"და აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკვარსა და არაგვსა და უწოდა სახელი თავისი მცხეთა"
ია აბულაშვილი
05.09.2016

საქართველოს ისტორიაში მცხეთა რომ მარადიულ ქალაქად ითვლება და მისი ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართულ ცივილიზაციასთან, ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება.

თუმცა, როგორ დაარსდა და როგორ გახდა იგი ქართლის სამეფო ცენტრი, ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო ამბავი თუ ლეგენდა გვინდა გავიხსენოთ დღევანდელ სტატიაში.

უძველესი ცნობები

მცხეთის შესახებ უძველეს ცნობებს ვხვდებით არა მხოლოდ ძველ ქართულ ისტორიოგრაფიულ წყაროებში, არამედ ამ "წმინდა ქალაქის" შესახებ წერდნენ ძველი ბერძენი, რომაელი თუ ბიზანტიელი ისტორიკოსები, თუცმა მისი წარმოშობისა და სახელწოდების თაობაზე ცნობები ჯერაც არასრულია.

მცხეთის დაარსება ბიბლიური ნოეს შთამომავალს, ქართველთა მითიურ წინაპარს, ქართლოსის ვაჟს - მცხეთოსს უკავშირდება. "და აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკვარსა და არაგვსა და უწოდა სახელი თავისი მცხეთა. ქალაქი მცხეთა განდიდებული იყო უმეტეს ყოველთასა და უწოდეს დედა-ქალაქად", - ასეა მოხსენიებული მცხეთა "ქართლის ცხოვრებაში".

თხზულებაში "მოქცევაი ქართლისა"-ში კი, ნათქვამია, რომ ძვ. წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნის მიწურულს, აზო ქართლის სამეფოს პირველი მეფე დამკვიდრებულა ადგილას, რომელსაც მემატიანე "ძუელ მცხეთას" უწოდებს. აქ მოუტანია მას თავის საგვარეულო კერპები და ამიერიდან ეს ადგილი ქცეულა რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრად.

მემატიანის გადმოცემით, მირიან მეფეს აუშენებია ქალაქი მცხეთა, რომლის მოსახლეობასაც წარმოადგენდნენ არმაზის კულტის მსახურნი, ადგილობრივი ქართველობა. აქ ასევე ცხოვრობდნენ სხვა რელიგიის მიმდევრები, კეროდ ებრაელები. 

 ანუ ქრისტესშობამდე მე-6 საუკუნეში საქართველოში იერუსალიმიდან დევნილი ებრაელების პირველი ტალღა შემოსულა, მათ შორის ყოფილან წინასაწრმეტყველ ელიას შთამომავალნიც, რომელთაც ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ელიას ხალენი მოაბრძანეს საქართველოში. ამ სიწმინდის მცველები დასახლდნენ მცხეთაში და "არაგვსა ზედა" დაფლეს იგი.

მცხეთა გამოკვეთილად საქალაქო ტიპის დასახლება ყოფილა, მას ჰქონდა მთავარი ციხე, გალავანი, უბნები, რაბათი - მთავარი მოედანი. როგორც ამბობენ, მცხეთაში საუბრობდნენ 6 ენაზე, მაგრამ ქართული ყველამ იცოდა. 

ფარნავაზ მეფის დროიდან კი ქართული სახელმწიფო ენად იქცა. "განავრცო ენა ქართული და არღარარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლისა, შინა თვინიერ ქართლისა".

გეოგრაფიულად ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით მცხეთაზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები: "აბრეშუმის გზა", "ცხვრის გზა" "აქლემის გზა" და სხვა. მცხეთას მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერობები აკავშირდებდა საბერძნეთისა და რომის იმპერიებთან. 

ეს ქალაქი ყოველთვის მდიდარი იყო თავისი არქიტექტურული ძეგლებითა და არქოლოგიური მონაპოვრებით. ქალაქისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 200-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლია, რომლებიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდან არის შესული.

სვეტიცხოველი

მცხეთის ისტორიულ ძგელებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სვეტიცხოველს. მე-4 საუკუნის დასაწყისში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველომ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანობა, იგი პირველი ეკლესია იყო, რომელიც მტკვრისა და არაგვის შესართავთან აიგო "წმინდა ჭალაში" - სამეფო ბაღში, მეფე მირიანის ბრძანებით. ამბობენ, სვეტიცხოველი 19 წლის განმავლობაში შენდებოდა.

ლეგენდის თანახმად, მცხეთელი ებრაელი ელიოზი იერუსალიმში ქრისტეს ჯვარცმას დასწრებია, და იქიდან მაცხოვრის კვართი ჩამოუტანია საქართველოში. მცხეთის შესასვლელში მას შეგებებია თავისი და სიდონია, რომელსაც გულში ჩაუკრავს კვართი და სული განუტევებია. სიდონია პერანგიანად დაუკრძალავთ. მის საფლავზე ამოსულა ლიბანის კედარი. 

მეფე მირიანს უბრძანებია სიდონიას საფლავის ადგილას ტაძრის აგება. მოკვეთილი კედარისგან შვიდი სვეტი დაუმზადებით. ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი ჰაერში გაჩერებულა. მისი ადგილიდან დაძვრა ვერავინ შეძლო. 

წმინდა ნინო მთელი ღამე ლოცულობდა, მოხდა სასწაული - "სვეტი ძირთვე მისთა ზედა დაემყარა და მტკიცედ შეერწყა შეუხლებლად ხელისაგან კაცთასა". სვეტი გაიფოთლა და მისგან მირონმა იწყო დენა, რომელიც სნეულთ კურნავდა. სვეტს უწოდეს "სვეტი ცხოველი" სიცოცხლის მომნიჭებელი. აქედან მომდინარეობს ტაძრის სახელი.

მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ხის ტაძრის ნაცვლად ქვის ეკლესია ააშენა. მე-11 საუკუნის დასაწყისში ქართლის კათალიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ პირველის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ტაძარი ჯვარგუმბათოვანი.

ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე არის წერწერა: "ადიდენ ღმერთმან ქრისტეს მიერ მელქიზედე ქართლისა კათალიკოზი, ამან აღაშენა ეს წმინდაი ეკლესია ხელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკიძისაითა ღმერთმან განუსვენე სულსა მისსა". 

ჩრდილოეთის ფასადზე კი ორ ქვაზე გამოსახულია ხელი: "ხელი მონისა არსუკიძისაი შეუნდეთ". ამბობენ აქედან მოდის თქმულება, რომ არსაკიძეს მარჯვენა მოჰკვეთესო.

1283 წელს ამ ტაძრის გუმბათი მიწისძვრამ შეიწირა, რომელიც შემდგომ გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა. მე-14 საუკუნის ბოლოს კი თემურ ლეგნმა, რომელმაც რვაჯერ ილაშქრა საქართველოში, ერთ-ერთი ლაშქრობის დროს 1387 წელს "შეჰკადრა და ბილწთა ხელთჰყო დარღვევად და მოოხრებად სვეტიცხოვლისა შინაგან და გარეთ". 

მოანგრია ტაძრის გალავანი, გაძარცვა ოქროთ მოპირკეთებული ემბაზი, თან წაიღო განძეულობა. მისი ბრძანებით მოანგრიეს სვეტიცხოვლის ბურჯები, მაგრამ ტაძარი მაინც არ დანგრეულა, მხოლოდ მისი გუმბათი ჩამოიშალა. სვეტიცხოვლის ტაძარში განისვენებენ: ვახტანგ გორგასალი, მეფე ერეკლე, გიორგი მე-12, ანტონ კათოლიკოსი და სხვა დიდებულები.

"ერთ-ერთი თქმულების თანახმად, მცხეთის კათედრალური ტაძარი აგებულია იმ ადგილას, სადაც წმინდა ნინომ ქრისტეს კვართი აღმოაჩინა. ამ თქმულების მიხედვით, ცენტურიონ ლონგინოზს, დაბადებით ქართველსა და ჯვარცმის მოწმეს, ქრისტეს ტანსაცმლის დანაწილებისას, წილად ხვდა კვართი. სამშობლოში დაბრუნებისას მან, თან წამოიღო წმინდა ნაშთი. 

ქრისტიანობაზე მოქცეული მისი და გარდაიცვალა სწორედ მაშინ, როდესაც ხელთ შეეხო კვართს. იგი ისე მაგრად იხუტებდა კვართს გულში, რომ შეუძლებელი გახდა მისი გამორთმევა. მორწმუნე ქალი დაასაფლავეს და ძვირფასი სამოსელიც თან ჩაატანეს. ამ საფლავზე გაიზარდა ხე-ჭადარი, საიდანაც სურნელოვანი ზეთი წვეთავდა. 

შემდგომში წმინდა ნინომ აღმოაჩინა ეს რელიკვია, რომელიც დიდი ხანია სათაყვანოა იმ საკურთხეველში, რომელიც აღიმართა სწორედ იმ ადგილზე, სადაც დაკრძალეს.

მცხეთის კათედრალური ტაძარი თავის მკვეთრი ხაზებით, კონუსისებური გუმბათით, ქვის სახურავითა და მსუბუქი სვეტების რელიეფური ორნამენტით წარმოადგენს ქართული ეკლესიის ყველაზე სრულყოფილ ნიმუშს. 

ეს უკანასკნელი, მიუხედავად ბიზანტიური ხუროთმოძღვრებისაგან ნასესხობისა, ქართულ ტრადიციებს ეთანხმება, ვინაიდან მან შეინარჩუნა დამოუკიდებლობის ძლიერი ხასიათი. ეს ტაძარი, სადაც საქართველოს მეფეებს აკურთხებდნენ, მრავალჯერ იქნა გაძარცვული და დანგრეული, ხოლო იმ სახით, როგორსაც ამჟამად ხედავთ, აღდგენილი იქნა მე-13 საუკუნეში", - წერდა მე-19 საუკუნის ფრანგი მკვლევარი ბარონ დე ბაი.

ჯვრის მონასტერი

მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღმართულ მთის წვერზე დგას ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი - ჯვრის მონასტერი. მე-4 საუკუნეში წმინდა ნინოს მითითებითა და მირიან მეფის ბრძანებით ტაძრის ადგილას ხის დიდი ჯვარი აღმართეს, როგორც სიმბოლო ქრისტიანული სარწმუნოებისა. 

მე-6 საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის ერისთავმა გაურამ დიდმა ხის ჯვრის ჩრდილოეთით "იწყო ეკლესია ჯუარისა პატიოსნისა" შენება. ხოლო მისმა ვაჟმა, ქართლის ერისთავმა, სტაფანოზ პირველმა პატარა ტაძრის ადგილას დიდი ტაძარი ააგო. 

ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზ პირველი ქართლის ერისმთავარი - "ჯუარო მაცხოვრისაო სტეფანოზ ქართლისა პატრიკოსი შეიწყადე".

აი, რას წერდა მე-19 საუკუნეში ევროპელი მოგზაური ჯვრის მონასტერზე: "როდესაც წმინდა ნინო ქრისტიანობას ქადაგებადა, მან რამდენიმე ჯვარი გააკეთა ჭადრის ხისგან, რომელიც წმინდა ხედ ითვლებოდა წარმართთა შორის. 

ერთ-ერთი მათგანი აღმართულ იქნა მთაზე, რომელიც მცხეთას ზემოდან დაჰყურებს, ეს ის მთაა, სადაც თავმოყრილი იყო წარმართული კერპები, რომლებიც ნინოს იქ ყოფნის დროს სეტყვამ სასწაულებრივად გაანადგურა იმ დღეს, როდესაც მეფე მირიანი დიდი ზეიმით მიეშურებოდა, რათა თაყვანი ეცა მათთვის.  

იმ ადგილას, რომელიც აღსავსეა საქართველოს მოციქულობაზე მოგონებებით, ოდესღაც აშენდა ეკლესია მიძღვნილი წმინდა ჯვრისადმი".

სამთავრო

წმინდა ნინო სამი წლის განმავლობაში "ილოცებოდა ფარულად ადგილსა ერთსა შუბურულსა ბრძამლითა მაყვალისათა... და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან". "წმინდა ნინოს ცხოვრებაში" კი წერია: ამ ადგილას მეფე მირიანს აუგია ეკლესია, "აღაშენე ეკლესია მაყუალვანსა მას შინა ნინოსსა".

შიომღვიმე

შიომღვიმის ტაძარი, რომელიც მე-6 საუკუნის ძეგლია, მისი დაამარსებელი იყო ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი - მამა შიო. ლეგენდის თანახმად, მამა შიოს საკვებს მტრედი უზიდავდა. ერთხელ ლოცვისას გამოეცხადა ღვთისმშობელი იოანე ნათლისმცემელთან ერთად და უთხრეს, რომ ეს ადგილი სულ მალე სამონასტრო კერა გახდებოდა.

ამის შემდეგ მამა შიომ უფრო ღრმად გადაინაცვლა მღვიმეებში, რომელს შესასვლელი მიწით ამოაშენებინა, მღვიმის თავზე ვიწრო ყელიდან კი წყალსა და პურს აწვდიდნენ. აქვე დაასრულა მან მოწამებრივი სიცოცხლე და მისივე ანდერძით აქვეა დაკრძალული.

მე-11 საუკუნეში დავით აღმაშენებელმა აქ ღვისმშობლის სახელობის ეკლესია ააგო. ტაძრის მშენებლობა არსენ იყალთოელს დაავალა და თან ტაძარს უამრავი განძი და მამულები შესწირა. 1202 წელს ანტონ მწიგნობართუხუცესმა ჭყონდიდელმა თამარ მეფის ნებართვით მღვიმესთან წყალსადენი გაიყვანა, როდესაც იხილა უწყლობით გაწამებული ბერები.

შიომღვიმის მონასტერში სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი. ბერები თარგმნიდნენ წიგნებს, ქმნიდნენ სასულიერო და საისტორიო ნაწარმოებებს. ამბობენ, შიომღვიმეში ისეთი დიდი ბიბლიოთეკა იყო, რომ წიგნსაცავში დაცული წიგნები 10 ურემზე ვერ დაეტეოდაო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×