მოსაზრება
12.08.2016

ოთარ შავიშვილი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ფაქტობრივად, საქართველო არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად დამოუკიდებელი არ არის. ეკონომიკურად იმიტომ, რომ, 2015 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ვალის ფაქტობრივმა მოცულობამ 13 161,4 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის, საგარეო ვალი 10 333,8 მილიარდი ლარია, ხოლო შიდა ვალი შეადგენს 2 827,6 მილიარდ ლარს; პოლიტიკურად კი იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ამჟამად საქართველოს იურისდიქციაში არაა მოქცეული. ფაქტობრივად, საქართველო რუსეთის ფედერაციასთან საომარ მდგომარეობაშია. ამიტომ საჭიროა, მომზადდეს რუსეთისა და საქართველოს უმაღლეს პირებს შორის შეხვედრა.

საქართველოში ნამდვილი საბაზრო ეკონომიკა ჯერ კიდევ არ დამდგარა. იგი (ნამდვილი საბაზრო ეკონომიკა) არაა სპეკულანტური ბაზარი, ანუ იყიდე-გაყიდე ფორმატის. მიგვაჩნია, რომ ამჟამინდელ მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში ეწოდება "ველური კაპიტალიზმი" კონკურენციის გარეშე. საბაზრო ეკონომიკა კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული ეკონომიკაა, რომლის საბოლოო შედეგია მოგება, ანუ ნამდვილი ბიზნესი. ისმის კითხვა, როდის გადავა საქართველო ნამდვილ საბაზრო ეკონომიკაზე? პასუხი ასეთია: მაშინ, როცა რეფორმები დამთავრდება ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ და სხვა სფეროებში.

ჩვენ ვეთანხმებით პროფესორ პაატა ლეიაშვილს იმაში, რომ ქართული რეფორმები "ინსტიტუციანალურ ხაფანგშია" მოქცეული. არის გარკვეული წარმატებებიც. მაგალითად, რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროში. ჩვენ უნდა ავაშენოთ სოციალურად დაცული საბაზრო ეკონომიკა, როგორც ეს შვეიცარიაშია. იგი წარმოადგენს ნეიტრალურ სახელმწიფოს. საქართველო უნდა მიისწრაფოდეს საბაზრო ეკონომიკის ამ მოდელისაკენ.

საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და საბიუჯეტო შემოსავლები, ძირითადად, იზრდება ინფლაციის ხარჯზე. კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების შედეგად ჩამოყალიბდა მდიდრების, ღარიბებისა და ღატაკების ფენა. მოსახლეობის საშუალო ფენა ძალიან ცოტაა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად შემავსებელს. მოსახლეობის საშუალო ფენა დაკავშირებულია საშუალო ოჯახთან. ასეთი ოჯახია მშობლები და ორი შვილი, ანუ ოთხსულიანი ოჯახი. წესითა და რიგით, ასეთი ოჯახის დაახლოებითი შემოსავალი უნდა იყოს თვეში 2500 ლარამდე.

ეკონომიკური თეორიის მიხედვით, საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, კვლავწარმოების ციკლებია: კრიზისი, დეპრესია, გამოცოცხლება და აღმავლობა. საქართველოს ეკონომიკა, მოყოლებული 90-იან წლებიდან, კრიზისისა და დეპრესიის მდგომარეობაში იმყოფება. ჩანასახობრივ მდგომარეობაშია ეკონომიკის გამოცოცხლება. იმისათვის, რომ ქვეყანა მალე გამოვიდეს დეპრესიული მდგომარეობიდან, საჭიროა მისი დაჩქარებული განვითარება.

სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკა ამჟამად ჩქარი ტემპით ვერ განვითარდება, რადგან მისი პიროვნული და ნივთობრივი ფაქტორები უმნიშვნელოა. არ არსებობს ნივთობრივი ფაქტორის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 90-იან ავადსახსენებელ წლებში ჩვენი ქვეყნიდან ჯართის სახით გაიტანეს უამრავი მოქმედი დანადგარი და ზოგჯერ მთელი საწარმოც კი (მაგალითად, კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხნიდან თურქეთში გაზიდეს მოქმედი დაზგა-დანადგარები). ძალიან დაბალია აგრეთვე წარმოების პიროვნული ფაქტორი (ადამიანები) თავისი შრომითი ჩვევებით.

2014 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგად, საქართველოდან უცხოეთში გასული შრომისუნარიანი მოსახლეობა შეადგენს 700 ათას კაცს (2002 წელთან შედარებით). ეს ოფიციალურად და არაოფიციალურად საგრძნობლად მეტია.

იმისთვის, რომ საქართველომ ნამდვილ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მიაღწიოს, უნდა მოხდეს ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირება საგადასახადო განაკვეთების შემცირების შედეგად. კერძოდ, დღგ-ის, აქციზის, საშემოსავლო გადასახადისა და მოგების გადასახადის განაკვეთების შემცირება. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს საგადასახადო ბაზის გაზრდას. მარტო საშემოსავლო გადასახადი რომ ავიღოთ, მისი განაკვეთი 20-პროცენტიანია (რუსეთის ფედერაციაში აღნიშნული განაკვეთი 13 პროცენტია).

ცვლილებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები არათუ შემცირდეს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში საგრძნობლად გადიდდეს კიდეც, რადგან გაიზრდება საგადასახო ბაზა.

საინტერესოა მოგების თანხის გამოყენების ესტონური მოდელი, რომლის თანახმადაც, ის საწარმოო ერთეული (ფირმა), რომელიც საკუთარ მოგებას წარმართავს საკუთარი წარმოების გასაფართოებლად (ახალი ტექნიკის შეძენა და სხვა), არ იხდის მოგების გადასახადს. ასეთ პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდება, თუმცა მომავალში საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება. მოგების გამოყენების აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლებიც სამეურნეო პრაქტიკაში უნდა დაინერგოს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან.

ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოში უნდა განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი. უნდა შეისწავლონ ის რეფორმები, რომლებიც დანიაში განახორციელეს, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია მცირე ბიზნესის განვითარების შედეგად.

რაც შეეხება საბაჟო, ანუ იმპორტის გადასახადს (ექსპორტი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ იბეგრება, რაც სწორია), მისი მოქმედი განაკვეთებია საბაჟო ღირებულების 0, 5 და 12 პროცენტი. ამიტომ საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან ღია.

საბაჟო გადასახადის განაკვეთების გაზრდა ძალიან ძნელია, რადგან საქართველო 2000 წლიდან გაწევრიანებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო). ცნობისათვის, აშშ-ში ჩინური წარმოების ტანსაცმელზე დაწესებულია 100-პროცენტიანი საბაჟო გადასახადის განაკვეთი. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ბაზარი გაჯერებულია ჩინური ტანსაცმლით.

სოციალისტური წყობის პერიოდში არსებობდა ადგილობრივი მრეწველობის სამინისტრო. ამჟამად არათუ ადგილობრივი მრეწველობის, არამედ ზოგადად მრეწველობის სამინისტროც კი არ არსებობს. აღნიშნული ფუნქცია დაკისრებული აქვს ეკონომიკის სამინისტროს. ადგილობრივი მრეწველობის სამინისტრო, ძირითადად, მუშაობდა ადგილობრივი რესურსების საფუძველზე.

აუცილებელია, რომ საქართველოს რეგიონებში აღდგეს ადგილობრივი რესურსების მომუშავე საწარმოთა ქსელი. ეს იქნება საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის რეალური ნაბიჯი. ამის შედეგად დასაქმების პრობლემაც გადაწყდება და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებიც გაიზრდება.

საქართველო ისტორიულად აგრარული ქვეყანაა. სოფლის მეურნეობის სფეროში ამჟამად ხორციელდება სუბსიდირება, თუმცა მიგვაჩნია, რომ აღნიშნული თანხა კიდევ უნდა გაიზარდოს. სოფლის მეურნეობა უნდა აწვდიდეს ნედლეულს ადგილობრივ მრეწველობას, კერძოდ, კვებისა და მსუბუქ მრეწველობას. კომუნისტურ პერიოდში მარტო კვების მრეწველობის წილი მრეწველობის მთლიან პროდუქციაში 38 პროცენტამდე იყო.

ცოტა რამ საქართველოში ჩატარებული პრივატიზების შესახებ. საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზება ჩატარდა სახელმწიფო ქონების მიტაცების ფორმით. სიმდიდრე დაგროვდა ერთი მუჭა ადამიანების ხელში.

ამჟამად პრივატიზებულია სახელმწიფო ქონების 70-80 პროცენტი. ზოგიერთი სწავლული ეკონომისტი თვლის, რომ ლარის კურსის გასამყარებლად საჭიროა სახელმწიფო ქონების პრივატიზების გაგრძელება, რაც არასწორია. პირიქით, უნდა მოხდეს, იმ პრივატიზებული ობიექტების (საწარმოების) უკან დაბრუნება, რომლებიც ვერ მუშაობს კერძო მფლობელების ხელში.

საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად, ამჟამად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტურიზმს, საიდანაც ჩვენს ქვეყანაში შემოდის კონვერტირებადი ვალუტა. ეს უკანასკნელი რომ მკვეთრად გაიზარდოს, ამისათვის საჭიროა მისი (ტურიზმის) ინფრასტრუქტურის განვითარება საშუალო ევროპულ დონემდე. ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია.

ამრიგად, საქართველო არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად დამოუკიდებელი არ არის. ეკონომიკური დამოუკიდებლობა მიიღწევა ადგილობრივი წარმოების განვითარების გზით, ხოლო ამ უკანასკნელის სტიმულირება უნდა განხორციელდეს საგადასახადო განაკვეთების ოპტიმალური შემცირების შედეგად. ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციები სამეურნეო პრაქტიკაში რომ დაინერგოს, პირველ ყოვლისა, საჭიროა პოლიტიკური ნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×