ახლად არჩეული რექტორი "რეზონანსთან" საუბარში აკადემიურ საბჭოსა და თავის კონკურენტებს მადლობას უხდით. რაც შეეხება სტუდენტთა შესაძლო პროტესტს, აცხადებს, რომ ყველასათვის მოსაწონი რექტორი ვერ იქნება, თუმცა ყველასთან თანამშრომლობისათვის მზადაა.
"რეზონანსი": მოსალოდნელი იყო თუ არა თქვენთვის შედეგები?
გიორგი შარვაშიძე: პირველ რიგში, დიდი მადლობა უნდა ვუთხრა აკადემიურ საბჭოს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. მადლობა, იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა. დიდი მადლობა, ასევე ჩემს კონკურენტებს კარგი გარემოსთვის. ეს გადაწყვეტილება უნდა ცნოს აკადემიურმა საბჭომ, ამის შემდეგ დავიწყებ მუშაობას. გავმართავ შეხვედრებს, მათ შორის სტუდენტებთან და რაც კონცეფციაში გვაქვს წარმოდგენილი, იმაზე მუშაობას შევუდგებით.
"რ": სტუდენტთა ნაწილისათვის მიუღებელია თქვენი კანდიდატურა. თუკი ისინი დაიწყებენ აქციებს, რა იქნება თქვენი საპასუხო რეაქცია?
გ.შ.: არ მგონია, რომ პრობლემები შეგვექმნას. რექტორი ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება. თუმცა ჩემი კარი ყოველთვის ღიაა და ყველა სტუდენტთან ღია ფორმატში ვაპირებ თანამშრომლობას, ეს იქნება რაიმე განსაკუთრებული ჯგუფის წარმომადგენელი, თუ ინდივიდუალური სტუდენტი.