კავკასია გეოსტრატეგიული პოლიტიკური მდებარეობის გამო უხსოვარი დროიდან მოექცა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ინტერესთა სფეროში. სხვადასხვა ხალხებს თან მოჰქონდათ უნიკალური კულტურა, თავიანთი ადათ-წესები, შესაბამისად კავკასია იქცა კულტურათა დიალოგისა და კონფლიქტის ადგილად. ასე გადაეჯაჭვა განსხვავებული რელიგიები და ტრადიციები ადგილობრივ ხალხთა რელიგიასა და ტრადიციებს.
პირველი განსხვავებული რელიგია კავკასიაში, რომელიც უცხო ტომებმა შემოიტანეს, ზოროასტრიზმი, ცეცხლთაყვანისმცემლობა გახლდათ. ჯერ კიდევ ძვ-წ-აღ-ის VI ს-იდან იწყება მისი გავრცელება საქართველოში. ახალი წ-აღ-ის III ს-მდე ქართლში ზოროასტრიზმი ვრცელდება მშვიდობიანი გზით.
აქემენიდური ირანი და შემდეგ მისი მემკვიდრე პართია იმჟამინდელ მსოფლიოს მოდის კანონმდებელი იყო, ამდენად გასაკვირი არაა, რომ ირანის მმართველ ძალებთან მჭიდრო კონტაქტებით, ზოროასტრიზმი ფეხს იკიდებს ქართლის წარჩინებულ ფენებში, რისი გამოხტულებაა ის თეოსოფიური სახელები (ფარნავაზი, ფარნაჯომი, არტავაზი, არშაკი, ბაგრატი, ბაკური, ბარტომი, მირდატი, ადარნასე, აზორკი), რომელსაც ქართლის მეფეები და სხვადასხვა მოღვაწეები ატარებენ.
საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ მაზდეანობა წიგნიერი რელიგიაა და ქართველთა ინტერესი ზოროასტრიზმის მიმართ შესაძლოა ამ ფაქტორითაც იყოს განპირობებული. მიუხედავად ამისა, ცეცხლთაყვანისმცემლობა ვერ იქცა სახელმწიფო რელიგიად საქართველოში, ვერ დამკვიდრდა ფართო ფენებში.
რა იყო ამის მიზეზი, რატომ გაემიჯნა ზოგიერთ ქართველ დიდებულთა მისწრაფებას ერის დანარჩენი ნაწილი?
ამ კითხვებზე პასუხი იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური და კულტურული განვითარების ტენდენციებში უნდა ვეძიოთ.
რა მიზანს ისახავდნენ სასანიდები მაზდეანობის ძალადობრივი გავრცელებით
ქრისტეშობის შემდგომ III საუკუნიდან ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ირანის ისტორიაში ახალი ხანა - სასანიდური პერიოდი იწყება, რომლის წყალობითაც სულ სხვა სურათი მივიღეთ. სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა ქართლი მას შემდეგ, რაც შაბურმა ზოროსატრიზმი სასნიანთა ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა.
იმპერიის გაძლიერებასა და გაფართებას თან სდევს მძაფრი დაპირისპირება ქრისტიანობასთან. მთავარი მიზანია დაპყრობილი ხალხების გამაზდეანება და იმპერიის განმტკიცება ერთიანი რელიგიური ფაქტორით. ამ ფონზე ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელება ძალდატანებით განსაკუთრებული ინტენსივობით ხდება სომხეთსა და იბერიაში IV საუკუნიდან.
დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა მაზდენობის გავრცელებისათვის საქართველოში, რაც კარგადაა ასახული ქართულ საისტორიო წყაროებსა და ლიტერატურაში. "შუშანიკის წამება", "ევსტათი მცხეთელის მარტვილობა", ჯუანშერის, ლეონტი მროველისა და სხვა ავტორების თხზულებები, რეალურად ასახავს იმ პერიოდში მიმდინარე საზოგადებრივ-პოლიტიკურსა და რელიგიურ პროცესებს.
ამბავი საქართველოში არსებული მაზდეანური ხუთი ტაძრისა
ათეშგა ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარია. საქართველოში ასეთი საკულტო ნაგებობა ხუთგანაა შემოჩენილი: თბილისში, ნიქოზში, ქარელის რაიონში - დედოფლის გორაზე, ნეკრესსა და მცხეთაში - მოგვთა უბანში.
ათეშგა დარბაზული ნაგებობაა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში გუმბათი ადგას თავს. აქ განსაკუთრებული რიტუალი სრულდება - შემაღლებულ ადგილას დგას ლარნაკი, სადაც ჩაუქრობლდად ანთია ცეცხლი, ქურუმები პირბადეებით დგანან ცეცხლთან და მათი მთავარი ზრუნვის საგანია ცეცხლი მარადიულად ენთოს, არ ჩაქრეს.
უფროს ქურუმს "დასტური" ჰქვია. საგულისხმოა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ხატობის რიტუალის ხელმძღვანელის სახელია "დასტური". ეს ფაქტორი ცალსახად უნდა მიანიშნებდეს ქართულ ირანული კულტურული და რელიგიური ურთიერთობის პლასტებზე.
საგულისხმოა, რომ შემორჩენილი ხუთი ათეშგიდან ოთხი ქალაქშია დაცული. გამოდის, რომ მარტო ქალაქებში არ მკვიდრდებიან ზოროასტრიზმის მიმდევრები. ჯუანშერი მაინიშნებს საგანგებოდ, რომ ვახტანგ გორგასლის დროს ცეცხლთაყვანიმცემელთა საკულტო ტაძარი - "საგზებელი ცეცხლისა" სოფელ ნიქოზშიც ყოფილა, რაც იმის დასტური უნდა იყოს, რომ მაზდეანობა რიგ შემთხვევაში მარტო ელიტარული სარწმუნოება არ იყო და ის უფრო დაბალ სოციალურ ფენებშიც იყო გავრცელებული.
რატომ დაიკავა ვახტანგ გორგასალმა შემწყნარებლური პოზიცია ქურუმ ბირქარანის მიმართ
მეხუთე საუკუნის პირველი ნახევრიდან მაზდეანობას ქართლში საკმაოდ მყარი პოზიცია უკავია, ასეთ დროს უხდება სწორედ ვახტანგ გორგასალს გამეფება. ვახტანგი შვიდი წლის იყო, როცა მამამისი გარდაიცვალა, ასეთ დროს, ბუნებრივია, დადგა საკითხი ვინ უნდა ასულიყო ქართლის სამეფო ტახტზე. ვახტანგის დედა საგდუხტი გაემგზავრა მამამისთან რანის პიტიახშთან ბარზაბოდთან, რომელიც ირანელების მიერ დანიშნული იყო კავკასიის მმართველად და დახმარება სთხოვა.
ბარზაბოდმა შვილიშვილს შეუნარჩუნა მეფობა, მხოლოდ ერთი პირობით - ვახტანგს ხელი არ უნდა შეეშალა ქართლში მაზდეანობის გავრცელებისათვის. პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ქართველები მიდიან ამ დათმობაზე და მეხუთე საუკუნეში ვხედავთ, რომ ქრისტიანი ეპისკოპოსის გვერდით თანაბარი უფლებებით არის აღჭურვილი ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმი ბინქარანი. სავარაუდოდ, სწორედ ქ საუკუნეში უნდა იყოს აშენებული თბილისის ათეშგა.
თბილისში ირანელთა მოხელე მეოთხე საუკუნიდან ზის, ამასთანავე თბილისში დგას ირანული სამხედრო გარნიზონი. უნდა ვითარაუდოთ, რომ თბილისში მაზდეანობის მიმდევარნი საკმაო რაოდენობით არიან. ასეთი რეალობისას სრულიად ბუნებრივია თბილისში ათეშგას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება.
როგორ შეიმოინახა თბილისმა ათეშგა VIII ს-მდე
ფეთხაიმზე, გომის ქუჩაზე, შემორჩენილი თბილისის ათეშგასაგან მხოლოდ ოთხკუთხა შენობაა დარჩენილი, რომელიც აგურითაა ამოყვანილი. საგულისხმოა, რომ ქრისტიანობის გავრცელების შემდგომაც ინარჩუნებდა ცეცხლთაყვანისმცემლობა თავის პოზიცებს, რაც პოლიტიკური მომენტით იყო განპირობებული. IV საუკუნის მიწურულიდან ქართლი კვლავ განიცდის ირანის გავლენას, რაც თავის მხრივ იდეოლოგიური კუთხითაც აისახა.
როცა საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა, სამიოდ საუკუნეში გაიმარჯვა ისლამმაც და ირანიდან თითქმიის სრულად განდევნა ცეცხლთაყვანისმცემლობა. ეს მაზდეანური საკულტო ნაგებობების, ათეშგების სრულ განადგურებას ნიშნავდა.
საცნაური კი ისაა, რომ თბილისში სულ სხვა სურათი გვხვდება - აქ VIII ს-ის ჩათვლით იყო მოქმედი ათეშგა, რომელსაც თავისი მრევლი ჰყავდა. ერთი საუკუნით მეტ ხანს გასძლო ათეშგამ ჩვენთან.
VIII ს-იდან მაჰმადიანმა სარწმუნოებამ ჩაანაცვლა მაზდეანობა, სწორედ ამიტომაც ერთი საუკუნის შემდეგ ათეშგა ფუნქციას კარგავს. ამის ინიციატორი კი თბილისში მცხოვრები ისლამის მიმდევრები არიან და არა ქართული ხელისუფლება, ან მოსახლეობა.
ეს კიდევ ერთი დასტურია ქართული ტოლერანტობისა, რაც ცალსახად მსოფლიო კულტუროლოგიური ფენომენია. ამ ფენომენის გაცნობიერება და გააზრება ბევრ ისეთ პრობლემას გადაწყვეტს, საუკუნეების მანძილზე რომ აღელვებს ცივილიზებულ სამყაროს.
რატომ ვერ მოერია მაზდეანობა ქრისტიანობას
მაინც რა გახდა მაზდეანური სარწმუნოების წინააღმდეგ ქრისტიანთა შეურიგებელი პოზიციის მიზეზი? ორი სრულიად განსხვავებული კულტურული სივრცე ვერ შეთანხმდა, ვერ მორიგდა. რატომ?
აქ ერთ საგულისხმო დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელმაც ფაქტობრივად გადაწყვიტა ქრისტიანთა შეუვალი პოზიცია.
მაზდეანობას ჰქონდა დაკრძალვის ისეთი წესი, რომელიც მიუღებელი იყო ქართველთათვის და არა მარტო მათთვის. ამ წესით არ შეიძლებოდა გარდაცვლილის მიწაში დაკრძალვა. ამას თავისი ახსნა ჰქონდა - მაზდეანთათვის მიწა ღვთაებრივ საწყისად მიიჩნეოდა, ის წმინდათაწმინდა იყო, ამიტომაც თვლიდნენ, რომ ადამიანის სხეულს არ უნდა შეებილწა მიწა.
მაზდეანებს მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სასაფლაოები, კოშკები, იგივე დაკმები, სადაც დამრეც კედელზე დებდნენ მიცვალებულის სხეულს და როცა ის გაიხრწნებოდა, ძვლებს სპეციალურად გამოყოფილ ორმოებში ყრიდნენ.
ამ რიტუალს საკმაოდ კარგად აღწერს VI ს-ის ბიზანტიელი ავტორი პროკოფი კესარიელი ირანელთა წინააღმდეგ ერისმთავარ გურგენის მიერ მოწყობილი 523 წლის აჯანყებისას ამბების გადმოცემისას. აი, რას წერს ისტორიკოსი:
"კავადს უნდოდა ძალით მოექცია იბერები თავის სარწმუნოებაზე და მათ მეფე გურგენს შეუთვალა სხვა ისე მოქცეულიყო, როგორც სპარსელებში იყო მიღებული და გარდაცვლილები მიწაში კი არ დაემარხა, არამედ ყველა მიცვალებული ფრინველებისა და ძაღლებისათვის გადაეგდო. ამიტომ მოინდომა გურგენმა იუსტინე მეფის მხარეზე გადასვლა."
როგორ უერთგულეს ქართველებმა წინაპართა საფლავებს
ის, რასაც კავადი სთავაზობს გურგენს, იმასვე სთავაზობდნენ ქართველებს წინა საუკუნეებისას სასანიდები. განსაკუთრებული მონდომებით იბრძოდნენ ირანელები მიცვალებულთა მაზდეანური წესის ქართლში დამკვიდრებისთვის ვახტანგ გორგასალის მეფობის პერიოდიდან.
ეს მცდელობა გამორჩეულად მძაფრი გახდა მეექვსე საუკუნის ოციანი წლებიდან. ირანელთა სწორედ ასეთ მცდელობას მოჰყვა შედეგად ქართლში მეექვსე საუკუნის ოციან წლებში მოწყობილი აჯანყება.
ქართველები ოდითგანვე აღმერთებენ მიცვალებულებს. მათ განსაკუთრებულ ადგილას მარხავენ, ეს ადგილი ცოცხალთათვის წმინდათაწმინდაა. საგულისხმოა ისიც, რომ ქართველთა საფლავები ორმოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთსახოვანი არ ყოფილა - გვხვდება აგურსამარხები, ქვევრსამარხები, ასევე ყორღანები. თუმცა, მათ ერთი რამ აერთიანებთ - ყველა შემთხვევაში არსებობს ადგილი, რომელსაც ჩვენი წინაპარი აღმერთებს, რომელსაც განსაკუთრებულად უფრთხილდება და რომელიც გამორჩეულად ეძვირფასება.
ქართველთათვის საფლავი ეროვნული კულტურის განუყოფელი ნაწილია, ქართული ყოფა-ცხოვრების მთავარი ქვაკუთხედია და ის რასაც მაზდეანობა სთავაზობს ქართველებს - საფლავის მოშლას, არა მარტო სხვა რელიგიის მიღებაა, არამედ იმ კულტურული ტრადიციების მთლიანად უარყოფაა, დანგრევაა, ხშირ შემთხვევაში ერის შემაკავშირებელი ფუნქცია რომ უტვირთია.
სრულიად ლოგიკურია, რომ ამ საკითხზე ქართული და ირანული კულტურული სივრცე ვერ შეთანხმდა, ვერ შედგა დიალოგი, ეს არ იყო ქართველთათვის განსჯისა და კონსენსუსის საგანი. ეს რიტუალი ცალსახად მიუღებელი გახლდათ ქარველთათვის, რამდენადაც ჩვენი წინაპრები მთელი ისტორიისას გამორჩეულად ერთგულებენ საფლავებს.
საქართველოს ისტორია ხომ ფაქტობრივად საფლავების ისტორიაა!