ქრისტესშობამდე 490 წლის 12 სექტემბერი ოქროს ასოებით ჩაეწერა კაცობრიობის ისტორიაში - ათენიდან 42 კილომეტრის დაშორებით, მარათონის ველზე, გაიმართა ბრძოლა ათენსა და აქემენიდურ ირანს შორის. ეს იყო აღოსავლეთისა და დასავლეთის პოლიტიკურ რეჟიმებს შორის პირველი უშუალო დაპირისპირება, სადაც, ერთი შეხედვით, ათენი წინასწარ იყო განწირული.
გაშლილი ველი აქემენიდებისათვის აშკარა უპირატესობას ქმნიდა, თუმცა მოხდა ის, რაც არც ადამიანურ და სამხედრო ლოგიკას არ ემორჩილება. ათენის 8 ათასიანმა არმიამ გაშლილ ველზე დაამარცხა მასზე ხუთჯერ მეტი უძლეველი ირანელები.
მარათონის ბრძოლის ბერძნული კოზირი
ბერძენთა მოტივაცია გაცილებით უფრო დიდი იყო - ისინი თავიანთი სამშობლოსათვის იბრძოდნენ. ბერძენთა არმიის მეთაური იყო მილიტადე. დარიოს I-ის არმიას კი სათავეში ედგა მიდიელი მხედართმთავარი დატისი. ბერძნები რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, ამიტომაც საჭირო იყო საბრძოლო მანევრი - მილტიადემ მთავარი ძალები ფალანგების კიდეებზე განალაგა. სპარსელებმა რომ დაინახეს მათკენ მომავალი ფალანგები, ისრები დაუშინეს.
ჰეროდოტე გადმოგვცემს, რომ ბერძნები სირბილით დაძრულან მტრის წინააღმდეგ, მათ არც მხედრობა ჰყოლიათ და არც მშვილდოსნები, ასეთი სახით მათკენ მიმავალი მტერი სპარსელებს გიჟებად ჩაუთვლიათ. ბერძნები ჯერ ერთად ეკვეთნენ მომხდურს, შემდეგ კი საბრძოლო მანევრი განახორციელეს - შეგნებულად დათმეს ბრძოლის ცენტრი და უკუიქცნენ, შექმნეს იმის ილუზია, რომ უკან იხევდნენ. სპარსელები უკვე გამარჯვებას ზეიმობდნენ.
როგორც შემდეგ გაირკვა, ათენელებს მოვლენათა ასეთი განვითარება წინასწარ ჰქონდათ გათვლილი, რადგანაც ფლანგებზე საიმედო პოზიციებს ფლობდნენ და სწორედ ეს უპირატესობა გამოიყენეს.
ფლანგებიდან განხორციელებული შეტევის შემდეგ სპარსელთა ჯარის ის ნაწილი, რომელნიც მათ უპირსპირდებოდნენ, უკუიქცა და ბრძოლის ველი მიატოვა, ამის შემდეგ ბერძენთა მთავარი ძალები შეუტრიალდნენ ცენტრში მდგარ სპარსელთა მთავარ ძალას.
ცენტრში მყოფი აქემენიდები ათენელებმა ალყაში მოაქციეს და ორივე მხრიდან შეუტიეს. ასეთ სიტუაციაში სპარსელთა დამარცხებაც გარდაუვალი გახდა. სპარსელები თავიანთი ხომალდებისკენ გაიქცნენ და ცდილობდნენ რაც შეიძლება მალე შეესწროთ ზღვაში. ნაწილობრივ მათ ეს მოახერხეს, თუმცა, ისიც საგულისხმოა, რომ სპარსელთა შვიდი ხომალდი ათენელებმა იგდეს ხელთ.
ამბავი ათენელი მახარობელი ფეიდეპიდესისა
იმდენად დიდი იყო ბერძენთა სიხარული მარათონის ველზე გამარჯვებისას, რომ ათენელ მაცნე ფეიდიპიდესს თავი არ დაუზოგავს, მეომრის აბჯრით, რომელიც როგორც წესი 70 კილოგრამამდე იწონიდა, ურბენია 42 კილომეტრი და 195 მეტრი, უხარებია თანაქალაქელთათვის ბერძენთა ტრიუმფი, ადგილზე მისულს ორიოდე სიტყვა ამოუღერღია - "ჩვენ გავიმარჯვეთ" და უსულოდ დაცემულა.
სწორედ აქედან მკვიდრდება ოლიმპიურ თამაშებზე მარათონული ასპარეზობა - შეჯიბრი სირბილში დისტანციაზე, რომელიც 42 კილომეტრსა და 195 მეტს შეადგენს, ანუ ზუსტად იმ მანძილს, რაც ფეიდიპიდესმა ირბინა მარათონიდან ათენამდე.
მარათონის ბრძოლაში საკმაოდ მცირე დანაკარგი ჰქონდათ ბერძნებს - სულ 192 კაცი, რაც შეეხება სპარსელებს, მათ 6400 ჯარისკაცი დაკარგეს.
გონიერი ტაქტიკით, მიუხედავად მცირერიცხოვანი არმიისა, ბერძნებმა შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
ფალანგა - ათენელთა გამარჯვების მთავარი გარანტი
მთავარი იარაღი, რითაც ბერძნებმა წარმატებას მიაღწიეს მარათონის ველზე, ფალანგა გახლდათ. ფალანგა მძიმედ შეიარაღებული ბერძენი მეომებისაგან, ჰოპლიტებისგან, შედგებოდა. ეს იყო ქვეითი ჯარი, რომელიც აღჭურვილი გახლდათ შუბით, მოკლე მახვილით, დიდი მრგვალი ფარით, ჩაფხუტითა და ჯავშანით.
ფალანგა შედგებოდა რვიდან თეთქვსმეტამდე მწკრივისგან. მწკრივში ათასი კაცი იდგა. ამის გამო ფალანგას ბრძოლა შეეძლო მხოლოდ გაშლილ ადგილას, დაშლილი ფალანგა საერთოდ კარგავდა ბრძოლის უნარს, ფალანგასაც გააჩნდა თავისი უარყოფითი მხარეები. მისი სისუსტე ფლანგები და ზურგი იყო.
ფალანგა ვერაფერს აკეთებდა ცხენოსანთა ჯარის წინააღმდეგ, რომელსაც კარგად შეეძლო ამ უარყოფითი ფაქტორების გამოყენება, რაც შეეხება ქვეით მოწინააღმდეგეს, ფალანგა მათთან ბრძოლისას ეფექტური იყო. ფალანგის წინა მწკრივიდან მომართული იყო შუბების წყება, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნიდა.
ამბავი ბერძენთა გამარჯვების სიმბოლოდ აღმართული პართენონისა
მარათონის ბრძოლა საბედისწერო აღმოჩნდა დარიოსისათვის. ადამიანმა რომელმაც უზარმაზარი იმპერია სულ რამდენიმე წლის განმავლობაში აღადგინა და შემდეგ კი რეფორმებით განამტკიცა, ადამიანი რომელიც უზარმაზარ მონსტრს მოერია და თავის გამგებლობაში მოაქცია, უძლური აღმოჩნდა საკუთარ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ბერძნების წინაშე.
დარიოსის სურვილმა განევრცო აქემენიდების საზღვარი ბერძენთა ხარჯზე, პირველი ცდისას კრახი განიცადა. არადა, იმდენად დიდი იყო მისი ჯარის რიცხობრივი უპირატესობა, რომ ასეთ სევდიან დასასრულს ძნელად თუ ვინმე მოელოდა.
სამშობლოს სიყვარულმა და პატრიოტულმა განწყობამ უდიდესი როლი შეასრულა. ბერძნებმა, მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა, შეძლეს გამარჯვების მოპოვება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ბერძნული პოლისებისათვის. ბერძნებმა თავად ნახეს როგორ გაიქცნენ ბრძოლის ველიდან აქემენიდები.
გამარჯვების აღსანიშნავად ბერძნებმა პართენონი ააგეს. ეს იყო დემოკრატიის ტირანიაზე გამარჯვების სიმბოლო. პართენონის აგებისა და აქემენიდთა დამარცების შესახებ ცნობამ შეძრა სპარსელთა მთელი იმპერია. ისეთ ძლევამოსილ იმპერიას, როგორიც აქემენიდების იმპერია იყო, არ შეეძლო დაეშვა საკუთარი ავტორიტეტის შელახვა. არადა, ეს უკვე მეორედ ხდებოდა - მილეთელი ბერძნების აჯანყების შემდეგ მარათონი ხომ პასუხი უნდა ყოფილიყო ბერძენთა თავნებობაზე, თუმცა ამჯერადაც აქემენიდური ირანი უძლური აღმოჩნდა.
მარათონის ბრძოლაში მარცხი აქემენიდებისთვის სწორედ ამიტომაც მტკივნეული მოვლენა გახლდათ. ყველას პირზე ეკერა, რომ ასეთი მრავალრიცხოვანი იმპერია დაამარცხა ბერძენთა მცირერიცხოვანმა არმიამ. ამის შემდგომ იმ ქალაქებმა, ვინც სპარსელების ქვეშევრდომობაში იმყოფებოდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზე მტკიცედ აიღო გეზი.
აქემენიანთა ტრიუმფატორის მოულოდნელი აღსასრული
ასეთი შოკისმომგვრელი წარუმატელობის შემდეგ სპარსელებმა ბრძოლისუნარიანობა დაკარგეს, ამიტომაც დარიოსი იძულებული გახდა გაბრუნებულიყო სპარსეთში და ახალი არმიის შეკრებაზე ეზრუნა. თუმცა, აქემენიდთა წარუმატებლობა ამით არ დასრულებულა - მარათონის ბრძოლის ამბავმა ეგვიპტემდეც მაიღწია, რომელიც აუჯანყდა დარიოსს და განდგომის გზას დაადგა.
დარიოსმა ვერც ეგვიპტის აჯანყების ჩახშობა მოასწრო და ვერც ბერძნებთან რევანშის აღება, ის ქრისტესშობამდე 486 წელს მოულოდნელად კვდება.
ახლა ბერძნებზე შურისძიება და აქემენიდთა უძლეველობის მითის აღდგენა დარიოსის მემკვიდრემ, ქსერქსემ უნდა იკისროს.
როგორ ემზადებოდნენ აქემენიდები რევანშისათვის
ქსერქსეს მმართველობას წითელ ზოლად გასდევს მარათონის ველზე სასტიკი დამარცხებისთვის რევანშის წყურვილი. ამისთვის ის საგანგებოდ ემზადება და არმიის რეორგანიზაციას ახორციელებს.
ადრე თუ სამხედრო რაზმში მხოლოდ მიდიელები და სპარსები იყვნენ, ქსერქსემ კარგად გააცნობიერა, რომ ისეთი მასშტაბური საქმის მოგვარება, როგორიც მთელი საბერძნეთის დაპყრობა იყო, ვერ მოხერხდებოდა მარტო ამ რესურსების გამოყენებით. საჭირო იყო მთელი აქემენიდების იმპერიაში შემავალი ქვეყნების სამხედრო პოტენციალის გამოყენება.
შეიქმნა საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალეთნიკური არმია, სატარპიების მიხედვით. რაზმები და საბრძოლო შენაერთები ტომობრივი პრინციპით შეირჩა. არმიებს თავად სატრაპები სარდლობდნენ, რომელთა მოლაშქრეები მათი ქვეშევრდომები იყვნენ.
ქვეითი ჯარები 30 რაზმად დაიყო, ამასთანავე საკუთარი ფუნქცია ჰქონდა სპარსელებისგან შემდგარ პრივილეგირებულ უკვდავ არმიას, რომელიც 10 ათასი მეომრისაგან შედგებოდა.
საზღვაო ფლოტს ემსახურებოდნენ ფინიკიელები და ეგვიპტელები, რომელთაც ამ საქმეში საკმაო გამოცდილება ჰქონდათ. თავად ხომალდებზე კი სპარსელები, მიდიელები და საკები იყვნენ განლაგებული. ფლოტს ფაქტობრივად ფინიკიელები და კვიპროსელები ხელმძღვანელობნენ, მისი ნომინალური სარდალი კი ქსერქსე იყო.
ქსერქსემ ბერძნებთან ომისთვის მზადებას სამი წელი მოანდომა. შეკრიბა უზარმაზარი ლაშქარი. ჰეროდოტე საკმაოდ დიდ ციფრს მიუთითებს - 5 მილიონიანი ლაშქარი ჰყავდა აქემენიდთა მეფესო, - ამბობს, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები უფრო რეალურ ციფრს მიანიშნებენ - 360 ათასს.
ამბავი გაშოლტილი ჰელესპონტისა
ძვ. წ-აღ-ით 480 წელს აქემენიდთა მთელი არმია სარდესთან შეკრებილა, რათა ჰელესპონტის (თანამედროვე დარდანელი) სრუტე გადაელახათ. სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილი აურჩევია ქსერქსეს, ორი ხიდიც გაუდიათ, თუმცა, ხიდები ქარიშხალს დაულეწია. განრისხებულ მეფეს უბრანებია ჰელესპონტი გაეშოლტათ.
ეს გადაწყვეტილება ერთი შეხედვით მართლაც უცნაურია, თუმცა, თუკი გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ ამ ადგილას თორმეტი წლის წინ ქსერქსე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, როცა საბერძნეთში მიმავალი ფლოტი თითქმის მთლიანად დაღუპულა, არ უნდა ყოფილიყო ჩვეულერივი აღსაქმელი ამბავი.
როგორც ჩანს, კარგად არ ენიშნა განმეორებით ასეთი ქარიშხალი იმ ტრაგიკულ ადგილას აქემენიდთა მბრძანებელს და სწორედ ამიტომაც თავისი რისხვა ერთგვარად საკრალური რიტუალის შესრულებით გამოხატა.
მიმდგარა ათი ათასი სპარსელი მეომარი სრუტეს და უმოწყალოდ ურტყამთ მისთვის შოლტები, "დასჯილი" სტრუტე დაწყნარებულა და ქსერქსესაც თავისი ლაშქარი საბერძნეთში გადაუყვანია.
ეს ქრისტესშობამდე 480 წელს ხდება... წინ კიდევ ერთი ულამაზესი ისტორია ელის კაცობრიობას - ისტორია სამასი სპარტელის თავდადებისა...