პაატა კოღუაშვილი, დავით ზარდიაშვილი
ქართული სახელმწიფოს წინაშე დღეს არსებულ მრავალ გამოწვევათა შორის უმთავრესი მიწის საკითხის გადაწყვეტაა. მიწის საკითხი ყველაზე არსებითად არის დაკავშირებული ქვეყნის ბედთან, რადგან ტერიტორიულ იდენტობა ეროვნული ცნობიერების ნიადაგია, ხოლო მისი შენარჩუნება წარმოუდგენელია მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის მოწესრიგების გარეშე!
ქართული ტრადიციული სამართალი უწინარესად მიწის საკითხს აგვარებდა. მიწაზე კერძო და საზოგადოებრივი, ე.ი. სათემო საკუთრება მიწათმფლობელობის ქართული წესის ამოსავალ პრინციპს წარმოადგენდა. საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილად, პირველ ყოვლისა, სწორედ ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ისტორიულად არსებული მიწათმფლობელობის ქართული წესი ტიპოლოგიურად სწორედაც რომ ევროპულია.
სახელმწიფოს ტიპზე, მის სიძლიერეზე მეტყველებს ის ფაქტი, თუ როგორ იმართება ტერიტორია და რამდენად დაცულია კანონის მიერ. ეს მდგომარეობა ავალდებულებს სახელმწიფოს დააწესოს ქვეყნის მიწის მართვასა და გამოყენებაზე განსაკუთრებული წესებისა და შეზღუდვების მთელი სისტემა. ამ სისტემის შესაქმნელად სახელმწიფოს მოვალეობაა მიწასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და სამართლებრივი ჩარჩოების ფორმულირება; მისივე უფლებაა ჩაერიოს საქმიანობაში რომელიც აუარესებს მიწის მდგომარეობას, მიიღოს სხვადასხვა სამართლებრივი სანქციები მიწის მესაკუთრეების, მიწათმფლობელების და მიწათმოსარგებლეების მიმართ, ხოლო პრეროგატივაა განსაზღვროს მიწის რესურსებით სარგებლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს მიწის დანიშნულებით გამოყენების სწორ გადაწყვეტას, მიწის ნაყოფიერების გაუმჯობესებას და ნიადაგის დაცვას.
მიწის მართვის და აღრიცხვის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისა და საერთოდ კაცობრიობისთვის. საქმე ეხება საქართველოს მიწის ფონდის სახელმწიფოს მიერ განკარგვას, ანუ უფრო კონკრეტულად, მიწის განვითარების, ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის არარსებობას. მისული ვართ იმ სავალალო შედეგამდე, რომელსაც ჰქვია მიწის რესურსებზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა.
როგორც ცნობილია, კონტროლს მიწის გამოყენებაზე უნდა ახორციელებმდეს სახელმწიფო. მიწის ფონდის კონტროლი და მართვა მხოლოდ სახელმწიმფოს განსახორციელებელია და ამისთვის შექმნილი სახელმწიმფო სტრუქტურა ქვეყნის რაციონალური, ეკონომიკური, სამართლებრივი და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გარანტი უნდა იყოს.
ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის, მიწის სისტემურ შეფასებას 2004 წლიდან დღემდე საქართველო ოფიციალურად აღარ ახორციელებს მიწის მართვის სამსახურის გაუქმების გამო. პრობლემის გადაუწყვეტელობა არარეალურს ხდის ეროვნული ეკონომიკის წინსვლას, გააღრმავებს უნდობლობას ხალხსა და მთავრობას შორის და დიდ დაძაბულობას გამოიწვევს.
ჩვენ მიერ არაერთხელ დაყენებული წინადადებისა, რომ ქვეყანაში ისევ შექმნილიყო მიწის მართვისა და ტერიტორიული განვითარების სახელმწიფო სამსახური, უშედეგოდ დამთავრდა. ამჯერად, საქართველოს მთავრობას ვთავაზობთ წინადადებას, თანამედროვე მიმართულების - "მიწის მონიტორინგისა და ლანშაფტურ-ეკოლოგიური მართვის" სამსახურის შექმნის თაობაზე.
ლანდშაფტურ-ეკოლოგიური მართვა ფართოდაა დანერგილი განვითარებულ ქვეყნებში, იგი ჩვენთანაც სწრაფად უნდა განვითარდეს. ლანდშაფტურ-ეკოლოგიური მართვის ღონისძიებების შედეგად მიღებული რეკომენდაციები საფუძველს უნდა წარმოადგენდეს ისეთი რეგიონული თუ საერთო სახელმწიფოებრივი პროექტების განხორციელებისთვის, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ქალაქმშენებლობის და საერთოდ, მიწის რესურსების გამოყენებასთან.
ურთიერთკავშირი "ადამიანი-გარემო", როგორც ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრობლემა, მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე, უკვე მწვავედ დგას მცირემიწიანი საქართველოს წინაშე.
დედამიწაზე ძნელად თუ მოიძებნება საქართველოს მსგავსი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე ნახავთ ნახევრადუდაბნოს, სუბტროპიკულ და ნახევრადტროპიკულ ტყეს, ზღვისპირეთს და მყინვარებით დაფარულ მწვერვალებს; ქვეყნის ყოველი კუთხე ერთმანეთისგან განსხვავებული და უნიკალურია.
თუ არ მოგვეპოვება მთლიანი შეფასება ბუნებრივ სიმდიდრეზე და მის სამართლებრივ მახასიათებლებზე (ქვეყნის კადასტრზე), შეუძლებელია განხორციელდეს მიწის ფონდის გამოყენების სახელმწიფო რეგულირება და დარგთაშორისი კოორდინაცია.
ქვეყანაში მიწის მიმართ უფლებათა წარმოშობის, შეჩერების, შეზღუდვის, გადაცემის, გამოყენებისა და დაცვის პროცესი მიმდინარეობს პერმანენტულად. მიწის ეკოგანვითარების ხედვის, მიწის ფონდის გამოყენების სახელმწიფო რეგულირებისა და დარგთაშორის კოორდინაციაზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის განხორციელებისთვის, მიწის აღრიცხვისა და მონიტორინგის პროცესებიც პერმანენტულად უნდა მიმდინარეობდეს. ამიტომ, საზოგადოების და გარემოს ურთიერთზემოქმედებისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის პრობლემის ეფექტური გადაწყვეტის მიზნით, აუცილებელია საქართველოში შეიქმნას მიწის ადმინისტრირების მაკოორდინებელი, დამოუკიდებელი სახელმწიფო სამსახური, რომლის მეშვეობით განხორციელდება მიწაზე მონიტორინგი.
მიწის მონიტორინგის ფუნქციებშია: მიწის რესურსების მუდმივი აღრიცხვა; აღრიცხვის შედეგად მიღებული რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების დროში ცვლილების მიზეზების ანალიზი; შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ყოველწლიური სახელმწიფო ანგარიშის მომზადება; მიწის რესურსების შესახებ, ყოველწლიურად განახლებადი, მონაცემების ერთიანი ბანკის შექმნა და შესაბამისად, ქვეყნის ერთიანი კადასტრის შექმნა (ყოველწლიური განახლება).
მიწის მონიტორინგის და მიწის გამოყენების კოორდინაციის ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს ლანდშაფტურ-ეკოლოგიური მართვა, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებათა ანალიზი. ლანდშაფტურ-ეკოლოგიური მართვა უნდა ხორციელდებოდეს ზემოთაღნიშნული მიწის ბალანსის და შესაბამისად, კადასტრულ ცვლილებათა კომპლექსური ანალიზის საფუძველზე.
მიწათსარგებლობის დარგთაშორისი კოორდინაციისთვის უმნიშვნელოვანესია რეგიონისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის ცვლილების ანალიზი. აუცილებელია ხორციელდებოდეს ქვეყნის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური მართვა, რომლის საყრდენ ბაზას უნდა წარმოადგენდეს მიწის მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი მიწის ბალანსის ყოველწლიურ ცვლილებათა კომპლექსური ანალიზი. მის საფუძველზე კი უნდა ხდებოდეს ისეთი კომპლექსური შეფასებები, როგორიცაა:
1. ბუნებრივ ლანდშაფტებზე ანთროპოგენური ზეგავლენა;
2. ეკორეაბილიტაციის - გარემოსაღდგენითი პროცესების გავლენა გარემოსა და კლიმატზე;
3. ფლორა-ფაუნისა და კლიმატურ-მორფოლოგიურ ფაქტორთა ცვლილებების გავლენა რეკრეაციულ ცენტრებზე;
4. გარემოფაქტორების ცვლილებათა გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.
დღეისათვის სახელმწიფო მონიტორინგის ფუნქციის გამხორციელებელ ორგანოდ ითვლება საჯარო რეესტრი, მაგრამ ამ შემთხვევაში, მისი ძირითადი ფუნქცია - რეგისტრაცია - მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც სახელმწიფო იყენებს მიწის ადმინისტრირებაში. მიწის მართვა კი, მოიცავს ყველა საქმიანობას, რაც უკავშირდება მიწის როგორც რესურსის მართვას, დაწყებული გარემოდან, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის, სტრატეგიისა და პოლიტიკის ჩათვლით.
ლანდშაფტურ-ეკოლოგიური მართვის საშუალებით მიღებული შედეგები და რეკომანდიაციები უნდა წარმოადგენდეს საფუძველს ისეთი რეგიონალური თუ საერთო სახელმწიფოებრივი პროექტების განხორციელებისთვის, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული მიწის რესურსების გამოყენებასთან.
მიწაზე სახელმწიფო პოლიტიკა უდავოდ უნდა უზრუნველყოფდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, თუმცა ეს მიღწეული უნდა იყოს არა მესაკუთრეობაზე შეზღუდვებით, არამედ მიწათსარგებლობის მონიტორინგის საშუალებით.
სახელმწიფომ აკადემიურ სექტორთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს სასოფლო დასახლებათა (ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული მოწყობა) და სასოფლო-სამეურნეო საწარმოო ზონების (აგროწარმოება) კომპლექსური განვითარების მოდელი. სოფლის განვითარება ემყარება სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამიტომ საჭიროა განსაზღვროს სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის განვითარების სტრატეგია და შეიმუშაოს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა და მათი სისტემური განვითარების სამოქმედო გეგმა.
გვახსოვდეს: საქართველო თავისი ღრმა ქრისტიანული კულტურის, თავისი ფეოდალური ისტორიის (ხოლო მთაში ე.წ. "სამხედრო დემოკრატიის" ანუ თემობაზე დამყარებული ისტორიის) წყალობით ტიპოლოგიურად დასავლური ქვეყანაა, თავისი მთელი ისტორიის მანძილზე სწორედ დასავლეთთან კავშირისკენ მოსწრაფე.
მიწა ერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ბაზაა, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ქვეყნის ყოველმხრივი დამოუკიდებლობის ხარისხს და წარმოადგენს მოცემულ სივრცეში ერის სულისდგმისა და შემოქმედების აუცილებელ პირობას. მიწისაგან გლეხკაცის მოწყვეტა გამოიწვევს არა მარტო მისი, როგორც მეწარმე ინდივიდის, მოსპობას, არამედ სოფლის, როგორც ეროვნული კულტურის საძირკვლის, ყოფა-ცხოვრების წესის შემოქმედის, შემნახველისა და განმაახლებლის, ფუნქციის მოშლასაც.
სოფელი, პირველ ყოვლისა, არის სახლობის ერთეული და არა მეურნეობისა. მისი განვითარების ძირითადი მიზანია სოფლის მოსახლეობის ყოფითი (სოციალურ-კულტურული) სტატუსის მიახლოებით გათანაბრება ქალაქის მოსახლეობის სტატუსთან, რასაც სოფლად ადამიანთა რესურსების შენარჩუნება-განვითარებისთვის და ამგვარად, სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო წარმოების გაფართოებული აღწარმოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ვინაიდან საქართველო მწირი ბუნებრივი რესურსების (ენერგორესურსების) მქონე ქვეყანაა, რასაც ემატება მოსახლეობის ერთ სულზე (0.15 ჰა-მდე) სასოფლო-სამეურნეო მიწის სიმცირეც, სახელმწიფო მიწას, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, უცხოელებზე (მოქალაქეობის არმქონე პირებზე) არ უნდა ასხვისებდეს.
გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს:
1. მიწის მონიტორინგსა და ლანშაბტურ-ეკოლოგიური მართვის სახელმწიფო სამსახურის შექმნა.
2. მიწის ყოველწლიური ბალანსის წარმოების აღდგენა.
3. მიწის რეგისტრაციის გაადვილება (და არა გამარტივება).
4. საქართველოს მიწის კოდექსის მიღება. კოდექსის საშუალებით უნდა შეიქმნას მიწის რესურსებით სარგებლობის ძირითადი მიმართულების, მიწების მართვასა და გამოყენებაზე განსაკუთრებული წესებისა და შეზღუდვების ერთიანი სამართებლივი ბაზა.
5. სოფლის სტატუსის განსაზღვრა (აღსადგენია სოფლის, როგორც სამართალსუბი-ექტის სტატუსი და სოფლად სათემო საკუთრება).
6. მიწის კონსოლიდაციის სტრატეგიის განსაზღვრა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება.