მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულში საქართველოს ძირძველი ქალაქების სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ისტორიასა და იმაზე, თუ რა ძალისხმევა დასჭირდათ ჩვენს წინაპრებს, ეს ქალაქები მსხვილ სამრეწველო ქალაქებად ექციათ, ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება.
ჩვენ კი დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევთავაზოთ რამდენიმე ისტორიული ფაქტი, როგორ შენდებოდა ქალაქი ფოთი. ამის გარკვევაში დაგვეხმარება ისტორიის მუზეუმის არქივში დაცული მასალები.
სარკინიგზო მშენებლობა ფოთში
ამიერკავკასიაში რკინიგზის მშენებლობის აუცილებლობის შესახებ პირველი ცნობები მოცემულია ინჟინერ-კაპიტან სტატკოვსკის მოხსენებით ბარათში - კავკასიის ჯარების მთავარი შტაბის უფროსის მილიუტინისადმი, 1857 წელს. მასში დახასიათებულია სატრანსპორტო გზის მდგომარეობა ბაქოს მიმართულებით, რომლითაც რუსეთიდან შემოდიოდა საქონელი.
1857 წელსვე დაისვა საკითხი ფოთიდან თბილისამდე რკინიგზის გაყვანის შესახებ. ამ საქმის ინიციატივა ეკუთვნის სამოქალაქო მრჩეველ ზგურსკის და სამხედრო ინჟინერ ჩერევინს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ რკინიგზა მოახდენდა ამ მხარის განვითარებას ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით კომერციული თვალსაზრისით.
მეფისნაცვალმა ნიკოლოზ მიხეილის-ძემ მოითხოვა, პირველ რიგში გაეყვანათ რკინიგზა ფოთსა და თბილისში. პეტერბურგში გაიგზავნა მეფისნაცვლის ადიუტანტი გრაფი ლევაშოვი ამ საკითხის გზათა სამმართველოში განსახილველად, სადაც ასევე მიწვეული იყო პროექტის ავტორი, ინგლისელი ინჟინერი ბელი.
ამ ვიზიტის შემდეგ, გრაფი ლევაშვოვი დაინიშნა ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობის სამმართველოს უფროსად, ხოლო სამუშაოების მწარმოებლად ინჟინერ-პოლკოვნიკი სტატკოვსკი; ხიდების მშენებლობა დაევალა ინგლისელ ინჟინერ ბელს.
1871 წლის 14 აგვისტოს გაიხსნა ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზის პირველი უბანი ფოთიდან-ყვირილამდე. ხაზის გაყვანისთანავე გაიხსნა სადგურები ფოთში, ჭალადიდში, ახალ სენაკში, სამტრედიაში, ქუთაისსა და ყვირილაში. 1872 წელს კი გაიხსნა ფოთი-თბილისის რკინიგზის მეორე უბანი.
ფოთის რკინიგზა გადაიქცა მთავარ სამიმოსვლო-სავაჭრო გზად საქართველოში. ფოთი-ყვირილას სარკინიგზო ხაზის გახსნას მიუძღვნა სტატია გაზეთ "დროებაში" ნიკო ნიკოლაძემ 1871 წლის 31 ივლისს, სადაც იგი მკითხველს აუწყებდა, რომ 12 აგვისტოს გაიხსნებოდა რკინიგზის ხაზი ფოთსა და ყვირილას შორის.
ვინ გასცა ბრძანება უცხოეთის სავაჭრო პორტად ფოთის გახსნის შესახებ
მეფისნაცვალმა კავკასიაში თავად ბარიატინსკიმ უპირველეს ამოცანად მიიჩნია ნაოსნობის გახსნა მდინარე რიონზე და ნავსადგურის გადატანა რედუტ-კალედან ფოთში.
ამ ამოცანის სისრულეში მოსაყვანად 1857 წელს შეიქმნა განსაკუთრებული კომისია პოლკოვნიკ ივანოვის თავმჯდომარეობით, რომელსაც უნდა შეესწავლა მდინარე რიონი და მისი შესართავი სავაჭრო ნავსადგურის მოსაწყობად.
კომისიამ გამოიკვლია, რომ რიონზე ნაოსნობა შესაძლებელი იყო 102 ვერსის მანძილზე, შესართავიდან მდინარე გუბისწყლამდე.
ბარიატინსკიმ 1858 წლის იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრს, თავად გორჩაკოვს აცნობა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ფოთში რუსეთის სავაჭრო გემებისთვის ნავსადგურის გახსნა.
3 აპრილს იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ ხელი მოაწერა ბრძანებულებას უცხოეთის სავაჭრო პორტად ქალაქ ფოთის გახსნის შესახებ. მდინარე რიონზე ნაოსნობის გაჩაღებამ კი ქალაქ ფოთის ნავსადგურის მშენებლობა მოითხოვა.
ფოთი რუსეთის ინტერესების ყურადღების ცენტრში იმიტომ მოხვდა, რომ რედუტ-კალემ, როგორც სავაჭრო ქალაქმა, ყირიმის ომის შემდეგ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, იგი ისე დაზიანდა ომის დროს, რომ, როგორც ნავსადგური, მწყობრიდან გამოვიდა.
აი, რას წერდა გაზეთი "ივერია" ქალაქ რედუტ-კალეს დაცემისა და ქალაქ ფოთის აღორძინების შესახებ: "სწორედ სამწუხარო სანახავია რედუტ-კალე, იმისთვის ვისაც იგი ამ ოცდახუთი წლის წინათ უნახავს. იმ დროს, როცა მდინარე ხობის ნაპირზე გამწკრივებული იყო მშვენიერი დუქნები და ვაჭრობა და აღებ-მიცემობა დუღდა. მას შემდეგ რაც ეს ქალაქი გადიწვა, ბედმაც უმუხთლა და მოედანი ფოთს დარჩა".
როგორ გახდა ფოთი მსხვილი სამრეწველო ქალაქი
როგორც კი ფოთი კავკასიის ზღვის სანაპიროზე მთავარი ნავსადგური გახდა, ტვირთბრუნვაც გაიზარდა. მარტო სამი წლის განმავლობაში, 1861 წლიდან, ფოთში სატრანზიტო ვაჭრობა 9-ჯერ გაიზარდა.
70-იანი წლებიდან კი ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანის შემდეგ, ფოთის ეკონომიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, მნიშვნელოვნად იზრდება მისი სატრანზიტო ვაჭრობა და მთელი მხარის საგარეო ვაჭრობის ძირითადი პუნქტი ხდება. მარტო 1874 წელს ფოთიდან საზღვარგარეთ გაიგზავნა 5 მილიონ მანეთზე მეტი საქონელი, საზღვარგარეთიდან კი შემოვიდა 8 მილიონი მანეთის საქონელი.
1879 წლიდან დაიწყო და უმოკლეს ვადაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მარგანეცის ამოღება, დაახლოებით 40-ჯერ. ამ პერიოდში ფოთის ნავსადგურიდან საზღვარგარეთ გატანილი იქნა მილიონზე მეტი ფუთი მარგანეცი.
ნავთობის ტრანსპორტირებისათვის ტარის დასამზადებლად 1866 წელს ფოთში მოქმედებდა ორთქლის ძრავათი მომუშავე 8 სახერხი ქარხანა. 6 მექანიკური ქარხანა, რომლის წლიური შემოსავალიც იყო 45 ათასი მანეთი, ასევე - არყისა და აგურის თითო ქარხანა, ხელოვნური წყლის ორი ქარხანა.
1883 წლამდე, ფოთი, რომელიც ერთადერთი საპორტო ქალაქი იყო შავ ზღვაზე, რომლითაც ხორციელდებოდა ამიერკავკასიის ეკონომიკური კავშირები დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან, უცხოელ კომერსანტთა ყურადღების ცენტრში მოექცა. იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი პუნქტი, სადაც შეიძლებოდა კავკასიური პროდუქციის შეძენა იაფ ფასებში და აქედან გატანა უცხო ქვეყნებში.
"ფოთში უცხო ტომის კაცები იმ დროს ჭიანჭველასავით ირეოდნენ. ისინი ყიდულობდნენ კავკასიის ნაწარმოებს იაფ ფასად და გაჰქონდათ უცხო ქვეყნებში. იმ დროს თქვენ აქ ბერძნებსაც შეხვდებოდით, ინგლისელს, ფრანგს, გერმანელს, ამერიკელს, ოსმალს და სლოვენის სხვადასხვა გვარობას.
ამათ ჰქონდათ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, აგრეთვე სპარსეთთან ინდოეთამდის ვაჭრული დამოკიდებულება, გაქონდათ ზღვით და ხმელეთით ნიგვზის კუნძები, ბზა, ურთხმელი, ყოველნაირი ხე-ტყე, მატყლი, აბრეშუმი, სიმინდი, პური, ღვინო, ბეწვეული, საქონლის ტყავები, თივთიკი, ლეკის შალები, ნაბდები და სხვა.
მრავალი მათგანი ამ ნაწარმში ცვლიდა უცხო ქვეყნიდან მოტანილ ფართლს, აბრეშუმის ქსოვილს, მაუდებს და სხვა წვრილმან საფაფუკო, სადიდკაცო ავეჯეულობას", - წერდა იმ დროს ცნობილი ქართველი მწერალი გიორგი წერეთელი.
ქალაქის თვითმმართველობა
1882 წლიდან ფოთში საქალაქო თვითმმართველობა იქნა შემოღებული. ქალაქის საბჭოს დღის წესრიგში დადგა შემდეგი საკითხების გადაჭრა: ქალაქში შემოტანილ და გასატან ტვირთზე საკანონმდებლო წესით დაწესებულიყო საფუთო გამოსაღები ნახევარი კაპიკის ოდენობით.
ასევე ქალაქს უნდა გადაცემოდა ნავსადგომის დარღვევის შედეგად დარჩენილი მასალა, რომლის ღირებულება მაშინ 23 ათასი მანეთი იყო და რომლითაც უნდა აგებულიყო ახალი ხიდი კუნძულის ნავსადგურთან შესაერთებლად. უნდა გაყვანილიყო გზატკეცილი ფოთიდან ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ სუპსამდე. მიღებულიყო ზომები ფოთის ნავსადგურის მშენებლობის დასაჩქარებლად.
1883-1887 წლებში ქალაქის საბჭომ მოსახლეობისთვის მიიღო შემდეგი სახის დადგენილებები: კერძოდ, ქალაქის ქუჩებში, ეზოებსა და სავაჭრო სათავსოებში სანიტარიული ღონისძიებებისა და სისუფთავის დაცვის შესახებ. მეეტლეთა სარეწაოების შესახებ; ქალაქში ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების, ღუმლებისა და კვამლსადენი მილების მოწყობის შესახებ.
ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე
1894 წლის 25 ოქტომბერს თითმმართველობის არჩევნების შედეგად ქალაქისთავი გახდა ნიკო ნიკოლაძე. პირველ რიგში მან აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე - საპორტო გამოსაღებიდან თანხის დახარჯვის შესახებ, რაც თვითმმართველობას მისცემდა საშუალებას, ეს თანხა ქალაქის საჭიროებისთვის გამოეყენებინა.
თუმცა ამით არ კმაყოფილდება და მიმართავს შუამდგომლობით ფინანსთა სამინისტროს საობლიგაციო სესხის გამოშვების შესახებ. 1896 წელს ქალაქის თვითმმართველობამ გამოუშვა 1400000 მანეთიანი საობლიგაციო სესხი; 1900 წელს ფოთმა მიიღო მეორე საობლიგაციო 2 მილიონიანი სესხის გამოშვების უფლება. 1904 წელს კი ფოთის თვითმმართველობამ გამოუშვა მესამე საობლიგაციო სესხი, ასევე 2 მილიონი მანეთის რაოდენობით.
საობლიგაციო სესხის რეალიზაციის შედეგად ფოთის ბიუჯეტი მკვეთრად გაიზარდა. თუ 1894 წელს ქალაქის ბიუჯეტით სულ 40 ათასი მანეთი შემოვიდა, 1901 წლის ბიუჯეტი 100 ათას მანეთზე მეტი იყო.
1895 წელს ნიკო ნიკოლაძემ ენერგიულად მოჰკიდა ხელი ფოთის ნავსადგურის პროექტის გადაკეთების საქმეს. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, იგი მთავრობას მაინც მიაღებინა. 1897 წელს გზათა მიმოსვლის სამინისტრომ განიხილა ფოთის ნავსადგურის გაფართოება-გაუმჯობესების პროექტი და მოიწონა იგი.
1898 წლის 27 აგვისტოს ქალაქის თვითმმართველობამ ოდესიდან მიიღო მიწის ამოსათხრელი მანქანა. 1900 წლის 11 მაისს კი ქალაქის თვითმმართველობამ ნიკოლაძის წინადადებით განიხილა ფოთის ნავსადგურისა და ქალაქის ქუჩების ენერგოგანათების საკითხი.
მოწონებული იქნა უცხოური ფირმა "ოლშევიჩი და კერნის" მიერ წარმოდგენილი პროექტი და ამავე ფირმასთან დადებული იქნა ხელშეკრულება "საელექტროფიკაციო სამუშაოთა წარმოების შესახებ"; ქალაქის ქუჩების წყალდიდობისაგან დაცვის მიზნით კი მდინარის სანაპიროს გასწვრივ აგებული იქნა 475 საჟენი სიგრძის ზღუდე.
1896 წელს ფოთში საფუძველი ჩაეყარა პირველ სამკურნალო დაწესებულებას. 1897 წელს დაიწყო მდინარე რიონის ხიდის (105 საჟენი სიგრძის) მშენებლობა. გარდა ამისა, ნიკოლაძის ინიციატივით ფოთში სამი ხიდი აიგო, ორი მდინარე რიონზე, რომლებიც ქალაქსა და დიდ კუნძულს ნავსადგურთან აერთებდა და ერთი მალთაყვაზე, რომელიც ფოთს გურიასთან აკავშირებდა.
ასევე 1897 წელს ფოთში აშენდა სატელეფონო სადგური. 1901 წელს კი შედგენილი იქნა ქალაქის განაშენიანების გეგმა. ქალაქის მოსახლეობა ამ პერიოდში 8071 სულამდე გაიზარდა.
ქალაქისთავის ნიკო ნიკოლაძის გეგმები უფრო შორს მიდის, კერძოდ, იწყება პორტთან მდინარე რიონის არხით შეერთების სამუშაოები. იხილება სამასწავლებლო სემინარის და ინსტიტუტის დაარსების, საოჯახო და სამეურნეო სკოლების გახსნის საკითხი. ფოთის გარშემო არსებული ჭაობიანი მიწების ამოსაშრობად კი იწყება სამუშაოები.
იგეგმება ფოთსა და პალიასტომს შორის კურორტის გახსნა, თეატრის მშენებლობა და სხვა.