(ეძღვნება ბატონ მერაბ მამარდაშვილს)
მოსაზრება
02.09.2016

გიორგი ნოზაძე, დაწყებითი განათლების პროექტის მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მეცნიერებათა დოქტორი

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 5: "საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. არავის არ აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით."

მე, გიორგი ნოზაძე, საქართველოს მოქალაქე ვარ. მაშასადამე სახელმწიფო ხელისუფლება ჩემგანაც "გადმოედინება". ჰოდა, მე მაინტერესებს, საით მიედინება და რაში ჩაედინება ეს ნაკადი, რა სიკეთეს ემსახურება და როგორ მიბრუნდება მე.

 მუხლი 5-დან მე გავიგე, რომ კონსტიტუცია ყოფილა ის მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც მიმართავს მრავალი ჩემნაირი მოქალაქიდან მომდინარე ხელისუფლების ანალოგიურ ნაკადებს, რათა (სავარაუდოდ ვამბობ, თორემ ღიად ეს არსად არ წერია კონსტიტუციაში!) შეთანხმებულად, ურთიერთდაპირისპირების გარეშე განხორციელდეს ხალხიდან მომდინარე ხელისუფლება.

რადგან ხელისუფლება ხორციელდება ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით, რომლებიც ქმნიან მთავრობას ხალხის ხელისუფლების აღსრულებისთვის, ამდენად, კონსტიტუცია არის საზოგადოებრივი შეთანხმებაც ხალხსა და მის არჩეულ წარმომადგენლებს შორის იმაზე, რომ ხალხი გადასცემს მის არჩეულ წარმომადგენლებს თავის ხელისუფლებას, რათა მათ განაგონ იგი, რადგან (კვლავ სავარაუდოდ ვამბობ, თორემ არც ამის შესახებ წერია კონსტიტუციაში არაფერი!) ხშირად არაკომფორტულია და არაეფექტურია ყოველი ცალკეული მოქალაქის მიერ მისგან მომდინარე ხელისუფლების უშუალოდ განხორციელება.

თითქოს თავისთავად ცხადია, რომ ხალხის მხრივ ხელისუფლების გადაცემის და ხალხის არჩეული წარმომადგენლების მიერ ხელისუფლების განხორციელების მიზანია მოქალაქეთა საკეთილდღეოდ იმ სულიერი და მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენება, რომლებიც ხალხს აბადია ამ ქვეყანაში ან რომლებსაც ხალხი ქმნის. თუმცა ხალხის არჩეული წარმომადგენლების ამ კეთილშობილი მისიის შესახებ კონსტიტუციაში ცხადად არაფერი წერია (იხ. თავი |||).

სამაგიეროდ, კონსტიტუციაში მკაფიოდაა გაცხადებული კონსტიტუციის სტატუსი (იხ. მუხლი 6 - საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია) და კონსტიტუციის თხრობითი აგებულება (ერთი მხრივ, ხალხიდან გამომდინარე ხელისუფლების განხორციელების საშუალებების და ფარგლების დადგენა და, მეორე მხრივ, ადამიანის თავისუფლებების ფარგლების დადგენა). რაც შეეხება კონსტიტუციის არსს (ხალხიდან მომდინარე ხელისუფლების ხალხის არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით ხალხის საკეთილდღეოდ განხორციელების თაობაზე საყოველთაოდ მიღწეული საზოგადოებრივი შეთანხმება) - ეს არსად არაა გაცხადებული, რაც უკმარისობის გრძნობას ბადებს მოქალაქეში და ეჭვს აღძრავს - ნეტავ, რაიმე სხვა მიზნით ხომ არაა შექმნილი ეს დოკუმენტი და გაუცნობიერებლად ხომ არ შევუთანხმდი ჩემს არჩეულ წარმომადგენლებს ჩემგან მომდინარე ხელისუფლების ჩემი სახელით განხორციელებაზე?

ალბათ მიმიხვდით, რომ მე, საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე, კონსტიტუციას განვიხილავ მისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქის თვალსაზრისით. რაოდენ სრულყოფილიც უნდა ჩანდეს კონსტიტუცია მისი მამების ან ხალხის ხელისუფლების განმახორციელებელი არჩეული თუ დაქირავებული წარმომადგენლების ხედვით, კონსტიტუციის ავ-კარგიანობას არსებითად განსაზღვრავს მისი მოსახლეობისთვის კომფორტულობის კრიტერიუმი, რადგან, კონსტიტუციის თანახმად, ხალხია ხელისუფლების პირველწყაროც და ხელისუფლების განმახორციელებლი ინსტიტუტების აქტივობის ადრესატიც.

კერძოდ, ხალხმა დადო საზოგადოებრივი შეთახმება მხოლოდ მათ მიერ არჩეულ წარმომადგენლებთან მათთვის საკუთარი ხელისუფლების გადაცემისა და განხორციელების შესახებ გარკვეულ ფარგლებში, რის საფუძველზეც წარმომადგენელთა მიერ შექმნილი ინსტიტუტები და მათ მიერ დაქირავებული წარმომადგენლები უნდა ახორციელებდნენ ღონისძიებებს ხალხის საკეთილდღეოდ.

ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებისთვის კონსტიტუციით გადაცემულ უფლებამოსილებებსა და ხელისუფლების განხორციელების მართლზომიერებზე დავა დასაშვები და შესაძლებელია მხოლოდ ხალხსა და მის არჩეულ წარმომადგენლებს შორის, როგორც შეთანხმების მხარეებს შორის.

ახლა ნათელი ხდება ის დიდი რისკი, რაც თან ახლავს ხალხის მიერ მისი წარმომადგენლების საყოველთაო უშუალო არჩევნებს (მაგალითად, პარლამენტის წევრების, პრეზიდენტის ან ქალაქის მერის). ეს ადამიანები ხალხის არჩეული წარმომადგენლების სტატუსით აღიჭურვებიან და შეთანხმების მხარეები ხდებიან, რაც მათ მცდელობას - "საკუთარ ტანზე მოირგონ" კონსტიტუცია - არ აყენებს ლეგიტიმაციის მიღმა ისე მძლავრად, როგორც ყველა სხვა სახელისუფლებო ინსტიტუტის დაქირავებული წარმომადგენლების ანალოგიურ მცდელობას. უარეს შემთხვევაში უპრიანია საუბარი არჩეული წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო შეთანხმების ცალმხრივად, თვითნებურ დარღვევაზე - კონსტიტუციაში ხომ არ წერია (!), რომ შეთანხმების მხარეებს აკრძალული აქვთ მისი ცალმხრივი დარღვევა და რომ ასეთი დარღვევა კონსტიტუციის გაუქმებას, დენონსაციას და ყოველგვარი არჩეული თუ დაქირავებული წარმომადგენლების გარეშე სახალხო მმართველობის განხორციელებას ანუ ქვეყანაში ხელისუფლების უშუალო დემოკრატიის ფორმებზე გადასვლას იწვევს.

ამიტომ საყოველთაო არჩევნებით ხალხის არჩეული წარმომადგენლები მუდმივად იმის მცდელობაში არიან, რომ კონსტიტუციაში შენიღბულად შეიტანონ ისეთი პუნქტები, რომლებიც მათ კონსტიტუციის "საკუთარ ტანზე მორგების" საშუალებას მისცემს მისი დენონსაციის გარეშე და ამას ახერხებენ კიდეც ისე მარჯვედ, რომ უმალ ხალხს აქვს ხელ-ფეხი შეკრული მისივე წარმომადგენელთა მხრიდან დარღვევის აღკვეთისა და შეთანხმების დენონსაციის განსახორციელებლად, ვიდრე ხალხის მიერ საყოველთაოდ არჩეულ წარმომადგენლებს - კონსტიტუციის "საკუთარ ტანზე მოსარგებად".

სხვანაირად, ადგილი აქვს ხალხის არჩეულ წარმომადგენელთა მიერ ხალხიდან მომდინარე ხელისუფლების ხალხისგან შეფარულად და უკონტროლოდ, უკლებლივ და შეუქცევადად მითვისების მცდელობას, ხოლო კონსტიტუცია ასრულებს ძალაუფლების უზურპაციის სრულყოფილი ინსტრუმენტის როლს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×