ამბავი რომაული ლეგიონის ბოლო აკორდისა
მამუკა ნაცვალაძე
24.09.2016

უცნაურია ცხოვრება - არავინ უწყის, სად მოეწევა ბედისწერა კაცს. ადამიანი, რომელიც მთელ ევროპას აზანზარებდა და შიშის ზარს სცემდა, კაცი, რომელიც სულ ახლახან საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებით ყველაზე საშიშ და საზარელ დამპყრობელთა რანგის ტაბელში რიგით მეორე აღმოჩნდა, აღესრულა ისე, რასაც ვერ იწინასწარმეტყველებდა ვერც ერთი მისანი.

 საუბარია ატილაზე, რომელიც ისტორიას შემორჩა "ღვთის რისხვის" სახელით. სწორედ მას უკავშირდება ის უმძიმესი და მრავალმხრივ დაძაბული პოლიტიკური რეალობა, რითაც IV ს-ის 30-50-იან წლების დასავლეთ ევროპა გახლდათ ხელდასხმული.

რატომ ეშინოდათ ჰუნებს სახურავიანი სახლების

IV ს-ის დასაწყისში, დღევანდელი მონღოლეთის ტერიტორიიდან დასავლეთისკენ დაიძრნენ ტომები, რომელთაც კარდინალურად შეცვალეს ევროპის პოლიტიკური და ეთნიკური სურათი. მომთაბარენი საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდნენ - ნადირის ტყავით შემოსილთ ბრტყელი ცხვირი ჰქონდათ, აჩეჩილი თმები კიდევ უფრო საზარელს ხდიდა მათ იმიჯს.

რატომღაც ეშინოდათ სახურავიანი სახლების და იქ არასდროს შედიოდნენ, ეშინოდათ საფლავების. მუდმივად ცხენებზე იჯდნენ, მათთვის არ არსებობდა არც დღე და არც ღამე. არასდროს იხდიდნენ ტანთ, მანამ სამოსი არ შემოაცვდებოდათ.

იმ პერიოდის სახმელეთო არმიებისგან განსხვავებით, ჰუნებს ნებისმიერ ამინდში შეეძლოთ ბრძოლა, ბრძოლის საწყისი პერიოდისას თავზარს სცემდნენ მოწინააღმდეგეს - ისინი პირველ ათ წუთში 50 ათასამდე ისარს ისროდნენ მტრის მიმართულებით.

გოთი იორდანისი ჰუნების შესახებ

ახალი დამპყრობელი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ევროპელთათვის. ჰუნების შესახებ მეტად საინტერესო ცნობები შემოგვინახეს ევროპელმა ისტორიკოსებმა.

გოთი ისტორიკოსი იორდანისი ევროპაში ჰუნების გამოჩენის შესახებ მიანიშნებს, რომ ჰუნების ძლევამოსილი საბრძოლო მოქმედებისას მთავარ როლს ასრულებდა არა იმდენად მათი ბრძოლის მეთოდები, არამედ საშინელი, თავზარდამცემი გარეგნობა, ჰუნები გამოირჩეოდნენ სიშავით, სახის ნაცვლად გონჯი გუნდა ჰქონდათ, სადაც თვალების ნაცვლად ნახვრეტები იყოო.

მათ ახასიათებდათ სიმკაცრე არა მარტო დაპრყობილი ხალხების, არამედ საკუთარი ახალშობილების მიმართაც. თოთო ბავშვებს ლოყებს რკინით უპობდნენ, რათა რძის გემოზე ადრე სისხლის გემო გაეგოთ. ჰუნები უმთავრესად უწვერულვაშონი იყვნენ. დასერილი სახე კიდევ უფრო საზარელს ხდიდა მათ შესახედაობას. ტანმორჩილები განსაკუთრებული სიმკვირცხლით გამორჩეოდნენ, ცხენოსნობისადმი დიდი მიდრეკილება ჰქონდათ, მარჯვენი იყვნენ მშვილდ-ისრის ხმარებისას.

როგორ იბრძოდნენ ჰუნები

მეოთხე საუკუნის რომაელი ისტორიკოსი ამიანე მარცელინი მიანიშნებს, რომ  ბრძოლას ჰუნები იწყებდენ სოლისებური წყობით და ყვირილით, მათ დიდი სისწრაფით შეეძლოთ  საბრძოლო მოქმედებების წარმართვა. ბრძოლის შუა პერიოდისას მარაოსავით იშლებოდნენ  და მტრის ხოცვა-ჟლეტას იწყებდნენ. ეს ისე სწრაფად ხდებოდა, რომ ჰუნებს დროულად ვერ ამჩნევდნენ.

დღედაღამე ცხენზე ატარებდენ, ცხენზე ჭამდნენ და ცხენზევე ეძინათ, როცა თათბირობდენ, მაშინაც ცხენზე იისხდნენ, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არა ჰქონდათ და სულ მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. არანაირ კანონებს, გარდა ძალადობსა, არ ცნობდენ.

იორიდანისმა შემგვინახა ატილას საინტერესო პორტრეტი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ვიმსჯელოთ ჰუნთა ბელადის ხასიათსა და პიროვნულ თვისებებზე. ფიზიკურად ატილა ტიპური წარმომადგენელი იყო ჰუნებისა - დიდთავა, ტანმორჩილი, მხრებგანიერი, პატარა თვალებით, ჩაჭყლეტილი ცხვირით, საზიზღარი კანის ფერით. მიხვრა-მოხვრისას ამჟღავნებდა თავის ძალაუფლებას. ამაყად მიაბიჯებდა და თვალებს აბრიალებდა. უყვარდა ომი, მაგრამ თავად ბრძოლას თავს არიდებდა.

ატილას ადამიანური თვისებებიც არ გამორჩენია იორდანისს. თუკი ვინმე რამეს სთხოვდა ჰუნთა ბელადს, აუცილებლად უსრულებდა, ასევე ლმობიერი იყო იმათ მიმართ, ვინც მას დაემორჩილებოდა.

რატომ ეტრფოდა ატილა ოქროს

ყველაზე მეტად ატილას მოსწონდა საკუთარი თავის კეთილგონიერად წარმოჩენა - ის ხალისით იღებდა ოქროს ძღვენს ქალაქების თავდაუსხმელობის გარანტად, არ ესწრაფოდა მიწებისა და ქალაქების დაპყრობას, მას მხოლოდ ორი რამ აინტერესებდა - მორჩილება და ძვირფასი ნადავლი, ოქრო.

ლაშქრობებისა და სხვა ქვეყნის დამორჩილებისადმი ასეთი პრაგმატული მიდგომის გამო ატილას სახელი ქაოსთან ასოცირდება. მერყევი მოკავშირეების სამართავად მას მუდმივად სჭირდებოდა ოქრო, რომლის მოპოვებისთვის ახალ-ახალ ომებს აწყობდა.

სწორედ ამას ემსახურებოდა პოლიტიკური აქცენტების გადატანა ირანიდან ბიზანტიაზე, შემდეგ კი იტალიასა და გალიაზე. აქ დიდძალი ოქრო-ვერცხლი ინახებოდა და სწორედ ეს იყო ატილას მთავარი სამიზნე.

ბრძოლა კატალაუნის ველზე

ატილას მეთაურებით ჰუნთა მრავალიცხოვან ტომთა გაერთიანება დაუპირისპირდა რომაულ ლეგიონს, რომელთა მეკავშირეც გერმანელთა მრავარიცხოვან ტომთა გაერთიანება იყო. ამ ორი ბანაკის შერკინებას კატალაუნის ველზე მანამდე უპრეცედენტო მასშტაბური ხასიათი ჰქონდა, რამდენადაც აქ იმ დროს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული თითქმის ყველა ტომი მონაწილეობდა. ეს 451 წელს ხდება.

ბრძოლა ორმხრივი იერიშებით გამოირჩეოდა, ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო უპირატესობის მოპოვება, ატილამ გადაწყვიტა, რომ უფრო გონივრული იყო უკან დახევა, ბევრი თვლის, რომ ამ  ნაბიჯით მან თავი დამარცხებულად ცნო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გამარჯვებულს აღარ ეყო ძალა ატილას დადევნებოდა და ბოლომდე გაენადგურებინა.

საგულისხმოა, რომ ატილას მიმართ იმდენად გამორჩეული ინტერესი და ყურადღება იყო, რომ ამ ომისას ერთმანეთის წინააღმდეგ დადგა იმ პერიოდის ევროპის ყველა ტომი, ხალხი თუ სახელმწიფო - ზოგი ატილას მხარეს, ზოგიც - გერმანელთა და რომაელთა მოკავშირედ. ეს ომი ფაქტობრივად დასაწყისი აღმოჩნდა როგორ ჰუნთა, ისე დასავლეთ რომის იმპერიის დასასრულისა.

ეს ბრძოლა საკმაოდ ძვირად დაუჯდა რომის იმპერიას - კატალაუნი იყო რომაული ლეგიონის ბოლო აკორდი. საგულისხმოა, რომ ამის შემდგომ რომაელი ლეგიონები აღარ გამოჩენილან ისტორიის არენაზე.

ისიც საგულისხმოა, რომ 455 წელს, ატილას სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ, რომს კიდევ ერთხელ აიღებენ, ამჯერად ვანდალები.

როგორ იხსნა პაპმა ლეო მესამემ ატილასაგან რომი

ატილას უკან დახევა კატალაუნის ველზე სულაც არ იყო იმის მანიშნებელი, რომ ევროპამ საბოლოოდ მოიგერია ჰუნები. მომდევნო წელს, 452-ში, ჰუნები მოულოდნედად შეიჭრნენ იტალიაში და დაიძრნენ რომისკენ, რომელიც იმ პერიოდისთვის დაუცველი გახლდათ. ამ სიტუაციაში რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ატილა ისე ჩადის რომში, არანაირი დაბრკოლება არ ხვდება. იმპერატორ ვალენტინიან III, რომელიც მაშინ მართავდა რომს, მხდალი პიროვნება გახლდათ და ვერ გაბედა ჰუნთა მბრძანებელთან შეხვედრა.

უმართავი სიტუაციის განმუხტვა ითავა მოხუცმა პაპმა ლეო I-მა, რომელიც მტერს არ მოერიდა და მასთან ძღვენით მივიდა, შედეგი მართლაც უპრეცედენტო იყო - ატილამ ძღვენი მიიღო და უკან გაბრუნდა. რომაელებმა ეს ყველაფერი სასწაულს მიაწერეს.

ატილა თავის სიცოცხლეში პირველად გაეცალა მეტოქეს უბრძოლველად. მაინც რა იყო ამის მიზეზი? რატომ თქვა უარი ჰუნთა მბრძანებელმა რომის აღებაზე?

საქმე ისაა, რომ მან უბრძოლველად მიიღო ის, რაც ბრძოლის შედეგად უნდა მიეღო - დიდძალი ძვირფასეულობა, ოქრო-ვერცხლი გამოსასყიდის სახით. როგორც ვთქვით, მას მხოლოდ ძვირფასი ნადავლი აინტერესებდა, ქვეყნების დაპყრობა სწორედ ამ ოქრო-ვერცხლისთვის სურდა.

ამბავი ატილას უცნაური აღსასრულისა

როგორც ძველი რომაელი ავტორი, ატილას თანამედროვე, პრისკე გადმოგვცემს, ღვთის რისხვადხმობილი ჰუნთა მბრძანებელი საქორწინო სარეცელზე აღესრულა, სიკვდილის მიზეზი ცხვირიდან სისხლის დენა ყოფილა.

453-ში, იმ დღეს, 47-ს მიტანებული ატილა საკუთარ ქორწინებას აღნიშნავდა, მისი რჩეული ბურგუნდიის მეფის ასული ჰილდე ყოფილა. ქორწილის მეორე დღეს მოზეიმეთ მტირალი პატარძალი და გარდაცვლილი ატილა დახვედრიათ. კარგა გვარიანად შეზარხოშებულ ჰუნთა მბრძანებელს ცხვირის კაპილარები გასკდომია და საკუთარ სისხლს ძილში დაუხრჩვია.

როგორ იძია შური ულამაზესმა ჰილდემ ჰუნთა ბელადზე

ძველი გერმანული თქმულება ატილას გარდაცვალების სხვა ვერსიას გვთავაზობს - მდინარე რაინის პირას ყოფილა ბურგუნდების მდიდარი სამეფო, რომელსაც უძვირფასესი განძი გააჩნდა. ამ განძმა, რომელსაც დღე და ღამ რაინდები იცავდნენ, მოსვენება დაუკარგა მეზობელ მეფეებს.

ატილას რას გამოეპარებოდა ეს ამბავი, ჰოდა, მასაც ეშმაკობით მიუკვლევია განძის საცავისთვის, მცველები ამოუხოცავს და განძსაც დაპატრონებია. აქვე უნახავს ბურგუნდთა მეფის ულამაზესი ასული ჰილდე, რომელზეც დაქორწინებულა კიდეც.

სწორედ ჰილდეს მოუკლავს თავისი ქმარი, არც დაუმალავს ეს ამბავი. ატილას მცველებს უნახავთ სისხლში მოცურავე მკერდგანგმირული ბელადი და იქვე მდგარი ჰილდე მახვილით ხელში.

მაშინ ჰილდეს ატილას თანამებრძოლთათვის განუცხადებია ამაყად - ეს საზღაურია იმ უბედურებისა, თქვენ რომ ჩემს ხალხს მოუტანეთ, თქვენ დამიხოცეთ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები და მე აღვასრულე ვალი ღმერთებისა და ხალხის წინაშე. მზად ვარ დამსაჯოთ ამისთვისო...

ეს ამბავი მოგვიანებით შევიდა ძველგერმანული ეპოსის შესანიშნავ ქმნილებაში "სიმღერა ნიბელუნგებზე".

როგორ აურიეს გზაკვალი ატილას ცხედრის მაძიებელთ

ატილას სიკვდილის შემდეგ ჰუნთა ერთიანობა დაირღვა, ჰუნებმა არ მოინდომეს ატილას მრავალრიცხოვან შვილებს დამორჩილებოდნენ და მთელი ევროპის მასშტაბით გაიფანტნენ.

უნგრული ხალხური თქმულების მიხედვით, ატილას ცხედრისთვის რომ არ მიეკვლიათ, სამი კუბო ერთნაირად გაუკეთებიათ - ერთი ოქროსი, ერთი ვერცხლის და ერთიც რკინის. ვინც ამ სამგლოვიარო პროცედურას ესწრებოდა, ყველა მოუკლავთ, კუბოები კი მდინარე ტისას ნაპირზე ჩაუძირავთ.

საბოლოო წირვა ჰუნებს გერმანელმა და სკვითმა ტომებმა ერთად გამოუყვანეს - მათ პანიონში დაამარცხეს ჰუნთა ლაშქარი, რომელსაც ატილას შვილი ელაკი მეთაურობდა.

ჰუნთა სახელმწიფო ისევე სწრაფად დაიშალა, როგორც შეიქმნა. მის შესახებ ხსოვნა კი ხალხში საკმაოდ მძაფრად შემორჩა, შემორჩა როგორც "ღვთის რისხვა".

ხალხის ეს განწყობა და დამოკიდებულება მომავალში არაერთი ლიტერატურული თუ მუსიკალური შედევრის თემა გახდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×