ის, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნები დაუცველი არიან პუტინის ხელისუფლების მიერ შექმნილი დეზინფორმაციის მძლავრი მანქანისაგან, არახალია, თუმცა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ პოლიტიკურ დოკუმენტში სახელწოდებით "კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა", სისტემატიზირებულია არსებული ინფორმაცია, მიმოხილულია საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლები, შეფასებულია არსებული რისკები და გამოწვევები, მოცემულია რეკომენდაციები ხელისუფლების მიმართ.
დოკუმენტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ჯერ საჭიროა პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, შემდეგ კი მისი ცხოვრებაში გატარება.
პროპაგანდის გავრცელების ძირითადი არხები
ავტორების აზრით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია, მათ შორისაა მინიმუმ ერთი ტელევიზია, ასევე რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლური "მესიჯ-ბოქსით". ისინი ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად რუსულ წყაროებს ეყრდნობიან.
გარდა ამისა, რუსული პროპაგანდის გამავრცელებლებისათვის სოციალური ქსელებიც აქტიურად გამოყენება. მათი მეშვეობით ხდება დეზინფორმაციის ან ანტიდასავლური ნარატივის შემცველი ინტერნეტ-მასალების ვირუსული გავრცელება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსული მედიასაშუალებებიდან ქართულ ენაზე მხოლოდ "სპუტნიკი-საქართველო" ფუნქციონირებს.
"სპუტნიკი" კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მულტიმედიური პროექტია, რომელიც გლობალურ მასშტაბზე 2014 წლიდან გავიდა. საქართველოში "სპუტნიკმა" რადიომაუწყებლობის დაწყება 2014 წლის ნოემბერში, "რ-რადიოს" კუთვნილ ეფ-ემ 101.4 სიხშირეზე, უკანონოდ სცადა. მაუწყებლობის დაწყებიდან მალევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "რ-რადიოზე" სანქციები დააწესა და დააჯარიმა. ამ შემთხვევის შემდეგ, "სპუტნიკი-საქართველო" მხოლოდ ონლაინ პლატფორმით სარგებლობს.
საყურადღებო იყო ასევე ქართულ ტელესივრცეში რუსეთის პირველი არხის (ოერტე) მაუწყებლობის მცდელობა, რომელიც ვერ შედგა.
2015 წლის 26 ნოემბერს, კომისიამ, რომლის ფუნქციებში შედის საქართველოში მაუწყებლობის რეგულაცია, ქართულ შპს რ.ბ.ჯ-ს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ოერტეს რეტრანსლირებას ახდენდა, რეგულაციის წესების დარღვევისათვის მაუწყებლობა აუკრძალა და 2,500 ლარით დააჯარიმა. მანამდე კი, 2015 წლის ივნისში, ამავე კომპანიას, ოერტეს გადაცემების რუსულ ენაზე გაშვებისათვის კომისიამ გაფრთხილება მისცა და დარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაავალა.
მიღებული გაფრთხილების შემდეგ შპს რ.ბ.ჯ-მა ქართულ ენაზე ნათარგმნი ოერტეს გასართობი გადაცემების გაშვება დაიწყო თავისი ლოგოთი "სტერეო%"-ის ეთერში.
პოლიტიკურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, საქართველოში ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ტელევიზიაა, ამასთან ტელემაყურებლების თითქმის ნახევარი (47%) ქართული არხების გარდა უცხოურ არხებსაც უყურებს. ყველაზე პოპულარული უცხოური არხები კი რუსული არხებია (ენტევე, ოერტე და ერტეერი).
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტელემაყურებელთა 23% პოლიტიკური და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას იღებს უცხოური არხებიდან, რომელთა უმეტესობა რუსულია, გამოდის, რომ პოტენციურად კრემლის პროპაგანდას შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ტელემაყურებელთა მეხუთედზე.
პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების გაზრდილი აქტივობა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საყრდენს მომრავლებული პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ, რომელთაგან განსაკუთრებით ორი ორგანიზაციის - "ევრაზიის ინსტიტუტისა" და "ევრაზიული არჩევანის" გამოყოფა შეიძლება, რომლებიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევიან და ანალიტიკური ნაშრომებისა თუ სტატიებში რუსულ წყაროებს ეფუძნებიან.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელთა და ხელმძღვანელთა სიაში ხშირად ერთი და იგივე პირები მეორდებიან. ორგანიზაციებს შორის კავშირი მათ ვებ-გვერდებზეც არის მითითებული. გარდა ამისა, პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ქსელს ასევე აქვს კავშირები ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეულ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებასთან.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ა(ა)იპ) "ევრაზიის ინსტიტუტის" 5 წლის მოღვაწეობის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციამ დააფუძნა ა(ა)იპ "ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი" და "სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის";
"ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე, ნანა დევდარიანთან ერთად, არის ა(ა)იპ "კავკასიური თანამშრომლობის" დამფუძნებელი. ნანა დევდარიანის მიერ დაფუძნებულია ა(ა)იპ "გლობალური კვლევების ცენტრი" და ა(ა)იპ "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა";
ნანა დევდარიანის გარდა, "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" თანადამფუძნებელია მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან ტაიმსის" მფლობელი მალხაზ გულაშვილი;
ა(ა)იპ "ევრაზიულ არჩევანს" არჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს. ის ასევე არის ა(ა)იპ "ერეკლე მეორის საზოგადოების" გამგეობის წევრი. "ევრაზიულ არჩევანს" აქვს საკუთარი ინტერნეტტელევიზიაც - "პატრიოტი ტვ".
პროპუსული პარტიები პოლიტიკურ სპექტრში
საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები პოლიტიკურ სპექტრშიც ფართოდ არიან წარმოდგენილნი რიგი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც, პირდაპირ ან ირიბად, კრემლის პროპაგანდას ავრცელებენ.
დოკუმტის ავტორების აზრით, ამ პოლიტიკური პარტიების ორ ნაწილად დაყოფა შეგვიძლია. ერთ ნაწილს ღიად პრო-რუსული დღის წესრიგი აქვს, მათი წევრები ღიად ხვდებიან რუს პოლიტიკოსებს და ხშირად სტუმრობენ მოსკოვს;
სხვა პარტიები დეკლარირების დონეზე ემიჯნებიან რუსულ პოლიტიკურ ელიტას და სანაცვლოდ საკუთარ თავს აცხადებენ "პროქართულ", ნეიტრალიტეტის მომხრე პარტიებად.
განსხვავების მიუხედავად, ორივე სახის პოლიტიკური პარტიის ძირითადი გზავნილები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას უწყობს ხელს. საქართველოს დასავლური ინსტიტუტებისკენ სწრაფვა წარმოჩენილია, როგორც უშედეგო; სანაცვლოდ, ხდება პრორუსული განწყობისა და საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის პოპულარიზაცია.
აღსანიშნავია, ასევე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი თუ ყოფილი წევრების მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი გზავნილების და ზოგჯერ მკაფიოდ ანტიდასავლური განცხადებების გავრცელება, რაც, ირიბად თუ პირდაპირ, კრემლის პროპაგანდის მიზნებს ემსახურება.
ავტორების აზრით, სასულიერო პირთა ნაწილი დასავლურ კულტურასთან ქართული ტრადიციების შეუთავსებლობის მითის გავრცელებითაა დაკავებული.
სასულიერო პირების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კრემლის პროპაგანდისტული გზავნილების ირიბად თუ პირდაპირ გავრცელება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ქართულ საზოგადოებაში ისინი მაღალი ნდობითა და გავლენით სარგებლობენ.
რა ძირითდი საფრთხეების წინაშე ვდგავართ
პოლიტიკურ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ თუ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს კრემლის პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევას:
- შესუსტდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და გაიზრდება რუსეთთან დაახლოების მხარდამჭერთა რიცხვი, რითიც საფრთხე შეექმნება ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და უსაფრთხოებას.
- გარეშე მტრულ ძალას მიეცემა საშუალება, მოახდინოს გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რითიც საფრთხე შეექმნება საქართველოს სუვერენიტეტს.
- დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად საქართველოს ამომრჩეველთა შორის გაიზრდება გაურკვევლობისა და დისონანსის დონე, რაც ხელს შეუშლის ამომრჩეველს, მიიღოს ფაქტებზე და არა ემოციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ამით, გარეშე ძალა შეასუსტებს ქართულ დემოკრატიას და გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ამასთან, შემცირდება ხელისუფლებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ მოსახლობის ნდობა, შემცირდება მათი ლეგიტიმაცია.
- საზოგადოებაში გაძლიერდება ქსენოფობია და გაღვივდება ეთნიკური და რელიგიური შუღლი, შესუსტდება სამოქალაქო ერთიანობა და გართულდება ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტეგრაცია.
კრემლის საინფორმაციო ომი, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ისეთი დონის პრობლემაა, რომ მხოლოდ სახელმწიფოს აქვს საკმარისი ბერკეტი და რესურსი, გაუწიოს მას ეფექტინი წინააღმდეგობა.
ექპერტები მიიჩნევან, რომ სახელმწიფომ არ უნდა დააყოვნოს ამ მზარდი, სერიოზული საფრთხის აღიარება და უნდა შეიმუშაოს პროპაგანდასთან ბრძოლის სტრატეგია, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ღონისძიებებს:
- კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში;
- რუსეთის პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის აუცილებელია, მთავრობამ შეიმუშაოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა გამოაცხადოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად;
- საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის ანალიზის, რეაგირებისა და პორპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი;
- ერთიანი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ;
- უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები;
- საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას;
- საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.