გიორგი ნოზაძე, დაწყებითი განათლების პროექტის მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მეცნიერებათა დოქტორი
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 5: "საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი."
მე, გიორგი ნოზაძე, საქართველოს მოქალაქე ვარ. მაშასადამე სახელმწიფო ხელისუფლება ჩემგანაც "გადმოედინება". ჰოდა, მე მაინტერესებს, საით მიედინება და რაში ჩაედინება ეს ნაკადი, რა სიკეთეს ემსახურება და როგორ მიბრუნდება მე.
განვიხილოთ შემდეგი საკითხები:
პირველი, რა, ვინ და როგორ ანიჭებს კონსტიტუციას ლეგიტიმურობას? ალბათ სრულიად ბუნებრივი პასუხია - შეთახმების ორივე მხარემ ანუ არჩეულ წარმომადგენელთა კრებამ თავისი რეგლამენტის შესაბამისად და ხალხმა უშუალო კენჭისყრით და ხმის მიცემით ანუ რეფერენდუმით უნდა მიანიჭონ შეთანხმებას ლეგიტიმაცია. თუ მხოლოდ არჩეულ წარმომადგენელთა კრებას ექნება ექსკლუზიური უფლება შეთანხმებისთვის ლეგიტიმურობის მინიჭებისა, ეს სხვა არაფერია, თუ არა ხალხის იგნორირება და ხელისუფლების მითვისება! არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ხალხის არჩეული წარმომადგენლების მიერ ცალმხრივი აღიარება დოკუმენტს სრულ ლეგიტიმაციას ანიჭებს, რადგან წარმომადგენელთა კრება ხალხის ნებასაც წარმოადგენს - სრული დემაგოგიაა და დიდ თაღლითობას ნიღბავს, რადგან მოქმედი საარჩევნო კანონი და რეალური არჩევნებიც მართლაც "რჩეულ მამულიშვილებს" განამწესებს წარმომადგენელთა კრებაში.
დაუკვირდით, რა გამოდის - სრულიად არაადეკვატური კანონითა და მასობრივი გაყალბებით ჩატარებული არჩევნების საშუალებით არჩეულმა წარმომადგენლებმა შექმნეს მათთვის ხელსაყრელი დოკუმენტი და საყოველთაო განხილვის შემდეგ მხოლოდ თვითონ დაამტკიცეს, ანუ ხალხს არც კი ჰკითხეს თანხმობა (ხალხმა ხომ მხოლოდ განიხილა და ეგეც საკმარისია!), ისე დაათმობინეს ხელისუფლება თავის სასარგებლოდ და შეუქცევადად მინიმუმ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში!
მეორე, რა ფორმით აცხადებს ხალხი თანხმობას მისგან მომდინარე ხელისუფლების არჩეული წარმომადგენლებისთვის გადაცემაზე? არც არანაირად, რადგან, კონსტიტუციის თანახმად (იხ. მუხლი 74, პუნქტი 2), "არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად", ხოლო ხალხის მიერ გადაწყვეტილების უშუალოდ მიღების სხვა ფორმა არ არსებობს. სწორედ ესაა ხალხის ხელისუფლების შენიღბული ან, თუ გნებავთ, ირიბი უზურპაციის გამოვლინება. კონსტიტუციის მამები სცოდავენ, როდესაც კონსტიტუციას კანონის სტატუსს ანიჭებენ (თუნდაც უზენაესი კანონის), რადგან ჯადოსნური წრე იკვრება ხალხისთვის დემოკრატიის უშუალო ფორმით განხორციელების აღსაკვეთად. სრული ხელისუფლება არჩეული წარმომადგენლების ხელში გადადის და ხალხს არანაირი ხელისუფლება აღარ რჩება.
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ასეა საქმე საქართველოს კონსტიტუციის შემთხვევაში (იხ. მუხლი 102).
მესამე, როგორ შეუძლია ხალხს, აღკვეთოს ლეგიტიმური უზენაესი კანონის თვითნებური ცალმხრივი დარღვევები შეთანხმების მეორე მხარის - არჩეული წარმომადგენლებისგან? კონსტიტუციაში, ამავე დოკუმენტის ლეგიტიმაციის ხერხიდან გამომდინარე, ბუნებრივია, არაფერი წერია ხალხის მხრიდან საზოგადოებრივი შეთანხმების დენონსაციის ან წარმომადგენლებისთვის უნდობლობის გამოცხადების რაიმე ფორმის შესახებ. პირიქით, კონსტიტუციაში ხაზგასმით წერია (იხ. მუხლი 52, პუნქტი 1) - "საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია."
და ეს იმ დროს, როდესაც პარლამენტის წევრთა ნახევარი მაჟორიტარია და მხოლოდ მის საარჩევნო უბანზეა არჩეული! სახალხო დემოკრატიის პირობებში ვინც აირჩია პირი საკუთარ წარმომადგენლად, ისვეა უფლებამოსილი, გაიწვიოს უკან - ეს ხალხის ხელისუფლების უშუალო ფორმით გამოვლინების კიდევ ერთი უეჭველი ფორმა უნდა იყოს, მაგრამ "ნურას უკაცრავად!" (ხომ გეცნოთ ეს ფრაზა?)
"ბუნებრივია", რომ პარტიული სიით არჩეული წარმომადგენლები ხალხის მხრივ ხელშეუხებელნი არიან და, საზოგადოდ, (იხ. მუხლი 54, პუნქტი 1) "პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში."
მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ხალხი სავალდებულოდ ირჩევს წარმომადგენლებს, რომლებიც მიიკუთვნებენ ხალხის ხელისუფლებას და აღარც დათმობენ, სანამ საქმე სასამართლომდე არ მივა, რადგან დათმობის საკითხსაც თვითონვე წყვეტენ და არა ხალხი, ვინც ისინი აირჩია.
სახეზეა არა სახალხო დემოკრატია, არამედ ხალხის არჩეულ წარმომადგენელთა აბსოლუტოკრატია იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ პარლამენტს ხელეწიფება საყოველთაო არჩევნების წესით ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის იმპიჩმენტიც და გადაყენებაც, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, გენერალური აუდიტორის, მთელი მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ზედ მიყოლებაც.
მესამე, როგორ უნდა იმოქმედოს ხალხმა იმ შემთხვევაში, თუ ხალხსა და მის წარმომადგენლებს შორის უთანხმოებაა კონსტიტუციის ნორმების ან წარმომადგენლების მიერ მათი დაცვა/არდაცვის თაობაზე? და, საზოგადოდ, როგორ დაიცვას თავი ხალხმა მისგან მომდინარე ხელისუფლების მისგანვე არჩეული უზურპატორი წარმომადგენლებისგან? ცხადია, სასამართლოს საშუალებით, თუმცა ამ ტანჯვით სავსე ფიალის დაცლა არავის სურს, მით უმეტეს, როდესაც შეიტყობს, რომ:
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი (იხ. მუხლი 90);
- მოსამართლეებს ნიშნავს (იხ მუხლი 86) იუსტიციის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და რომლის გადაყენების უფლება აქვს პარლამენტს;
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შედგება (იხ. მუხლი 88) 9 მოსამართლისაგან და მათგან 3 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 წევრს ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 წევრს ნიშნავს უზენაესი სასამართლო - რომლის თავმჯდომარესა და წევრებს ირჩევს პარლამენტი და რომლის თავმჯდომარის გადაყენების უფლებაც აქვს პარლამენტს.
ამგვარად, სასამართლო ხელისუფლებასაც ფაქტობრივად სრულად აკონტროლებენ და წარმართავენ ხალხის არჩეული წარმომადგენლები (დეპუტატები და პრეზიდენტი).
დაუკვირდით - უკვე მერამდენედ ფიქსირდება ფაქტი, რომ წარმომადგენლები მაღლა დგანან თავის ამომრჩევლებზე ხელისუფლების ფლობის ხარისხითაც და მასშტაბებითაც - მაგალითად, სასამართლო ხელისუფლებასთან ხალხს, როგორც გაირკვა, უშუალოდ სრულიად არაფერი არ აკავშირებს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მოსამართლეებიც ადამიანები და მოქალაქეები არიან. ხალხს ხომ არც მათ არჩევა-დანიშვნაში მიუძღვის რაიმე წვლილი და არც მათზე ზემოქმედების რაიმე უფლება არ აქვს (იხ. მუხლი 84 და 87).
ასე და ამგვარად, ბატონებო, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ხელისუფლების მომდინარეობისა და ჩამდინარეობის ანალიზი ცხადად წარმოაჩენს საქართველოში ხალხისთვის ხელისუფლების ჩამორთმევის, უშუალო ანუ სახალხო დემოკრატიის განხორციელების აღკვეთის, არჩეული წარმომადგენლების მიერ ხალხის კუთვნილი ხელისუფლების მითვისებისა და თითქმის ერთპიროვნული განკარგვის სურათს.