განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლებში მე-12 კლასის გაუქმების შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. "მე-12 კლასის გაუქმება არ მოხდება. იგეგმება, რომ ბოლო ორ კლასში (მე-11-12) იყოს უმაღლესისთვის გაძლიერებული მომზადება," - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
"არ ვიცი, საიდან მოვიდა ინფორმაცია მე-12 კლასის გაუქმების შესახებ. საუბარია იმაზე, რომ ჩვენი სკოლის სტრუქტურა რჩება აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც დღესაა. ერთადერთი განიხილება ის, რომ ბოლო 2 კლასი იყოს უმაღლესისთვის გაძლიერებული მომზადება. ანუ როგორც ბევრ ქვეყანაში არის კოლეჯი, გიმნაზია.
"ფაქტობრივად, მე-10 კლასის ჩათვლით სკოლა არის ჩვეულებრივი, რომელიც ცხოვრებისთვის ამზადებს, ანუ ზოგადი უნარები ყველა მიმართულებით, თუ ჟურნალისტობას აპირებს, მე-11-12 კლასებში უკვე ვკონცენტრირდებით მოსამზადებლად ჟურნალისტიკაზე ჩასაბარებლად, თუ ქიმიკოსობას აპირებს, მაშინ - ქიმიაზე. ანუ საუბარია სპეციალიზებულ, კონცენტრირებულ ბოლო ორ კლასზე. გაუქმებაზე არც ერთ შემთხვევაში საუბარი არ არის," - განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, მსგავსი სკოლები დღესაც არსებობს და ამ კონტექსტში კომაროვის, ვეკუას და სხვა სკოლები დაასახელა.
"ჩვენ გვინდა, რომ გავაძლიეროთ ეს მიმართულება, რომელიც სპეციფიკურად ბავშვებს ამზადებს კონკრეტული მიმართულებით წარმატებისთვის. წელსაც ამ მიმართულებით იქნება ცალკეულ სკოლებში გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის, სპეციალიზებული სკოლების სტატუსი, მაგალითად, ფიზიკა-მათემატიკური, სახელოვნებო და ა.შ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მათ, რომლებიც ბოლო კლასში თავის ბავშვებს ისეთ სწავლას მოუწყობენ, რომელიც მინიმუმ რეპეტიტორების საჭიროებას მოხსნის ამ ბავშვებისთვის და შემდეგ წლებში ჩვენი იმედი გაქვს, ამ მეთოდით რეპეტიტორის საჭიროება ნელ-ნელა გავა სცენიდან," - განაცხადა ჯეჯელავამ.
ჯეჯელავას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფერს არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, ბოლო ორი კლასის გაძლიერებაზე წელსვეა საუბარი.
"დღეს დაახლოებით 50-მდე სკოლაა, სადაც ისედაც სპეციფიკური პროგრამებით მუშაობენ. იმედი გვაქვს, ეს რაოდენობა გავაორმაგოთ და წელსვე სწავლის ხარისხით მოწინავე სკოლებს ხელი შევუწყოთ," - განაცხადა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ ეს მხოლოდ თბილისში არ იქნება და ყველა რეგიონს შეეხება.
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ვახანია ამბობს, რომ "იმ სახის მე-12 კლასი, როგორიც დღესაა, არის უაზრო და ზედმეტი, მაგრამ მას სათანადო შინაარსი რომ ჰქონდეს, მაშინ საჭირო იქნება. ეს სათანადო შინაარსი კი გულისხმობს იმას, რომ მოხდეს ნასწავლის, ანუ განვლილი მასალის გამეორება.
"რაც ამდენი წლის განმავლობაში მოსწავლემ ისწავლა, იმ საკითხების გამეორება მნიშვნელოვანია. თუმცა მე-12 კლასის მოხსნა მაინც უარყოფით შედეგს გამოიწვევს. კერძოდ, დღეს სკოლა სინამდვილეში 11-წლიანია და თუკი მე-12 კლასს მოხსნიან, მაშინ ის 10-წლიანი გახდება," - განაცხადა ვახანიამ.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე საუბრისას აღნიშნავს, რომ რეალურად სკოლები მე-12 კლასის ფუნქციას არ ასრულებენ.
"ცალკე აღებული მე-12 კლასის გაუქმების იდეა არასერიოზულია. ხშირად, მე-12 კლასი აღქმულია, როგორც უმაღლესისთვის მოსამზადებელი პერიოდი. რეალურად აქ საუბარია იმაზე, რომ ბავშვები უმაღლესისთვის ემზადებიან და სკოლები თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ, რადგან სტატუსი და პრესტიჟი არასათანადო აქვთ.
სწორედ ამ კონტექსტშია მე-12 კლასის გაუქმება წინ წამოწეული. სკოლები მე-12 კლასის ფუნქციას არ ასრულებენ.
"თუ განვიხილავთ, რომ მე-11 და მე-12 კლასები სხვა სპეციფიკის იქნება, მაშინ ეროვნული სასწავლო გეგმა უნდა გადაიხედოს. ყველა კომპონენტი ერთობლივად უნდა იყოს გააზრებული და არა ცალ-ცალკე. არა მარტო მე-12 კლასი, არამედ სკოლა ზოგადად დღესდღეობით თავის ფუნქციას ძირითადად ვერ ასრულებს," - განუცხადა "რეზონანსს" შალვა ტაბატაძემ.
მისი თქმით, მოსწავლეებისთვის სკოლაში სიარული ფორმალურ პროცედურად იქცა და მშობლები ამის წინააღმდეგნი არ არიან.
"პრობლემაა ის, რომ 12 კლასი და ზოგადად განათლების სისტემა გააზრებულია, როგორც ფორმალური პროცედურა. მოსწავლეებისთვის სკოლაში სიარული ფორმალურ პროცედურად იქცა და მშობლები უფრო კმაყოფილები არიან, რადგან მე-12 კლასში ბავშვი მოემზადება და სკოლაში საერთოდ არ ივლის, ანუ სკოლა დროს არ დააკარგვინებს.
"ეს ნიშნავს, რომ რაც სახელმწიფოს მიერაა მითითებული, იმ ფუნქციას სკოლა ვერ ასრულებს. ხშირად მშობლებს ბავშვები კერძო სკოლაში დაჰყავთ განა იმიტომ, რომ ისინი იქ უკეთეს განათლებას მიიღებენ, არამედ იმიტომ, რომ კერძო სკოლაში უფრო მეტი შესაძლებლობა შეიძლება გქონდეს, რომ სკოლაში არ იაროს ბავშვმა და სკოლამ პრობლემები არ შეუქმნას მას," - აღნიშნა შალვა ტაბატაძემ.