"აფხაზეთის ქალაქი განსაკუთრებით იმით გამოირჩევა, რომ იქ აფხაზები არ ჩანან"
ია აბულაშვილი
19.08.2016

 მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება ბრძოლა საქალაქო თვითმმართველობის შემოღებისთვის. ამ მოთხოვნას აყენებდა საქართველოს თითქმის ყველა მსხვილი ქალაქი, რათა განემტკიცებინათ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობა პოლიტიკურადაც.

ასეთი მოთხოვნა მოწინავე საზოგადოებრიობის ინტერესშიც შედიოდა და ამიტომაც სულ უფრო და უფრო იმაღლებდნენ ხმას მის მოსაპოვებლად. იმ პერიოდში საქართველოში თითქმის არ დარჩენილა არც ერთი ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი ქალაქი, დაბა ან საქალაქო ტიპის დასახლება, რომ თვითმმართველობის უფლება არ მოეთხოვოს.

დასავლეთ საქართველოს ქალაქებიდან პირველად ამ უფლების მოპოვებისთვის ბრძოლა დაიწყო საგუბერნიო ქალაქმა ქუთაისმა, შემდგებ ბათუმმა, ფოთმა, სოხუმმა და სხვა ქალაქებმა.

როგორ გახდა სოხუმი თვითმმართველი ქალაქი

დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევთავაზოთ რამდენიმე საინტერესო ამბავი, თუ როგორ გახდა სოხუმი თვითმმართველო ქალაქი და როგორ იბრძოდა თვითმმართველობის მოპოვებისთვის დაბა ანაკლია.

1898 წლის 25 თებერვალს გაზეთ "ივერიის" ადგილობრივი კორესპონდენტი სოხუმიდან იწერებოდა, რომ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ჩვენს ქალაქსაც ეღირსა თვითმმართველობა.

3-6 მარტს ჩატარდა საქალაქო თვითმმართველობის ხმოსანთა არჩევნები სოხუმში, რომელშიც 38 კაცი იქნა არჩეული, 8 კაცი კანდიდატებად აირჩიეს.

სოხუმში საქალაქო თვითმმართველობის შემოღებას საინტერესო წერილი უძღვნა ნიკო ჯანაშიამ.

"28 აპრილს ხმოსნებმა ფიცი მიიღეს და მათ ახლა დიდი ბეჯითობა და უანგარო შრომა სჭირდებათ, რომ ჩვენს ქალაქს უპატრონონ და ხელი შეუწყონ, რათა მან კუთვნილი ადგილი დაიკავოს შავიზღვისპირა ქალაქებს შორის.

უკვე შესაძლებელია გამოინახოს ქალაქის თავის კანდიდატურა. ხმოსანთა უმრავლესობას სურს ამ თანამდებობაზე აირჩიონ ცნობილი საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე სარაჯიშვილი, რომელიც იმ ხანად განჯის საგუბერნიო მმართველობაში მსახურობდა," - წერდა ჯანაშია.

სარაჯიშვილის კანდიდატურას ქალაქის თავის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა ილია ჭავჭავაძემ, ჟურნალ "წყაროს" რედაქტორი - ანთიმოზ ჯუღელი 1899 წლის 22 აპრილს ილიას წერილს წერს და თხოვს, რათა მას თვისი მოსაზრება გამოეთქვა ამ განზრახვაზე.

ილიას ძალიან მოწონებია ასეთი გადაწყვეტილება, იგი 25 აპრილს ანთიმოზ ჯუღელს სწერს: "ჩემის აზრით, უკეთესს კაცს სოხუმის მოურავად ვერ ვიშოვითო... ალესანდრე სარაჯიშვილი არის დარბაისელი, ჭკვიანი, განათლებული და ძალიან გამოცდილი კაციო".

1899 წელს გაზეთი "ივერია" წერდა, რომ ხმოსანთა ერთი ნაწილი ქალაქის თავის კანდიდატურად ასახელებდა მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორს ოსტროუმოვს, რომელსაც სოხუმში ჰქონდა მამული, მაგრამ ხმოსანთა უმრავლესობამ ეს წინადადება არ მიიღო.

1899 წლის 26 ივნისს დაიწყო სოხუმის ქალაქის თავის არჩევნები, ალექსანდრე სარაჯიშვილი ხმების დიდი უმრავლესობით იქნა არჩეული. სოხუმის ქალაქის საბჭოს ხმოსნად 38 კაციდან 7 რუსი, 5 ბერძენი და 26 ქართველი იქნა არჩეული. ასე მიიღო ქალაქ სოხუმმა თვითმმართველობა მე-19 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს.

მოგონებები სოხუმზე

როგორ იხსენებს სოხუმში მოგზაურობას მე-19 საუკუნის ფრანგი მეცნიერი და მკვლევარი ბარონი დე ბაი.

"თბილისიდან რკინიგზით მივაღწიეთ ბათუმს, საიდანაც სოხუმამდე გემით გავცურეთ შავ ზღვაზე, რომელიც იშვიათად არის წყნარი და ხშირად ღელავს. გემები შედარებით პატარაა და მგზავრთა ბარგი ცუდად არის მოვლილი - ჩემს ზანდუკს დაეკარგა ორი საკეტი.

თორმეტსაათიანი მგზავრობის შემდეგ სოხუმში ვიმყოფებით. აფხაზეთის ქალაქი განსაკუთრებით იმით გამოირჩევა, რომ აფხაზები არ ჩანან, ამ მოსახლეობის მცირე ნაწილი ცხოვრობს ჩვეულებრივი ცენტრებისგან მოშორებით.

 აფხაზებს, რომლებიც ემიგრაციაში არ წავიდნენ, ეკრძალებათ სოხუმში და ამ ქალაქების გარშემო რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ცხოვრება, იმის გამო, რომ მათ უკანასკნელ ომში დაიჭირეს თურქეთის მხარე რუსების წინააღმდეგ, ამავე მიზეზით მათ აუკრძალეს იარაღის ტარება.

დღეს სოხუმი ითვლის 10 000 მცხოვრებს, რომელთა უმრავლესობა ქართველია, დანარჩენებია - რუსები, ბერძნები, სომხები და სხვა. საუბედუროდ, ეს ჭრელი მოსახლეობა არაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ გააჯანსაღოს ქალაქის ზოგიერთი კვარტალი და მისი მისადგომები.

დამდგარი წყალი რჩება თხრილებში, რომლებიც ლამაზ და ფართე ქუჩებს გასდევს. ყურე, რომლის ძირში მზეზე ბრწყინავს თეთრი სახლები, მართლა მშვენიერი სანახავია. ნაპირის მიყოლებით ბორცვებზე გაფანტულ მდიდრულ ვილებს დაინახავთ საუცხოო ბაღებით, სადაც უხვად ხარობს სუბტროპიკული ფლორა.

დიდი თავადის, ალექსანდრე მიხეილის ძის ბაღი ერთ-ერთი უძველესთაგანია. არანაკლებ ლამაზია რუკავიშნიკოვის ბაღი, სადაც პალმების, ფინიკის, ფორთოხლის, ბამბუკის ხეების ჩრდილში, ან ვარდის ბუჩქის ძირას მყოფი გაჰყურებ ზღვას. ასევე, ოსტროუმოვის, სმეტსკოის, ნოეფის ბაღები.

ქალაქის ბოტანიკური ბაღი, რომელშიც დაცულია ჩაის და ქაფურის უძველესი ხეები. ამ ბაღში ჩრდილიცა და სიმწვანეც ბევრია, მიუხედავად ამისა, მცხოვრებნი ამ სურნელოვან ხეივნებს ამჯობინებენ უნაყოფო და გადამწვარ სანაპიროზე ან ნავსადგურის ვიწრო ჯებირებზე გასეირნებას," - წერდა ბარონი დე ბეი, თავის მოხსენებაში, რომელიც მან 1904 წლის 8 მარტს ფრანგულ ალპურ კლუბში, ხოლო მეორე დღეს 9 მარტს ე.წ. ფრანგულ კავშირში მსმენელს გააცნო "აფხაზეთში მოგზაურობა".

ანაკლია

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოს არა მარტო ძველ ქალაქებს, არამედ ახალ დაბებშიც იმართებოდა განუწყვეტელი დავა საბაზრო და სავაჭრო ადგილების ამორჩევისათვის.

1896 წლის 5 ოქტომბერს დაბა ანაკლიას მცხოვრებლებმა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის წინაშე აღძრეს შუამდგომლობა დაბა ანაკლიას ქალაქად გარდაქმნის შესახებ. მასში საქალაქო თვითმმართველობის დაწესებისა და ამ დაბის ზუგდიდის მაზრის, დარჩელის სასოფლო საზოგადოებიდან გამოყოფის შესახებ, მაგრამ ქუთაისის საგუბერნიო მმართველობამ უარი თქვა ამ შუამდგომლობაზე, იმ მოტივით, რომ დაბის მცხოვრებთა რიცხვი არ აღემატებოდა 50 კომლს, მისი ერთადერთი შემოსავალი კი დღითიდღე ეცემოდა.

გუბერნატორის ამ განცხადებას მაშინვე უპასუხეს ანაკლიის მცხოვრებლებმა, რომლებმაც წერილით მიმართეს გუბერნატორს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ანაკლიაში ფაქტობრივად 120 კომლი ცხოვრობდა და არა 50, ამ დაბის ხარჯზე იმყოფებოდა ზუგდიდის მაზრის ორი პრისტავი, რომლებიც ყოველწლიურად 1800 მანეთი ჯდებოდა.

ამ დაბის სახსრებიდან ზუგდიდის საქალაქო სკოლას ყოველწლიურად ეძლეოდა 1000 მანეთი. დაბა ასევე ინახავდა მაზრის ზედამხედველს, რომელიც ყოველწლიურად 300 მანეთი ჯდებოდა. ანაკლიის მცხოვრებლთა აზრით, ეს არგუმენტები საკმარისი იყო დაბის თვითმმართველობისათვის, რომელსაც მთლიანად გამოიყენებდა საჭიროებისათვის.

ანაკლიის მაცხოვრებლები მოითხოვდნენ დაბა განთავისუფლებულიყო ამ გადასახადებისაგან და სახსრები მხოლოდ დაბას მოხმარებოდა, ეს კი შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბა ანაკლიას მიეცემოდა საქალაქო თვითმმართველობა.

წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ თუ ანაკლიას საქალაქო თვითმმართველობა მიეცემოდა, მისი შემოსავალი საგრძნობლად გაიზრდებოდა, გასავლის შემცირების ხარჯზე. ასეთ შემთხვევაში ანაკლიას შეეძლო აზოვის სანაოსნო საზოგადოების გემებით შემოტანილი საქონლიდან გადასახადის სახით ყოველწლიურად მიეღო 5000 მანეთი.

შემოსავლის ზრდა მოსალოდნელი იყო სავაჭრო და სამრეწველო დაწესებულებებიდანაც, შესაძლებელი იყო ასევე, გადასახადი დაწესებულიყო ზღვისა და მდინარე ენგურის ნავსადგურებში შემოტანილ საქონელზე.

ამას გარდა, თუ აზოვის სანაოსნო საზოგადოებას დაეკისრებოდა ანაკლიაში რეისების წარმოება, ისე, როგორც ეს შავი ზღვის ნავსადგრებში იყო, მაშინ ანაკლიის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა.

ანაკლიის მაცხოვრებლებს მხედველობაში ჰქონდათ ის გარემოება, რომ ანაკლიას ეკვროდა პურის მოსავლიანი ადგილები, ზუგდიდი და სენაკის მაზრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა მაცხოვრებლებს აზოვის სანაოსნო საზოგადოებასთან კონტრაქტის დადებით შეძლებდნენ უახლესი სამდინარო გზით სიმინდის გასაღებას.

დაბის ტერიტორიული მდგომარეობის მოხერხებულობა შავ ზღვაზე და მდინარე ენგურზე ვაჭრობისათვის კარგ საშუალებას იძლეოდა, ანუ სიმინდის გარდა სვანეთიდან და სხვა მთებიდან შესაძლებელი იყო გაეტანათ ხე-ტყის მასალა. ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებდა, რომ ანაკლიას უნდა ჰქონოდა საქალაქო თვითმმართველობა და განვითარებულიყო სავაჭრო და სამრეწველო კუთხით.

1899 წლის 12 ივლისს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა მიიღო გადაწყვეტლება, რომ ანაკლიისთვის არ მიენიჭებინათ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×