მოსაზრება
23.09.2016

ანზორ საკანდელიძე, რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნ. მეცნ. დოქტორი

 საქართველოსადმი არაკეთილგანწყობილი ძალები ფარულად თუ აშკარად იბრძვიან, რათა ქვეყანაში შეიცვალოს დემოგრაფია და ქართველები ჩვენსავე სამშობლოში დავრჩეთ ეთნიკურ უმცირესობაში. ამ გეგმის განხორციელებას ემსახურებოდა ნაციონალების მიერ 2006 წელს მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობის კანონის გაუქმება, რასაც მოჰყვა ასიათასობით ქართველის თავისი ნებით აყრა და გადასახლება უცხოეთში სამუშაოს საძებნელად!

სამწუხაროდ, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა, ნაციონალებთან კოჰაბიტირებულმა "ქართულმა ოცნებამ" არ შეცვალა ქართველთა აყრა-გადასახლების ამგვარი პოლიტიკა და არ აღადგინა მცირე მეწარმეობის კანონი. უფრო მეტიც, ამ კანონის აღდგენა არც "ქართულ ოცნებას" და 2016 წლის არჩევნებში მონაწილე არც ერთ სხვა რომელიმე პარტიას არ აქვს შეტანილი თავის წინასაარჩევნო პროგრამაში, გარდა "ქართული იდეისა" (თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა), რომელსაც მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენაზე რეფორმატორთა კავშირთან გაფორმებული აქვს შესაბამისი მემორანდუმი.

ვაცხადებთ ხმამაღლა: ვინც მხარს არ უჭერს საქართველოში მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენას, ის მხარს უჭერს საქართველოდან ქართველების მასობრივად აყრას და გადასახლებას უცხოეთში. აქედან გამომდინარე, მივმართავთ მთავრობას:

რატომ ამბობთ უარს უკვე მეოთხე წელიწადია, მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენაზე ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებულ ("საქპატენტის" მოწმობა #6333) უნიკალური რეფორმების პროგრამაზე? სხვათა შორის, ის 2016 წლის 25 თებერვალს განიხილა ფინანსთა სამინისტროს 9 მაღალჩინოსანისაგან შემდგარმა უაღრესად კომპეტენტურმა კომისიამ მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თავმჯდომარეობით. ამ განხილვაზე დამაჯერებელი პასუხი გავეცით ყველა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა როგორც მცირე მეწარმეობის აღდგენას, ისე მის ინტენსიურ სწრაფ განვითარებას ჩვენ მიერ მიგნებული სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით. ეს არის მართლაც ეკონომიკური ტრასფორმაცია, როცა სახელმწიფოს მიზეზით საკუთარი მოქალაქეობისათვის მიყენებული მილიარდობით დოლარის ზარალი ტრანსფორმირდება ასობით ახლადგახსნილი მცირე სამრეწველო საწარმოების იგივე მილიარდობით დოლარის ადგილობრივ ინვესტიციებად.

ზარალის ამ საოცარი კაპიტალიზაციის შედეგად ასობით ეს ახლად გახსნილი ყველა მცირე საწარმო იმუშავებს გარანტირებულ მოგებაზე (რაც უზრუნველყოფს ზარალის გარანტირებულ ანაზღაურებას), დაასაქმებს ათასობით კაცს, ხოლო ათასობით დასაქმებული კი არასამრეწველო ბიზნესებში ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე ავტომატურად დამატებით დაასაქმებს 5-ჯერ უფრო მეტ ადამიანს!

აი, ასეთ ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც წერტილს დაუსვამს უმუშევარ ქართველთა აყრასა და სამუშაოს საძებნელად უცხოეთში გადახვეწას, მეოთხე წელიწადია, უარს აცხადებს მმართველი პოლიტიკური ძალა. ჩვენ კი იძულებული გავხდით ქართველი ხალხის დასაქმებისა და სიღატაკისაგან თავის დაღწევის ეს უნიკალური პროგრამა, რომლის სასწრაფოდ დაწყებას ალტერნატივა არა აქვს, დაგვეწყო ყოველგვარი დახმარების გარეშე, მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე. ამის გამო გაგვიჩნდა ფინანსური სიძნელეები, განსაკუთრებით რეგიონებში ოფისების გახსნის მხრივ.

დაწყებული პროგრამა რომ არ ჩავარდეს, დროებითი ფინანსური დახმარებისათვის ვითხოვთ გვერდში დგომას ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისაგან, განსაკუთრებით მათგან, ვინც ეჭვმიტანილია ქართველი ხალხის კუთვნილი ანაბრების, ობლიგაციებისა და სხვა სახის ფასიანი ქაღალდების უკანონო მითვისებაში. მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად, დავამთავროთ 23-წლიანი დაუმთავრებელი მტყუან-მართალის გარჩევა, დავხუროთ "საუკუნის დანაშაულის" ეს საქმე და დავიწყოთ დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული პროგრამით.

ეს პროგრამა ერთი ლარითაც კი არ დააზარალებს არც ქვეყნისა და არც თქვენს ბიუჯეტს. თქვენ მიერ დროებით გადმორიცხული ყველა თანხა "რეფორმატორთა კავშირის" ბუღალტერიაში ოფიციალურად გატარდება დებიტორულ დავალიანებებად და 1-2 წელიწადში იქნება გასტუმრებული, როცა ჩვენ ძალიან მალე მივაღწევთ მცირე მეწარმეობის კანონისა და ამ კანონთან ავტომატურად მიბმული მცირე მეწარმეობის მართვის ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურის, "მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის" აღდგენას. პროგრამის შესაბამისად, ამ "ცენტრის" ფილიალები გაიხსნება საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში. ისინი ადგილზე განახორციელებენ როგორც მცირე მეწარმეთა, ისე დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებას ზარალის ანაზღაურების ჩათვლით. პროგრამის უნიკალურობა ისიცაა, რომ 1-2 სამეურნეო წლის შემდეგ ეს პროგრამა გადადის თვითდაფინანსების მუდმივ რეჟიმში.

მცირე მეწარმეობის კანონისა და "ცენტრის" აღდგენის შემდეგ "რეფორმატორთა კავშირი" ყველა დოკუმენტაციას, საბუღალტრო დოკუმენტაციის ჩათვლით, გადასცემს "ცენტრს". "ცენტრი" კი აუცილებლად გაისტუმრებს "რეფორმატორთა კავშირის" ყველა დებიტორულ დავალიანებას, რადგან პროგრამის განხორციელების პირველივე ეტაპზე "ცენტრს" გაუჩნდება ისეთი ფინანსური რესურსი, რომ ის დააფუძნებს საკუთარ "მცირე მეწარმეთა და დაზარალებულთა ბანკს". აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი დამხმარის მიერ დროებით ჩამორიცხული თანხა 1-2 წელიწადში დაგიბრუნდებათ. ველით გამოხმაურებას.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მოგვაკითხოთ რეფორმატორთა კავშირში, მოსაშვილის ქ. #11, მე-6 სართული, ოთახი #22. ტელ: 2244240

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×