გოჩა ბაიაშვილი, რაგბის მწვრთნელი
ერთი შეხედვით ძნელია, ბრიტანელების გაყრა დანარჩენ ევროპასთან ქართულ რაგბს დაუკავშირო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
ქართული რაგბის განვითარებამ ტიპობრივი სარაგბო სამყარო აქტიურად აალაპარაკა ექვსი ერის, უპირველესი ევროპული სარაგბო ასპარეზის ფერისცვალებაზე. მოახლოებული ვიზალიბერალიზაციის პროცესი კი იმედს უსახავდა ქართული რაგბის ჭეშმარიტ გულშემატკივარს, რომ სულ მალე შეძლებდა თავისუფლად, როგორც თავისუფალ ევროპელებს შეეფერებათ, ყოველგვარი სავიზო ბიუროკრატიისა და დამამცირებელი პროცესების გარეშე, დასწრებოდა საყვარელი გუნდის თამაშებს კარდიფში, ლონდონში, გლაზგოში.
ბრექსიტმა ეს იმედიც მოკლა. ბრიტანული ვიზა დღემდე რჩება ურთულეს საჯილდაო ქვად საქართველოს ბევრი მოქალაქისათვის, რომელთაც ვერ ხელეწიფებათ მისი დაძლევა.
ლონდონში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ქართული რაგბის გულშემატკივარმა მზადება წლების წინ დაიწყო. მოაგროვა საჭირო თანხა, წინასწარ იყიდა "ბორჯღალოსნების" მატჩებზე ბილეთები. შეაგროვა ყველა საჭირო ცნობა ბანკიდან, სამსახურიდან, იუსტიციის სამინისტროდან, არქივიდან და ა.შ. გადალახა ყველა ბიუროკრატიული ბარიერი, რომ საყვარელ გუნდს გვერდში ამოდგომოდა, რადგან იმედი წარმატებისა დიდი იყო, იმედი "ბორჯღალოსნებმა" გაამართლეს... არ გაამართლა ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში!
ბევრი გულშემატკივარი ვიზის გარეშე დარჩა და ვერ შეძლო იქ, სტადიონზე ექომაგა საყვარელი გუნდისთვის, რომლისთვისაც ასეთი ქომაგები ერთი ათასად ფასობს.
როგორც წესი, საელჩოები არ განმარტავენ ვიზის გაცემაზე უარს, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ რაიმე ობიექტური მიზეზი არსებობდეს, უარი უთხრა საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილ გენერალურ მდივანს, ისევე როგორც იმ გულშემატკივარს, რომელმაც მატჩის ბილეთები ერთი წლით ადრე შეიძინა.
ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველოს მოქალაქე რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს ბრიტანეთის სამეფოსთვის. ისინი, ვისაც იქ დარჩენა სურდა, დიდი ხანია უკვე ბრიტანეთში იმყოფებიან, ზოგი მოქალაქეც გახდა, ზოგიც უკან მობრუნდა და იქით წასვლაც აღარ უნდა.
ლონდონის ტერორისტული აქტების შემდეგ საქართველოს რომელიმე მოქალაქის სამართალდარღვევა უბრალოდ სასაცილოდ ჩანს. ტერორისტი ქართველი კი ბუნებაში არ არსებობს, ესეც ჯიუტი ფაქტია.
გარეგნულად ბრიტანეთი და საქართველო თითქოს მეგობრობენ, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროსაც, ბრიტანეთის ელჩი ქ-ნი ჰოლ ჰოლი საპატიო სტუმრადაც ეწვია ქართველი მინისტრების საჩვენებელ სარაგბო მატჩს "ბორჯღალოსნების" მხარდასაჭერად, რაც შავ ბრიტანულ იუმორს უფრო ჰგავდა.
მამაცხონებულო, თუ ქართული რაგბის ასეთი გულშემატკივარი ხარ, იმ კაცს ვიზაზე უარს როგორ ეუბნები, ოთხი წელი რომ ფული აგროვა, ბილეთები იყიდა, ათასი ბიუროკრატიული ჯანდაბა გადალახა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც აესრულებინა ოცნება, საქართველოს ნაკრებისათვის ექომაგა მსოფლიო ჩემპიონატზე?! ან იმ მინისტრების ცუნდრუკს რაღა ფასი აქვს, თუ შენი მოქალაქე ასე გააწბილეს და დაამცირეს?..
დიპლომატიური რევერანსები აქ უადგილოა. რაგბი ბრიტანეთშიც და საქართველოშიც სახალხო სპორტია და არა - არისტოკრატთა თავშესაქცევი. რაგბი ხალხს ეკუთვნის, ნამდვილ, მშრომელ, ჯიგარ, ალალ ხალხს და ამ ხალხის აბუჩად აგდება თავმოყვარე ქვეყანაში წესით, დიპლომატიური სკანდალით დამთავრდებოდა. წარმოგიდგენიათ, ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც ბილეთები აქვს ნაყიდი საქართველოში ინგლისის ნაკრების თამაშზე, ვიზაზე უარი უთხრან?!
ბრექსიტმა თემა კვლავ გადასაწყვეტი დატოვა. მოახლოებული ნოემბრის ტესტ-მატჩებში "ბორჯღალოსნებს" ერთი ტესტი გლაზგოში აქვთ შოტლანდიასთან. არა მგონია, იმ დროისთვის შოტლანდიამ მოახერხოს ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოსვლა და იქ მოსახვედრად ისევ მოგვიწევს ყრუდდახშული საელჩოს კაკუნი. თუმცა, სამომავლოდ, ევროპული ვიზალიბერალიზაციის პირობებში იქნებ ბრიტანეთის საელჩოს გვერდის ავლითაც მოვხვდეთ შოტლანდიაში.