"თბილისში ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების ადგილები ეტაპობრივად გაუქმდება და პროცესი უკვე დაწყებულია," - ამის შესახებ "რეზონანსს" ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერის 2015 წლის განცხადებით, 2016 წლის სექტემბრისთვის ტროტუარები მანქანებისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო, რათა მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონოდათ.
"ტროტუარები ეტაპობრივად უნდა დაუბრუნდეს ქვეითად მოსიარულეებს და შეიზღუდოს ტროტუარებზე პარკირება," - აღნიშნა მაშინ დავით ნარმანიამ.
მამუკა მუმლაძის თქმით, 2 000-მდე საპარკინგო ადგილიდან ამჟამად გასაუქმებლად 1 400-მდე ადგილია დარჩენილი.
"2 000-მდე საპარკინგე ადგილი იყო. გასული წლიდან ეტაპობრივად მივყვებით ამ პროცესს და 700-800-მდე ასეთი ადგილი უკვე გაუქმებულია. ამ დროისთვის, დაახლოებით 1 400-მდე ადგილია დარჩენილი.
"ერთ-ერთი ორგანიზაცია ამზადებს დასკვნას იმის შესახებ, თუ დედაქალაქის რომელ ადგილებში შეიძლება აშენდეს მაღალი დონის ავტოსადგომები. დასკვნას 2 კვირაში მივიღებთ.
"ჩვენს სამსახურს შეუძლია დაგეგმოს ან გააუქმოს პარკინგი. თუმცა, რეალურად ინიციატივებს "სითი პარკისგან" ველოდებით, პარკირება კერძოდ სად გაუქმდეს და სად არა. ხოლო თუ ინიციატივა მათგან არ იყო, ჩვენც გვაქვს პარკირების გაუქმების უფლება," - განაცხადა მუმლაძემ.
მამუკა მუმლაძემ ჩვენთან ტროტუარზე პარკინგის ეტაპობრივ მოშლასა და მის შესაძლო ალტერნატივაზე ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, ამ საკითხისადმი ხისტად მიდგომა არ შეიძლება და პრობლემის აღმოსაფხვრელად დროა საჭირო.
"ტროტუარზე პარკირების ეტაპობრივად მოშლა უნდა მოხდეს. იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ვამუშავებთ, გვსურს წელს ტროტუარებზე პარკინგი საერთოდ აღარ იყოს და ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. უნდა შევქმნათ ალტერნატივა, მაგალითად, შეჭრილი მონაკვეთები. მძღოლმა იქვე ან ცოტა მოცილებით უნდა შეძლოს მანქანის გაჩერება.
"რაც შეეხება იმას, რომ ეს სექტემბერში უნდა ყოფილიყო მზად, ამ საკითხის მიმართ ხისტად მიდგომა რთულია. ეს პროცესი ჩვენ შეგვიძლია ხვალვე ავკრძალოთ, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ იმიტომ, რომ მას, ვინც დღეს ტროტუარზე პარკინგს მიჩვეულია, ალტერნატივა ჰქონდეს," - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
ტროტუარზე პარკინგით გამოწვეულ შშმ პირთა პრობლემასთან დაკავშირებით "რეზონანსი" საკრებულოს წევრ რატი იონათამიშვილს გაესაუბრა. მისი განცხადებით, ტროტუარზე არსებული პრობლემა ყველას ეხება. რაც შეეხება პანდუსების თემას, მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეების უკეთესი თვალსაჩინოებისთვის საჭიროა, უფრო მკვეთრი ფერის პანდუსები მოეწყოს.
"პირველ რიგში ტროტუარებზე პარკინგის გაუქმების საკითხს მხოლოდ შშმ პირთა გადაადგილების ხარისხის ამაღლების მიზნით არ განვიხილავთ, ეს თითოეულ ფეხით მოსიარულეს ეხება, განურჩევლად მისი საჭიროებისა.
"მომავალში ჩვენ გვინდა კიდევ უფრო ჰარმონიზაციაში მოვიყვანოთ პანდუსების მოწყობის საკითხი უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან. ახლა ვმუშაობთ მკვეთრი ფერის ტაქტილური პანდუსების მოწყობის პროექტზე, რომელიც გვინდა, რომ სავალდებულო გახდეს. იგი ხელს შეუწყობს როგორც უსინათლო, ასევე ქცევის პრობლემის მქონე პირებსაც
"საკრებულო უშუალოდ მონაწილეობს შშმ პირთა საჭიროებებიდან გამომდინარე დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში, ასევე, უფლებამოსილია, გაუწიოს მონიტორინგი სამუშაოების განხორციელებას," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
"რეზონანსი" ტროტუარზე პარკინგით უკმაყოფილო მოქალაქეებს გაესაუბრა და ამ თემასთან დაკავშირებით მათი აზრი გაიგო.
სტუდენტი ლიზა არახამია აღნიშნავს, ეს საკითხი მისთვის, როგორც ქვეითად მოსიარულისთვის, შეურაცხმყოფელია.
"მივდივარ ტროტუარზე და მანქანა მისიგნალებს, შენ გადადი მე უნდა გავიაროო. ჩემთვის და მრავალი სხვა სტუდენტისთვის ან თბილისელისთვის ეს ფაქტი შეურაცხმყოფელია იმიტომ, რომ ეს გზა მე მეკუთვნის, ჩემთვისაა გაკეთებული. მე სად წავიდე? მუსიკისთვისაც ვეღარ მომისმენია, ტროტუარზე ყურსასმენები როდესაც მიკეთია, მეშინია, რამე არ დამეჯახოს. ეს პრობლემა სერიოზულია და აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება," - განუცხადა "რეზონანსს" ლიზა არახამიამ.
ტროტუარზე მანქანის მოძრაობასა და მის საშიშროებაზე საუბრობს 23 წლის ლიკა ბიჭიაშვილი.
"ტროტუარზე მანქანა, პირველ რიგში, თვალში ცუდად გხვდება. რაც შემეხება მე, ტროტუარზე ბავშვთან ერთად ვსეირნობდი და მოულოდნელად მანქანა შემოვარდა, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, ძალიან შემეშინდა. იმის შანსიც იყო, რომ დამჯახებოდა. ვთვლი, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითისთვის მოძრაობა ძალიან რთულია. პარკირების მხრივ ქალაქში არსებული სიტუაცია ძალიან უსიამოვნო და სახიფათოა," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლიკა ბიჭიაშვილმა.