მოსაზრება
13.08.2016

გიორგი ლაბაძე

აღნიშნული წერილი შეეხება საპარლამენტო მანდატთან დაკავშირებულ გამოწვევებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არსებობის პირობებში. საქმე ისაა, რომ თუკი სახელმწიფოში დამკვირდებულია მაჟორიტარული სისტემა, უნდა არსებობდეს რაიმე სახის მექანიზმი, რაც აღმოფხვრის მაჟორიტარების მხრიდან საპარლამენტო აბსენტეიზმსა და უმოქმედობის საფრთხეს.

ეროვნული სუვერენიტეტის თეორიის მიხედვით, პარლამენტის წევრი ანგარიშვალდებულია მთელი ქვეყნის, და არა მხოლოდ იმ პროვინციის-ოლქის წინაშე, სადაც იგი იქნა არჩეული. ასევე, ეს თეორია გულისხმობს პარლამენტის წევრის საქმიანობას მხოლოდ თავისი გონების კარნახის მიხედვით და არა ხალხის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ეს გლობალურად აღიარებული მოვლენაა, თუმცა, რატომ უნდა შეეძლოს პარლამენტის წევრს ყურიც არ ათხოვოს იმ ხალხის პრობლემებს და ინტერესებს, რომელთა წყალობითაც იგი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი გახდა? კონსტიტუციური სამართლის მიხედვით, გაბატონებული ეროვნული სუვერენიტეტის თეორიის მიუხედავად, აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა დასაშვებია, თუკი ქვეყანაში არსებობს თემის განხილვის რეალური საჭიროება და საფუძველი.

მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ საპარლამენტო მანდატზე საუბრის რეალური საფუძველი ნამდვილად არსებობს. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ რაიმე მექანიზმის დამკვირდებაზე, რომელიც აღმოფხვის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის ინერტულობას.

საყურადღებოა, რომ დიდ ბრიტანეთში ვხვდებით სახალხო სუვერენიტეტის პრინციპის დეტალებს, რაც ვლინდება იმაში, რომ დეპუტატები თვლიან, რომ ისინი სწორედ საკუთარ ამომრჩევლებს წარმოადგენენ და არ მოქმედებენ მხოლოდ პირადი მოსაზრებების მიხედვით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ აქვთ ინტენსიური შეხვედრები თავიანთ ამომრჩეველთან ქვეყნის სხვადასხვა წერტილში.

ვფიქრობ, რომ ისეთი დონის მოვლენისგან, როგორიც ეს ბრიტანული დემოკრატიაა, ეს მიდგომა შემთხვევითი არ უნდა იყოს და ქვეყანაში მაჟორიტარული სისტემის არსებობა ავტომატურად უნდა ნიშნავდეს დეპუტატების მოქმედებას მეტწილად სწორედ ოლქში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მიხედვით.

ედმუნდ ბერკი წერს - "პარლამენტი ერის სათათბირო ორგანოა, მისი ერთიანი, მთლიანი ინტერესით". ეს ციტატა წარმოთქმულია თავისუფალი მანდატის სასაგებლოდ, რომელიც პარლამენტის წევრის გამოწვევას დაუშვებლად მიიჩნევს (საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი) თუმცა, ბუნებრივია, რომ თუკი მაჟორიტარი დეპუტატის მიერ თავის ამომრჩეველთან განხორციელდება მათთვის სასარგებლო საქმიანობა, ავტომატურად წაადგება სახელმწიფოს მთლიან ინტერესს.

წარმომადგენლობით დემოკრატიაში, პარლამენტის წევრი ანგარიშვალდებული არავის მიმართ არ არის. აქ არსებობს შეკავება-გაწონასწორების მექანიზმი და იგი მოქმედებს მაშინ, როდესაც პარლამენტის უმრავლესობა სცდება საკუთარი კომპეტენციის ზღვარს. თუმცა, ერთ კონკრეტულ პარლამენტის წევრს, ეროვნული სუვერენიტეტის თეორიის მიხედვით, საფრთხე არ დაემუქრება იმის მიუხედავად იგი ასრულებს ქმედით ფუნქციებს წარმომადგნლობით ორგანოში თუ არა.

ჩვენს შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე დაფიქრება რომ გვმართებს, ამას ისიც ადასტურებს, რომ საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტში 150 დეპუტატიდან 27, არც მეტი არც ნაკლები, მიმდინარე 4 წლის განმავლობაში სიტყვით არ გამოსულა. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ არ უნდა იცავდეს პარლამენტის წევრი თავისი ამომრჩევლის ინტერესს მაშინ, როდესაც კონსტიტუციით მას დაცულობა აბსოლუტურად გარანტირებული აქვს.

ჩვენ მიერ გამოთქმული მოსაზრება ემყარება ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, უდიდესი მოაზროვნის, ჯონ ლოკის მიერ დამკვიდრებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც - "ხალხს მაინც რჩება უზენაესი უფლება, რომ გააუქმოს ან შეცვალოს საკანონმდებლო ორგანო, როგორც კი ჩათვლის, რომ ამ უკანასკნელმა გამოცხადებული ნდობა არ გაამართლა".

ლოკის ამ მოსაზრების გამოძახილი თანამედროვე რეალობაში წარმოადგენილია დეპუტატთა გამოწვევის მექანიზმში, რომელიც მოქმედებს აშშ-ში, კანადასა და შვეიცარიაში. ზოგადად, აშშ-ს ყველაზე მკაფიოდ ახასიათებს არჩეული წარმომადგენლის უკან გამოწვევის ინსტიტუტი. ეს ხდება შტატების დონეზე, თითქმის ყველა რანგის თანამდებობის პირის მიმართ. ასევე, თვით პარლამენტის წევრთა გამოწვევა ხდება კანდაში, რაც დამკვიდრებულია 1995 წელს. აქ გაწვევა მოხდება მაშინ, თუკი ხმათა განსაზღვრული რაოდენობის შეგროვება მოხერხდება კონკრეტულ პროვინციაში.

საინტერესო მაგალითია შვეიცარია, სადაც დეპუტატთა დროზე ადრე უფლებამოსილების ამომრჩეველთა გამოწვევის შედეგად შეჩერება ხდება სულ 6 კანტონაში (26-დან). მაგალითისთვის, ბერნში რომ წამომადგენლობითი ორგანოს წევრის გადაყენება მოხდეს, საჭიროა 30 000 ხელმოწერა იმისთვის, რომ დაინიშნოს რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება დეპურატის ყოფნა-არყოფნის საკითხი. შვეიცარიული მიდგომა სახელმწიფოს მართვის მიმართ ხშირ შემთხვევაში შეუცდომელია. ის ხომ პირველი სახელმწიფოა ევროპაში, რომელმაც ლინგვისტური თავისებურებების გამო ფედერაციული ტერიტორიული მოწყობა დაამკვირდაე

ზოგადად, შაიოს მიხედვით, კონსტიტუციები წარსულის შიშიდან გამომდინარე იწერება და ისიც უნდა ითქვას, რომ ცივილიზებულ სამყაროში, პარლამენტის წევრთა ინერტულობის შიში, ჩვენგან განსხვავებით, ნაკლებად აქვთ (შვეიცარიასა და კანადაში, სადაც დეპუტატის გამოწვევის ინსტიტუტი მოქმედებს, ჯერ არც ერთი გამოწვევის შემთხვევა არ ყოფილა). შიში აიძულებს სახელმწიფოს, მაშასადამე ხალხს, რომ დაამკვიდროს ახალი, მათთვის ნაკლებად სახიფათო და მეტად მომგებიანი წესრიგი.

საპარლამენტო მანდატზე საუბრისას ვერ გავექცევით ბოლოდროინდელ მოსაზრებებს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. მაგალითად, ვენეციის კომისია საკმაოდ კრიტიკულად აფასებს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის გამოწვევის ინსტიტუტს და მხოლოდ თავისუფალი მანდატის არსებობას მიიჩნევს დემოკრატიულად. გამოდის, რომ შვეიცარია, აშშ და კანადა, სადაც ეს მექანიზმი მოქმედებს, საკმარისად დემოკრატიული სახელმწიფოები არ არიან, რაზე დათანხმების საფუძველიც, ცხადია არ არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×