მოსაზრება
26.08.2016

ცნობილი ამერიკელის ჯონ პერკინსის ავტობიოგრაფიული ბესტსელერის - "ეკონომიკური მკვლელის აღსარების" გამოქვეყნების შემდეგ ბევრ რამეს აეხადა ფარდა და აშკარა გახდა საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკური საფრთხის შესახებ. ეს წიგნი 10 წლის წინ ქართულ ენაზე გამოსცა გოგი თოფაძემ და ქართველი მკითხველის წინაშე გააშიშვლა არსებული რეალობა.

ჯონ პერკინსის აღსარება-აღიარებით, მან პირადად მოამზადა და პრაქტიკულად განახორციელა მრავალი ქვეყნის ეკონომიკური სიკვდილი. ამ ქვეყნებს შორის საქართველოსთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივია ეკვადორი, სადაც 30-წლიანი ეკონომიკური პროგრამის განხორციელების დროს ბატონმა ჯონმა უმუშევრობა 15%-დან გაზარდა 75%-მდე, ხოლო საგარეო ვალი 0,4 მილიარდი დოლარიდან 18 მილიარდ დოლარამდე, რაც შეესაბამება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს.

ეკონომიკური სიკვდილის პროგრამა, წარმოადგენს რა ჯონ პერკინსისეულ ეკვადორის ანალოგს, არის 30-წლიანი. ამ პროგრამის განხორციელებაში 1993-2003 წლებში შინაური ეკონომიკური მკვლელები იყვნენ ჯერ შევარდნაძე-გოცირიძე-ბასილია-ნოღაიდელის ოთხეული, ხოლო შემდეგ 2004-2012 წლებში სააკაშვილი-ნოღაიდელი-ბენდუქიძის სამეული. ვრცლად ამის შესახებ საუბარი გვაქვს 2007 და 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიებში.

ამ სტატიებში უცხოელ და ადგილობრივ "ეკონომისტებს" მოვუწოდებდი შეჩერებისკენ, რადგან საქართველოს "ეკვადორიზაციის" მასშტაბები უკვე აღწევდა კატასტროფულ მაჩვენებლებს. კერძოდ, 1993-2011 წლებში საქართველოში უმუშევრობა 15%-დან გაიზარდა 50%-მდე, ხოლო საგარეო ვალი ნულიდან 9 მილიარდ დოლარამდე. რაც მთავარია, ჯონ პერკინსის მიერ ეს პროგრამები ისე "გენიალურად" იყო დამუშავებული, რომ ქვეყანა, რაც უფრო მეტად მიექანებოდა ეკონომიკური სიკვდილისაკენ, მით უფრო მეტად ქაღალდზე ციფრებში ვითომ უმჯობესდებოდა მისი ეკონომიკური მაჩვენებლები. ასეა ჩვენთანაც - ქაღალდზე ციფრებში ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ვითომ უმჯობესდება და მოსახლეობის რეალური ეკონომიკური პირობები უარესდება, რაც ნათლად ადასტურებს, რომ საქართველო ჩაყენებულია ეკონომიკური სიკვდილის რეჟიმში!

სამწუხაროდ, 2011 წელს ვერავინ ვერ გაითავისა ეს რეალობა და არავინ ყურადღება არ მიაქცია ჩემს სტატიებს, რაც დღემდე გრძელდება. ძალად თავსმოხვეული კოჰაბიტაციის ძირითადი დანიშნულებაც ეს არის, რომ რაიმე საფრთხე არ შეექმნას 1993 წლიდან ამოქმედებულ საქართველოს ეკონომიკური სიკვდილის პროგრამას, რაც ქართულმა ოცნებამ შეასრულა კიდეც - ამჟამად უმუშევრობა გაზრდილია 70%-მდე და საგარეო ვალი 14,5 მილიარდ დოლარამდე. 30-წლიანი საქართველოს "ეკვადორიზაციის" პროგრამას (75%-იანი უმუშევრობა და 18 მილიარდიანი საგარეო ვალი!) ალბათ, ვადაზე ადრე არ შესრულდება, თუ არაკეთილმოსურნეთა ყველა ნება/სურვილს კვლავ უსიტყვოდ შევასრულებთ.

რა უნდა ვიღონოთ? უპირველესად ყოვლისა, ტყვეობიდან როგორმე უნდა გავათავისუფლოთ მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობა, რომლის ერთადერთი კანონი 2006 წელს გააუქმა სააკაშვილი-ნოღაიდელი-ბენდუქიძის შინაურ ეკონომიკურ მკვლელთა ტრიომ. ამ კანონის აღდგენის თაობაზე ნაციონალებთან ჩვენმა ბრძოლამ როცა შედეგი არ გამოიღო, 2010 წელს დახმარებისათვის მივმართეთ ამერიკის მაშინდელ ელჩს საქართველოში ჯონ ბასს. მივიღეთ ისეთი პასუხი, რომელმაც საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ამ კანონს ასე ადვილად არ დათანხმდებიან. საყოველთაოდ ცნობილია მსოფლიო ჭეშმარიტება: არ არის მცირე მეწარმეობა, არ არის მოსახლეობის დასაქმება და არის მხოლოდ არშემდგარი სახელმწიფო!

დიდი იმედებით შევხვდით ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლას. მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონის აღდგენის მოთხოვნით დავიწყეთ და დღემდე ვაგრძელებთ პარლამენტის, პრემიერ/მინისტრის კანცელარიის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ოფიციალური წერილებით დაბომბვას. 20-ზე მეტი ჩვენი ასოციაციის წერილია შესული მარტო პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში, სადაც 5 თვის წინ ოფიციალურად საბოლოოდ გამოგვიცხადეს, რომ საქართველოს მცირე მეწარმეობა არ სჭირდება და ამიტომ 2006 წელს გაუქმებული მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენას აზრი არ აქვს!

ამით მთავრობამ უარი თქვა ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებულ, აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ მოწონებულ "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამის" განხილვაზე. ეს მეგაპროგრამა მოიცავს 6 უნიკალური ეკონომიკური რეფორმის პროგრამას და, მათ შორის, 5 პროგრამა ემსახურება საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენა-განვითარების პროგრამას. ამ მეგაპროგრამის დასაწყებად კი, პირველ რიგში, აუცილებელია, მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენა!

ჩვენი მეგაპროგრამით საქართველოში რეალურად და სწრაფად აღორძინდება მცირე მეწარმეობა. ამიტომ აიკრძალა მისი განხილვაც კი, რასაც უსიტყვოდ დაემორჩილა მთავრობის კანცელარია, პარლამენტი, ეკონომიკის სამინისტრო და განხილვა მოხდა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროში.

სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავთ და ჩვენმა ასოციაციამ გადაწყვიტა სექტემბრის თვეში დავიწყოთ ფართომასშტაბიანი აქციები ერთადერთი მოთხოვნით - ხელისუფლებამ აღადგინოს მცირე მეწარმეობის კანონი. ეს არის თავის გადარჩენის ერთადერთი გზა, რადგან მცირე მეწარმეობის აღუდგენლობით ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ შეინარჩუნებს ძალაუფლებას.

ანზორ საკანდელიძე

თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×