ვახტანგ ჭარაია, ეკონომიკის დოქტორი
ადამიანისთვის, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და მხოლოდ 18 წლის ასაკში დაუბრუნდა ქვეყანას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პატივისცემის მოპოვებასა და ადგილის დამკვიდრებას თავის სამშობლოში. ამ მიზნის მისაღწევად არც თავის დაზოგვა არის გამართლებული და არც სიმართლის დათმობა, მით უმეტეს თუ ზურგს პატიოსნება, გამოცდილება და კვალიფიკაცია გიმაგრებს.
2016 წლის სექტემბერში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე, ამავე ფაკულტეტის დეკანმა თემურ ბერიძემ, მოახერხა და ჩაატარა, იმდენად უსამართლო კონკურსი, რომლის მსგავსი უკვე "ბანანის რესპუბლიკებშიც" კი არ იმართება.
ფაკულტეტმა 4 ხმით 1-ის წინააღმდეგ, აკადემიურ თანამდებობაზე დაიწუნა პიროვნება, რომელიც ნებისმიერ წამყვან უნივერსიტეტში გამარჯვების ერთ-ერთი პირველი კანდიდატი იქნებოდა. დაიწუნა ეკონომიკის დოქტორი, რომელსაც სხვადასხვა დროს უსწავლია და უმუშავია ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ტარტუს უნივერსიტეტი, ბრემენის უნივერსიტეტი, პასაუს უნივერსიტეტი, პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტი და მრავალი სხვა. დაიწუნა ადამიანი, რომელიც 29 წლის ასაკში ეკონომიკის აღიარებული ექსპერტია საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე და შესაბამისი მოწვევები აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. დაიწუნა ადამიანი, რომელსაც მოპოვებული აქვს ათეულობით სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის ჯილდოები, გრანტები და სტიპენდიები. ბოლოს და ბოლოს, დაიწუნა ადამიანი, რომელიც თავისი პატიოსანი შრომით მთელი თავისი ცხოვრება ემსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესებს.
ზოგიერთმა შეიძლება გაიფიქროს და მართალიც იქნება - კონკურსი ხომ ყოველთვის შედარებითობაა. დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობ. ჩემს კონკურენტთან შედარებით (რომელსაც თავის გზაზე წარმატებებს ვუსურვებ) აშკარა და თვალნათელი უპირატესობა გამაჩნდა:
ა) სტატიებში - როგორც რაოდენობრივად (33 სტატია 16-ის საწინააღმდეგოდ), ასევე ხარისხობრივად. კერძოდ, სტატიები გამოქვეყნებული მაქვს ევროპულ და ამერიკულ გამოცემებში, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით.
ბ) გამაჩნდა ციტირების ინდექსი 6 ერთეულის ოდენობით, რომელიც საკმაოდ იშვიათია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე და სულ რამდენიმე პროფესორს გააჩნია. სამწუხაროდ, ჩემი კონკურენტის ციტირების ინდექსი 0-ის ტოლია;
გ) მოზიდული მქონდა 16 სამეცნიერო გრანტი, ჩემს კონკურენტს კი მონაწილეობა მიღებული ჰქონად 1 საგრანტო პროექტში, ბოლო 6 წლის განმავლობაში;
დ) საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებასა და მონაწილეობის ჭრილში, გამოცდილება მიმიღია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, 50-ზე მეტ ქვეყნაში, რაშიც ჩემი კონკურენტი, პრაქტიკულად, გამოუცდელია.
ე) მაქვს კავშირები მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასა და უნივერსიტეტთან, რომელსაც ვიყენებ ჩვენი უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ და რომელიც არ გააჩნია ჩემს კონკურენტს; აქტიურად ვთანამშრომლობ სამეცნიერო ცენტრებთან მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ჰარვარდის ბიზნესსკოლასა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან, რომელთან ურთიერთობაც თავად განსაზღვრავს ჩემი შესაძლებლობების ხარისხს.
ვ) გამაჩნდა 100%-იანი პოზიტიური შეფასება უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდან, რაც უიშვიათესი შემთხვევაა ფაკულტეტის მასშტაბით. და ეს ყველაფერი არ არის...
ზ) ვარ თსუ-ის მიერ დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი და ვასახელებ ჩემს უნივერსიტეტს ყველა შესაძლო გზით, მათ შორის, მედიასივრცეშიც, მაღალხარისხიანი პროდუქტის მიწოდების გზით. ხელს ვუწყობ ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკულ განვითარებას: დასაქმებას, სტაჟირებას, კონფერენციებში მონაწილეობას, საზღვარგარეთ მივლინებებს, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების მმართველებთან შეხვედრების ორგანიზებას და მრავალ სხვა ღონისძიებას, რისთვისაც ფინანსური ანაზღაურება არასდროს მომითხოვია. სამწუხაროდ, ზემოთ აღნიშნულის გამოცდილება, არათუ ჩემს კონკურენტს, არამედ - არ მომერიდება და ვიტყვი - მთლიანად ფაკულტეტს არ გააჩნია, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულს.
თ) მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ მქონდა ბედნიერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მომეპოვებინა ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის პროექტი და გავმხდარიყავი მათი აფილირებული ლექტორი საქართველოში, რამაც გზა გაუხსნა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში აკრედიტირებული კურსების ინტეგრირებას თსუ-ში.
დაბოლოს მოგახსენებთ, რომ ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ სხვა მრავალ უპირატესობას, რაც ჯამში 363-გვერდიან აპლიკაციაში გამოიხატებოდა: სერტიფიკატების, დიპლომების, ჯილდოებისა და სხვა დოკუმენტაციის სახით, შესაბამისმა კომისიამ კატეგორია - "საშუალო", ჩემს კონკურენტს კი, რომელსაც ჩემთან შედარებით რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც ბევრად მოკრძალებული საბუთები გააჩნდა, კატეგორია - "მაღალი", მიანიჭა. რითვისაც ის არჩეულ იქნა მოცემულ ვაკანტურ ადგილზე.
თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - დემოკრატიის ნეგატიური თანასწორობაა, სადაც უმრავლესობას არ სურს რეფორმირება და ახალგაზრდა კონკურენტებთან ღირსეული დაპირისპირება, განსაკუთრებით თუ ეს უკანასკნელი სტატუს-კვოს დამრღვევი და უფრო მეტის გამკეთებელია, ვიდრე სტაგნაციასთან შემგუებლები.
უფროსი თაობის პროფესურის უმრავლესობა, რომელიც ერთი შეხედვით ახალი თაობების გამზრდელად და ხელისშემწყობად უნდა გვეგულებოდეს, პირიქით, ახალგაზრდების ჩაგვრისკენაა მიდრეკილი, მხოლოდ და მხოლოდ მათი მაღალანაზღაურებადი (სრული პროფესორის ხელფასი - 3500 ლარი) პოზიციის შენარჩუნების მიზნით.
სამწუხარო ფაქტია, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. ორიენტირი არა საქმესა და ხარისხზე, არამედ ერთმანეთთან ბრძოლასა და კონკურენტების განადგურებაზეა გადატანილი. გამეფებულია კლანური მმართველობა, ნეპოტიზმი და ეიჯიზმი. თუმცა, ეს არც არის გასაკვირი ფაკულტეტისაგან, რომლის პროფესურამ, ათეულობით ადამიანის შემადგენლობით, პლაგიატის კომისიის ამოქმედების წინააღმდეგ შეაგროვა ხელმოწერები...