მერია აცხადებს, რომ ძველი თბილისის 8 ქუჩაზე საფეხმავლო ზონა მოეწყობა და ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება.
ეს ადგილებია: აღმაშენებლის გამზირი #44-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე (ახლად რეაბილიტირებული მონაკვეთი), ერეკლე მეორის, ბოტანიკურისა და ალექსანდრე დიუმას ქუჩები და გორგასლის | შესახვევი; საფეხმავლო ქუჩების სტატუსი მიენიჭა შარდენის ქუჩას, ბამბის რიგსა და რკინის რიგსაც.
ქუჩების შესასვლელებში ავტომატური ჩამკეტები დამონტაჟდება. მათი მართვის პულტები მოსახლეობას გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანები საფეხმავლო ქუჩებზე შესვლას შეძლებენ.
მერიამ ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირებისთვის მიიღო.
როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ამ სამუშაოების დასრულება გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული.
"ყველა საფეხმავლო ქუჩა ჩვენი სამსახურის მიერ შესაბამისი ნიშნებით აღიჭურვება. ამ ყველაფრის დასრულებას დრო დასჭირდება, ჩემთვის ზუსტად ცნობილი არ არის ეს დრო. ის, თუ რამდენ ხანში დასრულდება, იქ მომუშავე სამშენებლო კომპანიაზეა დამოკიდებული." - განაცხადა მუმლაძემ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "რეზონანსთან" საუბრისას არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ საფეხმავლო ზონის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა მისი შექმნა და მოწესრიგება ბევრ მნიშვნელოვან საკითხთანაა დაკავშირებული.
"თავისთავად ცხადია, სატრანსპორტო სქემის გარეშე საფეხმავლო ზონის გაკეთება არ შეიძლება.
ეს საკითხი, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში უნდა იყოს ჩართული, რომელიც ახლა მუშავდება, ანუ მისი განახლება ხდება. ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელია, ასე განცხადების გაკეთება, რომ რვა ქუჩაზე საფეხმავლო ზონას ვაკეთებთ, აბსოლუტურად დილეტანტური მიდგომაა. თუ გეგმაში ყველაფერი მოწესრიგდება, ფეხით მოსიარულეთა ზონის გაკეთება სავსებით შესაძლებელია.
"გამოვიყენებ შესაძლებლობას და ვიტყვი, რომ ქალაქის მერია რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს არ უთანხმებს, ეს არაფრით არ შეიძლება.
"მერიის არქიტექტურის სამსახურს მოვუწოდებ, რომ თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან კონტაქტი იქონიოს და ერთად გააკეთონ საფეხმავლო ზონები," - განუცხადა "რეზონანსს" ლადო ვარდოსანიძემ.
არქიტექტორმა საფეხმავლო ზონის გაკეთების დადებით მხარეებზე ისაუბრა. ვარდოსანიძის თქმით, სხვა ქუჩებზე საფეხმავლო ზონის გაკეთება და გაფართოება მიზანშეწონილი არ იქნება.
"ამ ცვლილებას დადებითი აქვს ის, რომ საქვეითო ზონა, განსაკუთრებით საღამოსა და ღამის საათებში, ტურისტებს იზიდავს, ვაჭრობას უწყობს ხელს და რასაკვირველია, გარკვეულწილად ეკონომიკასაც. რამდენიმე ფუნქცია თავს ერთად იყრის და მთლიანობაში ქალაქს აძლიერებს. ეს კარგია, მაგრამ საფეხმავლო ზონა ქალაქში სხვა ასპექტებთან როგორ იქნება შეთანხმებული, ესაა მნიშვნელოვანია.
"სხვა ქუჩებს რაც შეეხება, არ მგონია, საფეხმავლო ზონის გაფართოება მიზანშეწონილი იყოს. ის, რის გაკეთებასაც გეგმავენ, კონცენტრირებული უნდა იყოს და არა გაბნეული. ქუჩები ერთმანეთში უნდა გადადიოდეს და წყვეტა არ უნდა ჰქონდეს," - განაცხადა ვარდოსანიძემ.