ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო პოპულარული გახდა კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა. ამის მიზეზად ხშირად მშობლები უსაფრთხოების მაღალ დონეს, სწავლების განსხვავებულ მეთოდს, კლასში მოსწავლეების მცირე რაოდენობასა და სხვა ფაქტორებს ასახელებენ. კერძო სკოლებში სწავლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მიუხედავად ამისა, მშობლების ერთი ნაწილი არჩევანს, მასზე აჩერებს, ნაწილს კი დაწყებითი კლასის დასრულებისთანავე გადაჰყავს შვილი კერძო სექტორში.
მიუხედავად მაღალი გადასახადისა, მშობელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კერძო სასწავლებლებს, მათი შვილების განვითარებასა და განათლებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მშობელმა, ნინო გეწაძემ აღნიშნა, ახალი ტიპის სკოლები არა მარტო მისი შვილისთვის, არამედ მისთვისაც ხელსაყრელი ვარიანტია, რადგან სამუშაო და სასწავლო დღე ერთდროულად სრულდება. ამიტომ შეუძლია შვილი მისაღებ დროს გამოიყვანოს სკოლიდან.
"კერძო სკოლაზე არჩევანის გაკეთების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ. სამსახურის გამო ფიზიკურად ვერ ვახერხებთ სკოლიდან გამოვიყვანოთ ბავშვი. კიდევ უფრო პრობლემას წარმოადგენს მისი ვინმესთან დატოვება. ჩემი მშობლებიც მუშაობენ, მეუღლის მშობლები კი საქართველოში არ ცხოვრობენ, შესაბამისად, ბავშვის დამტოვებელიც არავინ გვყავს. თავიდან მეგობრებმა მირჩიეს ძიძა აიყვანე და სკოლიდანაც ის გამოიყვანს და თქვენს მოსვლამდე ჩაიბარებსო, მაგრამ არავის უნდა ასეთ განაკვეთზე და მიზერულ თანხაზე მუშაობა. ნახევარი დღე უნდა მოცდნენ ჩემი შვილის სკოლიდან გამოყვანის გამო და მიიღონ უმნიშვნელო ანაზღაურება. ამას სამსახურად არავინ აღიქვამს და შესაბამისად, მსურველიც თითქმის არავინაა.
ეს იყო ერთი მიზეზი, თუმცა სხვა ფაქტორმაც განაპირობა ის, რომ კერძო სკოლაზე შევაჩერე არჩევანი. რა თქმა უნდა, სწავლის მეთოდი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ კლასში ცოტა მოსწავლეა და პედაგოგს არ უჭირს მათი გამოკითხვა, ასევე თითოეულისათვის ახალი მასალის ახსნა", - ამბობს "რეზონანსთან" ნინო გეწაძე.
კერძო სასწავლებლის დადებით მხარეზე ამახვილებს ყურადღებას მაია ჩომახიძეც, რომლის შვილი უკვე 6 წელია ასეთ სკოლაში სწავლობს და წელს მეორე ბავშვის მიყვანაც გადაწყვიტა. მისი თქმით, სამსახურის გამო, სრულფასოვნად ვერ ახერხებს ბავშვებს სწავლის კუთხით მიაქციოს სათანადო ყურადღება. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა ორივე კერძო სკოლაში მიეყვანა, რათა იქვე მოემზადებინათ მასწავლებლებს მეორე სასწავლო დღისათვის.
"იმაზე დიდი საშინელება არაფერია, როდესაც შენი შვილის განათლებას თავად ვერ ადევნებ თვალყურს და ამაში ჩართული არ ხარ. სამსახურში ისეთი გრაფიკი მაქვს, ამას ფიზიკურად ვერ ვახერხებ. ექიმი ვარ და მოგეხსენებათ, ჩვენი დატვირთული რეჟიმის შესახებ. სახლში გადაღლილი მივდივარ. მრცხვენია, რომ ვამბობ, მაგრამ არაფრის თავი არ მაქვს.
სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ჩემი უფროსი შვილის კერძო სკოლაში მიყვანა. ჩემი შვილი სახლში უკვე ნამეცადინები მოდიოდა, რაც ჩემთვის უდიდესი შეღავათია. ამის გამო რეპეტიტორებთანაც არ მიწევს დამატებითი ხარჯის გაწევა. შესაბამისად, მეორე შვილიც იმავე სკოლაში გავამწესე", - ამბობს "რეზონანსთან" მაია ჩომახიძე.
არიან მშობლები, რომლებიც საპირისპიროდ იქცევიან და საჯარო სკოლას ანიჭებენ უპირატესობას. მათი აზრით, განსხვავება ამ ორ ტიპის სასწავლო დაწესებულებას შორის შორის მცირეა. ლელა ანთიძე იმ მშობლებიდან ერთ-ერთია, რომელმაც თავის შვილს სკოლა შეუცვალა. ის გადასახადი, რასაც მისი შვილისთვის დაწყებით კლასებში განათლების მისაღებად ხარჯავდა, მას დაკარგულად მიაჩნია.
"შვიდი წელი დადიოდა ჩემი შვილი კერძო სკოლაში, თუმცა ბოლო ორი წელი რეპეტიტორების დახმარება დასჭირდა. ამის გამო საჯაროში გადავიყვანე. არ მეგონა, თუ კიდევ დამატებითი თანხას გადავიხდიდი ჩემი შვილის განათლებაში. სამწუხაროდ, როდესაც ამ რეალობის წინაშე დავდექი და ერთი დღეც არ გამიჩერებია კერძო სკოლაში ჩემი შვილი. უკვე 1 წელია საჯაროში სწავლობს და ახლა ვხვდები, რომ ამდენი ფული ტყუილად გადამიყრია. იმ შედეგამდე, რასაც კერძო სკოლაში მიაღწია, საჯაროში თავისუფლად არის შესაძლებელი. კიდევ კარგი დროულად მოვეგე გონს და სასწავლო დაწესებულება შევუცვალე", - განაცხადა ლელა ანთიძემ.
კერძო სკოლა განათლების მიღების გარანტად არ მიაჩნია პედაგოგ მარინა კობახიძეს. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, მისი მოსწავლეების ნაწილი კერძო სკოლის, ხოლო ნაწილი საჯაროს ბავშვები არიან და ერთნაირად სჭირდებათ მომზადება სხვადასხვა საგნებში. წელს ეროვნულ გამოცდებზე მის მიერ მომზადებულმა საჯარო სკოლის კონტიგენტმა ბევრად კარგი შედეგები აჩვენა, ვიდრე კერძო სექტორის მოსწავლეებმა.
"ორმოცი წელია მასწავლებელი ვარ. კერძო სკოლაშიც მიმუშავია და საჯაროშიც. დღესაც ვმუშაობ და პარალელურად ბავშვებს ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მოსწავლეები ორივე სკოლიდან მყავს. ვერ ვიტყვი, რომ კერძო სკოლის ბავშვები, გონებრივი შესაძლებლობებით დიდად განსხვავდებიან საჯაროს ბავშვებისგან. წელს ეროვნულ გამოცდებზე ჩემ მიერ მომზადებული აბიტურიენტებიდან ცხრამ გრანტი აიღო და ცხრავე მათგანი საჯარო სკოლის მოსწავლეა. არ მესმის მშობლების, რომლებიც ამდენ ფულს ტყუილად ხარჯავენ, რადგან მათ შვილებს კერძო სასწავლებლებში სწავლის მიუხედავად, მაინც სჭირდებათ რეპეტიტორის დახმარება.
ამ და უამრავ მსგავს მაგალითზე თავად შეგიძლიათ დასკვნა გამოიტანოთ. განათლების მიღების მსურველი მაინც ისწავლის და მიაღწევს იმ მიზანს, რაც დასახული აქვს", - განუცხადა "რეზონანსთ" მარინა კობახიძემ.
იმ მშობლებს, რომლებიც თვლიან, რომ სწავლის მხრივ არანაირი განსხვავება არ არის საჯარო და კერძო სკოლებს შორის, ეთანხმება განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლეიშვილიც. ამ ყველაფრის მიზეზი კი არასწორი სასწავლო გეგმაა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღეს და მას შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" არანაირი შესწორება არ შეიტანა.
"არ მინდა ვინმემ ჩათვალოს თითქოს კერძო სკოლების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ვეთანხმები იმ მშობლებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კერძოსა და საჯარო სექტორს შორის დიდ განსხვავებას ვერ პოულობენ. ჩვენ გვაქვს, როგორც სკოლაში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში კერძო სექტორები, მაგრამ განვითარება მიდის არასწორად.
დღეს ბავშვი ვერ მიიღებს განსხვავებულ განათლებას კერძო სკოლაში. ამის მიზეზი განსხვავებული და დამახინჯებული კანონმდებლობაა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამოქმედდა. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" ეს სიმახინჯე ყოველგვარი ცვლილებების გარეშე დატოვა ძალაში. თუ არანაირი განსხვავება არ იქნება კერძო და საჯარო სკოლების სასასწავლო გეგმებს შორის, იგივე იქნება სახელმძღვანელოებიც, მაშინ როგორ მიიღებს კერძო სექტორის ბავშვი უკეთეს განათლებას?
კერძო სკოლებს აღარ დაუტოვეს უფლება ასწავლონ განსხვავებული სახელმძღვანელოებით. ისინი მხოლოდ იმისთვისაა, რომ დაწყებითი კლასის ბავშვები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შეიფარონ. გახანგრძლივებული გაკვეთილები ხომ საჯარო სექტორსაც აქვს. აქედან გამომდინარე, რომელ კონკურენტუნარიან სწავლაზეა საუბარი არ მესმის.
მხოლოდ ერთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ - კერძო და საჯარო სკოლები გათანაბრებულია სწავლის მხრივ და ამის მიზეზი არის არასწორი კანონმდებლობა, რომელიც მიიღეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ეს ხარვეზი სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი", - ამბობს "რეზონანსთან" ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილი.
რას ფიქრობს ხალხი
ნათია მამუკაშვილი, 24 წლის: "ჩემი პატარა ძმა დადის კერძო სკოლაში. დიდად კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ მაინც ასე გვირჩევნია, რადგან გლდანის საჯარო სკოლებს ისევ ის ვარჩიეთ. ჩემი მშობლებისთვის ფინანსურადაც რთულია ამ გადასახადის გადახდა. წინა წლებში მეც სტუდენტი ვიყავი და ცალკე ესეც ტვირთად აწვებოდა ჩემ ოჯახს. არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ კერძო სკოლაში ვატარებ ბავშვს და მას რეპეტიტორი არ სჭირდება. ჩემი ძმის, მისი კლასელებისა და ზოგადად სკოლელების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, მათ მაინც სჭირდებათ დამატებით გამოცდილი პედაგოგის დახმარება".
თამთა მელიქაძე, 30 წლის: "მეხუთე კლასამდე დამყავდა კერძო სკოლაში ბავშვი, ჩემს დას კი - საჯაროში. როდესაც ჩვენი შვილების სახელმძღვანელოები შევადარე, აღმოჩნდა, რომ თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთნაირი წიგნები, ერთნაირი სწავლის პრინციპი და რაღა განსხვავებაა ამ ორ სექტორს შორის? მხოლოდ უზარმაზარი გადასახადი. ეს არის მშობლების დაცინვა და სხვა არაფერი. წელს ვერ მოვახერხე, თუმცა მომავალი წლიდან აუცილებლად შვილს საჯარო სკოლაში გადავიყვან".
ლილე ბექაური, 34 წლის: "ისეთი მდგომარეობა არ არის კერძო სკოლაში, როგორც აკრიტიკებენ. სჯობს, თუ რამე არ მოეწონებათ მშობლებს, ყურადღება გაამახვილონ და სკოლის დირექტორსა და სასწავლო ნაწილს ესაუბრონ. მივიდნენ საერთო აზრამდე და მიიღონ ის შედეგი რომლის შედეგის დანახვაც სურთ. მე ორივე შვილი კერძო სკოლაში დამყავს და ძალიან კმაყოფილი ვარ. არც რეპეტიტორებთან მჭირდება თანხის გადახდა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩემი შვილები სახლში მოვლენ, ისინი მეორე დღისათვის მზად იქნებიან".