ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდგომ, 326 წლიდან, თვისობრივად განსხვავებული ეტაპი იწყება ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. მტკიცედ განსაზღვრულმა სახელმწიფოებრივმა სარწმუნოებრივმა პოლიტიკამ ირანის განსაკუთრებული აგრესია გამოიწვია.
ეს არის მანამდე უპრეცედენტო ბრძოლა - რელიგიური დაპირისპირება, რაც საქართველოს შემდგომი პერიოდის ისტორიას წითელ ზოლად მისდევს. სასანიდები ცდილობენ ქრისტიანობას თავისი რელიგია, მაზდეანობა დაუპირისპირონ. ამას ისინი მთელი კავკასიის მასშტაბით გეგმავენ.
მათი წარმატებული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი 428 წელს სომხეთში მეფობის გაუქმება გახლდათ. ირანელებს მეფობის გაუქმება სურთ ქართლშიც და ამზადებენ კიდეც ამისთვის ნიადაგს. ასეთ ვითარებაში ადის ტახტზე ვახტანგ გორგასალი, მეფე, რომლის ზეობისას საქართველომ მტკიცედ განსაზღვრა პოლიტიკური ორიენტირი და დასავლეთისკენ აიღო გეზი.
როგორ გადაარჩინა ქართლის დამოუკიდებლობა დედოფალმა საგდუხტმა
გორგასალი 442 წელს ქართლის მეფე მირდატ და დედოფალ საგდუხტის ოჯახში დაბადებულა. მატიანემ შემოგვინახა მისი აღმზრდელის სახელიც - საურმაგ სპასპეტი იყო ის, რომელმაც მომავალი მეფის მარადიულ ფასეულობებზე იზრუნა. 449 წელს, 7 წლის იყო ვახტანგი, როცა მამამისი მირდატი გარდაიცვალა.
ასეთი ვითარება მართლაც რომ სანატრელი იყო მტრისთვის - ქართლი ფაქტობრივად მეფის გარეშე გახლდათ დარჩენილი, თავად დედოფალი საგდუხტი წარმოშობით ირანელი მოხელის, ბარდავის ერისთავის ბარზაბოდის ქალიშვილი იყო. ასე რომ, სასანიანთა გეგმების განხორციელებას თითქოს აღარაფერი უნდა აღდგომოდა წინ, თუმცა, მოვლენები სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით ვითარდება.
ჟამთა სვლამ დაამტკიცა, რომ ქართლის სამეფო კარზე ღირსეული დედოფალი იჯდა. საგდუხტ დედოფლის მამა ბარზაბოდი, ბუნებრივია, მაზდეანი გახლდათ და არ იყო გასაკვირი, სასანიანთა პოლიტიკას რომ ერთგულებდა და ქრისტიანობის მტერი რომ იყო.
სარწმუნოებრივ ნიადაგზე არ იყო მაინცდამაინც შეხმატკბილებული ურთიერთობა სიძე-სიმამრს შორის. და როცა მირდატი გარდაიცვალა, ირანელთა სასურველი პოლიტიკა სწორედ ბარზაბოდს უნდა აღესრულებინა.
ბარზაბოდის მიერ ქართველთა მომავალი მეფის, საკუთარი შვილიშვილის, 7 წლის ვახტანგის გამაზდიანებას შეეძლო თავდაყირა დაეყენებინა საქართველოს მთელი ისტორია. კაცმა რომ თქვას, ამის დიდი სურვილი ჰქონია ბარდავის ერისთავს, თუმცა, დედოფალ საგდუხტის ძალისხმევამ ეს პროცესი შეაჩერა.
საგდუხტი თავად ეახლა მამას ბარდავში და სთხოვა განზრახვაზე ხელი აეღო - არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდს მოულბა გული, ალბათ მამაშვილობის ადამიანურმა სიმმაც თავისი ქნა და დათანხმდა საგდუხტს, თუმცა, ერთი პირობით - მცხეთაში მოგვები უნდა დამსხდარიყვნენ და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული.
ასე აღმოჩნდა ქართლის იმჟამინდელ სატახტო ქალაქში მოგვთა უმაღლესი ქურუმი ბინქარანი, რომლის ქადაგებასაც არ ჩაუვლია უკვალოდ - უამრავი ქართველი მოექცა მაზდეანობაზე.
ამას ისიც დაერთო, რომ ირანელების მხარეს აღმოჩნდა ეპისკოპოსი მობიდანი, რომელიც სპარსელებმა მოისყიდეს. ეპისკოპოსის სარწმუნოებრივ გამყიდველობას თან ახლდა ისიც, რომ მობიდანს ყოველგვარი ქართული სძულდა.
როგორ ისარგებლა ქართლის უძლურებით ერთმორწმუნე ბიზანტიამ
ასეთ ვითარებაში საჭირო იყო დროის გაყვანა, ქართლს უნდა გაეძლო და დრო მოეგო, ვახტანგი უნდა გამხდარიყო სრულწლოვანი და სწორედ მას უნდა აეღო ხელთ სახელმწიფოებრივი მართვის სადავეები. ეს ჩვენი გადასახედიდან ჩანს ადვილად, იმ პერიოდის პრიზმიდან კი მართლაც გაუსაძლისი ვითარება იყო.
დრო-ჟამმა თავისი გაიტანა. სიტუაცია ერთგვარად განიმუხტა მას შემდეგ, რაც ერთიმეორის მიყოლებით გარდაიცვალნენ: ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპისკოპოსი მობიდანი. საგდუხტ დედოფალმა ამით ისარგებლა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელმაც ეპისკოპოსობა ჩაიბარა მცხეთაში.
ეს ის მიქაელია, რამდენიმე წლის შემდეგ ვახტანგ გორგასალს უდიერად რომ მოექცევა და მეფეც რომ დიდსულოვნად მიუტევევებს, თუმცა, მანამდე ჯერ დიდი დროა, ახლა მიქაელი საკმაოდ ენერგიულად და უშეღავათოდ იბრძვის მაზდეანობის წინააღმდეგ და მოგვთა უმაღლეს ქურუმ ბინქარანს უპირისპირდება.
ვახტანგი კი მცირეწლოვანია, ამით სარგებლობენ ალანები და 451 წელს გადმოდიან ქართლში. ქვეყნის აოხრება ჩვეულებრივი ამბავი ხდება, ვითარებას კი ამძაფრებს ის, რომ ოსები არად აგდებენ სამეფო ოჯახის ღირსებას და იტაცებენ ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტს.
ქართლის უძლურებით სარგებლობს იმპერიული ამბიციების მქონე ერთმორწმუნე ბიზანტიაც, რომელმაც ჯერ კლარჯეთში, შემდგომ კი აფხაზეთშიც ჩააყენა ჯარი. ესეც არ იკმარეს და ეგრისს ციხე გოჯამდე შემოესივნენ.
ამბავი ვახტანგ გორგასლის ალან-ოსებზე ლაშქრობისა
სწორედ ასეთი ურთულესი ვითარებისას უხდება სამეფო ტახტზე ასვლა ვახტანგ გორგასალს. მეფისგან განდგომილი არიან სასანდების მიერ წახალისებული დიდგვაროვნები, ჩრდილოეთ კავკასიის მხრიდან ალან-ოსები და ჰუნები უტევენ, ქართლისთვის უმძიმესი ასატანია სასანიდების მიერ შეწერილი ხარკი და სამხედრო ბეგარა.
ვახტანგის პიროვნება და ფსიქოლოგიური ტიპი ყალიბდებოდა იმ უმძიმესი ვითარების ჟამს, რაც იმ პერიოდის ქართლისათვის იყო დამახასიათებელი. ათი წლის იყო გორგასალი, როცა ქართლს 451 წელს ალან-ოსები შემოსევიან. ყმაწვილი მეფისთვის განსაკუთრებულად დამთრგუნველი გახლდათ ალან-ოსების მიერ მისი დის, მირანდუხტის გატაცება.
ექვსი წელი დასჭირდა ლოდინი ვახტანგს, ექვსი წელი ემზადებოდა ჭაბუკი მეფე იმისთვის, რომ საკუთარი სისხლი და ხორცი დაეხსნა მტარვალისაგან. კარგად ხვდებოდა მეფე, რომ ეს ასე მარტივად აღსასრულებელი საქმე არ იყო, ამას გარდა სათანადო სამზადისი, შესაბამისი დრო და ჟამი სჭირდებოდა. და ეს დრო-ჟამი ექვსი წლის შემდეგ დადგა.
ქართველები ამარცხებენ ალანებს, ვახტანგი ათავისულებს ტყვეებს. აქ თავად ჭაბუკმა მეფემ ალან-ოსების რამდენიმე ცნობილ გმირს სძლია პირისპირ ხელჩართულ შერკინებაში. ყველაფერი კი დამთავრდა იმით, რომ დარიალის კარში გორგასალმა ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა.
როგორ გადაეჯაჭვა ქართლისა და ირანის ინტერესები ერთმანეთს
უმძიმეს საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაში მხოლოდ ფილიგრანული დიპლომატიით თუ შეიძლებოდა მდგომარეობიდან გამოსვლა. სწორედ ფილიგრანული დიპლომატიური ნიჭით იყო დაჯილდოებული ვახტანგი, რაც სამეფო ტახტზე ასვლისთანავე გამოიკვეთა.
საგულისხმოა ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი - გორგასალი თავად სპარსელებს იყენებს იმისათვის, რომ ქართლის უმძიმესი პრობლემები მოაგვაროს.
სწორედ სასანიდების დახმარებით ლაშქრობს ვახტანგი ჩრდილოეთ კავკასიაში, ამ შემთხვევაში ქართლისა და სასანიდების ინტერესები ერთმანეთს გადაეჯაჭვა. ირანელებს ქართლზე არნაკლებ აწუხებდათ კავკასიიდან შემოსული ალან-ოსები და ჰუნები.
ასეთმა ერთობლივმა სამხედრო ოპერაციებმა დააახლოვა სასანიდებთან ვახტანგი, რასაც იგი იყენებდა იმ ტერიტორიებზე ქართლის სამეფოს ინტერესების დასაცავად, რომელიც ბიზანტიელებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული.
საცნაურია ისიც, რომ აქ ვახტანგი სწორედ სასანიდების სახელით მოქმედებდს. ამგვარი მოქნილი პოლიტიკით დაიქვემდებარა გორგასალმა ეგრისის დიდი ნაწილი, ასევე სვანეთი. ბიზანტიას წაართვა უძველესი ქართული მხარე კლარჯეთი და აქ საერისთავო დააარსა, აქვე ააშენა ციხე-ქალაქი არტანუჯი.
სასანიდების დახმარებით ვახტანგმა შემოიერთა ალბანეთის დასავლეთი ნაწილი, აქ ასევე დააარსა ჰერეთის საერისთავო. ჰერეთიდან ვახტანგი ლაშქრობს ჩრდილოეთით დაღესტნის მთიან ნაწილზე, წუქეთზე. გორგასალმა ეს ტერიტორიაც თავის სამეფოს დაუქვემდებარა და აქაც ცალკე საერისთავო შექმნა.
რატომ უპირისპირდებოდნენ მეფეს ფეოდალები
მიუხედავად ამ წარმატებებისა, ის ფონი, რაც ამ პერიოდის ქართლშია, სასანიანთა პოლიტიკის გატარებისთვის ერთგვარად ნოყიერ ნიადაგს ქმნის. საქმე ის არის, რომ წარჩინებული სამოხელეო თანამდებობების მქონე ადამიანები გარკვეულ ტერიტორიებს ფლობენ, რომელთაც თავიანთ შვილებს მემკვიდრეობით ვერ გადასცემენ.
არსებული წესისა და რიგის მიხედვით ყველაფერს მეფე აკონტროლებს - მეფეს შეუძლია ნებისმერ დროს გაათავისუფლოს ერისთავი, მით უმეტეს სხვა მოხელე და მათ მაგივრად სასურველი პირი დანიშნოს.
წინააღმდეგობა მეფესა და დიდგვაროვან აზნაურებს შორის სწორედ აქედან იღებს სათავეს. მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს თავისი მამულების მემკვიდრეობით დამტკიცება სურთ. სწორედ ამას სათავზობს ქართველ დიდგვაროვნებს ირანი და ამით მეფის წინააღმდეგ აქეზებს მათ.
უნდა ითქვას, რომ ირანელები არა მარტო ქართლის ფეოდალური საზოგადოების შიდა დაპირისპირების გამოყენებას ცდილობენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რათა ქრისტიანებს შიგნით არსებული დაპირისპირებაც გამოიყენონ.
სადაც შესაძლებელი იყო, ისინი ნერგავენ მაზდეანობას. სადაც წინააღმდეგობას აწყდებიან, იქ სხვა პოლიტიკას მიმართავენ - მხარს უჭერენ ქრისტიანობის იმ მიმდინარეობას, რომელიც ბიზანტიასა და ქართლში იდევნება. მონოფიზიტობა მათგან განსაკუთრებულადაა წახალისებული.
ასეთივე პოლიტიკის მეშვეობით სასანიდები ინარუჩნებენ შანსს ჩაერიონ ქრისტიანული ეკლესიის შიდა საქმეებში.
რატომ ეგუებოდა ირანი და ბიზანტია ვახტანგის პოლიტიკას
როგორც სასანიდები, ისევე ბიზანტია, ბუნებრივია გარკვეული სიფრთხილით ხვდებოდა ვახტანგის პოლიტიკას, მათთვის მიუღებელი იყო ქართლის გაძლიერება, თუმცა, ამის წინააღმდეგ ისინი რეალურად ვერაფერს აკეთებდნენ. ამას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა. ბიზანტია ამ დროს მოიცვა რელიგიურმა დაპირისპირებამ.
განსაკუთრებული სიმძაფრით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს აღმოსავლეთ რომის იმპერიაში მონოფიზიტები და დიოფიზიტები, ამას დაემატა საფრთხე ჰუნების ვესტ-გოთებისა და ვანდალების მხრიდან. თავად სასანიდებსაც არ უდგათ კარგი დღე. მათ გუთებსა და ვანდალებთან აქვთ გამუდმებული ომები.
სწორედ ამ არსებული პოლიტიკური ვითარებით სარგებლობს ვახტანგი, მან იცის, რომ ვერც ირანი და ვერც ბიზანტია მას ვერ გაუმკლავდება. თავის მხრივ სასანიდები ცდილობენ თავისი პრობლემები მოაგვარონ ვახტანგის მეშვეობით - ქ ს-ის 60-იანი წლებისას შაჰმა პეროზმა გორგასალი ქართველთა ლაშქართან ერთად შუა აზიაში დაიბარა.
7 წლის განმავლობაში მოუწია ვახტანგს სასანიდების ლაშქართან ერთად ჰუნების წინააღმდეგ ბრძოლა. მხოლოდ 7 წლის შემდეგ დაბრუნდა ის ქართლში, თავის სამეფოში. შვიდი წელი არ არის პატარა დრო, შვიდი წლის განმავლობაში იყო ქართლი მეფის გარეშე. აიშვეს დიდგვაროვნებმა, ისინი აღარ ემოჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებას და ცდილობენ დამოუკიდელობის მოპოვებას.
ღალატი ჩვეულებრივ ნორმად ქცეულიყო. და ამ ფონზე დიდ გამოწვევას სთავაზობს განგება ვახტანგს... ქ საუკუნის ქართლი ცნობილი შიდაპოლიტიკური ბატალიებისათვის ემზადება, იმ ბატალიებისათვის, შედეგად მტკიცე და ურყევი დასავლური პოლიტიკური ორიენტაცია რომ მოჰყვა...