საქართველოს ისტორიის ოთხიათასწლოვანი პერიოდი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოპოვებული უძველესი არტეფაქტები არაერთ კითხვას ბადებს, იმ კითხვებს, რაზეც დღეს, არცთუ იშვიათად, პასუხი არ გაგვაჩნია, არადა აშკარაა, რომ უფრო დეტალური კვლევა და, რაც მთავარია, ახალი აღმოჩენები საფუძველია იმისა, რომ მთლიანად გადაიწეროს მსოფლიოს უძველესი ისტორია.
ის იდუმალი, მისტიკური და ზოგჯერ ამოუხსნელი მრავალი ნიუანსი, რაც აღმოჩენილ არტეფაქტებს ახლავს, აშკარას ხდის, რომ უფრო დეტალური დასკვნებისათვის ახალი არქეოლოგიური აღმოჩენებია საჭირო. ეს კი, როგორც არქეოლოგიურმა პრაქტიკამ გვაჩვენა, დროის ამბავია მხოლოდ.
უძველესი ისტორიის რესტავრაცია დღეს უკვე შესაძლებელია თანამედროვე მეცნიერების საშუალებით. ადრე თუ მხოლოდ არქეოლოგები აკეთებდნენ დასკვნებს და მათი პრეროგატივა გახლდათ ეს საქმე, ამჯერად მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ჩაერთნენ კომპლექსურ კვლევებში, რაც საშუალებას გვაძლევს დეტალურად აღვადგინოთ კონკრეტული ეპოქისა და ძეგლისთვის დამახასიათებელი ფრაგმენტები და დეტალები.
რა საიდუმლოებას ინახავს ყველაზე მასშტაბური ქართული არქეოლოგიური ძეგლი
ამ მხრივ ნიშანდობლივია საქართველოში ყველაზე გრანდიოზული არქეოლოგიური ძეგლი დედოფლის მინდორი, რომელიც მდებარეობს შიდა ქართლში, ქარელთან ახლოს, მდინარეების აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონეებს შორის. ეს უნიკალური კომპლექსი სოფელ არადეთიდან დასავლეთით, 3 კილომეტრზე და 6 ჰექტარზეა გადაჭიმული.
აქ იყო ორი ათასი წლის წინანდელი ქართლის სამეფო კარის სასახლე და ცეცხლთაყვანისმცემლობის გრანდიოზული კომპლექსი, სადაც უამრავი საინტერესო არტეფაქტი აღმოჩნდა. სწორედ ეს არტეფაქტები გვიქმნის შთამბეჭდავ წარმოდგენას იმ პერიოდის ქართლის ცხოვრებაზე.
საგულისხმოა, რომ ტრადიციულად ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე მოსავლიანი გახლდათ, თუმცა, რაოდენ საცნაურიც არ უნდა იყოს, გლეხები მას არ ეკარებოდნენ. მიზეზს ვერავინ ხსნიდა. საცნაური იყო ისიც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს საკმაო რიდითა და მოკრძალებით იხსენიებდა. აშკარა გახლდათ, რომ დედოფლის მინდორი დიდ საიდუმლოებას ინახავდა. მით უფრო, რომ 1926 წელს აქ აღმოჩნდა ანტიკური ხანის საკულტო და სხვა სახის განძი: ოქროს საკიდი ფირფიტები მთვარის ქალღმერთის გამოსახულებებით, ხარის ქანდაკება, ბეჭედი, ძვ. წ. 73 წლის რომის რესპუბლიკის დენარი, ბრინჯაოს სამსხვერპლო ნიჩბები - ბატილუმები, რელიეფით შემკული სპილოს ძვლის კოლოფი, მინის სანელსაცხებლეები.
როგორ შეინახა წინდა გიორგის ნიშამ ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი
არქეოლოგებმა ამ ადგილებს ხელახლა 1971 წლიდან მიაქციეს ყურადღება. ოდნავ შემაღლებულ ადგილას ყ|ყ ს-ნეში აღმართული წმინდა გიორგის ნიში ჩანდა. ამ ნიშმა შეინახა ეს ტერიტორია, ნიშის გვერდით დადებული იყო თლილი ქვის ნატეხი, ეს იყო ანტიკური ხანის არქიტექტურის ნიმუში, კაპიტელის ნაწილი.
ბუნებრივია, ჩნდებოდა კითხვა - შუაგულ მინდორში უკაცრიელ ადგილას საიდან უნდა მოხვედრილიყო ანტიკური ხანის შენობის ერთ-ერთი საინტერესო დეტალი? რა უნდოდა შუაგულ ქართლში რომაული კაპიტელის ნაწილს?
ყველაფერს ნათელი მოეფინა მაშინ, როცა ზუსტად წმინდა გიორგის ნიშის ქვეშ აღმოჩნდა ტაძარის საკუთრთხველი. ისიც გაირკვა, რომ ეს ტაძარი ახ. წ. აღ-ის | ს-ში იყო დანგრეული. აქვე აღმოჩნდა სვეტის უზარმაზარი თავი, აშკარა იყო, რომ აქ წინაქრისტიანული ხანის ცეცხლის ტაძარი გახლდათ მიწის ქვეშ დამარხული. ეს იყო პირველი საუკუნის სატაძრო კომპლექსი, რომელიც საკმოდ დიდ ფართზე გადაჭიმულიყო.
სულ რვა ტაძარი არსებობდა, მთავარი ტაძარი მცხეთის სვეტიცხოვლის სიდიდის გახლდათ, მეცნიერების ვარაუდით მთავარი ტაძრის სიმაღლე ექვსიდან ათ მეტრამდე უნდა ყოფილიყო, შემორჩენილია სამი მეტრის სიმაღლის კედლები, რომლის არქიტექტურაც კარგადაა შენახული. აქ მოგვები ცეცხლს ჩაუქრობლად ინახავდნენ და ქართლის მოსახლეობას ზოროასტრულ საიდუმლოებებს აზიარებდნენ, არქეოლოგიური მასალების მიხედვით, ცხადია, რომ ტაძარს მთელი მოსახლეობა ემსახურებოდა, აქვე იყო კრამიტის დასამზადებელი საწარმო.
რატომ შეწყვიტა ცეცხლის ტაძარმა არსებობა | საუკუნეში
ეს იყო სიდიდით უპრეცედენტო რელიგიური ცენტრი. საგულისხმოა, რომ ტაძარმა ფუნქციონირება პირველ საუკუნეში შეწყვიტა, სწორედ ეს ბადებს გარკვეულ ეჭვებს, რამდენადაც ქრისტანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად |ქ ს-იდან არსებობდა.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვები - ხომ არ უნდა გვქონდეს საქმე კულტურათა კონფლიქტთან? ამ კონფლიქტის შედეგი ხომ არ უნდა იყოს ტაძრის დანგრევა?
ჯერჯერობით ამ მიმართებით კითხვები ღიაა, პასუხი არ არსებობს, თუმცა უფრო დეტალური ძიებით დადგინდა, რომ ტაძრის დანგრევის მიზეზი ძლიერი მიწისძვრა გახლდათ, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. სწორედ მიწისძვრამ და ხანძარმა გაანადგურა ეს სატაძრო კომპლექსი. ცნობილია, რომ საქართველოში დამანგრეველი მიწისძვრა ახალი წელთაღრიცხვის 80 წელს მოხდა, სავარაუდოდ სწორედ ამ წელთან უნდა იყოს დაკავშირებული სატაძრო კომპლექსის განადგურებაც.
სამეფო სასახლე დედოფლის გორაზე
ვის უნდა ეცხოვრა ამ მიდამოებში? ვის ემსახურებოდა ეს ტაძარი? ამაზე პასუხი საკმაოდ რთულად მოსაძებნი გახლდათ, სატაძრო კომპლექსი ამ კითხვებს პასუხს ვერ სცემდა. ისევ ადგილობრივმა მოსახლეობამ უბიძგა არქეოლოგებს - დედოფლის გორიდან სამ კილომეტრში ისინი მიანიშნებდნენ ძველ ნანგრევებზე.
არქეოლოგებმა როცა დაიწყეს ამ ადგილების გათხრა, დადასტურდა, რომ ეს გახლდათ სამეფო სასახლე, სასახლის სიმაღლე 12 მეტრი იყო, მისი კედლები კი სამი მეტრის სიგანისა გახლდათ. მას ერთი მხრიდან მდინარე ჩამოუდიოდა, სამი მხრიდან კი ხელოვნური თხრილით იყო დაცული. ეს სასახლეც ტაძრის ანალოგიურად, ახ. წ-აღ-ის 80 წელს მიწისძვრისანგან იყო განადგურებული, აქაც, როგორც სატაძრო კომპლექსში, აშკარა იყო ხანძრის კვალი, რაც დღესაც ატყვია აქაურობას.
სასახლე ძვ. წ-აღ-ის || საუკუნის ბოლოს ააშენეს, მან სულ რაღაც 180 წელი იარსება. ამ დროს ქართლში ფარნავაზიანთა დინასტია მეფობს. პოლიტიკური სიტუაციაც არ არის მყარი - ქართლი ხან რომაელებს და ხანაც პართელებს ებრძვის, ხან რომის მოკავშირედ გამოდის. საკმაოდ ახლოა - ასიოდ კილომეტრშია აქედან ქართლის იმჟამინდელი დედაქალაქი მცხეთა. სავარაუდოდ დედოფლის გორაზე აღმოჩენილი სასახლის ნანგრევები სამეფო კარის დასასვენებელი სასახლე უნდა იყოს.
გათხრებისას აღმოჩნდა სასახლის სამლოცველოც - კარგად ჩანს, რომ სამეფო ოჯახი ცეცხლთაყვანისმცემელია, სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო საზეიმო სვლა სხვადასხვა დღესასწაულებისას.
როგორც ჩანს, მიწისძვრა შემოდგომით მოხდა, როცა მოსავალი უკვე დაბინავებული გახლდათ, იმდენად დიდი იყო მიწისძვრა, რომ 12 - მეტრიანი სიმაღლის გრანდიოზული ნაგებობა წააქცია, ხანძარმა კი თითქმის ყველაფერი გაანადგურა. საგულისხმოა, რომ მიწისძვრის შემდეგ აქ ცხოვრება მთლიანად შეწყდა.
რა ფერის ტანსაცმელს ატარებდა ქართლის სამეფო ოჯახი
მიუხედავად უდიდესი ცეცხლისა, სტიქიამ მაინც ვერ შეძლო სრულად აღეგავა პირისაგან მიწისა ის ნივთიერი მასალა, რომელიც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. კარგად ჩანს, რომ სასახლის პირველი სართული მოსამსახურე პერსონალისთვის იყო განკუთვნილი, აქვე იყო თავლა, პურის საცხობი და სართავი. მეცნერებმა მიაკვლიეს ოთახს სადაც უამარავი ძაფი ეყარა, კარგად შეინიშნებოდა დამწვარი საქსოვი დაზგისა და ძაფების ნაშთები, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აქ ბამბის გარდა აბრეშუმის ძაფითაც ქსოვდნენ, უფრო მეტად გამოყენებული ბამბის ქსოვილი გახლდათ, იყო გარკვეული რაოდენობის სელი და ასევე აბრეშუმი.
გაირკვა ისიც, რომ პირველ საუკუნეებში სამეფო ოჯახის წევრები ცისფერ ტანსაცმელს ატარებდნენ. გარდა ცისფერისა, აღმოჩნდა ვარდისფერი ძაფები. სწორედ ეს ორი ფერი დომინირებდა სამეფო ოჯახის ჩაცმულობაში.
რა ურთიერთობა ჰქონდა ქართლის სამეფო კარს ეგვიპტის სამეფოსთან
დედოფლის მინდორზე მოპოვებული მასალა ადატურებს, რომ ჩინეთიდან მომვალი სავაჭრო გზა წელთაღრიცხვის მიჯნაზე უკვე საქართველოზე გადიოდა. შესაბამისად ქართლის სამეფოს საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდა იმ პერიოდის დაწინაურებულ ქვეყნებთან. დედოფლის მინდორზე აღმოჩნდა ეგვიპტის სამეფო კარის ბეჭედი, ცნობილია, რომ ასეთი ბეჭედი არ იყიდებოდა, ერთადერთი საშუალება მისი აქ მოხვედრისა იყო ის, რომ თავად ეგვიპტელ მეფეებს გამოეგზავანათ ქართლის სამფო კარისთვის. იმ პერიოდის ქართლს საკმაოდ ინტესური და კეთილგანწყობლური ურთიერთობა უნდა ჰქონოდა ეგვიპტის სამეფო კართან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ურთიერთობის დამადასტურებელი საკმაოდ დიდი მასალაა საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული (თუნდაც ბრილში აღმოჩენილი 12 კილო ეგვიპტური ნავკრატისული მძივები), ქართული კულტურული არეალის ეგვიპტესთან კონტაქტები ჯერ კიდევ უდიდეს გამოცანად რჩება.
აზარტული თამაშობები ქართლის სამეფო ტახტზე
მაინც როგორი იყო ცეცხლის ტაძრისა და ქართლის სამეფო სასახლის ბინადართა ყოველდღიური ცხოვრება? ამაზე პასუხს დედოფლის მინდორზე მდებარე სამეფო სასახლეში აღმოჩენილი საინტერესო არტეფაქტები იძლევა. აქ მიაკვლიეს სტილებს - მაშინდელ საწერ კალმებს, აღმოჩნდა საწერი მოწყობილობაც, სტილებით ცვილზე წერდნენ წერილებს, აშკარაა, რომ სამეფო ოჯახისათვის წიგნიერება ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა გახლდათ.
აქვე აღმოჩენილია არამეული - არმაზული წარწერა, აღმოჩნდა კამათლებიც. საინტერესოა ბანქოზე აღმოჩენილი წარწერა - "ეს ცხენი საბედისწეროა, მოგება ერთი ერთზე". აშკარაა, რომ იმ პერიოდის სამეფო კარზე აზარტული თამაშები გამორჩეულად პოპულარული იყო. ეს კამათელი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საგულისხმო დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს / აშკარაა, რომ არმაზული დამწერლობა მარტო სამეფო დეკრეტების გამოცებისას არ გამოიყენებოდა, მას პრაგმატული გამოყენების პრეცედენტებიც ჰქონდა. კარგად ჩანს, რომ ეს წარწერა მხატვრის ამოკაწრული არ არის, ეს არის თავად მოთამაშეების ამოკაწრული.
დედოფლის მინდორზე სამეფო სასახლეში აღმოჩნდა ცვილისგან დამზადებული ბანქოს რამდენიმე დასტა, რაც მიანიშნებს იმას, რომ ეს თამაშიც საკმაოდ გავრცელებული ყოფილა. აღნიშნული არტეფაქტები ფარნავაზიანთა სამეფო კარის ბინადართა აზატრულ ხასიათზე მაინიშნებს. აქვე იპოვეს კამათლები, ასევე სათამაშო კოჭები.
დიდი ალბათობით, მსგავსი არტეფაქტები დედოფლის გორაზე კიდევ უნდა აღმოჩნდეს, რამდენადაც ამ უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლის მხოლოდ ნახევარია გათხრილი. სწორედ ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას - ეს მიდამოები საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის გადაუშლელ ფურცლებს ინახავს.