ვალი აქვს), რომელიც მათ აიღეს ოჯახის წევრისთვის გადაუდებელი ფასიანი სამედიცინო მომსახურებისა ან ციხიდან თავის დახსნის სანაცვლოდ (ასეთი ოჯახების რიცხვი 500 ათასამდეა, ანუ მოსახლეობის თითქმის ნახევარი); მოსახლეობის ნაწილმა კი (ვისაც ვალი არ ჰქონდა) რამდენიმე წლის სანუკვარი ოცნება აიხდინა და მისთვის ადრე მიუწვდომელი ტანსაცმელი ან ნივთი იყიდა. სწორედ ამიტომ წლების განმავლობაში დამკვიდრებული არასრულფასოვანი რაციონი არ შეცვალა.
სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ მიუხედავად მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ მთელი რიგი უპრეცედენტო ღონისძიებების გატარებისა, საკვები რაციონი და ცხოვრების დონე თითქმის იგივე დარჩა (გაუმჯობესება მაინც შეინიშნება. 2003 წელთან შედარებით, ე.წ. ვარდების ხელისუფლების"პერიოდში მოხდა სურსათის როგორც წარმოების, ისე მოხმარების შემცირება: ხორცისა და ხორცპროდუქტების ჯერ 25%-ით (2004 წელს), შემდეგ კი, 2012 წლისთვის, 12%-ით, რძისა და რძის პროდუქტების - თითქმის 2-ჯერ, ბოსტნეულის - 32%-ით, ხილის - 36%-ით).
მოქალაქეობრივი მოვალეობა მაკისრებს, ჩემი პროფესიისა და ჩატარებული კვლევების საფუძველზე მოგახსენოთ შემდეგი: ჯერ ერთი, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ეფექტური მთავრობა ევროპაში, მეორეც, სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 70 ათასით (წინა ხელისუფლების დროს 170 ათასით შემცირდა), შეიქმნა 150 ახალი საწარმო, 700-ის რეაბილიტაცია მოხდა, შეიქმნა 1500 კოოპერატივი, შეღავათიანი დაბალპროცენტიანი სესხებით მოსახლეობის ნაწილმა სამეწარმეო საქმიანობის მოჰკიდა ხელი.
რაც შეეხება გაღარიბებას, ხალხი ახლა კი არ გაღარიბდა, არამედ წინა ხელისუფლების დროს, რაზეც მიუთითებდა მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები: ფაო-ს მიხედვით, 2005-12 წლებში საქართველოს მოსახლეობის 80% ღარიბ-ღატაკი იყო, "გელაპის" მიხედვით კი, საქართველო უღარიბესი ქვეყნების ბოლო ხუთეულში მოხვდა: სირიის, ავღანეთის, ჰაიტისა და უგანდის გვერდით.
სამწუხაროდ, მომავალშიც დაგეგმილი სოციალური პროგრამები ვერ შეცვლის მდგომარეობას, ვერ იმოქმედებს ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე მანამ, ვიდრე მოსახლეობა მთლიანად არ დაფარავს ვალებს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ზემოთ აღნიშნული, ჩამოთვლილი ღონისძიებების გაგრძელებასთან ერთად, ხელისუფლების მიერ ბანკებთან შეთანხმებით მოვალეებისთვის შეღავათების დაწესება, რაც დიდი სიკეთე იქნება მათთვის და ქვეყნისათვის.
მძიმე ავადმყოფი, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, 2-3 დღეში ფეხზე ვერ დადგება და ჩვეულებრივ ცხოვრებას ვერ დაიწყებს, იგი გადის ჯერ რეანიმაციის, შემდეგ კი რეაბილიტაციის პროცესებს. იმ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, რაც ქვეყანამ 2004-12 წლებში გადაიტანა, ასეთივე მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ქვეყანა.
დაბოლოს, რადგან დადგენილია, რომ მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებათა 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია, ეს ყველამ უნდა იცოდეს და პირველ რიგში, თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უფრთხილდებოდეს.
სხვადასხვა პერიოდში მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების მაჩვენებელზე დაკვირვებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი მოსახლეობა სრულფასოვანი, დაბალანსებული კვების მნიშვნელობის უცოდინარობის გამო, სოციალური პირობების გაუმჯობესების შემდეგაც კი არ შეცვლის მნიშვნელოვნად კვების რაციონს. ამიტომ შესაბამისმა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მასმედიამ მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საზოგადოებას არასრულფასოვანი კვების საშიშროებისა და მისი შედეგების შესახებ. საჭიროა ამის შესახებ იცოდნენ სკოლის მოსწავლეებმა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა.
ჩვენი ქვეყნის მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გააგრძელებს და კიდევ უფრო მეტად განავითარებს მოსახლეობის სოციალური დახმარების ღონისძიებებს, შექმნის მეტ ახალ სამუშაო ადგილს, დაასაქმებს ხალხს, გააუმჯობესებს მათ მყიდველობით უნარს და ხელმისაწვდომობას სურსათზე. ყველა რესურსს გამოიყენებს მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, რათა დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და კონსტიტუციით მინიჭებული უმთავრესი პირობა - სიცოცხლის უფლება.